ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2015


ფეხბურთი და მარიხუანა

                          ვუძღვნი გიგა ოდიკაძეს


მამას უყვარდა.
მამა მაღალი კაცი იყო, ჰქონდა თეთრი წვერი და უყვარდა ხუმრობა.
ექვსი წლის გიგა დედამ სკოლაში შეიყვანა, მამამ – ფეხბურთზე.
ეზოში ბავშვები ფეხბურთის თამაშისას ცნობილი ფეხბურთელების სახელებს ვირქმევდით. ვიღაც იყო რონალდო და ვიღაც იყო – ზიდანი. თუ საქართველოს ნაკრები კარგად ითამაშებდა, იმ დღეებში ქართველი ფეხბურთელების სახელები ხდებოდა პოპულარული, მაგრამ ეს  იშვიათად ხდებოდა.
მახსოვს გიგა ყოველთვის იყო – გუტი. მაშინ არ იყო ქუჩებში შუქი და არც ეზოს მოედნებზე, ბურთს ბუნებრივი სინათლეზე დაღამებამდე ვთამაშობდით, მაგრამ გიგას ყოველთვის შეეძლო რბილი პასის გაკეთება ღამეშიც კი და როცა ფეხბურთზე პირველად შევიდა მოედანთან ახლოს, პატარა ტრიბუნაზე მჯდომმა უცნობმა მოხუცმა ორი სიტყვა თქვა – რა ცქიფინაა ეს ბავშვი.
ერთ დღეს გუტიმ ზიდანს საოცარი პასი გაუკეთა, მეორე დღეს გიგა იყო ძალიან ბედნიერი, ჩვენ ვთამაშობდით ბუნებრივი სინათლის ქვეშ ქვიან და ქვიშიან მოედანზე და სულ ის ბრაზილიელი ფეხბურთელები მახსენდებოდა, რომლებიც გაჭირვებაში იზრდებოდნენ და ევროპაში მილიონერები ხდებოდნენ. ამიტომაც ძალიან მიხაროდა, როცა ზოგჯერ ბურთის ფულიც არ გვქონდა არც მე და არც გიგას, რადგან მეგონა დიდი ფეხბურთელი აუცილებლად გაჭირვებაში უნდა გაიზარდოს, მაგრამ უფრო მთავარი მაინც ის იყო, რომ ბავშვობაში, მაშინ მართლა მეგონა გიგას, მეც და ეზოს სხვა ბავშვებს დიდი ფეხბურთი აუცილებლად უნდა გვეთამაშა, თითქოს სამყარო ვალდებულიც იყო გავეხადეთ ბედნიერები მხოლოდ ფეხბურთით და ფულიც დაგვრჩენოდა, განსაკუთრებით ოჯახისთვის და მარიხუანისთვის, რომელსაც ის დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელებიც ეწეოდნენ და შემდეგ ჩადიოდნენ კლუბში თუ ნაკრებში და იტანდნენ, გაჰქონდათ და ფეხბურთით კაიფობდნენ. გიგასაც ყოველთვის ეს უნდოდა – ფეხბურთისგან კაიფი მიეღო.
წარმვიდგენდი გიგას თავის რბილი პასით ერთი-ერთზე როგორ გაყავდა ვინმე ესპანელი ან ჰაიბერიზე ვენგერი ბოლო წუთებში შეიყვანა მოედანზე და გიგაც ერთი პასით მოიგებდა თამაშს, როგორც გუტიმ გააკეთა ის საოცარი პასი ზიდანის მიმართ.
ამ თემებზე უფრო მეტად ღამე ვფიქრობდი, როცა დედას გაკვეთილებს ჩავაბარებდი, ჩაის და თაფლიან პურს მივირთმევდი და ლოგინში დაწოლისას შუქს ოდნავ ანთებულს ვტოვებდი რომელიმე გაზეთთან ან ჟურნალთან დარჩენილი.
მერე როცა გავიზარდე ის გაზეთები და ჟურნალები დავნომრე, ყუთებში ჩავაწყვე, დავსკოჩე და აივანზე კარადებში შევინახე, როგორც ისტორიული რელიქვია და ბავშვობის ფაქტობრივი გახსენება. ეხლაც როცა ავივლი გაზეთების ჯიხურთან ისევ ის ქალი დგას, ზაფხულში ძალიან ცხელა და ზამთარში პირიქით, თითქმის იყინება, მაგრამ მაინც დგას,  ეზოს ბავშვები კი აღარ ავივლით თუ ჩავლილთ მის წინ სპორტულებით და ბურთით ხელში, ყველამ თავისი გზა აირჩია და როგორც ხშირად ხდება ბურთის გორაობას წიგნთან ჯდომა არჩიეს, მაგრამ თითქმის არავის უყვარდა კითხვა წიგნების ფეხბურთელებზე გიგას გარდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ის თამაშობდა, ყველაზე ტექნიკური იყო, მოთამაშის ამპლუასაც ყველაზე კარგად აღიქვამდა და ფეხბურთელთა ავტობიოგრაფიულ წიგნებში ამოკითხულ ფრაზებთანაც ახლოს იდგა. მან ერთგვარი ნაზავი შექმნა ფეხბურთზე და წიგნებზე შეყვარებული ადამიანისა, რადგან ბავშვობის გავლამ ბავშვური ოცნებები, ფიქრები და გატაცებები არ დაუკარგა, მასში დარჩა.
ერთ დღეს გიგას სახლიდან ავეჯი გაიტანეს და დიდ სატვირთო მანქანაზე აიტანეს. ღიპიანმა მძღოლმა, რომელსაც ტანზე არაფერი ეცვა მანქანა დაქოქა და ეზო დატოვა. გიგა და გიგას მშობლები ტაქსში ჩაჯდნენ და წავიდნენ. მერვე სართულის ფანჯრებზე, სადაც გიგა ცხოვრობდა, ფარდები აღარ ეკიდა. ეზოში ბავშვები ისევ ისე ვთამაშობდით, მაგრამ ის რბილი პასი აღარ მიგვიღია ასე ძაან რო მოგვწონდა ზარმაც, უდისციპლინო და მარიხუანაზე შეყვარებული ფეხბურთელისგან.
ფეხბურთელთა დიდი ნაწილი, ვინც ვერ ეგუება დისციპლინას, ყოველთვის რაღაცას კარგავს, მერე განცდებს მუსიკასა თუ მარიხუანაში კლავს, თუმცა წიგნის კითხვა რომ უყვარდეს ეგეთი ფეხბურთელიც იშვიათად მინახავს და გიგაც რომ ვნახე წიგნს ფესტივალზე გამიკვირდა და მერე გამეცინა. ხელში ბეგბედერის “კაიფში დაწერილი ნოველები” ეჭირა, საროჩკა გახსნილი ჰქონდა და ჯვარზე გაკრული ქრისტე უჩანდა. მარადონას საოცარი სურათი გამახსენდა ჯვრით, სიგარითა და არგენტინის მაისურით.
სიზმარი ვნახე იმ დღეს უცნაური და ფსიქოლოგთა აზრებშიც დავრწმუნდი, რომ ხშირად სიზმრის სცენარს შენი ფიქრები განსაზღვრავენ. პლეხანოვის ქუჩიდან გიგა მორბოდა და მას პოლიციელები მოსდევდნენ. თუმცა ხმა არ ისმოდა, ვხვდებოდი მარიხუანის მოწევის გამო დაჭერას უპირებდნენ. ქუჩაში ჭადრები ანათებდნენ და ძველო საბჭოთა მანქანები დადიოდნენ. გიგა თან მანქანებს უყურებდა, ცდილობდა არ დაჯახებოდა, თან პოლიციელთაგან შორს გაქცევას ახერხებდა. ბოლოს დინამოს სტადიონი გამოჩნდა, რომელის ეზოს ყველა კარი ღია იყო. როცა გიგამ ეზოში შეაღწია, მდევრები გაჩერდნენ და თითქოს ღობის ღია ნაწილი უხილავი კარებით იყო შემოსაზღვღული, გარეთ დარჩნენ და ვერშემდგარი პატიმრის გაქცევის გამო გაბრაზებით ხელებს იქნევდნენ. ეს იყო და გამეღვიძა, ოთახში მზის სხივები ანათებდა, ზამთრის იშვიათი, მონატრებული მზე და პირველი რაც ვიფიქრე ქართულ ანტი-საბჭოთა წიგნებში ამოკითხული ფრაზები იყო, როცა სტადინიო თავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები