ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2014


კლიტე გადავაგდეთ




  ’’- წაიღე ეს ახალი კლიტე, გახსენი, ხელუკუღმა მტკვარში გადააგდე, გასაღები უბეში კარგად შეინახე და სამჯერ გაიმეორე:
’’ჩემი ბედი ასე ღია, გასაღები - ჩემს გულში’’.


ჯერ - კლიტის გახსნა და  ბუტბუტით შელოცვა,
მერე -  ხელუკუღმა  მტკვარში გადაგდება.
გასაღებს დაქალი ინახავს უბეში.
ვინ იცის, ხვალიდან რა გზას დაადგება.

უხერხულ სიჩუმეს ვერევი ხუმრობით:
-ხმალივით გაგიჭრის ძველი რიტუალი.
საღამოს დარეკავს, შეხვდი, გაუღიმე,
იცოდე, არ უთხრა არაფრით უარი!

ეტყობა, ვიხუმრე, რაღაც , უადგილოდ,
ჩუმია დაქალი და მზერას ამკაცრებს.
ნეტა,  რა ოხრობამ აუბათ თვალები!
მაინც ვერ გავიგე, რა უნდათ ამ კაცებს.

სიზმარში ვნახულობ დაქალს ნამარხულევს,
ტყუილად ვამხნევებ, რომ აღარ ბერდება,
არადა, ქალია, მართლა სანატრელი:
მორთული, მკერდსავსე და მაღალფერდება.

ივსება ხიდები კლიტის მსროლელებით.
ყველას უბედობა სტანჯავს და აკვნესებს.
დიდდება მდინარე და ველით, მღვრიეში
რა თევზი მოჰყვება ბადეს და ანკესებს! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები