ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2014


მთის წვერზე გინახავთ მზის შარავანდედი?!

მთის წვერზე გინახავთ მზის შარავანდედი?!
ან მოგისმენიათ ბღავილი ირმისა ?!
გინახავთ არწივი, ან კლდის შევარდენი,
ჩანჩქერი კლდეებზე როგორა ტირისა ?!
გინახავთ ?! სამშობლო აქედან იწყება,
აქედან იწყება დათმენა ჭირისა.
მთებიდან იწყება, იწყება ყოველი,
და თერგიც გულდიდათ ამიტომ ყვირისა.
ამას უმღეროდა ვაჟა და ჩოხელი,
სული რომ ჩაუდგეს, კლდესა და ყვავილსა
და მე ვინ ოხერი და შენ ვინ ოხერი,
დრო -ჟამი გავიდეს, დღეს ამის ყავლისა.
მთა ის ბედაური მგონია მე ზოგჯერ,
მშიშარა მხედარს რომ არასდროს არ ისვავს
და თუკი მუცალს დღეს, მარჯვენა არ მოსჭერ,
მოგპარავს და თავის ბაგაზე დაიბავს.
თუ კი არ გინახავს ხვამლი და არხოტი,
მთვარე რომ ღრუბლის თმებს, არაგვში დაიბანს,
შენ ძმაო სამშობლო გიგრძვნია არც როდის,
და აბა არ ნანახს, ან როგორ დაიცავ ? !
მუცო ინგრეოდა, შენ სხვაგან გარბოდი,
და როცა საკუთრად მიიღე სხვისი ცა,
ანატორს შეტოკდა ძვლები და დაობლდი,
ისე რომ ფუძეც კი არ დაგრჩა სახლისა
და როცა მე გულში, ვერაფრით ვაქრობდი,
მთებისგან გაჩენილ, ვარ-ვარა სახმილსა,
შენ გვერდზე მიმწიე და ჩემი მთებითურთ,
კუზიანს მეძახდი, უქონელ მახინჯსაც.
მე მეცოდებოდი, ვიცოდი რამე თუ,
ქვეყნად ვინც ცხოვრებამ ბოლომდე აყინჩა,
მე თქვენთან ვიდექი, დღეს როგორც დემეტრე,
სამშობლოს გულისთვის რომ იდგა ყაენთან.

***************************************
"ომში მყოფი ჯარისკაცის მონოლოგი"
სისხლისფერი ცა მაქვს,
ცა რომელიც ერთ დროულად, სიკვდილიცაა და გადარჩენაც,
ცა რომელზეც ერთდროულად ისახება:
დედის და ჩემგან მოკლული ჯარისკაცთა სახეები.
გუშინ მოვკალი,
მკერდში ოქროს კულულებიან ბიჭუნას სურათი ჰქონდა ჩაკრული.
პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მე ვერ გავბედე მზერის გასწორება.
რაღაც სახელი გაიმეორა რამდენჯერმე ლოცვასავით და თითქოს დავინახე,
როგორ ამოფრინდა სული, ღიად დარჩენილი თვალებიდან.
ვიღაცამ შემნიშნა სადღაც ზღვარზე მყოფი და ალბათ გასამხნევებლად ჩაილაპარაკა:
"ომში მოკლული ცოდვად არ ითვლება".
როგორ არ ეცადნენ ეს სიტყვები სულში შეღწევას, მაგრამ ამაოდ.
მეწამული სიზმრები მაქვს,
სიზმრები სადაც ერთად ვდგავართ უფლის სამსჯავროზე,
მე და ჩემგან გაუბედურებული ოჯახები.
სიზმრები სადაც გამბედაობა მყოფნის, მტერს პირველი სროლა დავუთმო.
დავუთმო რადგან ახლა ის შეაწუხოს, დედაჩემის აბოჟირებულმა აჩრდილმა.
ხან ვფიქრობ რომ ომში ღმერთი საერთოდ არ არსებობს
და თუ არსებობს სწორედ ის სინდისია მე რომ ახლა მალაპარაკებს.
სარკეს ვერიდები , სარკეს კი არა გუბესაც კი,
ალბათ ასე ემართებათ, როცა საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებენ.
ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრი გაიქცა , ბევრი უბრალოდ ჭკვიდან შეიშალა.
მე არცერთის უფლება არ მაქვს ჩემს უკან სამშობლოა.
*********
ისეთი ჭრილობებიც არსებობს,
მკვდარზე ნასროლი ნატყვიარივით,
ცოცხალზეც რომ არ ხორცდებიან.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები