ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2015


* * *ველოდებოდით წეროებს

ჩვენ ვდგებოდით, მომაკვდავი ყვავილების რიგში,
ზამთრის პირზე და ველოდებოდით წეროებს,
გათოშილი ყვავილების, თბილ ქვეყნებში გასატანებლად.
ახლა ვდგავარ მარტო და ხდება პირიქით.
დგანან და ელოდებიან, ყვავილები წეროთა რიგებს,
ჩემი უშენობით გათოშილი, სხეულის გასატანებლად.
*********************************
დააგვიანე, ახლა უკვე ერთი ფასი აქვს,
წასვლას, არ მოსვლას, დაბრუნებას ან და პირიქით.
ზეცაც პირ-ბასრი ვარსკვლავებით ისე სავსეა,
რომ მათ მოწყვეტას, მგონი უკვე შვებად განიცდის.
დააგვიანე, ირგვლივ მთებზე მწუხრი გადაწვა.
არაგვში ახჩობს, უსასრულოდ ორეულს მთვარე.
დააგვიანე, დაბრუნება მხოლოდ ისე მწამს,
როგორც ენგურით ბრუნდებოდა, თარაშ ემხვარი.
დააგვიანე, სასიცოცხლო ვითვლი ყოველ წამს,
აჩნია ზეცას ვარსკვლავები როგორც სახადი
და შენც ცუნამის ტალღებივით ისე მოღელავ,
სიკვდილის შემდეგ მიწის საბანს, სადმე გადამხდი.
***************************************
მუნჯი ტკივილების ყულაბა ვარ.
ვდგავარ სადღაც ტყის სიღრმეში
და შეუჩერებლად ვივსები:
ქარის კვნესითა, თუ მუხის შრიალით,
ქვების ჩხრიალითა, თუ ჩიტების გოდებით.
ყულაბა რომელსაც, მოსაპარად არავინ გატეხავს,
ყულაბა რომელიც, მხოლოდ მაშინ ტყდება:
მომაკვდავ თოვლს, რომ ნუგეშივით გვერდზე მიუწვება.
სანამ მასთან ერთად არ ჩადნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები