ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 დეკემბერი, 2014


ისევ რეტრო

ქსოვა ბებიაჩემმა მასწავლა,  წაღმა და უკუღმა თვლების გამოყვანა. 
  თვლების  მატება და კლება კი  ბაბუაჩემმა:
--- თვლების  კლება არ ვიცი მეთქი --- დავიწუწუნე
----მატება იცი ბაბუაო?
----კი მატება ვიცი მეთქი.
----აბა კლებას რა უნდა,  ჩააგდე  თვალი ბაბუა და მოკლება არ იქნებაო?---მითხრა დაბეჯითებით და ეშმაკურად.

წინდის ქსოვა  მამაჩემმა მასწავლა, რადგან ბებია უკვე ცოცხალი აღარ იყო ...

  მახსოვს ბებიაჩემი ბუხართან რომ  მიჯდებოდა  ხოლმე  და ჯერ ძაფს დაართავდა  და მერე  ქსოვდა.  დაქსოვდა თეთრ ღუნღულა წინდებს, ჯერ ბაბუასთვის, მერე  ოთხივე ვაჟისთვის, მათი შვილებისთვის, მერე შვილიშვილებისთვის. მერე გათხოვილი გოგოებისთვის და მათი მონაგარისათვის. ნატურალური შალის წინდები ყველას უხაროდა , უნდოდათ თუ  არ უნდოდათ, მაინც მიჰქონდათ, ქალაქში ტყუილად, გამოუყენებლადაც რომ შეენახათ,  მაინც უხაროდათ...

  ბებიას  ყველა ცხვარი თეთრი ჰყავდა, მხოლოდ ერთი ჰყავდა წაბლისფერი  . მისი ბეწვისგან  დართული ძაფით ზემოდან  ზოლებს  რომ  მოაყოლებდა , როგორც არშია  და გაალამაზებდა,იტყოდა ხოლმე , "ფაბრიჩნიაო",და თავადაც მოსწონდა.

  სულ ბოლოს თავისთვის მოიქსოვდა წინდასა და გვერდის შალს.

    ►◕◄  ►◕◄  ►◕◄


 
    ჩვენი სახლები ცალ-ცალკე იდგა.  დედა კი დღესასწაულებზე  ორ კექსს გამოაცხობდა.  ერთს ბებოს გადაუტანდა, ბედობა გაითენეო, მეორეს ჩვენ დაგვიტოვებდა...მე სრულიად პატარა , დილით  მეკვლედ ვიყავი  ბებიასთან  დაპატიჟებული  და  ამისათვის  თავგამოდებული  ვმეცადინეობდი :
---შემოვდგი მარჯვენა ფეხი,  გწყალობდეთ მაღალი ღმერთი---ვიზეპირებდი  გაკვეთილივით...

იმ  დილით კი იმოდენა თოვლი დამხვდა, იმოდენა, დედამ მამაჩემის რეზინები ჩამაცვა და ბებიას კარამდე  მიმაცილა.
---შემოვდგი მარჯვენა ფეხიო--- დაწყებული არ მქონდა, ბებომ ხელი დამავლო და სახლში ჩახუტებულმა შემიყვანა.
ჩურჩხელა და ტკბილიკვერი ჯერ იქვე მაჭამა, მერე დახუნძლული გამომიშვა სახლისაკენ, ცელოფანში ჩაწყობილი ნობათით,
ვაშლითა და ხმელი ჩირით.


საღამოს, უფრო კი  ღამით ,თოვლი გაძლიერდა , ბებიას ბოსელი ჩამოენგრა და შიგ საქონელი და ცხვრები გაუწყვიტა.

----ნამდვილად შენი ფეხის ბრალიაო---იხუმრა ბიძაჩემმა.
----შენ სადგომის გადათოვლა დაგეზარა და ბავშვს აბრალებო---გამომესარჩლა ბაბუაჩემი.
ის დღე იყო და ის დღე, მეკვლედ წასვლა შევიძულე ...დამენანა ბებიას წაბლა ცხვარი.
გაქრა ღუნღულა წინდებზე წაბლისფერი  ზოლი,  მერე  უკვე  მთლიანად თეთრებს ქსოვდა და ქსოვდა...


ბებიაჩემი კარგა ხანია ამქვეყანას აღარაა, ბაბუას გარდაცვალებიდან  მალევე გაემგზავრა...იქეთ ქვეყანაში.
მეც ქსოვას თავი დავანებე და მაღაზიაში ვყიდულობ, დიდი ხანია.
ისე, წინდები ბებიების დასაქსოვია...დედებს არ უხდებათ  მათი  ქსოვა.

კია დრო, მეც ვქსოვდე ფაჩუჩებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები