ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2014


"ჯიხვთა ჭიდილი"

ქარი ზუზუნებს გვიანი შემოდგომაა, სოფელს ღრმა ძილით ძინავს და ირგვლივ მხოლოდ ნიავზე აცეკვებული უკანასკნელი ფოთლები ასრულებენ , გამოსათხოვებელ ცეკვას. თითქოს სამყარო კიდევ ერთ იავნანას უმღერის, დედამიწას ზამთრის ძილის წინ.
სოფელშიც ფხიზლობს ერთი ადამიანი, ბათირასც არ ეკარება ძილი, არ მოქმედებს მასზე შემოდგომის იავნანა,
წევს გულაღმა და ფიქრობს. ავი ზრახვები აქვს გულში ჩადებული და ორივე ჭერზე მიპყრობილი თვალიდან ეშმაკი ხარხარებს.
მეხუთე წელია ბათირას თავის სოფლელი სანათა შეჰყვარებია, შეჰყვარებია და თავიც დაუკარგავს, აი თქმით კი დღემდე ვერ უთქვია სანათასთვის და არც მეგობრებისთვის გაუმჟღავნებია. მეხუთე წელია ბათირას ვერავინ ვეღარ სცნობს, იმდენად შესცვლია ხასიათი და ვერც მიზეზს მიხვედრილა ვინმე. ძველი მხიარული, ხალისიანი ბათირა აბსოლიტურად სხვა ადამიანს ჩაენაცვლებინა. ერიდებოდა სოფელში ყველას და ყველაფერს , ამ ყოველივესგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა კი სანადიროთ წასვლა იყო.
გასცდებოდა თუ არა სოფელს ჩამოჯდებოდა ერთ ამოჩემებულ ადგილას და თვალ მოუწყვეტლივ მისჩერებოდა , სოფლის განაპირას სანათას პატარა ფიცრულ სახლს, იმ წუთებში ბათირასთვის ამ სახლზე დიდი არც სასახლე არსებობდა და არც რაიმე სიმდიდრე უფრო ფასეული, ეს ფიცრული იყო მისი ჯადოსნური ზარდაშხა.
რამდენჯერ დაკრიფა მთის ფერდზე, სიცოცხლისა და სიყვარულის ნიშნად ამოსული ია , ღიღილო და დეკის ყვავილები, შეკრავდა თაიგულს და დამალავდა გულის ჯიბეში. მთელი გზა ფიქრობდა მივიდოდა და მისცემდა სანათას ყვავილებს, ყველაფერი ძალიან იოლი ეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი სანათას სახლს მიუახლოვდებოდა, ამის გაკეთებას სიკვდილი ერჩია რატომღაც, დაიწყებდა გული ძალუმად ფეთქვას და ლამის იყო გულის ფეთქვას ამოესროლა, გულის ჯიბიდან ლამაზად შეკრული თაიგული.
თაიგულს ყოველთვის ერთი ბოლო ჰქონდა, სახლში მისული საკუთარ თავზე გაჯავრებული ბათირა მთელ ჯავრს თაიგულზე იყრიდა, ამოიგლეჯდა გულის ჯიბიდან და შეუძახებდა გახურებულ ბუხარში, შემდეგ კი აბრიალებულ თაიგულს ისე გადახედავდა, თითქოს მისი ბედნიერება ძალით შეეგდო ვინმეს ცეცხლის ალზე.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ახლა კი უფრო მძიმედაა საქმე, სანათას მეზობელ სოფლიდან მთხოვნელი გამოუჩნდა.
შიშია მეზობელ სოფელში ცხოვრობდა , სანათას და ბათირას ორივეს კარგად იცნობდა. ჩაუვარდა ქალი გულში და არც დააყოვნა, გოგოს მხარეც თანახმა იყო ნიშნობაზე, სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა ქორწილისა.
ახლა კი გამოცოცხლდა ბათირა, დღე და ღამ ერთი საფიქრალი ჰქონდა რა ეღონა და როგორ ჩამოეშორებინა უშიშა სანათასთვის, რა არ იფიქრა, მაგრამ ბოლოს ყველაზე ცუდი გამოსავალი მონახა, გამოსავალი კი შემდეგი იყო : უშიშა უნდა სანადიროდ დაეპატიჯა და ნადირობისას მინდობილ კაცზე რაიმე უბედურება დაემართნა.
აი ახლა წევს ბათირა და ელოდება გათენებისას უშიშას მოსვლას, თავში ათასი აზრი უტრიალებს მაგრამ კარგი და კეთილი არაფერი.
მოვიდა უშიშა და შეუყვნენ ნაბილიკარს მთისკენ, მთელი გზა სანათაზე ილაპარაკა უშიშამ, ბათირა კი უჩუმრად უსმენდა.
არ გყვარებია ბიჭო არავინ ? ! ჩაეკითხებოდა შიგა და შიგ და მერე ისევ თვითონ აგრძელებდა შეყვარებული კაცის გახელებით , სიცოცხლესა და სიყვარულზე დაუსრულებელ საუბარს.
აამთავრეს ბილიკი და ავიდნენ სანადიროში, შესასვენებლად გაჩერდნენ, უყურებდნენ მთიდან ძირს მოტოვებულ სივრცეს, შეხედავდნენ მთის ფერდზე ნაფლეთ-ნაფლეთ შერჩენილ თეთრ ნისლებს და ორივეს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი სანათა ელანდებოდა და აი მათი მყუდროებაც დაირღვა , თითქოს კლდე -კლდეს ვინმემ შეანარცხაო ისეთი ხმა გაისმა და ექომ გადაიარა ხევ-ხუვები. ქერშილობა იყო და ხარ- ჯიხვები შუნის მოსაპოვებლად, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას მართავდნენ. დაეკარგათ ყოველგვარი სიფრთხილე და ისეთ ფრიალოზე ეჯახებოდნენ ერთმანეთს , ერთ ერთი შეჯახებისას ორივენი უთუოდ უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ. ასეც მოხდა შეეჯახნენ ერთმანეთს და უმტყუნა ნაპრალთან მდგომს ძლიერმა ფეხებმა, დიდ ხანს უყურეს როგორ მიფრინავდა უფსკრულისკენ მიწა გამოცლილი ხარი და როგორ დაენარცხა ალესილ სიპებს. გამარჯვებული კი ფხის თავზე შემომდგარიყო და გამარჯვებული კაცის იერით, იქედნურად იმზირებოდა, თითქოს კიდევ ბრძოლა სურდა და იწვევდა მეტოქეებს, რადგან იოლად მოპოვებული, სიყვარულიც კი არ სურდა.
ერთ ხანს გაშტერებულები იყვნენ ბათირაც და უშიშაც , დუმილი უშიშამ დაარღვია , მზერა კლდის ქიმზე წამომდგარ გამარჯვებულს მიაპყრო და ზიზღით გამოსცრა კბილებში: ფუი, გაგიწყრა გამჩენი, ეგაა შენი სიყვარული და ვაჟკაცობა ? ! მოძმის სისხლზე აგებული ბედნიერება, ქალის სიყვარულმა ნამუსი და მოძმის სიყვარული როგორ უნდა დაგაკარგინოს, არ ხარ შენ სიცოცხლის ღირსი და ამ სიტყვებზე კარაბინი შემართა, აიყვანა ჯიხვი ნიშანზე და იარაღმაც იჭექა. იჭექა და ჯიხვი და ბათირა ერთდროულად ჩაკეცა მიწაზე.
უშიშა გაოგნებული ასულიერებდა მკვდრის ფერ დადებულ მეგობარს , რომელიც შეშლილი თვალებით აკვირდებოდა და ხმამაღლა ღრიალებდა , მე მომხვდა ტყვია, მე. უშიშამ დაკვირვებით გასინჯა გაკვირვებულმა, მაგრამ ნატყვიარი არსად ეტყობოდა. ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო, ჯიხვი ჩამოატყავეს, გაინაწილეს და დაეშვნენ სოფლისკენ, მოდიოდნენ ოღონთ ბათირა გაცილებით მძიმედ რადგან, ჯიხვის მაგივრად საკუთარი მკვდარი სხეული ეკიდა თითქოს ზურგზე.
მოდიოდნენ და ყვავილებს მხოლოდ უშიშა კრეფდა. მოდიოდნენ და ღმერთმაც არ იცოდა რომელს მეტად უყვარდა სანათა. ბათირას რომელსაც მეგობრის მოკვლაც კი შეეძლო მისთვის, თუ უშიშას რომელსაც მოძმის წვეთ სისხლს , საკუთარი სიკვდილი ერჩია.
მიდიოდნენ და უკან ორივე ხარის ნარჩენებს სვავები ჯიჯგნიდნენ, შუნი კი ბრძოლის დროს განზე მდგომ ხარს შეწყვილებოდა.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები