| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2014 |
ხანდახან იმდენს ვფიქრობ ხოლმე, რომ მერე თავი მტკივდება და ვცდილობ ერთი გაქნევით გამოვყარო უსარგებლო ფიქრები.
"სხვადასხვა ინტელექტის ადამიანები ერთად ცხოვრებით ერთმანეთს ღლიან და დეპრესიამდე მიდიანო"---რამდენიმე დღეა ამოიჩემა ჩემი ქმრის ენამ და ყბებმა. ---თავს მატკიებ და თავი დამანებე მეთქი, რომ ვუთხარი, სასაცილოდ არ ეყო: ---თავში რა გაქვს, რა უნდა გეტკინოსო. ---ნეტავ მართლა არაფერი მქონდეს ---გავიფიქრე მხოლოდ. ---რა გვაქვს საჭმელი---აუწია ხმას. ქვაბთან მივდივარ და თავს ვხდი, მერე ღრმა თეფშზე ბორშჩს ვუსხამ და წინ ვუდგამ. ----ამის გაკეთება არ დაგავიწყდეს--იღრინება, ვიცი , არ უყვარს. პური დაჭრილია, მეთქი, ვფიქრობ... რამდენიმე წელია, ერთმანეთთან ფსიქოლოგიური ომი გვაქვს, რომელსაც მე ჩემებურად ვებრძვი: უხმოდ, მაგრამ წარმატებით. ლაპარაკს ფიქრი მირჩევნია.სანამ ჭამს, ხმას ხომ ვერ ამოიღებს .მეც მივჯდები და ვიფიქრებ... ფიქრი მაშინაც ასე მიყვარდა , ახლა კი არ შემყვარებია. მივჯდებოდი ბოლო მერხზე და ვფიქრობდი: " ყველაზე ლამაზი კაბა მეცვა, გაზაფხულისფერი, ისეთი, სინამდვილეში რომ არასდროს მქონია. ლამაზი ქოშები, გადამყიდველ მაიასთან რომ მქონდა მხოლოდ ნანახი. მივდიოდი ხოლმე ქუჩაში და ვგრძნობდი,როგორ მიირხეოდა ჩემი კაბის ბოლოები, თვალს მაყოლებდნენ ბავშვები და ამ დროს ლამაზი ვიყავი. მეგონა, რომ ლამაზი ვიყავი...
---მეტრეველი--დაიკივლებდა ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი--გაიმეორე , აბა რაც ვთქვი, ახლა. მე ვდგებოდი და მხოლოდ მეღიმებოდა. ---რა გაცინებს, გოგო. სულ გამოლენჩდა ეს ბავშვი---გადახედავდა კლასს და ისე დაჯდებოდა, გეგონება და იმ დღის საქმე მოილიაო. მე? მე მაშინვე ლენჩი შაშია მახსენდებოდა : მისი აკანჭალებული შარვალი, დაკრეჭილი კბილები და თასმებით შეკრული ძირგავარდნილი, მერაბიას ნაქონი კეტები.გამახსენდებოდა, როგორ დასდევდნენ გოგო-ბიჭები და დასცინოდნენ. უცებ მუცელში ვიგრძნობდი დიდ ბურბუშელა ხვიარას , ზამბარასავით როგორ იზრდებოდა და იბერებოდა . იკლაკნებოდა და მუცელს მისერავდა. მერე მეგონა, რომ მუცელი გასკდებოდა და სანამ გასკდებოდა ყურებზე ხელებს ავიფარებდი..." ---მარილი აკლია, დაყრუვდე იქნება---მომაწოდე მარილი, ქალო. ვდგები, მარილს ვაწოდებ და ისევ იქვე ვჯდები. ---გადი, მიდი, აბაზანა გამიმზადე--დაღლილი ვარ მე...
ბურბუშელა- ხვიარა კიდევ ბევრჯერ გაბერილა ჩემს მუცელში და ბევრჯერ გამსკდარა, მაგრამ ხმის ამოღება ვერცერთხელ ვერ გამაბედინა: გაკვეთილი სკოლაში მხოლოდ მაშინ ვიცოდი, თუ ნასვამი მამის მოსვლამდე მოვასწრებდი წაკითხვას.მერე აზრი აღარ ქონდა, მაინც ვერაფერს ვისწავლიდი, სულ დედაჩემის დარდი მქონდა, არ ეცემა. ერთხელ, ახალი წლის საღამოს რომ გადაირია, ეგ მაინც არასდროს დამავიწყდება. საცივს მარილი აკლიაო, კინაღამ მოკლა ჩხუბით და აიკლო გინებით . ---უყავი, მერე, როგორც გესიამოვნოსო,-- მახსოვს ჩურჩულებდა დედა. ---შენ რას მიკეთებდი, შენო. ლაპარაკს და ჭორაობას თავს დაანებებდე და საქმეს აკეთებდე, ხომ არ ჯობიაო---ხელიც გააწნა გაფითრებულ ქალს, ის საცივი არ გამისინჯავს. რამდენჯერაც ჭამა დავაპირე, დედის ცრემლიანი თვალები დამიდგა და მადა დამეკარგა. თვითონ კი გინებითა და ფურთხებით წავიდა. ახალი წელი ჩაგვიშხამდა. თვითონ ორ იანვარს შემოვიდა სახლში და გალეშილი ისე მიწვა გაუხდელად, მოლოცვაც არ გახსენებია.
ცამეტი წლის ვიყავი, თავის ტკივილები რომ დამეწყო და დედამ ექიმთან წამიყვანა. ---სტრესი აქვს გადატანილი ამ ბავშვსო--თქვა ექიმმა. დედამ ჩუმად გადაყლაპა ცრემლი. მე რომ სტრესი არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, ეგ არაფერი...მერე სამი თავი წამალი რომ დამინიშნა და დედამ მხოლოდ ორი რომ მიყიდა, ეგეც არაფერი. თუნდაც სულ გაუჩერებლად მტკენოდა თავი, მხოლოდ დედას და მამას არ ეკამათა. გაკვეთილზეც კი ატირებული დედა და მამის გინება ჩამესმოდა ყურებში. ---მეტრეველი--იკივლებდა ჩემი დამრიგებელი. ---აშრიალდებოდნენ ჩემი კლასელები, აბუჟღავდებოდნენ და ყურებში წუილს გამაგონებდნენ. აფრიალდებოდნენ ქაღალდის მანქანები, გემები და თვითმფრინავები . მერე, ჩემი დამრიგებელი ცაში აფრინდებოდა , ფასკუნჯივით აატყლაშუნებდა ფრთებს... როგორ მინდოდა , რომ უკან არასდროს დაბრუნებულიყო. მეორედ ექიმთან მისვლას რაღა აზრი ქონდა... ახლა უკვე მუცელთან ერთად თავიც მტკიოდა და ვიცოდი, ეს არასდროს დამთავრდებოდა.
მერე ... ერთხელ ძალიან ნასვამი მამა ბონდის ხიდზე გადმოვლისას წყალში რომ ჩავარდა და ჩვენ რომ იმ ღამეს არაფერი გაგვიგია, მამას ფილტვების ანთება დაემართა და სამი კვირა ებრძოდა სნეულებას. დედამ სულ გაყიდა რაც ნამზითვი და ნაყიდი ქონდა, არც ბეჭედი დაიტოვა და არც საყურე... მამა აპრილის თვეში გარდაიცვალა. ჩემი ძმა ძალიან ღნაოდა, მახსოვს. ფლავის ქვაბის გარშემოც რომ დარბოდა, ეგეც კარგად მახსოვს. პატარა იყო და არავინ არაფერს ეუბნებოდა. მე თავი მტკიოდა და ტირილი არც მიფიქრია. მიხაროდა, რომ დედა მეტად აღარ იტირებდა. თურმე ვცდებოდი. დედამ ტირილს მოუმატა, მაგრამ არა მამის გამო. სამსახური რომ არ ჰქონდა და ფული არ ებადა, იმას ტიროდა უფრო. სასაფლაო რომ ვერ შემოღობა, იმასაც.
გუშინ ჩემი შვილი მყავდა ექიმთან : ---რამე სტრესი ხომ არ აქვს ამ ბავშვს გადატანილიო--რომ მკითხა ექიმმა, მივხვდი, რომ ცხოვრება მხოლოდ ერთი დიდი სპირალური წრეა , ყველანი მის გარშემო ვტრიალებთ და ამ სპირალს ბოლო არ უჩანს. დედაჩემივით , ცრემლიც ვერ გადმოვაგდე თვალებიდან, წამალიც ყველა ვიყიდე, რაც ექიმმა გამოუწერა. ---ატარე ახლა აქეთ იქეთ, უმკურნალე და დაადე ოშოშა მეთქი--გულმოსულმა ვუთხარი. ---ყველაფერი შენი ბრალია, ხმას შენ არ იღებ, მგონი დამუნჯდი და ბავშვმა ვერაფერი ისწავლა შენგანო. ----დააკომპლექსე ბავშვი და მე გინდა რომ დამაბრალო? თავი დამანებე, შენთან ლაპარაკი თავს მატკიებს მეთქი-ვუთხარი. ----რაც მახსოვხარ, სულ ავად ხარ , თავში კი ბევრი არაფერი გაქვს და ნეტავ რა გტკივაო, მაგრამ სხვადასხვა ინტელექტის მქონე ადამიანებს ერთად ცხოვრება დეპრესიისკენ უბიძგებსო--წაუფილოსოფოსა ცარიელმა ენამ და ყბებმა.
უცებ ისევ გამიხსენა მუცლის ტკივილმა და ვიდრე ატრიალდებოდა და გასკდებოდა, კანი გავისქელე და გასკდომის საშუალება არ მივეცი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია, ამ თემისთვის კარგია, ამ თემისთვის
1. საკონკურსოდ დავწერე არა ძალადობას!!! საკონკურსოდ დავწერე არა ძალადობას!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|