ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2014


ერთი დღე ოთხმოცდაათიანი წლებიდან

“ვინ თქვა, ბავშვობის ოცნებები არ სრულდებაო?!”- ვდგავარ “კილომეტრიან” პურის რიგში, მახსენდება ჩები ტუტუცური, ბავშვური შური, ნინა ბებიას მოგონებები რომ აღმიძრავდა ხოლმე და საკუთარ თავს ვკიცხავ, ნიშნისმოგებით: - “აი, ეგრე მოგიხდება. ხომ გეხარბებოდა იმ “რომანტიკულ” ხანაში ცხოვრება?! იდექი ახლა ამ რიგში და იტანე ეს ნაირ-ნაირი სუნები”.
ნინა ბებია რა შუაშია?  ყოველთვის, როცა რომელიმე სათამაშო, კვლევისას შემომემტვრეოდა და სამაგიეროს ყიდვაზე მშობლები უარს მეტყოდნენ, პირს მოვაღებდი და მთელი ხმით “მინდა-მინდას” ვღრიალებდი. ნინა ბებია, ჩვენი მეზობელი, ჩემს “განწირულ” წივილზე გულგახეთქილი მოაშურებდა ალაგეს, გადმოვიდოდა და საღ-სალამათს რომ დამინახავდა, შვებით ამოისუნთქავდა. – “ნენაა, გამისკტა გული, მეგონა რაცხა ფარსაგი სჭირდა ბაღანას”. იტყოდა და მოაყოლებდა საათიან შეგონებებს: “ახლანდელ ბაღნებს რა გაქვენ დასაკუთებელი, სათამაშოები არ გაკლიენ, ველოსიპეტები და ათასი მაიმუნობები. ჩვენს შვილებს ხისგან უჩორკნიდენ მამები სათამაშოებს, ვის ქონდა მაგის საყიდელი ფული. სამამულო ომის დროს პური და შაქარი ტალონებით გვეძლეოდა. ყველაფერზე რიგები იყო...…” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ღრიალს შევწყვეტდი და შურით წარმოვიდგენდი იმ იდუმალ ხანას.
ისემც ყველაფერი კაი აგიხდეთ!
ვდგევარ პურის ფაბრიკასთან, პოლიტიკოსთა წინასაარჩენვო დაპირებებივით გრძელ რიგში და ლამის ფარულ ისტერიკაში მაგდებს მისი უმოძრაობა. გამოცხვება პური, ნაწილს გაყიდიან, ნაწილს მაღაზიებში აგზავნიან. არადა ერთ მაღაზიაშიც დიდხავს ვიდექი რიგში, უფრო სწორად - მაღაზიასთან, რადგან დამშეული ხალხისგან თავდასაცად პურს იქაც კარებში სპეციალურად გამოჭრილი საკმლიდან ყიდდნენ. ხომ მოგეხსენებათ, ადამიანის ბუნება: სადაც არ ხარ, იქაურობა უკეთესი გგონია. ერთმა ხნერმა ქალბატონმა მირჩია: “წამო შვილო, ფაბრიკაში უფრო მალე ავიღებთ პურს”-ო. მეც დავუჯერე.
რამდენიმე კვირის ორსული ვარ. ოდესღაც ვისწავლე: ჩანასახი, თავისი განვითარების პროცესში სხვადასხვა ცოცხალი არსების განვითარების ეტაპებს იმეორებს. ახლა, ჩემი შვილი, ალბათ “ძაღლის” საფეხურზეა. ყნოსვა მაქვს ისეთი, მამაჩემის მეძებრებს შეშურდებათ.  რამდენიმე მეტრის დაშორებით მდგარი ადამიანების სუნი ირევა ერთმანეთში,  ოფლის, იაფფასიანი სუნამოს, მტვრის, ჭუჭყიანი ტანსაცმლის, უბრალოდ  -  კანის. აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, თურმე ყველას განსხვავებული კანის სუნი ახასიათებს. ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ ვერ ვახერხებ. მართალია ორსული ქალების რიგი ცალკე, პარალელურ მწკრივადაა და გაცილებით ადრე გადის, მაგრამ მე მუცელი არ მემჩნევა და მერიდება, ვაითუ მითხრან ქალებმა: წუხანდელები ჩვენცა ვართო.
უკვე სამი თვეა, რაც დიასახლისი ვარ. აქამდე ქმარს და უფრო ხშირად მამამთილს უწევდათ ზრუნვა პურის შოვნაზე. სამსახურის შემდეგ სამსაათიან რიგებში დგებოდნენ და სახლში გასავათებულნი ბრუნდებოდნენ. დღეს მე ავიღე ჩემს თავზე ეს საპასუხისმგებლო საქმე. ბოლოსდაბოლოს ნამუსიც კაი საქონელია. მართალია, ნინა ბებიასავით ფეხს ვერ ვბან მამათილს და არც “სმირნაზე” ვდგევარ მის წინაშე, მაგრამ პატივისცემა რაღაცით ხომ უნდა გამოვამჟღავნო. მთელი დღე სახლში ვარ და ფეჩში ნედლი შეშის შენთებისა და წყალწყალა სუფის გაკეთების მეტი არაფერი მევალება. ვიფიქრე: გავალ, თან შეშას დავზოგავ, რომელიც საშინლად ძვირი - ტომარა ორი ლარი ღირს, თან მეზობელი დაისვენებს, საკვამურიდან კვამლი რომ არ აუვა-მეთქი. დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა პირველმა ლედიმ ბრძანა: "ყაირათიანი დიასახლისი თვეში თორმეტ ლარს იმყოფინებს"-ო. ჩემი უთავბოლობაა, ალბათ მთელ ორმოცდახუთ ლარს (ოცდაათს-ქმრის ხელფასს და თხუტმეტს მამამთილის ნაჩუქარს) ვერ ვკმარობ, თვიდან თვემდე, თორემ იმხელა ქალი ტყუილს ხომ არ იკადრებდა?!
ამიტომაც წავედი ამ გმირულ საქმეზე!
რას წარმოვიდგენდი, ასე უსაშველო პროცესი თუ იყო, ეს პურის რიგი. სამოცი ადამიანი მაინც იქნება ჩემს წინ. ისე ნელა მივიწევთ კედელში დატანებული სარკმლისკენ, როგორც ისრაელის ერი - აღქმული მიწისკენ.
ვხედავ, ერთ ქალს, უკვე უყიდია პური და ხელმეორედ ჩადგა რიგში. “რა ვქნა ბატონო, ქმრის ჩათვლით ოთხი, მგელივით ვაჟკაცი უნდა დავაპურო. რომელი ნაირ-ნაირი საჭმელები ჩვენ გვაქვს, რომ სამი პური გვეყოს”. დააცხრო მისი უსაზღვრო ნებისყოფით გაკვირვებული ხალხის ცნობისმოყვარეობა.
-კი მაგრამ, არ შეიძლება ფქვილი იყიდებოდეს მაღაზიებში? სახლებში მაინც დავაცხობდით პურებს. – მორცხვად ვიკითხე, ძალიან დიდ სისულელეს ხომ არ ვკითხულობ-მეთქი.
-ეჰ, ბიძია, არ აწყობთ ფქვილის გაყიდვა. ეს ბიზნესი ძაან მომგებიანია. – ამიხსნა ხელებდაკოჟრილმა კაცმა და მაფიის მოთავედ, იმ ჩინოვნიკის გვარი ახსენა, რომლის შთამომავალსაც შემდეგი ოცი წლის მანძილზეც არ დაუკარგავს მადა.
შესაძლოა ეს კაციც, ჩემი მამამთილივით, ქარხანაში ოცდაათი წელია ზეინკლად მუშაობს, რამდენიც მოუნდებათ, იმდენ ზედმეტ საათს ამუშავებენ. მისნაირებზე დგას ქარხანა. გასამრჯელოდ კი იმდენს უხდიან – არსებობა შეძლოს. მფლობელები იგივენი არიან, ვინც კომუნისტების დროიდანვე ფულსაჭრელ სავარძლებში ისხდნენ.
ფიზიკაში არის ასეთი კანონი: “ენერგია არც არსაიდან წარმოიშობა, არც არსად იკარგება. ერთი სახის ენერგია, მეორედ გარდაიქმნება.” სავსებით ლოგიკური და სამართლიანი იქნება ამ კანონის პერიფრაზირება ეკონომიკისთვის: “ფული მილიონრებს ციდან არ ევლინებათ.იგი მრავალი შრომით ქანცგაწყვეტილის თხელი ჯიბიდან ერთის (შუბლისძარღვგამწყდარ ქუდბედიანის)სქელ ჯიბეში იყრის თავს.”
წესით უნდა მეამაყა საკუთარი “მახვილგონიერებით”, ამისთანა “ევრიკა” აღმოჩენის შემდეგ, მაგრამ მეძებრის ყნოსვა ამაზე კონცენტრირების საშუალებას არ მაძლევს.
-რა კაი, წყნარი გოგო ხარ, შვილო. გათხოვილი ხარ? – მკითხა რიგში მეორედ ჩამდგარმა, სამი ბიჭის დედამ. პერსპექტიული რიგებში მდგომელი თუ დაინახა ჩემში.
-კი. დამნაშავის ტონით ვუპასუხე და ბეჭდიანი ხელი დავანახე.
მან ცივად მომარიდა მზერა.

უკვე ორსაათნახევარია აქ ვდგავარ. (არ ვაჭარბებ!) სანუკვარ სარკმელს შვიდი კაცის დაშორებით მივუახლოვდი. სამაგიეროდ რიგი შემჭიდროვდა და სუნები კიდევ უფრო მომრავლდა და გამძაფრდა.
ცოტაც უნდა გავძლო, ცოტაც და ჩემი რიგიც მოვა. ერთ ადამიანს ერთ წუთში ისტუმრებენ. ესეიგი შვიდ წუთში თავისუფალი ვარ!
ამ დროს, კედლის იქედან იდუმალმა ხმამ დაიძახა: ”ეხლა მაღაზიის რიგია” და სარკმელი მიიხურა. ახალი პარტია ალბათ ოცი წუთის შემდეგ გამოცხვება.
უცებ, ჩემს წინ მდგარმა ხალხმა პლაზმურ მასასავით დაიწყო თიმთიმი, ბურუსით შეიმოსა, მათი ჩოჩქოლი უცხო, უსიმოვნო ბგერებად იქცა და... ჩავიკეცე. უკან მდგომმა ქალმა დამიჭირა.
თითქოს ჩემში მფექავმა არსებამ თავისი ხარკი მიიღო და დაწყნარდა. წამებში ისევ გონზე მოვედი. მაშინ კი გავამხილე ჩემი მდგომარეობა.
ფუნდამენტის გამოშვერილ ნაწილზე ხელებდაკოჟრილმა კაცმა თავისი პიჯაკი დამიფინა, დავჯექი და მშვიდად დაველოდე სარკმლის გახსნას.
მომაქვს ამდენი ბრძოლით მოპოვებული სამი პური, ამაყად მივაბიჯებ სახლისკენ და ვვარაუდობ, რომ ზეგ დილამდე აღარ მომიწევს რიგში დგომა.
საცხობს ერთი კვარტლის დაშორებით გამოვცდი და ერთმა, შუახნის კაცმა შემაჩერა:
-ცოტა მომიტეხე ბიძია, მშია და რიგში დოგმა არ შემიძლია. – მორცხად და მუდარით მეუბნება.
“ღმერთო! მამაჩემზე უფროსი იქნება, მაგრამ რაღაცით მას მივამსგავსე. ვინ იცის, ჩემს მშობლებს რამდენი დღეა პური არ უჭამიათ. ჭადი ყელში აქვთ ამოსული. სოფლებში საცხობები აღარ მუშაობს. რაიონულ ცენტრში შხირი მგზავრობის საშუალება კი არც ერთ გლეხს არ აქვს... იმათ უკვე მეორედ დაუდგათ ასეთი კოშმარული ხანა. ღმერთო! მოატრიალე ეს ქვეყანა სიკეთისკენ და კეთილდღეობისკენ!”
-აჰა, ბიძია. აიღეთ. ჩვენ ორიც გვეყოფა. – მივაწოდე და სასწრაფოდ გავეცალე, რომ მის წინ არ ავტირებულიყავი.
“მამაჩემის ხათრით ხვალაც დავდგები რიგში!”

სახლში არაფერი მითქვამს გულის წასვლის შესახებ. "სულაც არ ყოფილა ძნელი რიგში დგომა, დგეხარ და უამრავ საინტერესო ამბებს ისმენ". - დავამშვიდე შეშფოთებული მეუღლე. მეორე დღეს კი ფსიქოლოგიურად მობილიზებული წავედი პურის საშოვნელად.
ამასობაში ჩემმა შვილმაც გაიარა "ძაღლის სტადია", მუცელიც დამეტყო და ორსულთა მოკლე რიგებში გადავინაცვლე.
იმ პერიოდში ისეთ ასაკში ვიყავი, როცა უკვე ხვდები, რომ თურმე არ ყოფილხარ ყოვლისმცოდნე. ყველაზე ნაკლებად კი ადამიანები გცნობია. სწორედ მაშინ დაინგრა, ჩემს ცნობიერებაში მითი ზლიერი სქესის შესახებ. ისინი იშვიათად გამოჩნდებოდნენ, ამ ქანცგამომცლელ რიგებში (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მასობრივი უმუშევრობა სჭირდა) და ე. წ. სუსტი სქესის წარმომადგენლები მაშინვე ურიგოდ უშვებდნენ მათ. ისინიც, სიამოვნებით სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით.
  მართალია, კეჟერაძის მსგავსად ფართეჯიბეებიანი ტანსაცმლით არ ვიდექი რიგებში, მაგრამ მსოფლიო კლასიკოსთა, ერათად აღებულ ყველა წიგნში ვერ ნახავთ ადამიანურ ტრაგედითა მსგავს მრავალფეროვნებას, რასაც იქ ვისმენდი, ხოლო ამ ამბებისგან პროზის საიდუმლოებაგახსნილი მშვენიერ ნაწარმოებებს გამოაცხობდა.
შტეფან ცვაიგი ამბობს, ერთგან: ”როზგი უფრო ადვილი ასატანია როცა იცი, რომ ის მეზობლის ზურგსაც ხვდება.”
ასე, სიდუხჭირის როზგით ერთმანეთზე უარესად ზურგაჭრელებული, მორჩილად იდგა საზოგადოება რიგებში.

ორიოდ წელი გაგრძელდა ქვეყანაში ეს მდგომარეობა.  შემდეგ კი კრიზისი გადაილახა, თუ ამ მაქინაციამ თავისი თავი ამოწურა, გამოიმეტა გველეშაპმა თავისი სტომაქიდან პური.
პურის თავისუფლად გაყიდვის პირველივე დღეს საკუთარი თვალით ვიხილე ის, რაც აქამდე მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი: ადამიანის უმადურება უფლისადმი:  (თქვენ, თუ გნებავთ ამ თვისებას უკეთესისკენ სწრაფვა და ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა დარქვით.)  - სწორედ ის დამიანები, ვინც სიცხესა თუ ყინვაში, ნახევარ დღეს მაღზიის წინ ყურყუტებდნენ, ახლა რამდენიმე წუთს ანდომებდნენ პურის შერჩევას ლამაზი ფორმის, თუ ქერქის შეფერილობის მიხედვით.
ეს მესამე აღმოჩენა იყო (გამდიდრების კანონის და სქესთა სიძლიერის შესახებ აღმოჩენების შემდეგ.) თუმცა ჯერ სადა ხარ ჩემო ოცი-ოცდახუთი წლის წინანდელო მე-ვ. კიდევ რამდენი რუხი ლაქა გადაეფარება ცხოვრების ფერადოვნების შენეულ აღქმას, რომელთა იგნორირებაც მოგიწევს პოზიტივის შენარჩუნებისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები