ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2015


დაფარნა

ნინო დარბაისელი

დაფარნა*
- - - - - - - - -

(ციკლიდან : ,,ეტიუდები")

ზამთარიც მოსულა
სიშიშვლით მოსილი,
გაქრა ჩონჩხებიდან
- ხურმა და კომში.
ნაქარმა დაფარა
დაფნების დაფარნა,
დაეცა ყოველი
პირისპირ ომში.

არც არა - ქარდება, არცა რა - შენდება,
გაქრა ფერადები, გამოჩნდა ფერდობი,
ხევი და ბორცვები. დახვალ, ილოცები,
არავინ გახლავს.

აღარც რა გინდება, აღარც ვის ენდობი,
როგორ ადვილდება ლოცვა და შენდობა...
განგებას ბარდები. არ გაკრთობს ბარდები,
მიჰყვები ნახნავს.

აღარც ქარებია
გვიან შემოდგომის.
მზე არის გულგრილი,
მზე არის მქრქალი,
და მხოლოდ ხანდახან,
თავისთვის იღიმის,
როგორც რომ -
- კარგ კაცთან ნაწოლი ქალი.

_____

დაფარნა - (საეკლ.) სიწმინდის საფარავი. ჩვეულებრივ, ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები