ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2015


ე-ლენ /გაუგზავნელი წერილების ქრონიკა/

ე-ლენ

საკუთარ თავში ჩაკეტა თავი და დარაბები მჭიდროდ დახურა, მერე იმ ფიქრების აკრეფვას შეუდგა, ასე უხვად რომ მიმოფანტა ერთ დროს.
ოთახი დიდი იყო...ან იქნებ არც....
და ისეთი უწესრიგობა სუფევდა, თავადვე რომ უკვირდა... თუმცა საკვირველი ის უფრო იყო, ამ უწესრიგობაში რომ პოულობდა საკუთარ თავს.
ე-ლენ ერქვა...
აღარ ახსოვს, ვინ და როდის უწოდა ეს სახელი...
ნამდვილი არც ახსოვდა..
იქნებ იმიტომ, რომ სინამდვილე მისგან შორს იყო და მუდამ გამოგონილი ცხოვრებით ცხოვრობდა.
ე-ლენ...
მოსწონდა ეს სახელი
თან არ....
თუმცა მისთვის უკვე სულ ერთი იყო, რას დაუძახებდნენ...
ძახილი უკვე აღარ ესმოდა.
ფიქრებს აგროვებდა,
ამ ფიქრებით დაღლილი.
ჰო..
ოთახი დიდი იყო, იმავდროულად პატარაც...
ნაბიჯებით ზომავდა სივრცეს, ჰაერივით მსუბუქს.
მწვანე კედლები
კედლებზე თაროები,
თაროებზე წიგნები
და მძიმე, უხილავი მტვერი...
ფურცლებად დაწყობილი დამარილებული დღეები.
იეროგლიფები მინებზე,
მხოლოდ მისთვის გასაგები
და დახურული დარაბები.
უსარკო ოთახი...
ყველა სარკე დაამსხვრია, და მასთან ერთად მათში მოქცეული ყველა იმედი, რომელიც მისი თვალებიდან გადასახლდა და სარკის მიღმა ცხოვრებაში დაიდო ბინა....
მძიმედ ჩაეშვა კუბოკრულპლედმოსხმული სავარძელში
და მის მოქანავე ზურგს მიაყრდნო წარსული..
ეს სავარძელი ერთგული მეგობარივით უნახავდა ფიქრებს,.
იმაზე ერთგულად, ვიდრე ადამიანები.
თვალები დახუჭა...
სიჩუმის გუგუნი ესმოდა და ცდილობდა, ნაწყვეტ- ნაწყვეტ მოტანილი ხმები ერთად შეეკრა..
ცხელი ხელისგულებით ერთ მასად ექცია, უფორმო სხეულისათვის ფორმა მიეცა...
არ თუ ვერ გამოუვიდა...
ფეხებთან ო,ჰენრის წიგნი მარტოობდა....
უკანასკნელი ფოთოლოვით უღონოდ დაუშვა მხრები...
შეკავება არც უცდია,
ისევ დაეფანტა სათუთად ნაგროვები ფიქრები.
ფანჯარასთან მივიდა.
იცოდა, ეს საზღვარი იყო....
დახურული დარაბიდან მზის სხივი ლამობდა შემოჭრას...
ზურგს უკან კი მთელი მისი სამყარო იყო: ვერგამხელილი ფიქრები, აუხდენელი ოცნებები, დამსხვრეული იმედები და სიგარეტის კვამლივით ცაში გაფრენილი ბავშვობა....
დარაბებს იქით ქალაქი ხმაურობდა, დუღდა, თუხთუხებდა, ტიროდა, იცინოდა...
იქ სხვა სამყარო იყო....მისთვის უჩვეულო, გაუცხოებული...
ხელის მძიმე მოძრაობით დარაბა გააღო და თვალები დახუჭა,
ფრთების გაშლა სცადა...
შეკრთა
წამწამზე სითბო მოელამუნა...
ცხელი სუნთქვა მისწვდა მის ყელს...
ყურის ბიბილო აუწვა ერთადერთმა ფრაზამ:

"მომენატრე, ჩემო მეგობარო!"


ისევ ელენ!


და აღარ იყო...
სივრცეს შერწყმოდა
ამ სივრცესავით ჩუმი და უსხეულო.

-----
ეს დასასრულია,
მანამდე კი დაბადება იყო...
ნაადრევად დაიბადა, სუსტი და უსუსური, დაბადებისთანავე დაიწყო არსებობისთვის ბრძოლა...
გაუმართლა,
პირველი რაც დაინახა, დედის ცისფერი თვალები იყო, იმდენად ნათელი და ლამაზი, რომ შეეშინდა და ტირილი დაიწყო...
მას შემდეგ ცრემლი მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი გახდა.
პირველი ნაბიჯი არ ახსოვდა,
მხოლოდ ის შემორჩა მის მეხსიერებას, რომ მოჯადოებულ წრეში დადიოდა და ყოველთვის იქ ბრუნდებოდა, საიდანაც იწყებდა.
დასასრული მისთვის დასაწყისი იყო...
ყოველთვის მარტოობდა, ისე როგორც მის ლარნაკში ჩარგული იასამანი, რომლის არსებობა დიდი ხანია გადაავიწყდა...
იქნებ იმიტომ, რომ ლარნაკი იასამანით მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, ყოველ დილით რომ ეფერებოდა.
ღამე ვარსკვლავებს ითვლიდა და იმ ვარსკვლავს ეძებდა, ღამეს რომ გაუნათებდა, მაგრამ ვერასოდეს პოულობდა...
მტვრით დაფარულ მაგიდაზე დიდი ნიჟარა იდო, ყურთან მიქონდა და მონატრებული ზღვის ხმაურს უსმენდა,
უყვარდა და ეშინოდა ზღვის...
ალბათ იმიტომ, რომ ანდამატივით იზიდავდა მისი მშფოთვარე ტალღები....
მუდამ ზღაპარში ცხოვრობდა და მკაცრ რეალობას შეჯახებული მყარად ვეღარ დააბიჯებდა დედამიწის ცხელ ზედაპირზე...
ღამე უყვარდა...
დღის ხმაური ღლიდა და უსარგებლო ნივთად გრძნობდა თავს,
წლებს ნელ ნელა კეცავდა ფურცლებად და აღარასოდეს შლიდა,
არავის უღებდა მარტოობის კარებს...
იქნებ იმიტომ, რომ ვერავინ უვსებდა ამ მარტოობას
ვერ თუ არ....
გაზაფხული უყვარდა კიდევ....
ნისლიანი შემოდგომაც...
გაზაფხული- მისი ბავშვობა იყო, შემოდგომა- აწმყო და მომავალი....
და მიდიოდა ნისლიანი გზებით...
საკუთარი დასასრულისაკენ..
ნაბიჯ- ნაბიჯ,
ნელა- ნელა
და დაუნანებლად შლიდა წარსულს.
და აღარ იყო...
სივრცეს შერწყმოდა
ამ სივრცესავით ჩუმი და უსხეულო


ე-ლენის სიზმრები

ღამე მის სასთუმალთან ე-ლენთან ერთად ათევდა და ალიონს დაღლილი ეგებებოდა.....არა, ღამე არ ღლიდა ე-ლენს, ღამე უყვარდა, ამ დროს ის დროსთან ერთად მოგზაურობდა წარსულში და საზღვრები აღარ ბოჭავდა, შეეძლო ბავშვი ყოფილიყო, ან ფერია ზღაპრიდან, ან უბრალოდ ქალი, რომელსაც ყვავილებს უძღვნიან.....

სიზმრად ისიზმრებდა ფიქრებს.....

სიზმარი პირველი

დაბადება დაესიზმრა. შორეულ კუნძილზე უდღეური ბავშვი დაიბადა, წვრილი თვალებით და საოცრად სუსტი ხმით, ანგელოზები მოჰყვნენ ფეხდაფეხ და თავისი მფარველი კალთა გადააფარს...ბედის წიგნში კი ასე ჩაწერეს:
ნატვრისთვალს დაეძებდესო მუდამ.....

და ესიზმრა:

გარეთ თოვს, არეულად, ფარფატით მოდიან ფიფქები, თითქოს ეშინიათ დედამიწასთან შეხების .
დუმს სოფელი, აქა-იქ საკვამურიდან ცისაკენ მიიკლაკნება ცისფერი კვამლი, ფანჯრის მინაზე მიჭყლეტილი პატარა სახე და ფართო თვალები მისგან თოვლის დედოფლისაკენ მიმავალ გზას ძერწავს. ბავშვს ეშინია ოცნების გაფანტვის და ნატრობს არასოდეს გადაიღოს თოვამ. ბუხართან მიმჯდარი თეთრწვერა ბაბუა ყალიონს აბოლებს და გრძელი ზამთრის გასვლას ნატრობს, რადგან ის რატომღაც თავის სიბერეს აგონებს. ბებია პატარა წინდებს ქსოვს და თვალებში ისეთი სევდა უკრთის სათვალის მიღმა, რომელიც მხოლოდ მოხუცისთვისაა ნაცნობი.
"ჩამოდი, ბებია, ფანჯრიდან!"
ბავშვი დუმს და ნელა მიჰყვება ზამთრის გრძელ ღამეში გაკვალულ ცისფერ ბილიკს თოვლის დედოფალისაკენ.
თოვს.
და ჩუმად გუგუნებს ბუხარი.
მის გვერდით ყალიონს აბოლებს ცოცხალი საუკუნე და ისიც მიჰყვება ფიქრს, ოღონდ დაუბრუნებელ ფიქრს. ფანჯრის მინაზე მიკრული სახე და თვალები კი კითხულობენ:
"როდის მოვა თოვლის დედოფალი?"

სიზმარი მეორე

ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, დიდი, სევდით სავსე თაფლისფერი თვალებით და სიყვარულით სავსე გულით, ყველას ტკივილი სტკიოდა და ყველას სიხარული უხაროდა, თავის ტკივილს კი გულში მალავდა და არავის აჩვენებდა, ტკივილი იზრდებოდა, გული კი არა, სხეული იღლებოდა, სული კი არა, გული ტიროდა, თვალები არა და გოგონა დამალული ცრემლებით ბანდა გულში გაჩენილ ჭრილობებს. წლები გადიოდა და სიყვარულით სავსე გული უსიყვარულოდ იფერფლებოდა, ტირიფის ტოტებივით ნელ-ნელა ეშვებოდა მისი სხეული დედამიწისაკენ და მოსაფერებლად გაწვდილი ხელები შველას ითხოვდა, რატომღაც ვერავინ ამჩნევდა ამ დიდთვალება და სიყვარულით გულავსებულ გოგონას, რომელიც უხვად აბნევდა სიკეთეს, სითბოს და თავად არაფერს ითხოვდა.
-“მოითხოვე და მოგეცემაო”, ჩასძახოდა ვიღაც
-“სიკეთის სამაგიეროს არ ითხოვენო”,- პასუხობდა გოგონა.
-“ჰო და არც მოგეცემაო”, ხარხარებდა ვიღაც და მაინც თოვლის თეთრი ფანტელებივით უხვად ეფინებოდა დედამიწას გოგონასაგან გადმოღვრილი სიყვარული.
ერთი ნატვრა ჰქონდა: მის გარშემო მხოლოდ სიხარულით სავსე თვალები და სიკეთით სავსე გულები დაენახა და ისიც ყვარებოდათ ისე, როგორც მას უყვარდა: უსაზღვროდ და უანგაროდ, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ტირიფის ხე ყოფილიყო მისი საბოლოო ნავსაყუდელი.
დადიოდა ამ ქვეყნად ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ვერავინ ამჩნევდა რატომღაც!


სიზმარი მესამე

ე-ლენის ყველა დილა ეკლესიის ეზოთი იწყებოდა. ფეხაკრეფით მიუყვებოდა გზას თავდახრილი და სევდით სავსე. ეზოში უცნობი მათხოვარი ხვდებოდა ყოველ დილას, თუმცა რატომ უცნობი?!ისინი ხომ ყველა დილით ხვდებოდნენ ერთმანეთს, ის მათხოვრობდა და არაფერს იპარავდა, ე-ლენი კი . . .
ე-ლენი ქურდი იყო,
სიყვარულს იპარავდა, გულში მალავდა და ეშინოდა მისი დაკარგვის, ეკლესიაში შესულს დამწვარი სანთლების სუნი თავბრუს ახვევდა და ეშინოდა
ეშინოდა უღმერთობით გაჩენილი ტკივილის.

სიზმარი მეოთხე

ძილს მიბარებული თვალებმა ჩუმად კითხულობდნენ: ნეტავი ახლა რა დროაო?????????
ირგვლივ კი ყველაფერი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა, ველური გვირილების ზღვა ღელავდა და ვიღაც თავზე ადგავდა მინდვრის ყვავილების გვირგვინს, თვალებხატულა პეპლების კაბა ეცვა ტანთ და ყვითელგულა ჩიტების ამალა დაყვებოდა. გვირილების ზღვის მეორე ნაპირას უფლისწული ელოდებოდა და საოცრად მელოდიური ხმით უკითხავდა ლექსებს . . .
დილა თენდებოდა ....
არ უნდოდა სიზმრის დასრულება ე-ლენს,
მაგრამ,
გაღვიძების დროაო,
ეუბნებოდა დილა.
და სიზმარიც სრულდებოდა ე-ლენის ნატვრასთან ერთად.

სიზმარი მეხუთე

პატარა ოთახი... ქალი... მაგიდა...
მის წინ ყავის ჭიქას საიამოვნო სურნელი სდის...
ჰაერში თეთრი ღრუბლების გროვაა... რგოლი რგოლში, რგოლი რგოლში
ნაზი მუსიკაა არა?!
ფერებიც ამ მუსიკის ფონზე იცვლება
პირდაპირ ნიღაბი...ორი ობოლი ცრემლი...გვერდით ხის ტოტი ერთადერთი ყვითელი ფოთლით
წითელი სანთელი ნელ-ნელა თავს ხრის, ფანჯარაზე ვიღაც აკაკუნებს.
ქალი თავს სწევს.
თურმე წვიმის წვეთებია.
უხმოდ დგება და ნიღაბი კედლიდან ქრება.
ყველაფერი რჩება . . .
ყავის სასიამოვნო სურნელი, რომელიც თეთრ რგოლებს ერევა,
საფერფლეში ნამწვი იწვის მარტოობის ნიშნად.
მაგიდაზე ორი ჭიქაა, ორი თეფში...უწესრიგოს დაყრილი ქაღალდები და სიგარეტის დაცლილი კოლოფი - მეორე მხარეს.
გასასვლელთან დიდი სარკეა,
იქ ორი ქალია,
კარი იღება და წვიმის წვეთებს ლანდად ქცეული სხეული უერთდება . . .
ყავა ჯერ ისევ ცხელია
და სანთელიც ნელა იწვის.
სიგარეტის კოლოფი ცარიელია.


სიზმარი მეექვსე

ვეღარ ისიზმრებდა სიზმრებს
სიზმარიც გაყინულიყო დროში, ეძახდა მაგრამ აღარ მოდიოდა....

ამიტომ აღარ იძინებდა ე-ლენი,
თვალებღია დადიოდა და ნაბიჯებით ზომავდა უკანასკნელ გადასახედამდე მანძილს.

სიზმარი მეშვიდე

ისევ დაბადება დაესიზმრა....
მიხვდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა...შეშფოთდა, შეეშინდა წარსულში დაბრუნების,
კალენდარს შეხედა...
ერთადერთი თარიღი, რომელსაც დაუნანებლად ხევდა....
ის ერთადერთი თარიღი უყურებდა კედლიდან, დავიწყებოდა ჩამოხევა...
დღე ხვალინდელი.



ე-ლენის წერილები

გაზაფხულს იასამანის სურნელი მოაქვს და მასთან ერთად შენიც,
ცრემლშეპარული ფიქრები დააბიჯებენ გაყვითლებულ ფურცლებზე და ტკივილად იღვრებიან უთქმელი სიტყვების ზღვაში,
ფიქრები დღეებად ლაგდება,
დღეები თვეებად და ერთგული ჯარისკაცებივით ავსებენ შენით სავსე სიცარიელეს. უმისამართო ფიქრებს მისამართს ვაწერ და შენთან ვაგზავნი.

წერილი პირველი

ახლა ღამეა, წუთები მიხანგრძლივებს უშენო საათებს...ცისფერი ეკრანი ნოსტალგიად იღვრება ოთახში, ეკრანზე შენი თვალებია, ვუყურებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ხარ...მინდა დავინახო თვალებს მიღმა მდგარი ადამიანი, რომელიც საოცრად ლამაზ წერილებს მწერს...
ყოვლისშემძლე მგონიხარ...
იქნებ ასეცაა...
ვფიქრობ და...ვერაფრით წარმოგიდგინე.

წერილი მეორე

შენსკენ მომავალ გზას მოვყვები ხელისცეცებით. გამიხარდა, გუშინ მეგობარი მიწოდე...
ვიცი, ამ სიტყვების მოსმენას შენგან ბევრი ოცნებობს...
ნეტავი რითი დავიმსახურე?
ტელეფონის ნომრები გავცვალეთ...
მიხარია და მადლობას ვუხდი ვირტუალურ სამყაროს შენი გაცნობისათვის, მაგრამ ნომერი ქრონიკულად გამორთულია...
შენ კი მამხნევებ და ჩემს ტკივილებს მოთმინებით ისმენ...
შეხვედრას მპირდები...
ნეტავი როგორი ხარ?

წერილი მესამე

ჰო! შეხვედრას მპირდები და მეც გიჯერებ...
დრო კი ულმობლად ამსხვრევს მოლოდინს...
მაინც რა უსაშველოდ გაიწელა ეს ზამთარი, სად დაიკარგე? ვეღარ გპოულობ..
უშენობის ყვითელი ფოთლები სცვივა თვეებს.

წერილი მეოთხე

გიპოვე!!!!
ვიგრძენი, როგორ ძლიერ მომნატებიხარ....
მე კი მეგონა დამავიწყდი.....

ვიხსენებ დაპირებულ და შემდგარ შეხვედრას:

მე - ყავა
შენ - სიგარეტი
ცხელ ყავას ჩემი ფიქრი მიჰყვება,
სიგარეტის კვამლს შენი,
ორივე მათრობელაა,
ორივე ჩემთვის...
ყავა დაილია,
ჩაქრა სიგარეტიც,
მე ტუჩებზე ყავის სიტკბო შემრჩა
შენ სიგარეტის მწარე გემო...
მიხარია...
ისეთი ხარ, როგორიც წარმომედგინა.....
დღეებს შენი წერილები მილამაზებს...

წერილი მეხუთე

და ისევ...
შენ ახლა აქ ხარ...ჩემთან და იმდენად ახლოს, რომ მეშინია ამ სიახლოვის...
ზღვა არის ჩემთან და მისი ტალღები ეფერება ჩემს სხეულს ქცეულს ქანდაკებად შენი სულის კარიბჭესთან მოტანილს.
მაკრთობს და მამშვიდებს შენი სიახლოვე,
მინდა შენთან და გაგირბივარ,
გზა იწყება და მთავრდება შენით,
ეს გზა უსაშველოდ გრძელია და მოკლე,
მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს შენთან...
ვიცი, ამ დუმილს მხოლოდ შენ თუ გაიგებ.

წერილი მეექვსე

სიზმარს მიყვება ზღვა...
მეუბნება, როგორ შეისრუტა მზე შენი გაშლილი ხელისგულიდან..
მე ამ სიზმარს მთვარეს ვანდობ და შენთან ვატან,
სიზმარს - ჩემს მონატრებაზე.

წერილი მეშვიდე

ერთად ვართ, მიხარია და ...
იცი? შენთან ყოფნას ისე შევეჩვიე, მეშინია უშენო წუთების, რომელიც ტკივილს უსაშველოდ ახანგრძლივებს..
მეგონა ძლიერი ვიყავი, მაგრამ სუსტი და უმწეო ვყოფილვარ,
ან იქნებ არც...
ან იქნებ იმიტომ, რომ მინდოდა შენი მზრუნველი ხელი მეგრძნო...შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ....

არ ვიცი,

ისიც არ ვიცი, რატომ გწერ წერილებს...
ეს ყველა წერილი ხომ ერთ სიტყვაში ჩაეტეოდა:

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

უკვე იცოდა, სად იყო დასასრული
წერილებს აღარ წერდა...
ფრაზებად ალაგებდა დღეებს:

დღე პირველი

- ქარი და მზე ერთად შემოიჭრა ჩემს ოთახში, ხარბად შევისუნთქე, მეგონა შენი სურნელი შემოყვებოდა თან....შევცდი, გაბრაზებულმა ფანჯრის მინებზე სქელი ფარდა ჩამოვაფარე, რომ მზე აღარ შემომეშვა მარტოდ მოსული.....

დღე მეორე

- ალიონს ისე შევეგებე, ვერც კი ვიგრძენი ღამენათევი თვალების სიმძიმე...კარის მიღმა შენი აჩრდილი ხმაურობდა, რომელიც მზის სხივს შემოჰყვა ჩემთან და ისე მაგრად ჩამიკრა გულში, ლამის სული შემიგუბდა....

დღე მესამე

- დღეები ერთფეროვანი და უსახურია...მათ მხოლოდ შენი გამოჩენა ალამაზებს, შენი თვალების სითბო და ტუჩის უპეებში დამალული ღიმილი მეუბნება, რომ სიცოცხლე მშვენიერია და კარი ფართოდ უნდა გავუღო სიყვარულს. მთრთოლვარე თითებით შუბლზე ჩამოყრილ თმას მისწორებ და კოცნით აშრობ ღაწვზე ჩამოგორებულ მლაშე ნაკადულს...შენი ტუჩები ისეთი ცხელია, მეშინია არ დამწვას, მაგრამ მაინც ძალუმად გეკრობი, თითქოს მინდა ერთსხეულად ვიქცეთ, რათა არასოდეს არ დავშორდეთ...

დღე მეოთხე

- ღამე ისევ უშენოდ იწყება....ჩემს ოთახს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს შენი სურნელი, საწოლზე უამრავი ბალიში ყრია, მეცინება, მახსენდება როგორ მითხარი: დაჯექი და გარს შემოილაგე ყველა ბალიში, მინდა გიყურო ძალიან დიდხანს და დავტკბე შენი მშვენიერებითო. ფანჯარასთან მიხვედი და სიგარეტის კვამლში გახვეული თვალებით დიდხანს მიყურებდი, თითქოს გინდოდა, სამუდამო კადრად ჩავბეჭდილიყავი შენს მეხსიერებაში. მერე ღრმად ამოისუნთქე და მხრებდაშვებულმა ჩუმად გაიხურე ოთახის კარი...არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიყავი ასე.

დღე მეხუთე

- თითებზე ვითვლი დღეებს... მაინც რა უსაშველოა უშენობით სავსე წუთები. არ ვიცი, როდის შემოაღებ ჩემი ოთახის კარებს, ამიტომ ასე ვზივარ მოლოდინადქცეული და ვიხანგრძლივებ ტკივილმოყრილ ფიქრებს, მინდა, რომ სულ ჩემთან იყო და შენი ხელისგული ათბობდეს ჩემს გულს. ხანდახან ისე დიდხანს იკარგები, მეშინია, რომ დავიჯერებ შენს არარსებობას....ამიტომ არ ვიჯერებ და დარაბებს ღიად ვტოვებ, იქნებ მოხვიდე.

დღე მეექვსე

- უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა დღე საოცრად გავს ერთმანეთს... ყველა საათი ერთმანეთის მსგავსია და ეს ერთფეროვნება კი არა, შენი მონატრებაა...

დღე მეშვიდე

- ყველაფერი ისევ ისე მეორდება: ქარი, მზე და შენ...ჩემი სამყარო, რომელიც მე შენით შევქმენი და ისე დავიჯერე მისი არსებობა, რომ რეალობა მგონია, ხანდახან მინდა, რომ ამ რეალობას გავექცე შორს, ძალიან შორს, მაგრამ ვერ ვახერხებ და ისევ შენთან ვბრუნდები. – მესმის როგორ მეძახი: - ე-ლენ! და ისევ ვიჯერებ, რომ შენ ჩემთან ხარ, რომ არასოდეს წახვალ ჩემგან და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებ შენი მოლოდინით.


ფიქრი პირველი

იცოდა ე-ლენმა მოთამაშე იყო.....თვალებღია მთვარის შუქით განათებულ ოთახში მჯდომი ნათლად ხედავდა. როგორ ეხუჭებოდა მას თვალები, თრიაქმოწეულივით,

ხედავდა ე-ლენი და ღამესთან დამეგობრებულ მის თვალებს ტკივილი ხაზავდა და სისხლისფერი ნაკადულები მოდიოდა წვიმად…
გულში უიმედობის ჭია ღრღნიდა კაპილარებს და სიცარილეა ავსებდა დაგუბებული სევდა…
როგორ ეგონა ე-ლენს, რომ მის მხრებს ყავარჯენივით შეუდგებოდა,
ფეხს აადგმევინებდა,
და ღიმილიანი გზებით ატარებდა…..
ან იქნებ კი არ ეგონა…უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო და საკუთარი თავი დააჯერა, რომ ამას შეძლებდა…..
მარტოობით შეფერილ ოთახში კედლიდან კედლამდე კიდევ ერთხელ გადაზომა უკვე ათასჯერ გადაზომილი მანძილი…
სიგარეტი საფერფლეში მისი გულის ბაგა ბუგს ითვლიდა,
ყავის ჭიქა კი გვერდშემოტეხილ ლამბაქს დაყრდნობილი შემხმარ წარსულს სანაგვისაკენ ისროდა.

ფიქრიც კი ეზარებოდა ამიტომ სულ თვალებღია ძილფხიზლობდა….
მოქანავე სავარძელში მთელი მისი ცხოვრება ირწეოდა ….
ყოველთვის უყვარდა და თან სძულდა, რადგან ამ სიყვარულს ადამიანები ვერ ხედავდნენ….
იქნებ იმიტომ რომ ზედმეტად უყვარდა? იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება გიყვარდეს?
უხვად გასცემდა სითბოს და ეს სითბო აშინებდა გარშემომყოფთ….
სიკეთის თესვა ჩვევად ექცა, თუმცა არსოდეს ელოდა ნაყოფს….

მის გარშემო ყოველთვის იყვნენ და თან არ იყვნენ ადამიანები….ახლა კი ისინი ამ დიდი და თან პატარა ოთახის კედლებიდან ირონიაშეპარული თვალებით უყურებნენ. . . უნდოდა ჩამოეხსნა ეს ადამიანები მეხსიერების კედლებიდან, მაგრამ ისინი ჯიუტად არ მიდიოდნენ და ყოველწუთს ახსენებდნენ წარსულს.

გრძნობდა სიგიჟის ზღვარზე იყო . . .
ეს არ უკვირდა, უკვირდა ის, ამას რომ გრძნობდა.

ე. ი. გრძნობებისაგან მთლად არ დაცლილიყო….

დაცლა კი სურდა, რადგან იცოდა, ასე უფრო მარტივი იქნებოდა მისი არსებობა.

წარსულის გაყვითლებულ ფურცლებზე დარჩენილი წლები მარწუხივით უჭერდა ყელში და სულს უხუთავდა…..

როგორ სჯეროდა რომ

მის მხრებს ყავარჯენივით შეუდგებოდა
ფეხს აადგმევინებდა
ღიმილიანი გზებით ატარებდა…..

ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ცოცხლობდა….

და ვერ შეუდგა ყავარჯნად,
ფეხი ვერ აადგმევინა,
ვერც ღიმილიანი გზით ატარა. . .

ეს უკვე ზღვარი აღარ იყო...
მის იქით უკვე აღარაფერი იყო.
მარტოობის და სიბნელის გარდა.…


ფიქრი მეორე

მარტო იჯდა ოთახში, არ უკვირდა, რადგან მარტოობას შეჩვეული იყო, ის უფრო გააკვირვებდა, ვიღაცის არსებობა რომ ეგრძნო გვერდით, გააკვირვებდა და არაფრისმთქმელ თვალებში იმედის სხივი აკიაფდებოდა.
ალბომს ფურცლავდა,
ბავშვობის ფურცლებს...
მოენატრა იქ დაბრუნება, ჩითის კაბიანი და მხიარულთვალებიანი გოგონა, იებს რომ კრეფდა და ყვავილებს იწნავდა თმებში, მზეს რომ ეგებებოდა ყველა დილით და ცვრიან ბალახზე დარბოდა ფეხშიშველი....
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, იმდენად დიდი, რომ უჭირდა წარსულზე ფიქრი, ტკივილი კლავდა დაუბრუნებელი დღეების გამო.....
ირწეოდა სავარძელი და მასთან ერთად ტკბილი მოგონებები...
სხეულს ვეღარ გრძნობდა...
სული აწუხებდა,
უფალს უხმობდა...
და მასთან თავად არ თუ ვერ მიდიოდა....
იქნებ ამიტომ...
იქნებ ამიტომ ვეღარ გრძნობდა სხეულს ქვადქცეულს....
იქნებ ამიტომ სულდაღლილი ფანჯრის რაფაზე მარტოობდა მისი მარტოობა და სარკმლის მიღმა ნისლიანი თვალები მონატრებულ სიმშვიდეს ეძებდა.
....საღამოს კი სანთელი უნათებდა და გაყვითლებული ხელებით ლოცვად მუხლმოყრილი ჩურჩულებდა:
შემინდე უფალო!
დარაბებჩაკეტილ ოთახში ეული სული მარტოობდა.



ფიქრი მესამე

მომნატრებიხარო!
ჰო, ასე მითხრა და თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდა,
ყვითელგულიანებს გავდნენ ეს ვარსკვლავები ,
ჩემი მონატრება უფრო ძლიერიაო, ვუთხარი მე.
არაო, ჯიუტად გააქნია თავი...
ზურგსუკან დამალული ხელები ნელა ნელა გაშალა და....
იასამნის ყვავილების სურნელებით გადაწყვიტა ჩემი გაბრუება.
მომნატრებიხარო...
ხელებგაშლილი ჩემსკენ წამოვიდა და ნისლივით შემომეხვია
თვალები არ გაახილოო-
მითხრა
არ დავუჯერე
და....
ჩემს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აღებდა სარკმელს,
ოთახში მე და მთვარე ვიყავით მხოლოდ.

ფიქრი მეოთხე
დღეს უცნაური დღეა
ცხელმა ქვაფენილმა ფეხისგული დამიწვა...
მზემ თვალები...
შენმა თვალება კი სხეული...

ვიგრძენი ალმურმოდებული სხეულის მწველი სითბო...
ვიგრძენი მიყუჩებული გულის ფეთქვა შენთვის ვერ შესახები....

ვიგრძენი, გადახსნილი გულიდან წვეთ წვეთად წამოსული და გულახდილობის ნიაღვრად ქცეული გრძნობის სიმძიმე...

შენ შეგიგრძენი...
ისე, როგორც არასდროს და ცხოვრებაში პირველად მივხვდი როგორ მამძიმებდა უთქმელი სიტყვა.

გზა ხალიჩასავით იკეცებოდა....
დრო დგებოდა ჩემსა და შენს შორის გაურკვევლობის ფერად ნისლთან ერთად...

შენ მიდიოდი....
არ ვიცი დროებით თუ მუდმივად.....

ან იქნებ იქ, სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაკვეთავდნენ ერთმანეთს...

იქ...ლურჯი ზღვის სანაპიროზე, სადაც ჩვენი ზღაპარი დაიწყო,

მიდოდი ზღაპრის გასაგრძელებლად თუ დასამთავრებლად...

ჩემი მოლოდინად ქცეული თვალები გზას გინათებდა .....


არასოდეს ყოფილა ღამე ასეთი მრუმე და გრძელი....

დუმილი ასეთი მწველი და აუტანელი....

ჰო
დღეს უცნაური დღეა....

დღე - ჩემი შიშველი გულახდილობის.....

ფიქრი უკანასკნელი
იქ იწყებოდნენ სადაც მთავრდებოდნენ,
იქნებ იმიტომ, რომ ეშინოდათ დასასრულის...

და ამას ერთმანეთს სწერდნენ....
ორივემ იცოდა, წერილი მივიდოდა ადრესატამდე ისე ჩუმად და უხმაუროდ, რომ ვერცერთი ვერ იგრძნობდა....
შეხვედრისას თვალები ერთმანეთს იპოვნიდნენ, მაგრამ დაიხრებოდნენ, რათა არ დაენახათ იქ აღმოჩენილი საყვედურნარევი ღიმილი....

ჰო.... ერთმანეთს სწერდნენ, და ძალიან, ძალიან უნდოდათ ხმამაღლა ეთქვათ ეს ყველაფერი...
ერთმანეთის თვალებში ჩასახლებულიყვნენ და არასოდეს გადმოღვრილიყო ფიქრი ცრემლად....

ერთსული იყო ორივე...
ორივე მარტოობდა
და ამ სიმარტოვეს ერთმანეთზე ფიქრით ავსებდა....
ამარტივებდა...

ცხოვრება კი რთული ბილიკებით სავალ გზად ისერებოდა....

ჰო,
ერთსული იყო ორივე
და მაინც ორივე მარტოობდა.

ისევ ე-ლენ!
მზე ჩადიოდა და მის სხეულს ხარბად ისრუტავდა ხღვა....
ე-ლენი დუმდა და ამ დუმილით სავსე თვალებით ეფერებოდა მეწამურ ფერში გახვეულ ჰორიზონტს და ზღვის ტალღებს, რომელიც ერთგულ მეგობრობას პირდებოდა და თავისკენ უხმობდა....
ე-ლენს იზიდავდა ზღვა ანდამატივით, საათობით უყირებდა ჩამავალ მზეს და სხეულს აკავებდა, რომ არ შერწყმოდა ტალღებს.
გიიომზე ფიქრობდა....
ენატრებოდა....
ყელში მობჯენილ მლაშე ბურთებს უკან აბრუნებდა და გულისპირზე აკინძულ მარგალიტის მძივებს ნელა ნელა პეშვშში აგროვებდა, რომ მერე ზღვისათვის მიებარებინა.
ზღვა გიიომის სული იყო მისთვის, გიიომის სხეული და თვალები, იქნებ ამიტომ უყვარდა ასე ძალიან...
გიიომი კი დუმდა,
ალბათ ფიქრობდა, რომ ზღვა ეტყოდა სათქმელს ე-ლენს....
ე-ლენს ზურგს უწვავდა მზისგან ნაფერები და გახურებული კენჭები...
გიიომოს მზერასავით
და
ყოველდღე წერდა წერილებს,
მისამართს არ აწერდა,
იქნებ ასეც ჯობდა..
უმისამართო და გზაარეული წერილები...
მხოლოდ მისთვის გასაგები:

წერილი X-ს და არა შენ, მაგრამ შენზე

ის შენამდე იყო, ან იქნებ შენს დროსაც და შენს მერეც.
ჩემში იყო, ვგრძნობდი და ყოველდღე ვეფერებოდი მის უხილავ სხეულს...
ის ჩემში იყო...
სარკიდან მომზირალი თვლებით...
რეალურად კი შენ იყავი ჩემთან და შენში იმ თვალებს ვეძებდი...
ვერ ვიპოვე.
მერე ბილიკებით დავსერე ცხოვრება, წლებს გაყვითლებული ფურცლებივით ვკეცავდი, ვეძებდი, იმედს ვპოულობდი და ვკარგავდი, მონატრების ბილიკებით დავდიოდი და ყველა ადამიანში იმ თვალებს ვეძებდი...
წლები მატულობდა...
იმედი კლებულობდა...
მერე კი..უცებ აღმოვაჩინე, რომ ვიპოვე და გულმა ჩიტივით შეიფრთხიალა, წლებმა კი ულმობლად შემახსენა თავი.
ის სულ ჩუმად იყო...
მე სულ ვხმაურობდი..
არასოდეს არ იყო მეორე შეხვედრა პირველის გაგრძელება...
ყოველდღე ველოდი და არსოდეს ვიცოდი, როდის მოვიდოდა
ან თუ მოვიდოდა...
შენ მიხვდი, რომ მე ის ვიპოვე,
მიხვდი და უღონოდ დაუშვი მხრები.
მე ნისლგადაკრული თვალებით დავდიოდი, იმ თვალებში შენ აღარ იყავი, წლებს ულმობლად წაეშალე..ან იქნებ არც არასდროს ყოფილხარ, უბრალოდ მეგონა, რომ იყავი.
ის იყო ჩემში შენამდე და შენს დროსაც...
მერე კი...
მანაც წამშალა თავისი თვალებიდან სხვისად დასანახად...
და დავრჩი ასე:
სულამოცლილი, გაყვითლებული და წარსულში დარჩენილი წაუკითხავი ფურცელი....

დასასრული

მიდიოდა და ვერშეკავებულ ცრემლებს უბეში აგროვებდა...
უზარმაზარი ტკივილი დაგროვილიყო გულში: ძლივსსატარებელი, ვეგამხელილი და დაუყუჩებელი...
ყველაფერი იქ დამთავრდა, სადაც დაიწყო...
ან იქნებ არც...
ფიქრებს ისევ კვებავდა იმედით, ისევ ელოდა...
ისევ აკოწიწებდა თავის შექმნილ და დამსხვრეულ სამყაროს...
უსარკო ოთახი მოენატრა...იქ იმედი ცოცხლობდა,
ინანა ამ ოთახთან განშორება, იცოდა: იქ დაბრუნება ვეღარ დააპურებდა იმედით.
ზღვამ შეისრუტა მისი ოცნებები და ფსკერში ჩამალა, მის სულთან ერთად ბობოქრობდა და ტალღებით წარსულის მოგონებებს შლიდა, რომელსაც ე-ლენი ქვიშაზე ხატავდა.
გიიომი დუმდა ვერახსნილი დუმილით...
და ნატვრის ხეს ნელა ნელა და დაუნდობლად აცლიდა ფურცლებს, ჩეხავდა წარსულს, რომელსაც მომავალი არ თუ აღარ ქონდა...
ე-ლენზე ფიქრობდა...
მათი მზერა სადღაც სივრცეში კვეთავდა ერთმანეთს და სწრაფად შორდებოდა...
როგორ უნდოდა, თუნდაც ერთხელ ზღვის სუნთქვა მიეტანა ე-ლენისათვის და ამოეშრო თაფლისფერ თვალებში ჩამდგარი ცრემლები....ეთქვა, როგორ უყვარდა და ენატრებოდა მისი სხეული...
მაგრამ ჯიუტად დუმდა და სურვილს არ უღებდა დარაბებს.
ე-ლენი კი ელოდა გიიომს დაუსრულებელი ლოდინით
ვერშეკავებული ცრემლებით,
ფიქრდაღლილი სიყვარულით,
და ისიც იცოდა, არ ქონდა ამ მოლოდინს დასასრული....
ჰო!
ბევრი ტკივილი დაუგროვდა ე-ლენს...
ისევ მოენატრა უფანჯრო და უსარკო ოთახი...
მწვანე კედლები
კუბოკრულპლედგადაკრული სავარძელი...
კედლებიდან მომზირალი სახეები...

სახე პირველი -დედა

თბილი და ციფერი თვალები...
პირველი, რაც ელენმა დაინახა....
გული ეტკინა...
ბევრჯელ ატკინა გული....საყვედური კი არასოდეს უთქვავს

სახე მეორე - მამა
ადამიანი, რომელიც ბუნდოვნად შემორჩა მის მეხსიერებას...
სითბო იგრძნო..სადღაც სულის ძირში....
მამის სითბო

სახე მესამე - მეგობარი

ინანა,
სახე დაკარგულიყო...აღარ ახსოვდა
გული ეტკინა
რატომ არ აპატია?

სახე მეოთხე - მეხუთე-მეექვსე და ბევრი, უამრავი ერთად არეული....
თავბრუსხვევა იგრძნო....ვეღარ უძლებდა ამ სახეებში არეულ თვალებს...ერთიდაიგივეს და სხვადასხვა სახით...
ეს გიიომის თვალები იყო...
სხვადასხვა სახიანი...

ზღვისკენ გადადგა ნაბიჯი...
სისველე იგრძნო ტერფებზე...ალერსისმაგვარი...
მიენდო
ნელა ნელა ეხვეოდა სხეულზე...

ზღვა ირეკლავდა თვალებს...
და გულში იხუტებდა ელენს...
არ უნანია...
ზღვა ხომ გიიომი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები