ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
14 ნოემბერი, 2014


ბავშვი

პატარა ბავშვის შეიძლება ბევრი რამის გამო შეგშურდეს - იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება წინ აქვს, იმისთვის რომ მზრუნველი მშობლები ჰყავს, რომლებიც ყველანაირ პრობლემას უგვარებენ და პრინციპში, პრობლემა არც აქვთ, იმიტომ რომ ბავშვები არიან, უზრუნველები, მხიარულები, უჟმურებიც, მაგრამ ყველაფერი უხდებათ. გასვრილ ტრაკსაც სხვა უწმენდთ და ჩასველებულ საცვალსაც სხვები უცვლიან. ბავშვს არც იმაზე უწევს ფიქრი, რას აპირებს მომავალში, არც იმაზე, რა თემა აარჩიოს საბაკალავროსთვის. ბავშვი სულაც არ გრძნობს თავს უხერხულად, როცა დიდი ხნის ნაცნობს შეხვდება, ჯერ ერთი იმიტომ რომ ასეთი არავინ ჰყავს, ბავშვია, მეორეც იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ იცის უხერხულობა რა ჯანდაბაა და ან როგორ იგრძნობს. ბავშვი ეზოში ჩაირბენს და კიბის საფეხურებზე ხტუნვა-ხტუნვით ჩავლისას უბედნიერესი არსება იქნება მსოფლიოში, იმიტომ რომ ეზოში სხვა ბავშვები, ათასი გასართობი და თამაში ელის, მეტი არც არაფერი სჭირდება სიხარულისთვის. ბავშვი დედას ჩაეხუტება, გადატყავებული მუხლის გამო ბევრს იტირებს, მაგრამ რამდენიმე წუთში დაავიწყდება და ისევ ბურთის სათამაშოდ გაიქცევა. ბავშვი ბევრს იხტუნავებს, ირბენს, ბოლომდე დახარჯავს იმ ენერგიას ასე ბლომად რომ აქვს, მერე კი ღამით ფუმფულა და სუფთა საწოლში უშფოთველად დაიძინებს ან რამ უნდა შეაშფოთოს? მისი ბედნიერება სრულყოფილია.
აი, მიზეზები, რის გამოც შეიძლება ბავშვების შეგშურდეს. მაგრამ, როცა ესკალატორზე მდგარი, შენ წინ ხედავ ბავშვს, რომლის დაწყნარებასაც დედამისი ვერ ახერხებს, რომელიც მთელი ხმით მოთქვამს, რომელსაც ცხვირიდანაც ცინგლი მოსდის და ისეთ შემზარავ ხმებს გამოსცემს, გარშემო მყოფნი შუბლშეჭმუხნილნი უყურებენ და თავებს უკმაყოფილების ნიშნად აქნევენ და უცებ ხვდები, ამ ბავშვის გშურს, იმასაც უნდა მიხვდე, რომ შენი საქმეები მაინცდამაინც კარგად ვერ მიდის. ეს ბავშვი ტირის, გულისგამაწყალებლად მოსთქვამს და აშკარად უმიზეზოდ იცრემლება. სწორედ ამიტომ გშურს მისი. ნეტა მეც შემეძლოს აქვე და ახლავე პირი მოვაღო და ავზლუქუნდეო ფიქრობ, მთელი ძალით ვიტირებდი და არც ის იქნებოდა ურიგო ეს ქალი რომ დედაჩემი იყოს და მის მხარზე ჩემი თავი იდოსო, ამატებ.
ადამიანი ტირილზე ოცნებობდე, ამაზე საცოდაობა რაღა უნდა იყოს?
-დაგეხმარებით, ქალბატონო.
ვინ გთხოვა დახმარება, სად მიეტენები. ქალი დაბნეული გიყურებს, დროებით მჩხავანა არსებაც კი ჩუმდება. ესკალატორი მოძრაობს. მჩხავანა ჩხავილს ანახლებს. ხელებს ბავშვისკენ იშვერ.
-არა, მადლობა, გაჩუმდება ახლა. სუ-მეთქი ბიჭო!
ბავშვი ტირილს უმატებს. ესკალატორზე მდგარი სხვა ადამიანები უხმოდ გიყურებენ, შენ ხელები იდიოტივით კვლავ წინ გაქვს გაშვერილი და ბავშვს ითხოვ.
-ერთი წუთით, მე ვიცი ამ პატარა ეშმაკს როგორ მოვუარო. - ისე სანდომიანად ეუბნები, ქალმა ვერაფერი მოიფიქრა და ბავშვი გამოგიწოდა. ბავშვი პუტკუნაა და მძიმე, ტირილი არ შეუწყვეტია და გადამისამართების პროცედურას აშკარად ვერ აუღო ალღო, თორემ დედამისს ისე მოებღაუჭებოდა, მამაზეციერი ვერ აატყავებდა.
ბავშვს ეხუტები და პატარა ზურგზე დიდ ხელს უთათუნებ, დედამისს ეღიმება, გაბურძგნულ თმებს ისწორებს და სელპაკით ნიკაპსა და ცხვირზე გამოჟონილ ოფლს იწმენდს.
ესკალატორმა გზა გაასრულა.
სამივენი მეტროს გასასვლელს უახლოვდებით და აქ ჩერდები შენ. ბავშვი ისევ ტირის, ქსუტუნებს და მართალია ნაკლებს, მაგრამ მაინც ჭყვიტინებს. ჩერდები და მიხუტებულ ბავშვს ორივე ხელით წინ და მაღლა წევ, თითქოს ის მაიმუნი იყო, ლაიან ქინგში სიმბა რომ პრინცად აკურთხა. დედას ჰგონია რომ მის შვილს ეთამაშები და ისევ ეღიმება, მაგრამ საცაა მადლობას გადაგიხდის, მოგიბოდიშებს, მეჩქარებაო და გაგშორდება.
ბავშვი ქსუტუნებს. თმები სასაცილოდ აქვს შეჭრილი, ბიჭია, მრგვალი სახე და დიდი თვალები აქვს, აცრემლებული მუქი თვალები, გაკვირვებული რომ გიმზერენ. პატარა ბოკვერი, პატარა სიმბა ტირის, მაგრამ უკვე აღარ მოთქვამს, ავტომატურად, ინერციით მოსდის ცრემლები.
-მასწავლი ტირილს? - ეკითხები.
ნეტა ერთხელაც, მეტროში ჩასვლისას ესკალატორი ნელ-ნელა ჩაგითრევდეს და ტყლაპივით გაგაბრტყელებდეს. ნაწილ-ნაწილ აგკუწავდეს და აგასისხლიანებდეს, ისე რომ მეტროს სადგურში შენი სისხლის გუბე დადგეს, რომელშიც შენივე დამახინჯებული სხეულის ნაწილები იტივტივებენ.
ბავშვი გაკვირვებულია. დედაც. სახელი, გვარი ან ასაკი რომ გეკითხა და იმას არ ეპასუხა, დედამისი აუცილებლად ეტყოდა, დროზე უპასუხე ბიძიასო და მერე თავად გაგცემდა პასუხს, მაგრამ ახლა ორივე ჩუმადაა. ის კი არა ესკალატორს ამოყოლილი რამდენიმე ცნობისმოყვარე თქვენ ახლო-მახლო ჩერდება და ქურდულად გითვალთვალებთ.
-ტირილს ხომ მასწავლი-მეთქი?! - ყვირილით უმეორებ.
და აქ დედა პირველად შფოთდება, წარბები გაკვირვებისგან ეჭმუხნება, მაგრამ ბავშვის წართმევას ჯერაც არ აპირებს.
სრულიად უადგილოდ მწარდები, ბავშვს თოჯინასავით ანჯღრევ და ბოლო ხმაზე უყვირი:
-ტი-რი-ლი მასწავლეე!
ბავშვი ტირილს იწყებს, დედა კივილს, პოლიციელი და კიდევ რამდენიმე მოხალისე სირბილს. ცხადია, შენკენ მორბიან.
ახლა რას აპირებ?
-შე პატარა ტრაკო, ბედნიერო ტრაკო, ყველაფერი გაქვს და ტირილიც იცი! - სხაპასხუპით აყრი აღრიალებულ ბავშვს, სანამ ხელიდან გამოგგლეჯენ.
ბავშვი დედას უბრუნდება, ამჯერად ორივე მათგანი ტირის. ორივე მათგანს ხალხი შემოჰხვევია, აწყნარებენ. რამდენიმე ადამიანი შენც შემოგხვევია, ოღონდ არც ისე მეგობრულად. ერთმა ზურგიდან ჩაგბღუჯა, მეორემ მარჯვენა მკლავში მოგკიდა ხელი და ბოლოს პოლიციელმა, რომელმაც რაციას რაღაც გადაულაპარაკა, ბორკილები დააძრო და ხელები გადაგიგრიხა.
არა, ტირილს ასე არ სწავლობენ.
არ ეწინააღმდეგები და არც ის გესმის, ვინ რას გეუბნება. ცდილობ ატირებული ბავშვის სახე დაინახო, მაგრამ ხალხი ეფარება, ვერაფერსაც ვერ ხედავ.
-რატომ დაესხით თავს პატარა ბავშვს?
რკინის სკამის ფეხზე იყო მიჯაჭვული ამირანი.
-თავს არ დავსხმივარ.
-აბა?!
-ოოო, რას ელაპარაკები ამ სირს, ამას დედის ტრაკი უნდა მო...
-დედათქვენს რა ჰქვია?
-შენ ვის დედას ეხები მე შენი დედა?!
ყვავ-ყორანი ეხვეოდა, გატეხილი ჰქონდა ცხვირი.
-კაი, ჰო, მოიცა, შევავსოთ, ნუ ურტყავ. რა გინდოდა პატარა ბავშვთან-მეთქი?
-არაფერი.
-კიდე გამოგიწერ ახლა, შე ახვარო!
და უცებ ეს ყველაფერი გბეზრდება, ორსიტყვიან დიაგნოზს სვამ
-რა სირობაა.
გამოგიწერეს.
და ითიშები. შენ ესკალატორზე ადიხარ. შენ წინ თმააბურძგნული ქალის მხარზე მისვენებული ატირებული ბავშვის სახე ჩანს.
შენ გშურს.
-რატომ ტირი?
ქალი თავს აბრუნებს, ეღიმება.
-იმიტომ!
-მეც ვიტირებ, რა.. - ისე საცოდავად სთხოვ, თვალები მართლა გევსება ცრემლით, ოღონდ ზუსტად ამ შენი საცოდაობით.
ქალი კვლავ აბრუნებს თავს, გაკვირვებულია.
ბავშვი მხრებს იჩეჩავს, ტირილს ანელებს, მაგრამ მაინც აგრძელებს.
და შენც ტირი. ტირი და გაკვირვებულ მგზავრებს ყურადღებას არ აქცევ. ტირი და გაკვირვებულ დედას ყურადღებას არ აქცევ. ტირი და მხოლოდ ატირებულ ბავშვს უყურებ.
თქვენ ტირით. ბავშვები ტირიან.
ჰეჰე, შენც ბავშვი ხარ. ღმერთო, რა სასიამოვნო გრძნობაა ბავშვობის ცრემლებით გახსენება. წრეში ბურთი ითამაშე, გასწრობანაც, დაჭერობანაც, დახუჭობანაც, წაიქეცი, დაისვარე, მტვერშიც ამოიგანგლე, რამდენიმე ადგილიდან სისხლიც მოგდის და მსოფლიოში უბედნიერესი არსება ხარ, რომელიც ცოტა ხანში სახლში გაიქცევა, დედას ჩაეხუტება, დაიბანს, გემრიელად შეჭამს, ბევრს იტლიკინებს, მერე კი სუფთა და ფუმფულა საწოლში ჩაწვება და მშვიდად დაიძინებს.
-რა გინდოდა პატარა ბავშვთან-მეთქი, შე ახვარო?!
-არ გაიზარდოს, რა..
ახლა ამ სახეაწითლებულ პოლიციელს ეხვეწები და ისევ ტირილი გინდება, მაგრამ ვერ ტირი.
-რას იწყევლები, შე ნაბოზარო! - წათაქება არც ისე მტკივნეულია, თითქოს გესიამოვნა კიდეც.
-რატომ არ უნდა გაიზარდოს?! - ის მეორე აგრესიულზე მეტად ცნობისმოყვარეა.
-თქვენ გახსოვთ ბოლოს როდის იტირეთ?
-შენ გიტირებ ყოფის ჭამას ახლა!
ითიშები.
ესკალატორმა გზა გაასრულა.
მთელი გზა პატარა ბავშვი იყავი და ხმამაღლა ტიროდი. ყველა შენ გიყურებდა, მაგრამ ვერავის ხედავდი. დიდები უკმაყოფილოდ პრუწავდნენ ტუჩებს და თავებს გაკიცხვის ნიშნად აქნევდნენ. მაგრამ ორივეს ყველა და ყველაფერი გეკიდათ. არცერთმა იცოდით რატომ ტიროდით ან რა ცოდნა მოგეთხოვებოდათ, ბავშვები იყავით!
ასე ტირიან ბავშვები. ბედნიერი ბავშვები.
-გამოფხიზლდი, შე ნაბოზარო! რა გინდოდა-მეთქი იმ ბავშვთან?!
-მინდოდა, ტირილი მესწავლა.
-მაგას ჩვენც გასწავლით! - პოლიციელები როხროხებენ. თვალს არიდებ.
-თქვენ ვერ მასწავლით.
ითიშები.
ცრემლებს სახელოებით იმშრალებ, ბავშვიც გიღიმის, მისმა სახემაც გამოიდარა.
-ნახვამდის. - გეცინება. ცისარტყელა.
ბავშვი პატარა ხელს წევს და უფრო პატარა თითებს სასაცილოდ კეცავს და შლის, კეცავს და შლის. გემშვიდობება.
ჰეჰე, ნახვამდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები