ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2008


დეკემბერი/ნუგზარ ბერაძეს/

დეკემბერი
ნუგზარ ბერაძეს

მტკივა და მტკივა ეს დეკემბერი,
ყულფივით მახრჩობს ჯვარცმული სივრცე,
და ისე მსახრავს უსახო ფერი,
ლამის გათელილ გალავნად ვიქცე.

თითქოს ვიღაცა მიძენს და მყიდის
ზამთარი უხმოდ მიიცვალება,
მე რომ მიყვარდა, ის ქალიც მიდის,
შვლისფეხება და ნუკრისთვალება.

დამტოვეთ გრძნეულ მითებთან მარტო,
ანგელოსების ფასკუნჯ  თვალებთან,
რატომ მათრია ცხოვრებამ რატომ?
ჭოგრიტით რისთვის მითვალთვალებდა?

ვეცლები მიწას ოქროს ფონივით
სამოთხე ფერად ტოგას იზომებს,
უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით
არსობის პური გამოვიზოგე.

თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს,
ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი,
და ფოთლებს,  როგორც დამფრთხალ წიწილებს,
უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.

ახლოა ზეცა, სველდება სახე,
ჯერ ნუ წამიყვანთ, ღრუბლებო ცაში,
ღამე კი კართან ისე ცახცახებს ,
როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები