ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2015


ბედუინი (ნაწილი XXX მერიკარას სიბრძნე)

                                                                                             
                        იყავ სიტყვის ხელოვანი რადგან სიტყვა მეფის იარაღია და  ყველა იარაღზე ძლიერი.
                        ბრძენი მეფე სხვის ფარულ აზრებს ისევე კითხულობს  როგორც პაპირუსზე დახატულ ნიშნებს. 
                        ეშმაკი კაცი ვერ ბედავს ბრძენი მეფის  მოტყუებას. ხალხი არასოდეს ამხედრდება ბრძენი მეფის
                        წინააღმდეგ, არ  აღმოცენდება ღალატი და იდინებენ ჭეშმარიტებად წინაპართა შეგონებანი.

                                                                                                                                                                                                         
                                                                                                                            მერიკარას სწავლება*

                                                                                           
        როგორც იქნა ცას რიჟრაჟი შეეპარა და  ღამის იდუმალება ნისლივით გაიფანტა. პალმის მორები უკვე ნელი ცეცხლით იწვოდნენ, ალაგ ალაგ ნახშირად ქცეულიყვნენ და  წუხანდელი მოგიზგიზე ვარსკვლავის ნაცვლად, მიწაზე  უშნოდ ბოლავდნენ.  ავადმყოფი  წყვეტილად სუნთქავდა, სიცხით იწვოდა. სველი ტილო დავაფინე შუბლზე და ტუჩები წყლით დავუსველე. მისი ჭრილობისთვის უნდა მომევლო ხელები წუხანდელივით აღარ მიკანკალებდა და გაბედვა შეიძლებოდა.  საველე ჩანთაში მცირე აფთიაქი დამხვდა.  რიჟრაჟის სინათლე არ მყოფნიდა და მორებს მივუბრუნდი. რაც დანაცრებას გადაურჩა,  ახლო კოცონს დავაყარე და წყლიანი ტოლჩა დავდგი.  პერანგის ღილები შევხსენი,  მკერდი გავუშიშვლე  და სისხლით გაჟღენთილი სახვევი  მოვხსენი.  მკერდის ძვლიდან თითქმის მარცხენა მხრამდე  ზუსტად  გულსზევით, ნეკნებს შორის  ღრმა ჭრილობას დაეღო პირი და გულის ყოველ  ფეთქვაზე სისხლის ახალი კოლტი ამოდიოდა. დანახულმა გვარიანად დამაფრთხო.  სხეული ქვიდან ჩამოვწიე. სისხლის ნაკადულმა ყელისკენ დაიწყო დენა. 

ხელები სპირტით გავიწმინდე,  ჭრილობა გარშემო გავასუფთავე, ბინტისგან სისხლის დასაშრობი ტამპონები მოამზადე, ნემსზე  ძაფი  ავაგე  და სუნთქვაშეკრულმა ფრთხილად და ღრმად გავატარე  ნემსი კუნთში. ამოჟონილი სისხლი დავაშრე,  ძაფი გავკვანძე, შუბლზე ოფლი მაჯით მოვიწმინდე  და სული მოვითქვი.  მეორე ნაკერი უფრო ადვილად გამომივიდა და გული მომეცა. ყოველ კვანძზე ვაშრობდი სისხლს, ახალ ნაკერს ვადებდი და სულს ვიბრუნებდი. მეცხრე ნაკერზე ჭრილობამ პირი შეკრა.  სტერილური ბინტის ერთი პაკეტი პირდაპირ ჭრილობას დავაფარე და დამწოლი ნახვევის დადება დავიწყე. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ  როგორც იქნა მოვახერხე და შვებით ამოვისუნთქე.  სისხლის ლაქა მხოლოდ სამი თითის დადებაზე გაიწელა და გაჩერდა.  ეს თითქმის გამარჯვება იყო. ახლა მხოლოდ ლოდინი იყო საჭირო, როდის მოვიდოდა გონს. როგორც იქნა გამოვუტყდი თავს, მისი მზერის დანახვა  სახლზე მეტად მენატრებოდა და  გულში უსიამო გრძნობამ გამკრა.

დიდი წვალებით გავხადე სისხლიანი პერანგი. მარჯვენა მკლავზე გველივით  შემოხვეოდა ჩემი შოლტის კვალი.  აფეთქებით  გაფანტულ  ქვებს  უამრავი ნაკაწრი და პატარა ჭრილობა დაეტოვებინათ.  სხეულზე მიმხმარი სისხლი, ჭვარტლი და მტვერი  თბილი წყლით მოვბანე, სპირტიანი ბამბით  ყველა ნაკაწრი გავწმინდე,  ლისამი გადავაფარე და ძლივს მოვიბრუნე სული.  სისხლის სუნს ნადირი რომ არ მოეზიდა პერანგის გარეცხვა გადავიფიქრე და სისხლიან სახვევებთან ერთად ცეცხლში მოვისროლე.

ამასობაში ფეხი გვარიანად შემიშუპდა. ზურგის ჭრილობაც გაუჩერებლად მწიწკნდა. სახვევს ვერ ვიმეტებდი, თუ რამე გართულდებოდა,  ორივეს არ გვეყოფოდა. მხოლოდ ერთი თეთრი აბი დავლიე და აქლემს მივუბრუნდი. საშინელი, გრძლად პირდაღებული მკრედის იარა  თბილი წყლით მოვბანე და დარჩენილი ძაფი მის დახურვას შევალიე.  მეშინოდა რომ აქლემი ტკივილზე წიხლებით მიპასუხებდა, მაგრამ ჩუმად იდგა და მშვიდად ელოდა როდის დავასრულებდი მოვლას. ჯადარი მთელი ამ ხნის მანძილზე ყურადღებით მაკვირდებოდა. ჯერ ჰაერი დაყნოსა, მერე პატრონი და გუბურისკენ მიბრუნდა. აქლემიც მიჰყვა. ცხოველები კარგა ხანს  სვამდნენ წყალს.  გული რომ  იჯერეს,  ხმელ ეკლებს მიადგნენ საწიწკნად.  გამახსენდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ჯადარი წყალს არ მიკარებია. მხოლოდ ახლა მისცა თავს წყლის დალევის უფლება. ვფიქრობდი და ვერაფრით ვხსნიდი მის წუხანდელ საქციელს,  პატრონთან რომ არ მიშვებდა და  ჩემგან იცავდა...   

დილის მზე ამოიწვერა. ჩემი ანგარიშით რიჟრაჟიდან სამი საათი  თუ იქნებოდა გასული... ღამით თუ სიცივეს  ვებრძოდი, ახლა პირიქით, სიცხეს უნდა შევჭიდებოდი. პალმის ხმელი ტოტებით სახელდახელო  ჩარდახი  ავაწყე და ზემოდან ქეჩის ნაგლეჯები გადავაფარე.  ბარგს მივუბრუნდი. ორი ხელი სამოსი უვნებელი იყო. აქლემის ტყავის ფეხსაცმელიც გადარჩენილიყო, საკვები ვერაფერი ვიპოვე, მხოლოდ ტილოში შეხვეული ყავის ხის რამდენიმე მშრალი ფოთოლი  გადმოვარდა. ერთი  წყლის ჭურჭელიც  აღმოვაჩინე,  ტყავი მთელი იყო და საცობიც მაგრად ჰქონდა დაგმანული.  კარვის ქეჩა, რაც გულმოდგინედ გვიცავდა ქარსა და დელგმაში,  დაფხრეწილი, დაგლეჯილი და სრულიად უვარგისი გამხდარიყო, მაგრამ ქვეშაგებად გამოდგებოდა.

ცხელი დილა ჩამოწვა.  ყოველი მოძრაობა საშინელ ტკივილს მაყენებდა, გაჭვარტლული სხეული მწიწკნიდა, ოფლი ღვარად მდიოდა და  გუბურას მხსნელივით შევჩერებოდი. ცხოველები უკვე წყალში შესულიყვნენ, ფინიკის პალმების ჩრდილებს შეფარებოდნენ და მბრწყინავი გუბურიდან მხოლოდ თავები უჩანდათ.  მთელი  გულით შემშურდა. წარმოვიდგინე როგორ შევიდოდი გუბურაში  და ყველა გადატანილ საშინელებასთან ერთად ჩამოვირეცხავდი  მტვერს, ჭვარტლს, მიმხმარ სისხლს და  შვებით ამოვისუნთქავდი. 

კაიროდან წამოსვლის შემდეგ, სულ ორჯერ გავიწმინდე სხეული სველი ტილოთი და  ერთხელ გავიმეტე წყალი დასაბანად. ახლა კი ჩემს წინ მთელი ტბა იდგა და ლივლივით მეძახდა... ავადმყოფს დავხედე,  სისხლის ლაქა ხმებოდა და ფერს იცვლიდა. შუბლზე ტილო შევუცვალე, ტუჩები დავუსველე, გუბურას გავხედე და... სულმა წამძლია. კოჭლობით მივედი ტბასთან, სამოსი ხელუკუღმა მოვისროლე და წყალში შევედი... ერთბაშად ყველაფერი დამავიწყდა. მხოლოდ წყალს ვგრძნობდი. სხეულმა სუნთქვა დაიწყო  და  გონება გამინათდა. დავრწმუნდი რომ არცერთ ადამიანს, ბოლომდე ნამდვილად არ ჰქონდა შეგნებული რას ნიშნავდა სინამდვილეში წყალი.

ჩემი ძონძები და ტყავის ზედატანი გავრეცხე და ნაპირზე გავფინე,  სანამ მზე გააშრობდა,  მანამდე  წყალში მინდოდა მენებივრა.  თვალდახუჭულმა წარმოვიდგინე,  თითქოს ზღვაში ვიდექი და ნაპირზე, ჭრელაჭრულა ქოლგების ქვეშ  ჩემები ისხდნენ.  ძლივს შეველიე გუბურას,  თმა ისე სწრაფად გამიშრა -  გული დამწყდა.  ქვები უკვე ისე გახურებულიყვნენ, - შეხებაც მწვავდა. ჩემი სამოსი ახალგაუთოვებულივით ხურდა. ისეთ  დიდ სიცხეს უჩანდა პირი, აქამდე რომ არ მიგრძვნია. სწრაფად გადავიცვი სამოსი და  ჩარდახის ქვეშ შევძვერი,  ავადმყოფს სველი ლისამი გადავაფარე,  მის ფეხებთან კატასავით დამრგვალებული  მივწექი და  თავქვეშ მკლავი ამოვიდე. 
 
        თვალი რომ გავახილე უკვე ბინდდებოდა.
ჩარდახიც ცარიელი იყო და გუბურაც. ალ კაბირი ჩემსკენ ზურგით იდგა და პენტაგრამას  ყურადღებით აკვირდებოდა. გალაბა ეცვა, ბურნუსი ეხვია და ფეხზეც აქლემის ტყავის ფეხსაცმელი ემოსა. ახლა ზუსტად ისევე გამოყურებოდა როგორც ჩვენი შეხვედრის პირველ დღეს,  ძველებურად ამოუცნობი  და მთლად იდუმალებით მოცული. 

როგორც ყოველთვის, ჩემი იქვე ყოფნა უკანმოუხედავად იგრძნო: 
    - რამდენი ხანია აქ ვართ?
    - მეორე დღე...იქნებ  დღეს დავრჩეთ...  სიზმარში ვნახე, დაჭრილი სადღაც აპირებდი წასვლას, გულიდან სისხლი გდიოდა... შეშინებულს გამეღვიძა. რომ დაგხედე, უკვე ზღვართან იყავი. ვერ გავუძლებდი შენს სიკვდილს! ვერ გავხდებოდი შენი მესაფლავე!.. მხოლოდ ის  მინდოდა რომ გეცოცხლა... ძალიან გამიჭირდა...

    -  ვხედავ...-  პენტაგრამისთვის თვალი არ მოუშორებია,  ისე მომიგდო ერთი სიტყვა.  მის ხმაში ბრაზი ჟონავდა, ჩემსკენ არც მობრუნებულა,  ლაგამი მოიმარჯვა და ჯადარის შეკაზმა დაიწყო. მისმა უხეშობამ გამაშეშა:

    -  ეს ხომ ჩვეულებრივი კოსმოსური ფიზიკაა,  კოსმოლოგია, ენერგიის ტრანსპორტირება... მართლა შუა საუკუნეების მაგია ხომ არ არის... არაბული ოკულტური არკანები მთლიანად ძველ ეგვიპტურ კულტურას ეყრდნობა.  ეგვიპტური  "კიმია" არაბულად "ალქიმია" ოკულტურს,  იდუმალს ნიშნავს...დღეს ქიმიას სკოლაში ბავშვებს ასწავლიან...მეც... ასტროფიზიკოსების ოჯახში გავიზარდე...    - უნებურად წამოსული ცრემლები  ჩემს ნიკაპთან  დაწყვილდნენ და  სველი ნაბიჯებით ჩაირბინეს ყელი.

        ალ კაბირი ჩემსკენ მკვეთრად მობრუნდა, ლაგამი და აღვირი მიწაზე მოისროლა,  მკლავში ხელი მაგრად წამავლო და ერთი მოძრაობით  გვერდულად დამსვა დაჩოქილ აქლემზე.  ბრაზისგან სუნთქვა ეკვროდა, ძლივს იკავებდა თავს რომ არ დაეყვირა... მარცხენა ხელით აქლემს დაეყრდნო, მარჯვენთი მუშტი ისე ძლიერად  შეკრა, ხელი ერთიანად გაუთეთრდა. ცდილობდა ბრაზი მოეთოკა, მაგრამ არ გამოსდიოდა...ბოლოს სახესთან საჩვენებელი თითი მომიტანა,  მკაცრად დამიქნია და  ძლივს გამოცრა: 

      - ჭირვეულო, თავგასულო გოგო... ვფიცავ წმინდა მუჰამედის ხსენებას, კარგი გამათრახება არ გაწყენდა!!! 

მის თვალებში მეხმა იელვა და რისხვად დამატყდა ...

      - ხომ არ შეიშალე ნილნა!  კარაკალების შემდეგ  შეიძლება ასეც იფიქროს კაცმა... იქნებ მართლა შეიშალე?!  ვერ ხვდები რა ჩაიდინე?!  შენ  ენერგიის  მართვა არ შეგეძლო!  არც პროცესის მართვა  შეგეძლო!..  ენერგია  - მატერიის სხვადასხვა მოძრაობების  ფორმების  ზომაა,  ეს  ფორმები ერთმანეთში იცვლებიან, მაგრამ თვითონ  მატერია არ ისპობა!.. თუ ასტროფიზიკოსების ოჯახში გაიზარდე, გეცოდინება, რომ  სამყარო  აჩქარებულად ფართოვდება, ამისი ახსნა მხოლოდ  ბნელი მატერიის, ბნელი ენერგიის  არსებობის დაშვებითაა შესაძლებელი და არავინ იცის რა არის ეს!...  არ დაფიქრდი რა ძალის მატარებელი იყო ის ენერგია რამაც ეს სპირალი გამოიარა? ან სად ჩაიკარგა,  სად გაქრა,  ვინ იცის, ვის, როდის და რა სახით დაატყდება თავს!.. რა თქმა უნდა არა!  იმედია ხვდები რას გადარჩი!  ნამდვილი სასწაულია პლაზმად რომ არ გაქცია და სხვა სამყაროში  არ გაგტყორცნა... 
ოოო  ალლაჰ!!!  აარიდე ამდენი ცოდნით გამოწვეული უბედურება ადამიანებს!..

          ალ კაბირი მკვეთრად შებრუნდა და ზურგი მაქცია.   

        ლამის გულს შემოვასკდი, აქლემიდან ძლივს ჩამოვცოცდი და ისევ ჩარდახს შევაფარე თავი.  თავს ძალას ვატანდი, მინდოდა დავმშვიდებულიყავი მაგრამ ტირილი წამსკდა. ვტიროდი ჩუმად და უხმოდ.  ვტიროდი ყველა ხიფათს და უბედურებას, შიშიან დღეებს და ღამეებს, საჰარაში გატარებულ ყველა წუთს და წამს, ჩვენს უცნაურ შეხვედრას, ჩემს საშინელ მდევარს, ამ საშინელ ადგილს, შიშს რაც ბოლო ღამეებში გამოვიარე,  წუხანდელ ზაფრას, როცა სიკვდილი ასე ახლოს მოვიდა... ვიგრძენი რომ აღარ შემეძლო აქაურობის გაძლება,  სიცოცხლისთვის ბრძოლა, დარჩენილი გზის გავლა. აქამდე მოყოლილი ძალღონე,  ჩემი რომ მეგონა, თურმე ის იყო, - ალ კაბირი... მისმა ბრაზმა და ზურგშექცევამ  ეს ძალა მთლად გამომაცალა...  თითქოს  გული ნაწილ-ნაწილ მეხლიჩებოდა და ამ ნახლეჩებიდან სული მეპარებოდა. გულზე გარედან ვიჭერდი ხელს რომ მკერდში დამემაგრებინა, საშინელი ტკივილი გამეჩერებინა,  მაგრამ არ გამომდიოდა... როგორ მინდოდა მობრუნებულიყო,  თბილი და რბილი ხმით ეთქვა  -  ” ლე ტა ხაFუუ, ტანა ჰუნა....”  მაგრამ არა... ქვად და რკინად ქცეული  სწრაფად მოძრაობდა. აქლემი შეკაზმა,  ბარგი მოაგროვა, შეკრა და  უნაგირს მიაკიდა. ჯადარს ხელით უხმო, ლაგამი ამოსდო, აღვირი ხელში მოიკრიფა და  შეკაზმული  აქლემი  ჩემს წინ დააჩოქა. 
 
      ალ კაბირი ქანდაკებასავით იდგა,  ზემოდან დამცქეროდა და უსიტყვოდ ელოდა როდის ავდგებოდი ფეხზე. ბურნუსიდან მხოლოდ თვალები უჩანდა. წარბშეკრული პირდაპირ  მიცქერდა და ამჯერად მზერის არიდებას არ აპირებდა. 
   
      - როგორ გაბედე ასე გაგეწირა თავი!..როცა სულზე მეტად გიფრთხილდები! - ხმაში ჯერ კიდევ მოყვებოდა ბრაზის ნაპერწკალი. 
აქლემის უნაგირს დავებღაუჭე და ზედ შევჯექი, დრომადერი ტალღასავით აქანავდა და ფეხზე ადგა.
    - მე უფრო... იმიტომ გავბედე... - მშვიდად დავუბრუნე პასუხი ისე რომ მზერა არც მე ამირიდებია. 
   
        ალ კაბირის თვალებში ისეთი ცეცხლი დაინთო, საჰარას მზესაც შეშურდებოდა მისი სიმხურვალე, მაგრამ  მაშინვე ყინული ჩაისხა მზერაში, თვალები მოჭუტა და წასვლა მანიშნა.  ჩვენი ოთხსულიანი ქარავანი სწრაფად დაიძრა. გუბურას შორიდან მოვუარეთ და გზას დავადექით. უკან მოვიხედე. მიწაზე შავად მოხაზულ პენტაგრამას დავაცქერდი,  შაითნის კლდეებს გავხედე. თვალი შევავლე უსწორმასწორო მწვერვალებს სადაც ალბათ აღარასდროს იბატონებდნენ კარაკალები და მეც... აღარასოდეს დავბრუნდებოდი... ყველაფერი ძალიან შორეულად მეჩვენა, იმდენად შორეულად, თითქოს წუხანდელი ამბავი  ვიღაცამ მიამბო და მე არ გადამხდენია...

      მთელი საღამო, ღამე და დილა შეუჩერებლად ვიარეთ,  უმთვარობაში წინ ბედაური მიგვიძღოდა. ალ კაბირს მთელი გზის მანძილზე არცერთხელ არ მოუხედავს. არცერთი სიტყვა არ უთქვამს. მისი დუმილი მთელი გზა მოქნეული მათრახივით მსერავდა. მზე თავზე წამოგვადგა.  დერეფანი თავდებოდა და ციცაბო დაღმართი გველოდა.  უკვე შაითნის თავთან ვიყავით.  ერთი სული მქონდა როდის გავაღწევდით აქედან.  ყოველ ნაბიჯს ვითვლიდი და ცამდე  ატყორცნილ კლდეებს შორის ღია ჰორიზონტის დანახვას ვცდილობდი. არემარემ ფერი იცვალა. გეზი სამხრეთ-დასავლეთით გვეჭირა. ალ კაბირი წინ ცხენით მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი.  ქვიან ნიადაგს ქვიშიანი ჭარბობდა და უხმაუროდ ვმოძრაობდით.  მინდოდა დამეჯერებინა,  რომ ეს ბოლო გასაჭირი იყო. რომ  თეთრი უდაბნოს სამხრეთით, ოაზისის დედაქალაქი მელოდა. იქიდან  ბიძაჩემთან დავრეკავდი, იქნებ საქართველოშიც მომეხერხებინა დარეკვა, მაგრამ ალბათ ჩემები უკვე  კაიროში იყვნენ და მელოდნენ ან, ამბავს ელოდნენ და... მე აღარ... 

      ჩემი დრომადერით არაბული ბედაურის კვალს მივყვებოდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ორიოდე დღეში როგორ ჩავეხუტებოდი ჩემებს, როგორ დავივიწყებდი საჰარას, სიცოცხლისთვის დაუსრულებელ ბრძოლას,  დავუბრუნდებოდი ჩემს სახლს, ოჯახს, მეგობრებს, ჩემს წიგნებს და ჩემს სამყაროს. თავს პირობას ვაძლევდი რომ ახლა სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი და არცერთ წუთს უქმად არ დავკარგავდი.

      რიჟრაჟზე უდაბნომ  კამკამა თეთრით დაიფერა  უსასრულო კალთები.  ქათქათა თეთრი  ქვიშა ჩემს ფეხქვეშ გაიშალა. ჩემს წინ  უდაბნოს ცხელი ქარებით  ცარცის  და  კირქვის კლდეებზე საოცარი სინატიფით გამოკვეთილი  უამრავი ქანდაკება აღიმართა.  კვარცის მოციმციმე მინერალებმა ცისარტყელას ფერები ჯერ გულში ჩაიხუტეს, შემდეგ გარშემო მოაფრქვიეს და მირაჟების ზღვამ ლივლივი დაიწყო.
 
        ფარაფრას თეთრი უდაბნო  ნამდვილი ზეიმით გვეგებებოდა. 
ბუნება ახალ ჯადოქრობას მიჩვენებდა.  უხილავ მოლბერტზე ქათქათა ტილო გაეშალა და ზედ თოვლისფრად მოქათქათე მარმაშებიანი მიწა მიეხატა.  ზედ თეთრებში ჩაცმული კაცი მიდიოდა,  იდეალურად ზუსტი, მოქნილი ნაბიჯით ზომავდა გზას  წაშლილი ჰორიზონტისკენ  და  თავისი სინდისივით სუფთა  ზეცას უბრუნდებოდა.

მცირე შესვენება ხელით მანიშნეს.  ქარავნი გაჩერდა.  ნახშირი გაღვივდა, მიწაზე ქეჩის ნაგლეჯი გაიშალა და ტოლჩაში ყავის ბოლო ფოთოლი ჩავარდა.  ალ კაბირმა  ხელი მიწას დაადო,  ქანდაკებასავით გაქვავდა და დასავლეთს მიაჩერდა. ჯერ უდაბნოს უსმენდა გარინდული. ბოლოს წელში გაიმართა, აბგიდან დაკეცილი აბრეშუმი ამოიღო და მომაწოდა.  ქათქათა გალაბა პირდაპირ ძონძებზე გადავიცვი, თეთრი ქვიშა მზეს მთლიანად ირეკლავდა და დამწვრობის საფრთხე ასჯერ უფრო საშიში ხდებოდა.

მალე შევნიშნე რომ ახალი მიმართულებით მივდიოდით, ქარავანმა დასავლეთს მხარი უქცია და სამხრეთისკენ შებრუნდა. გარშემო ყველაფერი  ჩემს თეთრ სიზმარს ემსგავსებოდა და ნახატივით ნელ-ნელა ცოცხლდებოდა. სანამ შუადღის მზე თავზე წამოგვადგებოდა ვეებერთლა ცარცის კლდეს მივადექით, რომლისგანაც  უდაბნოს ქარებს  ვეებერთელა სოკო გამოექანდაკებინათ.  მაშინვე ჩემი ხელის რუქა გამახსენდა, დიდი სოკო რომ იყო დახატული. ეს ზუსტად ის ადგილი იყო.  მისი "ქუდის" ქვეშ მაცოცხლებელი ჩრდილი გაშლილიყო და მაცდურად გვიწვევდა. ჩამოვქვეითდით. დუმილი ჩამოწვა და  სიჩუმემ ფერი შეიძინა.  დაძაბულობისგან  ყველა ძარღვი დამეჭიმა და მოუსვენრობა შემომენთო. გარემო ისე თეთრად დუმდა, როგორც თოვის წინ...რომ არა პაპანაქება სიცხე, ალბათ ფანტელების ჩუმი წკრიალის მოლოდინში ცას შევაცქერდებოდი. მაგრამ  წკრიალი პირდაპირ ფეხქვეშ მომესმა. 

      - უკან!  ფრთხილად! - ალ კაბირმა ხელი მტაცა და წამში მის ზურგსუკან აღმოვჩნდი.  ზუსტად იმ ადგილას, სადაც წამის წინ ვიდექი,  ქვიშის ბორცვმა ამოიწია, მთასავით ამოიზარდა და დაბზარული თავი კალთებზე ჩამოეშალა.  შიშისგან შევკივლე. ჩვენს გარშემო ჯადოსნურად იზრდებოდნენ ქვიშის ბორცვები და მიწიდან  ბზრიალ-ტრიალით ამოდიოდნენ ინდიგოსფერი მოჩვენებები...სანამ თვალის დახამხამება მოვასწარი, ტუარეგების ალყაში ვიყავით და ნახშირივით შავი თვალები გამჭოლად გვიცქერდნენ.
   
    - არ გაინძრე ალ კაბირ! ხელიც არ შეარხიო!  შენი სიკვდილი არ გვინდა! - თქვა ყველაზე შორს მდგომმა და ხელით ნიშანი მისცა სხვებს. ორი მათგანი მეცა, მიწაზე გამათრიეს ხელფეხი შემიკრეს და სოკოს ძირთან მიმაგდეს. ჩემს  ახლოს დასხდნენ,  გადაჭრილი თოფები ხელში მოიმარჯვეს და  გაირინდნენ. 
   
    ალ კაბირმა თვალი მოავლო ალყას და მშვიდად თქვა:

      -  ამ ქალის უდანაშაულობა ყველას თვალწინ აღიარა თქვენმა სულიერმა მოძღვარმა. თქვენ კი დიდი ალლაჰის ნების საპირისპიროდ მოსაკლავად მოსდევთ?
      - ასეთია ამენოკალიას ნება.
      - ალლაჰის ნებაზე მაღალი არაფერია.  ამ ქალს, თქვენსავით  მხოლოდ სახლში დაბრუნება უნდა, თავის სამშობლოში, თავის ოჯახში... გაუშვით, წავიდეს,  სამაგიეროდ თითოეული თქვენგანი ჩემგან ათ კილოგრამ ოქროს მიიღებს.  ქალაქად დასახლდებით, შვილებს განათლება მისცემთ,  ადამიანურად იცხოვრებთ. ხვალ საღამოს თითოეული თქვენგანი უმდიდრესი კაცი გახდება. 
 
        ოქროს ხსენებაზე ტუარეგებს თვალები აენთოთ და ერთმანეთს ჩუმად გადახედეს. 

      - ჩემი ხალხის მოსყიდვას აპირებ ალ კაბირ!  ერთგულებას ტუარეგი არაფერზე გაცვლის! - გაისმა ზარივით სუფთა ხმა. თეთრ აქლემზე ამხედრებულმა ამენოკალიამ  სოკოს ჩრდილში შემოაბიჯა და მხლებლებს დაბანაკება ანიშნა. მილოში და არაბები სწრაფად დაქვეითდნენ და ჰილალეს აქლემი დააჩოქეს. ტუარეგებმა სასწრაფოდ მოუმზადეს თავიანთ დედოფალს დასაბრძანებელი ადგილი და წყალი მიართვეს.

    - რაკი აქამდე ცოცხლებმა მოვაღწიეთ, ჩვენი ლაპარაკის დროც დადგა. - განაგრძო ჩამოქვეითებულმა ჰილალემ და ტახტზე დაბრძანდა.  გვერდით მილოში და არაბები ამოუდგნენ. ადრარი არსად ჩანდა. ვერაფრით ვხვდებოდი როგორ დაგვეწია მდევარი. ტვინს მიხვრეტდა გონებაში მოტრიალე ფიქრი იმაზე,  რომ ადრარმა მოგვატყუა და კარაკალების ჯოჯოხეთი შეგნებულად გამოგვატარა. 

    - ალ კაბირ, გაგიკვირდება, მაგრამ მიხარია ცოცხალს რომ გხედავ.  წარმოუდგენელია შაითნის დერეფანი უვნებელმა გამოიარე. - თქვა ჰილალემ და მე ირიბად გადმომხედა. 
    -  შენი სილამაზისთვის ვერაფერი დაუკლია დამღლელ მგზავრობას ამენოკალია. - თქვა ალ კაბირმა და მილოშს გაუსწორა მზერა. პოლონელი შეცბა და უნებურად ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია.
    - ახლა ორივე ჩემი ტყვეები ხართ და თქვენი სიცოცხლე ჩემს ხელშია. - მედიდურად ჩაილაპარაკა ჰილალემ და ალ კაბირს შეაცქერდა.  მისი ბრაზი შარშანდელი თოვლივით გამქრალიყო და  ალ კაბირს  ანთებული მზერით შესციცინებდა.
    - შენს ხელში შენი სიცოცხლეც კი არ არის ამენოკალია. იმედია ჭრილობა აღარ გაწუხებს. - უპასუხა ალ კაბირმა.
    - გაბრაზებული და ნაწყენი ვარ, ჩვენს მეგობრობას  ეს გადამთიელი ქალი ამჯობინე.
    - ეს ქალი თუ ცოცხალი და უვნებელი  დაუბრუნდება თავის ოჯახს, ჩვენი მეგობრობა ძველებურად გაგრძელდება. დანარჩენს გაუგებრობას დავარქმევ და დავივიწყებ. - ალერსიანი, თბილი და დაბალი ხმა მშვიდ მელოდიად გაიშალა თეთრად მოკამკამე ჰაერში.

    ჰილალემ ირიბად გახედა მილოშს და ისევ ალ კაბირს მიუბრუნდა.

    -  მე შენთვის ბევრი რამის მოცემა შემიძლია ალ კაბირ და რასაც გეტყვი, სანამ მიპასუხებდე  დაფიქრდი. 
    -  მე არასდროს მივაჭრია შენთან ამენოკალია. შენს ყველა გონივრულ  სურვილს შევასრულებ დიდი ალლაჰის ნებით, ეს ჩემთვის დიდი პატივია.

    -  ალ კაბირ, შენი ცივი თავაზიანობა  მაიძულებს დავფიქრდე ღირს თუ არა რამის თქმა, მაგრამ მაინც გეტყვი. დარწმუნებული ვარ,  ნამდვილად მიხვდები რასაც გთავაზობ. მე შემიძლია ერთ  დაძახებაზე ორასიათასი შეიარაღებული ტუარეგი ფეხზე დავაყენო და შენ დაგიმორჩილო. ეს უძლეველი არმიაა, რომელსაც დედამიწის ზურგზე ყველა სახელმწიფო ინატრებდა. თუ ჩემზე დაქორწინდები, მთელი ტრანსსაჰარას სავაჭრო გზები და სასმელი წყლით სავსე ჭები შენს ხელში იქნება,  ჩვენი ტომის ამენოკალი გახდები. ისედაც უყვარხარ იმოჰაგებს და სახელიც შორს გაქვს გავარდნილი.  როგორც ამენოკალი დავეხმარები იმაში, რომ ჩემი ხალხი  მალიში, ნიგერში  და მაროკოში ზაფხულობით საძოვრებზე შეუშვან. ქალაქებში არავინ შევა, საძოვრებისთვის კი ფულს გადავიხდით. სხვა ტომების ამენოკალები  გენდობიან და პატივს გცემენ, ამიტომ შენს გარშემო ყველა ძალა გაერთიანდება.  ხუთი მილიონი ტუარეგი როგორც ერთი, ისე დადგება ფეხზე და  საკუთარი სახელმწიფოს შექმნას შევძლებთ. გვეყოფა ამდენი ხეტიალი საჰარაში, ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს საკუთარ მიწა-წყალს. საუკუნეა ამისთვის ვიბრძვით. ეს ჩვენი დიადი ოცნებაა.  თუ თანახმა იქნები და სათავეში ჩაგვიდგები,  დიდი მიზანი გაგიჩნდება და  ჩვენი მარდიული ნატვრა ახდება,  გვექნება საკუთარი  წყალი და  მიწა,  ჩვენი სახელმწიფო  და  დაუმარცხებელი თავისუფლება...  ეს ევროპელი ქალიც  ცოცხალი და უვნებელი დატოვებს საჰარას და თავის ოჯახში დაბრუნდება.

    ჰილალეს ნათქვამმა გამაოგნა. ყურს არ ვუჯერებდი, ჩემს წინ  ულამაზესი,  შეყვარებული და ეჭვიანი ნახევრად ველური ქალი კი არა, სერიოზული პოლიტიკოსი იდგა  და თავის დიდ მიზანს უზიარებდა კაცს, რომელიც  იდეალურად  შეეფერებოდა მისი გეგმას.

        ჰილალეს გათვლა ნამდვილად გენიალური იყო. ის,  ახლაც რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა. მალის იმპერიის პრინცისთვის ბევრად ადვილი იყო ტუარეგების მფარველობა. ვინ ეტყოდა უარს ოქროს პილიგრიმის პირდაპირ მემკვიდრეს,  საძოვრებზე  შეფარებინათ ზაფხულის საზარელი სიცხით წლობით შეწუხებული  ტუარეგები.  ხოლო თუ რომელიმე ქვეყანა მათ  მოქალაქეებადაც მიიღებდა, არჩევნების გზით სულ ადვილად შეეძლო ხელისუფლებაში მოსვლა და არც ყოფილი იმპერიის აღდგენა იქნებოდა ძნელად მისაღწევი ამბავი...  ხუთი მილიონი რეალური მომხრე  - მთელ მსოფლიოს ჩაჩრიდა პირში ბურთს.

        თუ ტუარეგები აჯანყებას დაიწყებდნენ, ვინ დაუდგებოდა წინ მათ უძლეველ არმიას... ალ კაბირი  თუ თავის სახელმწიფოს ვერ აღადგენდა, ახალი სახელმწიფოს  ერთპიროვნული ლიდერი ნამდვილად გახდებოდა.  მის დაძახებაზე არა მხოლოდ ტუარეგები, ბედუინები და ყველა მომთაბარე ტომი ფეხზე დადგებოდა. ამისთვის მას ყველაფერი ჰქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი:  მემკვიდრეობა, სიმდიდრე,  განათლება, გონიერება, ვაჟკაცობა, გამბედაობა, იდეალური გარეგნობა, არაჩვეულებრივი ფიზიკური და სულიერი უნარები, საყოველთაო პატივისცემა, ხალხის სიყვარული და ამ საქმისთვის ყველაზე საჭირო რელიგია - ისლამი... ჰილალე კი ნამდვილად გახდებოდა პირველი და სრულიად უზადო  ქალბატონი სახელოვანი მეუღლის გვერდით. ეს ქალი ყველაფერს აიტანდა და გადაიტანდა თავისი დიდი მიზნისთვის, ტუარეგების დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის  და ალ კაბირისთვის.

გაკვირვებული  ვიყავი ამ საოცარი ქალის გონიერებით, პრაგმატული ჭკუით  და პოლიტიკური ალღოთი. ის არა მარტო ჩემს სიცოცხლეს და სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას პირდებოდა ალ კაბირს, არამედ მთელ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს,  წარმოუდგენელ ძალაუფლებას, რომელსაც მტკიცე საფუძვლად წინამძღოლისადმი ხალხის  სიყვარული დაედებოდა.  მე შინ დავბრუნდებოდი, ჰილალე  თავიდან  მშვიდობიანად და სამუდამოდ მომიცილებდა, ალ კაბირის გულსაც მოიგებდა, ტუარეგებს საკუთარ მიწებს მისცემდა, თვითონ საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდებოდა და პირველი ლედიც გახდებოდა...

        უცბად არარაობად ვირძენი თავი.  ჰილალეს ფეხთით ხელ-ფეხ შეკრული  ვეგდე მიწაზე და ამეონკალია, ახლა ისე მიყენებდა როგორც  ჩვეულებრივი ვაჭრობის საგანს. იმ წუთში დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა არცერთი მამაკაცი, ვინც ჰილალეს  წინადადებას არ დათანხმდებოდა და  აღარ ვიცოდი სად ჩავმძვრალიყავი.

მთელი ამ საუბრის მანძილზე ალ კაბირი არც კი  შერხეულა, მშვიდად გასცქეროდა სივრცეს, თითქოს რაღაცას უსმენდა და  ვიღაცას ელოდა. ცოტა ხანი დუმდა და ფიქრობდა, შემდეგ  ჰილალეს მშვიდად გაუსწორა თვალი და უთხრა:

    - ამენოკალია, მადლობელი ვარ ასეთი დიდი მიზნის შესასრულებლად რომ ამომირჩიე. დარწმუნებულიც  ხარ რომ მოვერევი ამ დიდ საქმეს. იმედია ნაფიქრი გაქვს იმაზე, რატომ ჩაახშეს  ტუარეგების სამივე აჯანყება.  მითხარი რამდენმა მამაკაცმა იცის შენს ტომში წერა-კითხვა?  ისინი წერილით მისულ დავალებასაც კი ვერ გაიგებენ. ამ საქმისთვის შენს ხალხს და სხვა ტომებსაც დიდი მომზადება ჭირდება. განათლება, სამხედრო საქმის და დისციპლინის სწავლა, მისი დაცვა და შეგუება, ნორმალური აღჭურვილობა. მზადებას ათი-თხუთმეტი  სრული წელიწადი მოუნდება. ვინც ახლა ორმოცი წლისაა, ისინი ვეღარ გამოდგებიან. შენი ხალხი ორმოცდაათი წლის უკვე მოხუცია და კვდება. ამიტომ  ოცდახუთ წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ვინმე სათავეში უნდა ჩაუდგეს, სკოლები უნდა შექმნას სადაც მათ სამხედრო ინსტრუქტორები გაზრდიან, თეორიულ და საველე ცოდნას მისცემენ. ექიმები, სამხედრო ინჟინრები, მასწავლებლები და მშენებლები გჭირდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შენი ხალხი სერიოზულ ძალად მიიღოს აფრიკამ. სხვაგვარად ეს მხოლოდ შეიარაღებული ბანდაა, რომელიც აქამდე იმიტომ გადარჩა, რომ შუაგულ საჰარაში მომთაბარეობს,  წვრილმანი თავდასხმებით, ყაჩაღობით, ტურისტების მოტყუებით  და მეცხოველეობით ირჩენს თავს.

თქვენთან დღემდე მატრიარქატია, მაგრამ მთავარი უფრო ისაა, რომ აქამდე  ტომურ წყობილებას ვერ გადაბიჯეთ და დღემდე ვერ ჩამოყალიბდით როგორც ერი, რომ თქვენი მიზნები და სურვილები მსოფლიოს გააცნოთ. ყველა ტომი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს  და ერთმანეთის არ ესმით.  მართალია ისლამს აღიარებთ, მაგრამ მისი წესებით არ ცხოვრობთ. ორი წლის წინ შემოგთავაზე სკოლები გაგეხსნა და შენი ტომის ბავშვებისთვის განათლება მიგეცა. მასწავლებლების მოყვანასაც დაგპირდი. ისიც გითხარი რომ ნიჭიერ და საუკეთესო ბავშვებს  კაიროში, ალჟირში და დუბაიში სასწავლებლად გავგზავნიდი და სწავლის ღირებულებასაც გადავუხდიდი.  გაიხსენე შენი პასუხი, ადათ წესებს ვერ დავივიწყებთ, მხოლოდ ქალებმა უნდა ისწავლონ წერა-კითხვა, მამაკაცებს ეს არაფერში ჭირდებათო. ქალებისგან არმიას ვერ შექმნი ამენოკალია, გაუნათლებელი და მოუმზადებელი მამაკაცებისგან მით უმეტეს. საველე პირობებს და სამხედრო საქმეს მამაკაცის ჭკუა და ფიზიკური ძალა ჭირდება.  საჰარას  კლიმატიც სრულიად სხვაგვარ წვრთნას საჭიროებს.  ასე რომ შენს დიდ მიზნამდე ჯერ ხალხის განათლებაზე, სიცოცხლეზე და ერად ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნო.  ტუარეგების ყველა ტომი უნდა გაერთიანდეს, ერთიანი დამწერლობა და ენა უნდა ჰქონდეთ.  ცივილიზებულ  ერად უნდა იქცეთ, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს იმსახურებს, მსოფლიოს ხალხებს ხმას მიაწვდენს  და  თავის ქვეყანას აგურ-აგურ ააშენებს.  ამ სირთულეებს თუ გადალახავთ, მაშინ ასეთ მაღალ მიზანზე ფიქრიც შეიძლება. ეს ხანგრძლივი და მძიმე გზაა, მაგრამ ერთადერთი. შენს ტომში კი ამისთვის არცერთი წევრი მზად არ არის...
 
      -  ეს უარია ალ კაბირ?
      -  ეს დღევანდელი რეალობაა ამენოკალია, რომელიც უნდა შეიცვალოს.  ეს ძალიან რთულია და წლები ჭირდება. მზად ხარ ამ სირთულეების დასაძლევად? 

      ჰილალემ შუბლი შეკრა და ალ კაბირს მიაჩერდა. ტუარეგები გარინდული უსმენდნენ მათ ცხოვრებაში ალბათ  ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საუბარს.  მძიმე დუმილი  ჩამოწვა და ჰაერი საფრთხით გაიჟღინთა. თვალი შევასწარი როგორ შეირხა პოლონელი და  წუთით გამეფებული სიჩუმე  ორმა  გამაყურებელმა გასროლამ ერთდროულად  შეარყია, რასაც ზედიზედ ორი საპასუხო გასროლა მოჰყვა. ცარცის კლდეებმა იჭექეს, გუგუნი  ექოდ აიტაცეს და  თავზე დგრიალით  ჩამოგვამხეს. ყველაფერი წამში აირია.  ჩემსკენ მობრუნებული მილოში  ხელახლა აპირებდა სროლას, მაგრამ  წაბარბაცდა, ცალ ფეხზე ჩაიჩოქა და  მხარზე იტაცა ხელი.

      ალ კაბირმა  ელვის სისწრაფით წაართვა იარაღი და სახეში  წიხლი დაარტყა. პოლონელი მიწაზე გაიშალა და ზემოდან ტყვიით თავგახვრეტილი არაბი დაასკდა.  მობრუნებულმა ალ კაბირმა ჩემს ყარაულს მოღერებული თოფი გამოგლიჯა, მკერდში წიხლი ჰკრა,  მეორეს შუბლში ხეთქა თოფის კონდახი და დანარჩენებს გრიგალივით დაატყდა თავს. მისი სისწრაფით გაოგნებული ტუარეგები  სანამ მოგერიებას მოასწრებდნენ, თოფის კონდახის, წიხლის, მუხლის და  მუშტის ძლიერი დარტმით  დარეტიანებულები უკვე მიწაზე გორავდნენ. ყველაფერი  ისე სწრაფად დასრულდა, რომ  ალ კაბირის ძლიერი დარტყმით მიწაზე გაშოტილი პოლონელი ზედ გადამხობილ გვამთან ერთად,  ჯერ კიდევ ზურგით მიხოხავდა გახურებულ ქვიშაზე. გასისხლიანებული პოლონელი  ლისამში გაიხლართა და  გვამის ქვეშ ხაფანგში გაბმულივით აფართხალდა. 

        -  არ გაინძრეთ! - მჭახე შეძახილთან ერთად ორი აქლემი ჭენებით მოგვაწყდა.  ერთზე მამაკაცი იჯდა და  მის ხელში გადაჭრილი თოფი ბოლავდა. მეორეზე მოკუნტულად იჯდა მოხუცებული ანა სილი და უძრავი, ნახშირივით შავი თვალებით მიცქერდა.

        - ადრარ სწრაფად!  - იარაღმომარჯვებული ალ კაბირი თვალს არ აცილებდა ავად გარინდულ ტუარეგებს. ადრარი გაქანებული აქლემიდან ჩამოხტა, ტუარეგებს  ეცა და ხელფეხი გაუკრა. შემდეგ მილოში არაბები გაკოჭა. ერთმანეთისკენ ყველას ზურგები შეაქცევინა  და  ერთმანეთზე ისე გადააბა,  თუ სასწაული არ მოხდებოდა, ვერც თოკის შეხსნას შეძლებდნენ და ვერც სიარულს.

        - ამენოკალია, შენს მეგობარ პოლონელს  შენი გეგმა  არ  მოსწონს.  მე კი  მისი გეგმა არ მომწონს.  ვერ გაკადრებ  გათოკილი, უწყლოდ  მარტო  დაგტოვო უდაბნოში მამაკაცებთან ერთად!  ჩვენთან წამოხვალ! -  მოკლედ უთხრა ალ კაბირმა  ბრაზისგან გაშეშებულ  ქალს  და ადრარს ნიშანი მისცა. ადრარმა ჰილალეს ხელები ზურგს უკან თოკით შეუკრა, აქლემზე შესვა  და  უნაგირზე მაგრად მიაბა.  ყველა აქლემი ერთმანეთზე გადააბა, ზედ ტყვეების წყალი და იარაღი აჰკიდა და ქარავანი მოამზადა. 

          ალ კაბირმა თოკები შემაჭრა და ცხენისკენ მიბრუნდა. წვალებით წამოვდეგი, მარცხენა მუხლს ზემოთ  ფეხი სასტიკად ამეწვა.  ჩემი თეთრი გალაბა მთლად წითლად შეღებილიყო.  პოლონელის გასროლი ტყვია მეორე ფეხში მომხვედროდა და გამჭოლი ჭრილობა  სისხლად იცლებოდა.  დრომადერამდე  ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, მაგრამ წავიბორძიკე და მიწას მოწყვეტით დავასკდებოდი, ღონიერ ხელს  სულზე რომ არ მოესწრო.

      - მჭიდროდ შეიხვიე, სწრაფად!  - ალ კაბირმა ლისამის ნახევი მომაწოდა. ფეხის შესახვევად გალაბა მუხლს ზემოთ უნდა ამეწია,  ამიტომ ზურგით შებრუნდა  ჩემი შიშველი ფეხების  ტუარეგების მზერისგან დასაფარავად.  ჭრილობა რაც შეიძლებოდა მჭიდროდ  შევიხვიე.  ალ კაბირმა ცხენზე გვერდულად შემსვა და თვითონაც ამხედრდა. მარჯვენა მხარზე მიმიხუტა, აღვირი  მოიმარჯვა და ადრარს გზის გაგრძელება ანიშნა. ის იყო  ჰილალეს ბრაზით მოღრეცილ სახეს  შევასწარი თვალი, რომ ქარავანიც დაიძრა. სათავეში ადრარი ჩადგა,  უკან ჰილალეს აქლემი მიჰყვა, შემდეგ მოხუცი სილი, შემდეგ ნადავლიანი დრომადერების ქარავანი და ბოლოს  ჩვენ. 
   
საღამოს პირზე რამდენიმე წუთით შევისვენეთ და მიწაზე ჩამომსვეს.  გამთანგველი ტკივილის ატანისგან ძალები მელეოდა. მაღალი სიცხისგან შუბლი მიხურდა, ყველა სახსარი მტეხდა და ყველა ძვალი მტკიოდა. მხურვალება ტალღასავით მივლიდა სხეულში, ხან მამცივნებდა, ხან  ცხელი ოფლი მასხამდა.  ადრარმა ჰილალეს  წყალი დაალევინა, მოხუც სილის რატომღაც გვერდი აუარა, წყალი და მოსასხამი მომაწოდა. ალ კაბირმა ჩემს წინ ერთი ფეხით დაიმუხლა, ორი თეთრი აბი ხელში ჩამიდო და მოსასხამი მომახვია.  ხელები ისე მიკანკალებდა, ძლივს მივიტანე პირთან წამლისთვის მისაყოლებელი  წყალი. 
 
        აბებმა სწრაფად იმოქმედეს, ტკივილი დაყრუვდა და დაბლაგვდა.

        ფარაფრაში საღამო ფეხაკრეფით შემოიპარა. მზემ  ჯერ გარემო გადააწითლა, მერე მწველი სხივები გულში ჩაიუხტა და თეთრი დიუნების მიღმა ჩაიძირა. მიუხედავად  მოქათქათე ქვიშისა და კლდეებისა, უცნაურად მალე ჩამობნელდა, ალ კაბირი ცას დააკვირდა და თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.

      - ხვალ საღამოს  ოაზისში უნდა ვიყოთ. სამ დღეში ქვიშის ქარიშხალი დაიწყება.
      - შაითნის დერეფანი ტყუილად გამოვიარეთ.  ხომ უნდა გაგვესწრო, ესენი კი წინ დაგვიხვდნენ და გზა მოგვიჭრეს. ახლაც ვხედავ  როგორ ამოდიოდნენ მიწიდან ლურჯი  მოჩვენებები. მეგონა შევიშალე... 
      -  წარმოუდგენელი გამძლეობის ხალხია, დღე და ღამე  ჭენებით იარეს, არ შეუსვენიათ. 
      - ესე იგი რაც ამენოკალიას უთხარი...
      - დრო უნდა გამეყვანა. ადრარს ველოდი. მის გარეშე ჰილალეს მძევლად ვერ ავიყვანდი.
      - ესე იგი  ტუარეგების მეთაური არ გახდები, აჯანყებას არ მოაწყობ და  ომს არ წამოიწყებ?..

ალ კაბირმა ისე გაიღიმა, მის სახეზე ახვეული ბურნუსის ქვეშაც კი დავინახე. 

      - ამ შეთავაზებას ყველა დათანხმდებოდა, ჩემს გარდა. ჰილალეს ბედუინი ვგონივარ. ამიტომ გაუკვირდა ჩემი პასუხი. არც მინდა ჩემი ვინაობა გაიგოს. მისთვის ჯობია ბედუინად დავრჩე. ჩემი წარმომავლობის კაცი ტუარეგების აჯანყებაში ვერ გაერევა. გამჟღავნდება რომ კეიტას დინასტიის წევრი ვარ.  ეს თითქმის მონარქიის აღდგენას ნიშნავს. ამას  ამენოკალები არ დათანხმდებიან, არც ჩემს გარევას  დაუშვებენ ამ საქმეში.  თანაც ეს მხოლოდ მათი საკეთებელია. არც ქორწინება გამოვა. ჩემი გვარი მას არ მიიღებს და არც ჩვენს საერთო შვილს აღიარებს.  ოჯახისგან მე სხვა რამეს ველი.  მეუღლეს ბრმად უნდა ვენდობოდე. მისი საქციელი  და აზრი ჩემთვის დღესავით ნათელი და საიმედო უნდა იყოს. სახლში უღალატო და ერთგული ადამიანები უნდა მეგულებოდნენ.  მათთან უნდა  მიმეჩქარებოდეს.  ეს ბევრი არ არის, მაგრამ ცოტასაც ვერ იტყვის კაცი...  სულ ცოტაღა დაგვრჩა ოაზისამდე აღარსად გავჩერდებით. ზეგ უკვე ოჯახთან ერთად  კაიროში იქნები და  საჰარაში შენი თავგადასავალი დასრულდება. მხოლოდ მომავალზე იფიქრე და უსიამოვნო წარსული არასოდეს გაიხსენო.  -  ალ კაბირმა საუბრის დასრულების ნიშნად თავი დამიკრა, ფეხზე ადგა და ცხენს წყლით სავსე ტყავის გუდურა გაუწოდა.  ჯადარმა გუდაში დრუნჩი ფრთხილად ჩაყო და დამსახურებული წყალი ფრთხილად დალია.       

          თეთრად გადაპენტილი არემარე,  საღამოს მიუხედავად უცნაურ ბინდიან სინათლეში გახვეულიყო, ეს დაბნელებული ნათელი იყო. უფრო სწორად ისეთი,  საქართველოში დილა-ბნელს რომ ეძახიან. ვუყურებდი ამ უსაზღვრო სითეთრეს და ჩემდაუნებურად ენისგასატეხი ამეკვიატა...

      ”თეთრი თრითინა თეთრ თოვლზე თრთოდა... თეთრი... თოვლზე... თეთრი თოვლი..." - ვიგრძენი რომ მაღალი სიცხისგან უკვე ვბოდავდი.  თეთრი უდაბნო  ცაზე ამობრუნდა და თეთრმა ქვიშამ ზეციდან თოვლივით წვრილად დაიწყო ცრა.  ფანტელებად ქცეული ქვიშის ნამცეცები ნამდვილი ფიფქებივით  წრეზე ტრიალებდნენ, ფარფატებდნენ და მიწისკენ მოფრინავდნენ. ოღონდ ჩემს შუბლს გვერდს უვლიდნენ, არაბული ბედაურის მოფრიალე ფაფარზე ეშვებოდნენ და  შიგ იხლართებოდნენ.

      შუბლზე ტუჩების შეხება ვიგრძენი. თითქოს სიცხეს მიზომავდნენ, როგორც ბავშობაში. 

      - ”ლე ტა ხაFუუ  ნი’ილნა, ტანა ჰუნა...”  -  ჩამესმა ჩურჩულიდა იმ წუთში დაფიცება შემეძლო რომ ნამდვილად ქართულად მესმოდა ის სიტყვები, გუშინ დილით ასე  რომ მენატრებოდა... 
          ”ნუ გეშინია ნილნა, შენთან ვარ...”


                                                                                                ( იხილე როგორ გაგრძელდა)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

* მერიკარა  ხეთი -  ეგვიპტის X დინასტიის უკანასკნელი ფარაონი  ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXI-XX  საუკუნეში.  ეგვიპტის უძველესი კულტურული ძეგლი ”მერიკარას სწავლება”  მამამისმა უძღვნა. ის პირველ პოლიტიკურ თხზულებადაა მიჩნეული მსოფლიო ლიტერატურაში და  ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში შეიქმნა. ტექსტის ორიგინალი ინახება ერმიტაჟში, სანკტ-პეტერბურგში.
"მერიკარას სწავლება" ბრწყინვალე წინამორბედია ნიკოლო მაკიაველის ნაშრომისა ”მთავარი.” 
----------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

                                                                                              (იხილეთ ილუსტრაციები)
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები