ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2014


პირველი ნაბიჯები (ავთოს)

      (ეს არის პატარა ამბავი  ბიჭზე, რომელიც ძმებს მარტო უვლიდა როცა დედა ავად ჰყავდა... ეს არის ბიჭი რომელიც დღემდე ნახულობს ისეთ გაჭირვებას, რომ ცარიელ პურზე ცხოვრებას არ უჩივის. ეს არის ბიჭი, რომელიც იმიტომ არ ჭამს საჭმელს, რომ შეიძლება მერე ძმებს არ დარჩესო, ეს არის ბიჭი, რომელმაც დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, მოეპარა თუ ემუშავა და საკუთარი შრომით მოიპოვა პურის ფული... ეს არის ბიჭი რომელსაც დაღად ატყვია ეს ყველაფერი... ეს არის ბიჭი, რომელზეც არ ვიცი როგორ გამოვხატო სიტყვებით, როგორი კაცია, ჰო კაცი და არა ბავშვი... სევდიანი, გულჩათხრობილი. ტკივილიანი თვალებით...  ავთო ძალიან მაგარი შვილია... პატარა რაგბისტი, დიდი მომავლით...დეას  ძალიან რომ უყვარს.)

 
                                          ***

  იავნანა, დედას ბიჭო, იავნანინაო...
  - სახეზე ღიმილი შესთამაშებდა ავთოს. გადატრიალდა. უცებ ფეხებთან სისველე იგრძნო. გამოეღვიძა.
  - აუფ, ისევ ჩაუფსია ...  საბა გაიღვიძე...  საბა...  გაიღვიძე მეთქი. პატარა საბამ თვალები მოიფშვნიტა. მერე ისევ ძილი განაგრძო. ავთომ  ნახევრადმძინარე  საბას შარვალი გახადა. სხვა ჩააცვა.
- დედა არ მოსულა?
- არა, დაიძინე.
- ხვალ მოვა?
- ხვალ ტელეფონზე დაგალაპარაკებ. ახლა ოღონდ დაიძინე. თმაზე ხელი გადაუსვა და თვითონაც ჩაეძინა. 
  დილით ადრე ადგა. როგორმე პურის ფული უნდა იშოვა, რომ საბასთვის ეჭმია. დანარჩენი ორი ძმა ბავშვთა სახლში ჰყავდა.  ისინიც უნდა გაეხარებინა.  დედა ჯერ ისევ საავადმყოფოში იწვა.
ავთო 11 წლისაა.  მას სამი ძმა ჰყავს.  ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია. იცის შრომის ფასი. იცის დედის ფასი... ის უკვე დიდი ბიჭია. ოჯახს პატრონობს.  ავთოს აქა-იქ ვერცხლისფერი თმა დაჰკრავს. არასდროს იღიმის.
  სად ვიშოვო ფული? - გაიფიქრა.
- არასდროს მოიპარო, უფალი ყოველთვის მოგვიძებნის გამოსავალს. დედის ხმა ჩაესმა ყურში.
- ოდესმე ხომ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი? სხვაგვარად საბა მშიერი დარჩება.  ძალას პოულობდა საკუთარ თავში.
- გამარჯობათ ქეთო დეიდა, შეგიძლიათ ცოტა ხნით საბა დაიტოვოთ? მარტო ვერ დავტოვებ. ეშინია. მე კიდევ აუცილებლად უნდა წავიდე.
- მაგას თხოვნა რად უნდა. მოიყვანე ჩემთან. საბასნაირ ბავშვს ვინ არ დაიტოვებს. შენც ისეთი ბიჭი ჰყავხარ დედას, რომ.. .ეჰ...  ღმერთი შენკენ შვილო...
  გზას გაუყვა. პარალელურ ქუჩაზე, მაღალსართულიან კორპუსს აშენებდნენ.
- აუჰ, რამხელაა. ნეტა ერთი ბინა ჩვენც მოგვცა. აუცილებლად გვექნება. უფრო დიდი ოთახები ექნება ჩვენს სახლს. ყველაფერი მექნება.  ფიქრებში გართულმა ვერც იგრძნო როგორ მიუახლოვდა მუშებს. ერთი კაცი, რომელიც სხვებისგან გამოირჩეოდა ბრძანებებს გასცემდა.
- შვილო, აქ რა დაგკარგვია?
- იცით? მე... მე...
- გშია?
- არა... მე  ფული მჭირდება რომ ჩემს ძმებს ვაჭამო...
- ა, ფული გინდა?
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე მინდა დაგეხმაროთ თუ შემიძლია... თავი დახარა.
- კარგი, კარგი მოდი.... აი, ესენი აიღე და მუშებთან მიიტანე. ყველა ყუთს რომ გადაზიდავ ფულსაც მოგცემ.
  დრო გადიოდა. საბაზეც ფიქრობდა. მხოლოდ რამდენიმე საათით დატოვა ქეთო დეიდასთან. უკვე საღამო იყო. ხელები ეწვოდა. მხრებიც სტკიოდა. ბრიგადირმა შეატყო. ხუთი ლარი მისცა. ,,კარგი“ კაცი გამოდგა ბრიგადირი.  ავთომ მადლობის ნიშნად თავი დაუხარა და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა. არ უნდოდა სხვებს მისი სიხარულის ცრემლები ენახათ. ფულს ხელი მოუჭირა. თონესთან გაჩერდა. პურის სასიამოვნო სუნი გამოდიოდა. ფული უნდა დაეზოგა, ამიტომ ერთი ლავაში იყიდა. ნაბიჯებს აუჩქარა რომ არ გაციებულიყო. ქეთო დეიდას მადლობა გადაუხადა. საბა სახლში შეიყვანა და ლავაში მოუტეხა.
- მე მაჭამა ქეთო დეიდამ. შენ შეჭამე ავთო.
- არ მშია საბა. 
- შენ თუ არ შეჭამ მეც არ შევჭამ.
-კარგი...
ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა...
- უნდა გაგახარო საბა?
- რა მოხდა?
- ხვალ ლუკა და გიორგისთან წავალთ...
- რა კარგია, რა კარგია, ყველაზე მაგარი ძამიკო მე მყავს. საწოლზე ხტუნაობა დაიწყო საბამ.
- დედა? დედაც იქნება არა?
- არა , დედას ტელეფონით დაველაპარაკებით.
- ტელეფონით? საწოლზე გულწასულივით დაეცა.
- არ მოიწყინო. დედა შემპირდა რომ მალე მოვა...
- სულ მალე?
- კი, სულ მალე.
- სულ მალე როდისაა ავთო, სულ მალე თუ სულ, სულ მალე?
- ოხ, შე ხულიგანო -  გაეთამაშა ავთო.
მეორე დღეს ორივე ბავშვთა სახლში მივიდა. ავთომ მათთვის კანფეტები იყიდა.  გიორგი და ლუკას ძალიან გაუხარდათ ძმების დანახვა. 
- სახლში მივდივართ?
- ჯერ დედას დავურეკოთ.
აღმზრდელმა ტელეფონი აიღო. საავადმყოფოს ნომერი აკრიფა და პალატაში გადაამისამართეს.
- ალო, დედა... დეე.. გესმის?
- ხო შვილო, მესმის...
- დედა აღარ შეგვიძლია აქ მეტი გაჩერება.  როდის მოხვალ, წაგვიყვანე რა...
ქალი ცხარე ცრემლებით ატირდა. სიკვდილი არაერთხელ უნატრია, მაგრამ ახლა სიცოცხლეს ნატრობდა, რომ შვილები უპატრონოდ არ დარჩენოდა.
10 დღეში გამოწერეს.  ბავშვთა სახლში მივიდა.
- ბავშვებს ვერ გაგაყოლებთ ქალბატონო.
- რას ნიშნავს ვერ გამაყოლებთ?
- ჩვენ უფრო კარგად მოვუვლით აქ!
- თქვენ რა დამცინით?
  ბავშვები კუთხეში ატუზულები უსმენდნენ  ხელჩართულ ბრძოლას დედასა და ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის...

                                                                   
                                                                              ***
    ზაფხული ცხელი იყო წელს. თუმცა ასეა თუ ისე ზღვამ სიმშვიდე მომიტანა მეტნაკლებად. სოფელში კი ყოველთვის ბავშვობას ვიბრუნებ  და სულიერ სიმშიდესაც ვპოულობ, დროებით. თბილისში ჩამოსვლისთანავე  ის მძიმე სუნი მეცა, რომელსაც ამ ქალაქში ვგრძნობ. მკვდრების სუნი. ცოდვის სუნი...  ყოველთვის მთრგუნავდა ეს ქალაქი. 
  სახლში მისულს დედა შემომეგება მონატრებული თვალებით. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. ჩემოდნიდან ტანსაცმელი ამოვალაგე.  საწოლთან უზარმაზარი ჩანთა შევნიშნე.
- დედა ეს რა არის?
- ბიცოლამ მოიტანა. ბავშვების ტანსაცმელებია, ბავშვთა სახლში წაიღოსო.
  ყოველთვის მაწუხებდა უპატრონო ბავშვების ბედი, მოწყალების მთხოვნელების, სოც. დაუცველების,  დევნილების, ყველასი,  ვინც დახმარებას საჭიროებს, მაგრამ ყოველთვის მინიმალურის გაკეთება შემეძლო მათთვის.  წლობით გულში ვიხუტებდი უდედმამო პატარებს, რომლებიც კვირიდან კვირამდე ხელიდან მეცლებოდნენ.  ვერ ვეხუტებოდი მოწყალების მთხოვნელ მოხუცებს, რადგან მერიდებოდა მათი.. 
როგორ მომენატრნენ  ბავშვთა სახლის პატარები.  ნეტა რა ბედი ეწიათ.  სამწუხაროა, რომ ამიკრძალეს მათთან სიარული, ჩემთვის გარკვეული თუ ბოლომდე გაურკვეველი მიზეზების გამო...
უცებ გამახსენდა ჩემი მეგობრის ნათქვამი, რომ ### ქუჩაზე სოციალურად დაუცველთა კორპუსიაო. თან დააყოლა, კორპუსი რა, ფანჯარა და კარიც არ აქვს ზოგიერთ ოჯახსო. მე და თეამ  ტანსაცმელები ავაგროვეთ სანაცნობო, სამეზობლოში და  გუშინ გადავწყვიტეთ წასვლა. გუშინწინ ღვთისმშობლობა იყო.
  ჰო, მართლა თეა პოეზიის საღამოზე გავიცანი. საღამოს შემდეგ მოვიდა და მითხრა რომ ძალიან მოეწონა ჩემი ლექსი დედაზე.  როცა გაიგო ტანსაცმელებს ვაგროვებდი დახმარება შემომთავაზა.  ყველაზე მეტად ამ ადამიანში მისმა  დიდსულოვნებამ გამაოცა. თეა  ოთხი  შვილის  დედაა და დღე დღეზე ქუჩაში რჩება.  მე რათქმაუნდა  ვერაფრით ვეხმარები.  თუმცა ვისაც დახმარება შეუძლია, უთხრეს რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება დაგეხმაროთო.
  ძლივს მივაგენით ### ქუჩას.  ხიდის ქვეშ გავძვერით და ორსართულიან შენობამდეც მივედით.  ირგვლივ უამრავი ბაყაყი დახტოდა. მაწანწალა ძაღლებიც მოხშირდნენ ამ ბოლო დროს.  თუმცა ძაღლებს ვინღა ჩივის..
- გამარჯობა , შენ რა გქვია?
- ავთო.
-სკოლაში დადიხარ?
- დიახ. რაგბზეც დავიწყებ მალე სიარულს. ცნობილი რაგბისტი გავხდები.
- რაგბი მეც მიყვარს.
- კითხვა თუ გიყვარს?
- კითხვა?
- ჰო, კითხვა...
- ჩვენ არ გვაქვს წიგნები... მხოლოდ სასკოლო - ჩაიბურტყუნა.
  ხმა ჩამიწყდა. უხერხული დუმილის დარღვევა ვცადე.
- იცი, ავთო მე წერა მიყვარს...
- რას წერთ?
- რავიცი, ხან მოთხრობებს, ხან ლექსებს. ახლა შენზე ვაპირებ დავწერო...
- ჩემზე? გაოცებულმა შემომხედა.
- პერსონაჟს ავთო ერქმევა?
დავფიქრდი.
- არა, ჩარლის დაგარქმევდი.
- ჩარლის რატომ? ჩარლი ჩვენს ძაღლს ჰქვია.
გამეცინა.
- იცი ვინ იყო ჩარლი ჩაპლინი?
თავი გააქნია.
-ისიც შენსავით იღიმოდა.
- ჩემსავით? რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩუმდა.
- მარტო ღიმილით ვგავარ?
თითქოს მიმიხვდაო.
- არა..
ჩარლი ადამიანი იყო რომელმაც მსოფლიო შეცვალა...

                                                                        დეა ვებერი (ნოემბერი 2014 წელი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები