ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2014


ბედნიერების ელექსირი

„ერთადერთი, რაც ღმერთმა დაგვამადლა, გაურკვევლობაა.“
მე
„გაურკვევლობა ისაა, რასაც გაჩენის დღიდან ვებრძვით, მაგრამ ვერ ვამარცხებთ.“
ისევ მე

„გაურკვევლობა კომიქსია, ადამიანი - გმირი, რომელმაც არ იცის, რომ კომიქსშია.“
კვლავაც მე

ტრიუმფი

სად მთავრდება ჩემი შესაძლებლობების საზღვარი? ეს ის კითხვაა, რომელსაც არასოდეს შევუწუხებივარ. როცა აფროდიტა (ყველაზე მაგარი ნაშა, ვისაც კი ოდესმე შევხებივარ) მომიახლოვდა და ზესექსუალური ღიმილით მითხრა - იანუს, ლექცია თუ აღარ გაქვს, ერთად წავიდეთ. - არ გამკვირვებია. მაშინ ის სახე მქონდა მორგებული, საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებულ ადამიანებს რომ აქვთ ხოლმე. აი, ისეთი, რომ შეხედავ და ვერ წარმოიდგენ თუ შესაძლებელია, რომ მისმა პატრონმა ნებისმიერი (თუნდაც უმნიშვნელო) შეცდომა დაუშვას. შესაბამისადაც ვმოქმედებდი და გარშემომყოფებს იუმორის, ირონიისა და სარკაზმის მასტერკლასებს ვუტარებდი, ჩემს გონებას კი იმგვარ პიარს ვუკეთებდი, ბერნაიზსაც შეშურდებოდა. რამდენიმე სიტყვით - იმ დღეს მე, იანუსი, გონებრივი განვითარების უკანასკნელ საფეხურზე მდგარი სტუდენტი ვიყავი, რომელსაც უკიდურესად ჰქონდა გასიგრძეგანებული საკუთარი შესაძლებლობები და მიზან-სამიზნე. ვერავინ და ვერაფერი დააკნინებდა ჩემს რიდსა და პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ, შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეარყევდა ჩემს თვითრწმენას. მე გავიმარჯვე და აფროდიტას ღიმილს ღიმილითვე ვუპასუხე. აფროდიტა იმდენად ლამაზი არ იყო რამდენადაც მიმზიდველ და არც იმდენად ჭკვიანი, რამდენადაც ცნობისმოყვარე (აფროდიტა ის სულელი იყო, რომლის დასმულ კითხვებს ასი ბრძენიც ვერ უპასუხებდა).
-აღარ მაქვს ლექცია, ერთად წავიდეთ. - გამარჯვება კმაყოფილების ღიმილით აღვნიშნე.
მე ის უსახო არსება ვარ, რომელიც მხოლოდ გარშემომყოფთა შეხედულებებით ფორმირდება. ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული - თუ გამიმართლა, მოვლენათა ეპიცენტრში მყარად ვდგავარ და მნიშვნელობითაც არავინ აღმემატება (რაც ძალიან მომწონს, რადგან იმ რამდენიმე მუდმივ თვისებათაგან, თან რომ დამყვა, ეჭვიანობა და ეგოიზმი უმძლავრესია), თუ არა, მხოლოდ მორცხვი, პერიფერიული გმირი ვარ, რომლის არსებობაც თითქმის შეუმჩნეველი და უმნიშვნელოა.
-ჭარტალა, ჭორიკანა, აქტიურა, ნახვამდის გოგოებო! - აფროდიტა დაქალებს ჰაეროვანი კოცნებით დაემშვიდობა და ისინიც სიცილ-კისკისით გაგვეცალნენ. მე მშვიდად მივაბიჯებ, თავდაჯერებულად, ვიცი, ყველაფერში გამიმართლებს, არ არსებობს მოულოდნელობა, ჩემი კალაპოტიდან ამოგდება რომ შეეძლოს (მე ვარ აქილევსი ქუსლების გარეშე).
-აფროდიტა! - ისე ვიწყებ, გეგმების დაწყობას არც კი ვცდილობ, იმპროვიზაციისკენ ვიქაჩები. - თუ იცი, რატომ ხარ ასეთი ლამაზი?
სინამდვილეში, აფროდიტა, რაღა თქმა უნდა, არ მიყვარს, არც კი მომწონს - მაღიზიანებს. მას ისეთი ნიჭი აქვს, მე რომ არ გამაჩნია, ისეთი, დაუმსახურებლად კონკურენტუნარიანი რომაა ჩემი შესაძლებლობებისა. ერთი სიტყვით, უსამართლობა ჩემ გვერდით მოაბიჯებს, ეს ის უსამართლობაა, რომელიც საამოდ თვალშესავლები და ნეტარად ხელშესახებია.
-დონ ჟუან, ძვირფასო, ასე აშკარად რატომ მეკურკურები?
-გინდა, ისეთი მეტაფორა გითხრა, თავი აქვე შეგაყვარო?
-მითხარი! - კისკისებს უსამართლობა და ლამაზ კბილებს აჩენს.
-შენ ხარ მშვენიერი ელენე და მე კი ტროა, რომელიც შენი მიზეზით დაცემისთვისაა განწირული.
ისევ იცინის, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ხვდება, თუმცა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდე:
-მოგწონვარ?
მშვენიერი ელენე წამით შეკრთება, მაგრამ სიცილს არ წყვეტს, პირიქით, უმატებს. მე არც მშვილდი მაქვს და არც ისარი, მაგრამ მაინც მიზანში ვახვედრებ.
იანუსი იმარჯვებს, რადგან სხვა გზა არ აქვს. იანუსი თავდაჯერებულია, რადგან იცის, სხვა გზა არ აქვს (არჩევანი ყოველთვის კარგი არ არის). იანუსი ბედნიერია, რადგან ელექსირი დალია.

თავს ლაფი

-სამსონ, ასე ჩუმად რატომ ხარ? - მეკითხება დალილა. მინდა ხელი წავავლო მის ლამაზ კისერს და ტკაცანით გადავტეხო, მაგრამ ვიცი, ძალა არ მეყოფა. შემცივნებულ თავზე ხელს ვისვამ, უთმობას ქუდით ვინაზღაურებ.
მე ვარ მელოტი სამსონი.
-რა გინდა რომ გითხრა?
დალილა ტუჩს იბზუებს და ზურგს მაქცევს, სოციალურად აქტიურთა ჯგუფს უერთდება, ჩემი მდუმარება და უსუსურობა მათი ხმაურისა და აქტიურობის ფონზე კიდევ უფრო იკვეთება. ოთახის კუთხეში მომჩვარული ვზივარ, შეშინებული ვაცეცებ ძალაგამოცლილ თვალებს, მეშინია, ვინმე არ მომიახლოვდეს, რამე არ მკითხოს, სისულელე არ ვთქვა, არ დამცინონ. ყურსასმენს ვიკეთებ, სინამდვილეში კი კვლავ მოყაყანე ჯგუფს ვუსმენ, რათა არაფერი გამომეპაროს, რისთვის - არ ვიცი. მძულს ჩემი მელოტი თავი! რატომ ვარ ასეთი საცოდავი, ასეთი უსუსური? თითქოს ღმერთებით გარშემორტყმული ერთადერთი მოკვდავი ვიყო, განძრევისაც კი მეშინია, უაზროდ ჩავცქერი წიგნს და თავს ვირწმუნებ, რომ ვკითხულობ.
უნდა ავდგე და გავეცალო აქაურობას, ვდგები კიდეც, მაგრამ ისე სწრაფად, რომ სისხლის თვალებში მაწვება და მაბრმავებს, თავბრუ მესმხმის, ვერაფერს ვხედავ, ბარბაცითა და ხელის ცეცებით მივაბიჯებ გასასვლელისკენ.
მერხი, მერხი, მერხი, რაღაც რბილი და თბილი...
როგორც იქნა, თვალი ამეხილა, ყურთასმენაც დამიბრუნდა და სიცილ-ხარხარის ცუნამიც უმოწყალოდ მომაწყდა. ვდგავარ შუა ოთახში და უილაჯოდ ვიღიმი, საყოველთავო ხარხარის ობიექტი. მინდა, ტერორისტი ვიყო და ვიყვირო: „დიდება ალაჰს, სიკვდილი თქვენ, წარმართო ღორებო!“ (ასეთია ტერორისტის უკანასკნელი რეპლიკის ჩემეული ინტერპრეტაცია), მერე კი მთელი შენობა ჰაერში ავწიო, მაგრამ მე მხოლოდ მელოტი სამსონი ვარ. მელოტი და სასაცილო სამსონი, რომელიც, შეცდომით, სოციალურად აქტიურის უკანალს წაეპოტინა და დამსახურებულიც მიიღო.
ჩემი შესაძლებლობების საზღვარი იმდენად ილუზიურია, რომ მისი მოხელთება გონების თვალითაც კი შეუძლებელია. რატომ უნდა შევიწუხო თავი იმის დადგენით, რაც დადგენისთანავე შეიცვლება?
-სამსონ! - უკან ვიხედები, დალილა მიახლოვდება ცბიერი, მაგრამ მომხიბვლელი ღიმილით. ისევ მინდა კისერი მოვუგრიხო, მაგრამ ისევ ვნებდები საკუთარ უსუსურობას.
-რა იყო? - გაურკვეველი საფრთხის მოლოდინში ვიმჩვარები, ვიბუზები, წელში ვიხრები.
-ქუდი დაგავიწყდა.
გაუბედავად ვართმევ ქუდს და უსიტყვოდ ვიფხატავ მელოტ თავზე.
-მიდიხარ?
-ჰო.
-ნახვამდის. - ქუსლებზე შეტრიალდა და გოროზი რხევით დაუბრუნდა საკუთარ სამფლობელოს.
მე ვარ მელოტი და უსუსური სამსონი. ელექსირი უნდა მეყიდა.

არჩევანი

დღეს ყველაზე მკაფიოდ ვგრძნობ, როგორ ვფართხალებ გაურკვევლობის უძირო, უნაპირო ოკეანეში.
- მეგობარო, ასეთ ადგილას ქუჩის გადაჭრა არ შეიძლება!
ესღა მაკლდა.
-რა გქვია?
-ალუზია. თქვენ?
-რას მემაიმუნები?! პირადობის მოწმობა მოიტა!
არ მოვსკდე, როგორ არ მოვსკდე - მაგარ შარში ვარ. ასეც ვიქცევი, სიჩქარე შთამბეჭდავი მაქვს და ღიპიანი სამართალდამცავი აბა რას დამაკლებს?! ბედი არ გინდა? დღის დაწყება ასეთი შარით. სამაგიეროდ გაგრძელება ჩემს ხელშია, აი, მაღაზიაც, ტალახში ჩამჯდარი უსახური შენობა ბინძური მინებითა და კედლებით. როგორ შეიძლება ასეთ სანაგვეში იმ ელექსირის მოპოვება, რომელზეც ჩემი დღის შემდგომი განვითარებაა დამოკიდებული?! არადა, შეიძლება.
-გამარჯობა, იუდა.
-გაგიმარჯოს, პიროს.
როცა გაურკვევლობის ქარი ამოვარდება, გაურკვევლობის ტალღები აგორდება და დიდი ხნის შემდეგ გაურკვევლობის ქვიშიან ნაპირზე ჩემი უსულო გვამი გაირიყება, ყველაფერი სულერთი იქნება, ისევე, როგორც დღეს.
-ხუთლარიანი კონიაკი მომეცი.
ესეც ჩემი ელექსირი. დღეს ბედნიერი ვიქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები