ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2015


ჭორფლივით გამოაყრის ზეცას ვარსკვლავები

ჭორფლივით გამოაყრის ზეცას ვარსკვლავები,
ვიღაც ჩამძახებს რომ დროა
და ჩემი სული, ჩიტის ბარტყივით,
ეცდება სხეულის ბუდიდან ამოფრენას.
იქნება მერე ვაი და ვიში, მსუყე ლუკმასავით
ჩამტენიან, პირ -დაფჩენილ მიწას.
მიწა იყავ , მიწად იქეცო და წავლენ ყველანი
და ამ დროს მოვა, უსათუოდ მოვა ძაღლი საფლავთან,
ყოველგვარი მოთქმის გარეშე, მოვა და დაწვება.
დააწვება გათოშილ საფლავს და მე ვიგრძნობ,
გადაყლაპული თევზივით,
როგორ გავუცოცხლდები მიწას მუცელში.
იწვება ძაღლი უსასრულოდ და ერთ დღეს,
როდესაც მის უგრძნობ სხეულს იპოვნიან,
უსათუოდ მოისვრიან, მგლების საჯიჯგნად,
სადმე ტყის სიღრმეში
და მე სიკვდილის შემდეგაც,
უსათუოდ ნატვრად დამრჩება,
რომ თუნდაც ერთხელ, ასეთი ძაღლის საფლავთან,
გათოშილი თუ არა, უბრალოდ მიწოლილი,
ადამიანი ვიხილო.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები