ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2014


საპირისპიროდ

უკუღმართობა უკეთური
მაკუთვნებს უკუნს,
ქვეწარმავლობა წარმართული
კვლავ წამგლეჯს მე დროს,
მომაგე ნება,დავგმო ცოდვა,
განვაგდო უკუ,
რადგან ხარ აღმა,
აღმართ-აღმართ მატარე ღმერთო.

ვიცი,ვარ მღვრიე
და მოღრევე,აღარც რად ვღირვარ
სულ მარცვალ-მარცვალ
დავცვენილვარ უმეცრების ცხრილს,
დაბოღმილ გზებზე ღოღიალით
დავღლილვარ მღილად,
მაგრამ იგავი მეც ხომ მერგო
დაკარგული ძის?

მაშ შემიფარე
უპატრონო და უპოვარი,
მომეცი მადლი უპირობო
ცრუს და უპიროს,
რათა შეისვას
ჯოჯოხეთში შესანდობარი,
ედემში ჩემი დღეგრძელობის
საპირისპიროდ.


ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები