ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


*** (ქალაქში სძინავთ)

ქალაქში სძინავთ,
სძინავთ ქალაქში
და ასე ძილში ელიან დილას,
გაუთენებელ დილას უმზეოს,
სადაც ცა არის ლურჯი მიტკალი
და მიწა შავი უტყვი ნაბადი...
და აბა ერთი ოღონდ მითხარი,
თუ არ მოთოვს
და თუ არ დაბარდნის,
რაღა თქმა უნდა
არ გათენდება,
ოღონდ მოთოვოს,
მოთოვოს ოღონდ.
აი ვიძახი –
"თეთრი თრითინა
თეთრ თოვლზე თრთოდა",
თრთოლვა როგორი გადამდებია,
ქალაქს სძინავს გახელილი
ფართო თვალებით
და მე კი ამ დროს
ჩემს აჩრდილთან
ცივ ოთახში დავიარები
და ვეძებ ჩემ თავს
მიმობნეულს ბავშვობის სახლში.
თუ არ მოთოვს
არ გათენდება,
მოთოვოს ოღონდ...
"თეთრი თრითინა
თეთრ თოვლზე თრთოდა",
ვიძახი ხოდა...
ვიცი როგორ შემოვა ჩემში
დილა იანვრის,ცივი ნიავი,
ბავშვობის წინდა და სულიწმინდა.
მოთოვოს ოღონდ,
ოღონდ მოთოვოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები