ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: იუმორისტული
10 დეკემბერი, 2014


ნაბიჯების მელოდია


  შეგიმჩნევიათ,  რომ  ყველა  ადამიანს  ნაბიჯების  საკუთარი მელოდია  აქვს?
აი, მივუყვები  რუსთაველის  გამზირს  და...
  პა-რა-რა-რა-ტა-რა-ტარა  ოჰჰ-იე!  _  ეს  იმ  ბიჭის  ნაბიჯების მელოდიაა,  გვერდით  რომ  ჩამიარა.
  აბა, მოუსმინეთ  იმ  წითელპალტოიან  ქალს:
  _ ტარამ-ტარამ-ტარამ-ტა-რამ-ტარამ-ტარამ-ტარამ-ტა-ტა... მიხვდით?  ვალსია  ეგ.
  ცოტა მოშორებით  მიმავალი  გოგოს  ნაბიჯებს  სწორედ  ის მელოდია  აქვს,  მამაკაცებს  რომ  მოსწონთ:
  ამპლი-ტუდა,
  ამპლი-სუდა,
  ამპლი-ტუდა,
  ამპლი-სუდა...
  აგერ,  ეს  ღიპიანი  კაცი,  აშკარად  სუნთქვა  გაუხშირდა  და  წინ მიმავალ  გოგოს  აუწყო...  ფეხი თუ არა, თვალი მაინც.
  ტატატატარატატარა-ჰოოოოპ-ლაააა.
  აჰა,  სათვალიანი  ბიჭის  მელოდია  ვერ  გამოვიჭირე,  ავტობუსში ამასწრო,  მაგრამ  აშკარად  სოული  იყო.
  აააიიიი,  რეგეიიი,  აშკარად  ყველაზე  სიმპათიური!!!  ყოველ შემთხვევაში,  ჩემთვის.  თუმცა  რაღა  ჩემთვის,  ისეთი  საყვარელი  გოგო მიუყვება  გვერდით,  ისეთი  ლამაზი  პოპურით  დააბიჯებს...  ნეტა, ერთმანეთს  როგორ  ეწყობიან?!
  დონთ ვორრი-ბი  ჰეფფი-დონთ ვორრი-ბი ჰეფფი... _ ეს  იმ  კაცის ნაბიჯების  რიტმია,  თავგადაკლულ  მეოჯახეს  ნამდვილად  რომ  არ ჰგავს, სიგარეტის  ბოლსაც  მაგ  რიტმით  რომ  უშვებს  და  ჩემკენ თვალებს  რომ  აპარებს.
  გადატვირთულია  რუსთაველი.  ახლა  მეტროდან  გამოსული ხალხის  ნაკადიც  დაემატა  და...  აუუუუჰ,  ამეთქვიფა  თავში  ნაბიჯები. მელოდიის  ეს  ქაოტური  მიქსი  უკვე  მეტისმეტია.  გეგონება, ორკესტრის რეპეტიციაა კონცერტის წინ.  ნამდვილი  ანარქიაა...
  ნეტა,  მე  რა  მელოდიით  დავდივარ?
  მომაყურადე, რა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები