როცა თოვს, ან როდესაც წვიმს, მინდება ჩემი წინაპრების საფლავებს მკერდით საბანივით გადავეფარო, რომ წვიმამ და თოვლმა ჩემი გულის გავლით ჩააღწიოს მათი კუბოების ფიცრებამდე... როცა წარმოსახვა მავთულხლართებს გადააწყდება, თავისუფლება სახედაღარული მოხუცის ჩანაცრებული თვალებიდან მიმზერის თითქოს... მე მინდა ვიყო თოლია... რომ აფხაზეთში შავი ზღვის ტალღებს ბათუმიდან ჩავუტანო ძმების ამბავი... მოვუყვე: როგორ გვესიზმრებიან სოხუმური კვიპაროსები და ავადჰარას იდუმალი მარტოსულობა სულს როგორ შანთავს... რაც უნდათ, ის თქვან... მითხრან, რომ ეს პეთეტიკაა, რომ სიტყვებმა დაკარგეს ძალა... ასეთებს ვიცი, ხელუკუღმა გავარტყამ სიტყვას (თუკი საერთოდ შეიძლება სიტყვა სახეში სილის ნაცვლად სტკიცო ვიღაცას), როგორიცაა მაგალითად სიტყვა: პროტესტი, რომ მერე ლოყააწითლებულს ხმამაღლა ვუთხრა: ეს ჩემი პათეტიკაა: მე ჩემს სამშობლოზე ვწერ!!!