ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2014


ბეღურებს

ვინ დაგიფასა ერთგულება ჩემო ბეღურავ?!
საკენკი დღესაც კაკანათთან ახლოს დაყარეს.
ჩავებმეოდი უსათუოდ მე თქვენს ფერხულთან
და ცოტნესავით ვეგდებოდი ზამთრის ჩავლამდე.

ჩავებმეოდი უსათუოდ მაგრამ რათ გინდა?!
მე თქვენზე ფიქრი, ასე მხოლოდ ზოგჯერ მაწვალებს,
ზოგჯერ უთუოდ მიგატოვებ მარტოს ამინდთან,
როცა ზამთარი შემოარხევს ფიფქის წამწამებს.

ზოგჯერ უთუოდ შემიკურთხებ, გვარს და საფიცარს,
დასწყევლი მწარეთ, კაცთა მოდგმის მღვრიე საწადელს.
რომ ჩვენ სამყოფად , არ გვეყოფა თუნდაც სამი ცა,
და შენს ერთ ციდა, ბუდეს მაინც ვინმე წაგართმევს.

ნეტავ შემეძლოს, შენ დაგაფრთხო ისე დაგიცვა,
კაკანათში კი დავამწყვდიო თვითონ ზამთარი.
ნეტავ ოდესმე გაყინული მნახონ გულ-ცივთა,
მეჯდე უბეში, ერთგულების ცეცხლით გამთბარი.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები