ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2014


ერთი ციდა ბალღივით

ქართველი ვარ და მე ვგრძნობ,
დედამიწის წიაღში
რა ღრმად,არანაკლებად ვაზზე
მიდგას ფესვები,
შუბლზე მეარილება მზე
ათასწლის წინაშე,
ვსუნთქავ მარილიანად
და მითრთიან მყესები.

მეკუმშება კუნთები,
ვიზმორები და ვხარობ,
ახლად გაღვიძებული
ერთი ციდა ბალღივით,
პირველად რომ შეხედა
მიამიტად სამყაროს
და ვიშლები ბეჭებში
ფართო იალაღივით.

მაგრამ მერე ერთგვარი
გარინდება შემიპყრობს
და მე,როგორც შუადღის
სიო გავისუსები,
რადგან ვხედავ,თუ როგორ
დაემხო და გაიყო,
უძველესი ქვეყანა
ერის,"მიწის მუშების."

სინანულის ცრემლები
ისევ გულში გუბდება
და სული იხუთება
მძლავრ მკლავებში მერეხის,
ვერ შევწვედით,რომ გვსურდა,
იმგვარ თავისუფლებას,
მტვრად ქმნილია მარანი,
ათხრილია ვენახი.

დავჩიავდით,ვერ ვლანდავთ
იმ მწვერვალის სანახებს,
სადაც ამირანისა
ჟღარუნობენ ჯაჭვები,
ვირზე უკუ შემოგვსვეს,
ზურგი გაგვიმათრახეს,
რაინდები შემცირდნენ,
გაგვიმრავლდნენ ვაჭრები.

"ჩემო კარგო ქვეყანა"
ისევ სხვისი ხარ ხილი,
ჩვენი ყოფის მარხილით
უფსკრულისკენ ვეშვებით,
ერთი ფიქრი მაწუხებს,
მეწვის ერთი სახმილი,
ასე,როგორ დაგვცვივდა
მტრის საგლეჯი ეშვები.

თუმცა...იქნებ...არ ვიცი,
მეტისმეტადაც ვცხარობ,
ნეტავ ასე იყოს და...
მადლობა ღმერთს.რა მეთქმის...
ისევ ციდა ბალღივით,
მსურს,ვხედავდე სამყაროს,
ჩემთვის დასაბამადქმნილს
ვაზითა და კახეთით.

ო.გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები