ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანციოლა
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2014


მოძრაობა / პირისპირ

ჩვენ ვმოძრაობდით!
მგზავრებივით ბარგ-გამოკრულნი,
და ჩვენ გვეძინა, ბობოქარი, ბნელი სიზმრებით,
ჩვენი ტრანსპორტი - დედამიწა,
სულ გამურული,
სანთლების კვამლით,ლოცვიზმით და ღვთიურ "იზმებით"..
ჩვენ ვმოძრაობდით!
აგრესიულ დროის პირისპირ,
არ იყო არვინ, არაფერი არ იყო არსად,
სიცარიელე ვრცელდებოდა ოდნავ ირიბად
და მთავრდებოდა ყველა ღმერთის საერთო არსი.
ჩვენ ვმოძრაობდით!
ალბათ, უფრო იყო შეგრძნება,
დიდი ტყუილი მოჩვენებით ჭეშმარიტების,
და ამ სიცრუის დასასრული თუ გაგრძელება
იმ ჯვარცმულ სხეულს ვიდრე თვალწინ აგვარიდებდნენ.
ჩვენ ვმოძრაობდით!
უმოძრაო ოთხი კიდურით,
ძილში მივხვდით, რომ  წრიულია უსასრულობა,
როცა შემოგვხვდა ტრაფარეტად გამოკიდული
"ნაზარეველი - მეუფეა ის ჰურიათა" ..
ჩვენ ვმოძრაობდით!
გაურკვევლად, დიდი წვალებით,
უსიტყვო იყო წმინდა წიგნის სულ ყველა გვერდი,
ტანზე კი ზეცა გადაგვესხა ცივი წყალივით
ტაძრის კრეტსაბმელს როცა ხევდა შვილმკვდარი ღმერთი.

გვანცა.
გაზაფხული / 2011 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები