ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2014


*** (იქ სადაც ჩვენ არ ვართ)

იქ სადაც ჩვენ არ ვართ
და  გვეძახიან
კედლებს ამოფარებული აჩრდილები,
როცა ჩვენ ბევრნი ვართ
და ვმეორდებით
სულებით, დემონებით, ჩრჩილებივით,
ვფარფატებთ, ვფარფატებთ...  ვიხოცებით,
უსინათლო არის ჩვენი ყოფა
და ვიცით გვითვალთვალებს რეალობა,
კედლებს ამოფარებული აჩრდილები.
ზურგს უკან გვეპარება თითის წვერზე
შემდგარი მოციმციმე ლამპიონი
და ვიცით რომ ვიყავით წიგნის გვერდი
და არასასურველი ემბრიონი.
იქ სადაც ჩვენ არ ვართ
და გვეძახიან,
იქ სადაც ვიყავით და
არ გაგვიღეს,
როცა ბევრნი ვართ და
ვმეორდებით,
ვავსებთ ყველა ხვრელს და
ყველა ღრიჭოს
და გვაქვს  უსინათლო რეალობა
სულებით, ჩრდილებით, დემონებით
და ჩვენ გვაქვს კარგი სამალავი
და კიდევ ბევრნი ვართ და
ვმეორდებით.
ჩვენი ჩასაფრება უვადოა,
გვაქვს ჩამონგრეული გალავანი,
ვფარფატებთ, ვფარფატებთ...  ვიხოცებით,
მოვლენ სხვა მავანნი და სხვა მავანნი.
იქ სადაც ჩვენ არ ვართ
და გვეძახიან,
იქ სადაც ვიყავით
და არ გაგვიღეს,
ჩვენ ბევრნი ვართ
და ვმეორდებით,
როგორც მოკაშკაშე ნეონები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები