ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


ვამბობდი, მიყვარხარ!

დრო იყო, ჯერ არც კი გიცნობდი,
და მაინც გეძებდი, გიხმობდი,
იმ წარსულს ცოდვა ვით ვუთვალო,
უყურო ვიყავ და უთვალო,
და მაინც, არ ვიცი,
რის გამო
ვამბობდი: - მიყვარხარ, უფალო!

და ერთხელ სიზმარში გიხილე,
შევკრთი და ვერა გაგიმხილე,
ან უფალს რა როგორ უფარო,
მის წინ უღონო ხარ, უფარო...
ვიდექ დაბნეული,
ვთრთოდი და
ვერ გითხარ: - მიყვარხარ, უფალო!

სიკვდილ-სიცოცხლესთან ვცილობდი,
მიჭირდა და ახსნას ვცდილობდი,
დღე მედგა, გულთან მოუბარო,
უმზეო, უმთო და უბარო...
-მიშველე, მომხედე,
შემინდე! -
გიხმობდი - მიყვარხარ, უფალო!

შენდობას, ო, როგორ ველოდი!
გთხოვდი და არაფერს მშველოდი,
გაგიხდი მე უარმყოფელი,
ვირჩიე ეს წუთისოფელი
და მაშინ გითხარი:
არ ვიცი,
მიყვარხარ თუ არა, უფალო!

არ იყო შენდობა ადვილი?
შენ ახლო ვერ ვპოვე ადგილი.
,,ძვირფასი - არის სულ უფასო",
ელოდე, შენსას ულუფასო! -
რატომ-ღა მასმინე,
მანანე!
გითხარი: - არ მყავხარ, უფალო!

ან გული ვის უნდა ვუხარო,
ან თავი ვის უნდა ვუხარო,
ვარ უქონელი და უვალო.
ვერ გპოვე გზავ, სავალ-უვალო,
შენ ჩემსას ვერასდროს
გაიგებ
უფალო, უფალო, უფალო!

ჰოდა,
რაკი ახლა,
როგორც იქნა, მისმენ,
გეტყვი,
რასაც მივხვდი ამასობაში:
მე, ასე თუ ისე, მესმოდა შენი,
განვიცდიდი შენს ტკივილებს,
და ყოველ გახსენებაზე მეტირებოდა.
იმას კი ვერ ვხვდებოდი,
რომ ჩემსას შენ ვერაფერს გაიგებდი,
რადგან მცირე ტკივილის მცნობელს
დიდის წარმოდგენაც შეუძლია და თანაგრძნობაც,
შენთვის კი,
შენთვის,
სამყაროსხელა ტკივილის გადამტანისთვის,
აბა, რა იქნებოდა ჩემი ქალური სატკივარები!
შენ ეკალ-ბარდებიდან და მორევიდან
ცეცხლიდან და კლდისპირიდან უვნებელი გამოგყავდი,
მე კიდევ, ნაკაწრები მეწვის და თან სული შემიბერე-მეთქი...
და
ამის აღმომჩენმა შვებით ამოვისუნთქე...
რას ვიზამთ,
ასეთი გამოდგა ჩვენი სიყვარული:
ორივე მხრიდან - ცალმხრივი.

შენ, ძალო, გამძლებო მრავლისა,
შენ, გზაო შენივე მრევლისა,
ყოფილხარ კეთილისმყოფელი,
გულში გაქვს ადგილ-სამყოფელი,
ხმითა და უხმოდაც
მოგიხმობ:
- მიყვარხარ, მიყვარხარ, უფალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები