ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2015


ბედუინი (ნაწილი XXXII იპუ-ურის წინასწარმეტყველება)

                                                                                                         
                                                                                       
                                                                              ”კაცს ვეღარ გაარჩევთ კაცუნასგან და არარაობისგან!..

                                                                                წინაპრების წარმეტყველება ახდა. დედამიწა აივსო ბანდებით,
                                                                                დანაშაული  ხდება ყველგან. დიდებს  აღარ ძალუძთ ხალხთან
                                                                                დაძმობილება.... ვერც ერთი ხმა ვერ იქნება მართალი                                                       
                                                                                არეულობისა და ალიაქოთის  წლებში...  ადამიანის გული
                                                                                დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავით. ქვეყანა შემცირდება
                                                                                მაგრამ  ქურდების და უფროსების რაოდენობა დიდი  იქნება.
                                                                                დიდი იქნება  გადასახადები.
                                                                                ნათელი, სინათლე მოშორდება ადამიანს..."

                         
                                                                                                          იპუ-ურის მოთქმა გოდება*


          გასაოცრად სწრაფად ბინდდებოდა, ბინდი სიბნელეში გადადიოდა. მიუხედავად თეთრი სავალისა,  მაინც კუნაპეტი ჩამოწვა. ჩემი მეგზური და ცხენი ამ სიშავეში ისე ჩაიკარგნენ, თითქოს მარტო მე მივფრინავდი  სიბნელეში და მიწას ფეხს არ ვაკარებდი.  მთვარის ამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ასეთი  ბნელი ღამის ფონზე,  ალბათ ტუარეგებისთვისაც კი შეუმჩნეველი იქნებოდა შორიდან  შავი ცხენი და შავებში ჩაცმული მხედარი.

        ალ კაბირი ჩქარობდა, უნდოდა რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ოაზისთან მთვარის ამოსვლამდე.  ცხენი ისე სწრაფად მიქროდა, თითქოს ჩემს ფიქრზე ჰქონდა აწყობილი ფეხი. ვცდილობდი როგორმე ტკივილისთვის გამეძლო, მაგრამ ახალი ჭრილობა გამჭოლად მთანგავდა. თავს ძალას ვატანდი რომ ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ გამეფებული სიბნელე მაინც საკუთარ თავში მაბრუნებდა. 

        ვნატრობდი,  ხიფათი არ შეგვხვედროდა და მშვიდობიანად შევსულიყავით ოაზისში.  ვცდილობდი რაიმე გამერჩია ჰორიზონტზე სინათლის წერტილის მსგავსი,  რაც დამარწმუნებდა რომ ცივილიზაციაში ვბრუნდებოდი. წარმოვიდგინე როგორ გავივლიდი განათებულ ქუჩას, როგორ შევიდოდი განათებულ შენობაში და  საქართველოს საელჩოში დავრეკავდი. უკვე მესმოდა როგორ ირეკებოდა ზარი, ბიძაჩემის ხმაც კი მესმოდა:  ,,ცოცხალი ხარ!!! სად ხარ!!!...“  და ძალიან მიხაროდა.  უკვე სახლის გზაზე შემდგარს საოცრად მინდოდა ეს  სიხარული არაფერს დაებნელებინა. მჯეროდა და თან არც, რომ უკვე ბოლო ნაბიჯებს ვდგამდი სახლისკენ მიმავალ გზაზე.  ყველაფერმა დაკარგა  მნიშვნელობა გარდა იმისა, რომ  ამდენი ხნის წვალების შემდეგ, ოცნებასავით მიზანი, რომელიც ასე მეშორებოდა -  უკვე ასე ახლოს იყო. 

ისევ გავხედე ჰორიზონტს და ისევ ვერ დავინახე სინათლის წერტილი... ჯერ ისევ შორს ვიყავით. 

ცხენი ღრმად,  თანაბრად სუნთქავდა და გვარიანად შეგრილებულ ჰაერს შხულით მიაპობდა.  თბილი მოსასხამი კარგად მიცავდა,  უცბად ძალიან მომინდა,  ალ კაბირს არ შესცივნოდა და ზურგზე მთელი სხეულით მივეკარი, მინდოდა ჩემი სითბო გადამეცა და  სიცივისგან ისევე დამეცვა, როგორც ის მიცავდა თავისი  სხეულით ცხენის ქროლვით ატეხილი პირქარისგან...აქამდე წელში რკალივით მოხრილი მხოლოდ ქამარზე ვეჭიდებოდი და თავს ვაყრდნობდი მის ზურგს, ვცდილობდი სხეულით არ შევხებოდი.  ახლა კი გავბედე და  მთელი სხეულით მივეხუტე... ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა,  შეირხა  და მაშინვე აღვირი მოზიდა. ჯადარი მოწყვეტით შეჩერდა და უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.

      ალ კაბირი ნელა ჩავიდა ცხენიდან და ჯადარს წაჩოქება ანიშნა.
უხმოდ გადმოვძვერი. რაკი ფეხები არ მემორჩილებოდა, იქვე ქვიშაზე დავჯექი. ჩხაკუნის ხმაზე ნახშირმა ნაპერწკალი გაყარა,  ლოდებს შორის ჩაიმალა,  წითლად ავარვარდა და ყველაფერს კონტური მიახატა.  ალ კაბირმა ზემოდანაც ლოდი გადააფარა ნაღვერდალს, ცხენს ლაგამში წაავლო ხელი და ჩემგან მოშორებით აქეთ-იქეთ ატარა სანამ ოფლი მთლად არ შეაშრა. შემდეგ ჰაიჰარად  გაწმინდა  ჯადარი და თეთრი მტვერი მოაშორა. ოთხივე ფეხზე ცალკ-ცალკე გაუსინჯა ნალები, კისერზე მოეფერა და ანაბსიები პეშვით მიაწოდა. იდგა და თავდახრილი დასქეროდა როგორ ახრამუნებდა მისი ხელით  მიწოდებულ ლუკმას, შემორჩენილი წყალი ცხენს მთლიანად დაალევინა და ტყავის გუდა ხურჯინში ჩაკეცა. 

მომეჩვენა, რომ ჩვეულზე მეტი დრო მოანდომა ცხენის მოვლას, მაგრამ  არ ჩქარობდა. გეოლოგის ზურგჩანთას მიუბრუნდა და ამოალგა.  რაღაც ნივთები გადახვია და სხვა მხარეს ჩადო. დანარჩენები მეორე მხარეს მჭიდროდ ჩაალაგა.  ხურჯინიდან ადრარის დატოვებული ფუთა ამოიღო და გაშალა. ჯერ ლურჯი ხალათი მოიცვა გალაბაზე, ზედ იმავე  ფერის  ნაჭრის ფართე ქამარი მოიხვია.  ხანჯალმა და დანამ ქამარში დაიდეს  ბინა, ზედ ავტომატის მჭიდები მიჰყვა. ბოლოს  ლისამი გაშალა და თავზე მოხვევა დაიწყო. ქვიშაზე მშვიდად ვიჯექი და მზადებას ვუცქერდი. ახლა ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ  ტუარეგების ადათის მიხედვით, ორმოცი მკლავის სიგრძე ლისამის თავზე მოხვევას მაინც კარგა დრო დასჭირდა. მალე  ჩემს წინ ნამდვილი ლურჯი მოჩვენება იდგა და თავზე მოხვეული საბურავიდან  მხოლოდ თვალები უჩანდა. უცბად თეთრ სოკოსთან დატრიალებული ამბავი დამიდგა თვალწინ და  შიშისგან უკან დავიწიე.

ტუარეგად ქცეული,  ინდიგოსფერ სამოსში გადაცმული ალ კაბირი, აღნაგობით და სიმაღლით ადრარს  მართლაც ისე  დაემსგავსა,  ჩემთვისაც კი ძნელი გასარჩევი იყო ღამის სიბნელეში... მაგრამ  ყველა სხვა დანარჩენით იმდენად განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. ადრარის მოძრაობა და ნაბიჯი, ძალიან უხეში, ბლაგვი  და მძიმე იყო,  ალ კაბირის კი ძალიან მოქნილი და ზუსტი.

წყალი  მოსვა და გუდა გამომიწოდა, მანიშნა ბოლომდე დამელია. თვითონ პირი მექასკენ იბრუნა, დაიჩოქა და თავდახრილი გაირინდა. უცებ მივხვდი რომ  წყალი აღარ გვჭირდებოდა. თუ ტუარეგებს ვერ გავუსხლტებოდით, რაღაში გვინდოდა,  თუ ოაზისში შევაღწევდით იქ წყლის დარდი აღარ უნდა გვქონოდა.  ახლა უკვე მთელი სხეულით ვიგრძენი ჩემი გზის დასასრული...  ფორიაქი შემომენთო, წამის წინანდელი სიმშვიდე ქვიშამ წყალივით შეიწოვა და მისგან აღარაფერი დარჩა. ისიც ვიგრძენი რომ  თვითონაც ღელავდა,  თუმცა  ჩვეულ თავშეკავებას წამითაც არ უღალატია. ბოლოს სახეზე ხელები მოისვა და ფეხზე ადგა, შემსუბუქებული ხურჯინი ცხენზე გადაკიდა და ჩემსკენ მობრუნდა: 

    - უკვე იცი რომ ტუარეგები ქვიშაში გათხრილ ორმოებში იმალებიან და ზემოდან ქვიშას იყრიან... 
    - ჰო... გუშინ  რომ ვნახე, როგორ ამოდიოდნენ ბზრიალ-ტრიალით მიწიდან... ასე მეგონა მკვდრებმა საფლავები გამოარღვიეს... 

    - ახლა აქლემებიანად იქნებიან ჩამარხული. როგორც კი ოაზისს მივუახლოვდებით, სამარხებიდან  პირდაპირ აქლემებზე ამხედრებულები დაიწყებენ ამოსვლას.  შენთვის ეს თავზარდამცემი იქნება,  მაგრამ ჰილალესთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ამბავია.  მეც ხშირად მოვქცეულვარ ასე ანტილოპაზე ნადირობისას. ამიტომ შიში არ უნდა დაგეტყოს, თორემ მიხვდებიან რომ ამენოკალია არ ხარ.  - სიბნელეშიც კი ნათლად გაიკრიალეს მისმა თვალებმა.

    -  ესე იგი  ვერ ავცდებით საფარს... 
    - მათ კარგად ვიცნობ.  ნამდვილად გველოდებიან. ამენოკალიას ბოროტი ხარხარი მენიშნა. მივხვდი რომ მისმა ხალხმა გადაგვასწრო და საფრთხე ნამდვილად გველის.  ყველა დაბალი,  ქვიშიანი ბორცვი მათი სამალავი იქნება. როგორც კი მიწიდან ამოვლენ,  მაშინვე ალყაში მოგვიქცევენ. ეს ბოლო ხიფათია და ამასაც გადავლახავთ. მთავარია შენ გეჭიროს თავი ამენოკალიასავით!.. არაფერი უპასუხო.  გახსოვდეს, ისინი ამენოკალიასთვის არაფერს წარმოადგენენ!..

    -  თუ მაინც მომიწია?
    - მაშინ თამაჟეკზე* უნდა დაიყვირო "მუხლებზე უდაბნოს მონებო!"  ყველა ტუარეგი  ჩამოქვეითდება და  ამენოკალიას წინაშე მუხლს მოიყრის...
    - ...მახსოვს როგორ ყვიროდა იქ, სოფელში... იქნებ ეს გამოსავალია...
    - არა...  ამ ბრძანებას მხოლოდ ტუარეგები დაემორჩილებიან, იქ უფრო მეტი  დაქირავებული ყაჩაღი იქნება. ისინი უფრო საშიშები არიან ვიდრე ტუარეგები. თუ ოაზისის დარბევის საშუალება არ მიეცათ, შეიძლება  ტუარეგებს დაესხმიან თავს.  თუ მე მათი  შეჩერება მომიწევს,  რაც არ უნდა მოხდეს, ცხენზე უნდა დარჩე და გზა გააგრძელო.  როგორც კი გუავას** ბაღებს გაცდები, პალმის კორომი შეგხვდება. მკვეთრად უნდა მოუხვიო მარჯვნივ,  ჯადარმა გზა იცის და სახლამდე მიგიყვანს.

      - ვის სახლამდე...
      - ფარაფრაში ჩემს მამულს ”მაჰა” ჰქვია. იქ  ჩემი ხალხია,  ოჯახები ვინც მამულში შრომობენ. ჯადარის დანახვაზე ყველა კარი გაიღება, მაშინვე მოგეგებებიან. თავდასხმა შეატყობინე და  ხალხი გამოგზავნე.  მამულში არ გაჩერდე,  ელ კასრში* წადი პოლიციის შენობა მოძებნე.  საელჩოს უნდა დაუკავშირდნენ. იქნებ მოხერხდეს  და  ვერტმფრენით გაგიშვან. როგორც კი ინათებს, საჰარა უნდა დატოვო... კაიროდან წამოსულ ვერტმფრენს შეიძლება  ქვიშის ქარიშხალმა მოუსწროს...

    - ისევ საფრთხე, ისევ ხიფათი... აკი შენ არ გიმეტებდა...
    -  ვერ დავუშვებ რომ ოაზისი დაარბიონ და ხალხი გაწყვიტონ... ბევრი რამე შენზე და ჯადარის სისწრაფეზეა  დამოკიდებული.  უნდა შეძლო! ეს ჩემი მთავარი დავალებაა! სინამდვილისთვის თვალის გასწორება  არ გიჭირს, ეს კი გამოსავლის პოვნაა.
    -  ჰილალეს მიზნები და სურვილი სწორედ ახლა გამოგვადგება, თუ მათ ამ მიზნებს გაუცხადებ, ადვილად დაიჯერებენ და იქნებ გავაღწიოთ... 
    - მტრის იარაღით ბრძოლა ყველაზე გონივრულია... შენი  ლოგიკა ყოველთვის საღია, აზრი სხარტი. შენი მტრის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი... -  მზერა გაუთბა, მის თვალებში დანთებული მთვარე მზედ იქცა და ისევ დავინახე ათასფრად მოლივლივე სამყარო.
    - აქამდე მტერი არც მყოლია. არც კი ვიცოდი  რა შეეძლო მტერს. მეშინია...
    - შაითნის დერეფნის შემდეგ ეს ხიფათი არაფერია...
    - მძიმე ღამე გველის, ღმერთო შეგვეწიე!  ხელი მოგვიმართე ! - პირჯვარი გადავიწერე.
    - დიდი ალლაჰის წყალობით ყველაფერი გამოვა!
    -  უფალი შეგვეწიოს!!!
    - ინშალაჰჰ!

    ალ კაბირმა თვალებში მხოლოდ მთვარე ჩაიტოვა და საუბრის დასრულების ნიშნად თავი დამიკრა. მოსხლეტილი სხეულით სწრაფად მოტრიალდა,  მხარზე  ჩანთა გადაიკიდა, ხელში იარაღი მოიმარჯვა და ცხენს  ყურში რაღაც უთხრა, ჯადარი ოთხივე ფეხით სოლივით დაერჭო ქვიშას და პატრონს თავდახრილმა მოუსმინა. ყველაფერი მზად იყო.
ამხედრება მანიშნეს. ჯადარი ჩემთან მოვარდა და წინა ფეხებზე ჩაიჩოქა. მეუცნაურა ალ კაბირის საქციელი. სანამ ფეხები მემორჩილებოდნენ  უნაგირზე ასასვლელად მუხლს მაშველებდა, მერე ცხენზე თავად მსვავდა, ახლა კი თვითონ უნდა შევმჯდარიყავი. ადვილად მივუხვდი... შეხებას თავი აარიდა, არ უნდოდა რამეს, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს,  მისი გული და გონება აემღვრია.  უხმოდ მოვეხვიე ჯადარს კისერზე  და ზურგზე მოვექეცი.  ტკივილმა ძვლებში დამიარა და გულისკოვზთან გაიჭედა. არ დამიკვნესია, არც რამით გამიმჟღავნებია სიმწარე, ცრემლიც სადღაც, გულს უკან შევაკავე და ცხენზე გავსწორდი.

თვითონაც სწრაფად ამხედრდა. შეთხელებული, მაგრამ მაინც მოზრდილი ზურგჩანთა ჩვენს შორის ჩამოწვა და ხელებით მხოლოდ ქამარს ჩავეჭიდე. მისმა შემდეგმა მოქმედებამ კიდევ უფრო გამაკვირვა, ჯადარს ფერდებში ქუსლი ჰკრა.  მოულოდნელობისგან ცხენი ყალყზე შედგა, მაგრამ პატრონმა დაჭიხვინება არ აცალა და ხმადაბლა  შეუძახა.  ჯადარი მიწას აღარ დაბრუნებია, პირდაპირ ჰაერში ისკუპა და რკალი მოხაზა. უკან ასვეტილმა ქვიშის მტვერმა მისი მოძრაობა გაიმეორა და ჰაერში გაიშალა.  მკვეთრი ბიძგით დაუბრუნდა ცხენი მიწას.  ჯადარი ახლა  სულ სხვანაირად მოძრაობდა, თითქოს ფრთები დაკეცა, მთელი სიმსუბუქე დაკარგა და სიმძიმე შეიძინა. აქამდე ისე მიქროდა,  ქვიშასაც კი არ ეხებოდა. ახლა კი მისი  ფლოქვების მძლავრი თქარუნი  უმოწყალოდ უნგრევდა მიწას გულისფიცარს. 

          მთვარე უკვე თავზე წამოგვდგომოდა, როცა ჰორიზონტზე ნათელი წერტილები გამოჩნდა. უკვე ოაზისს ვუახლოვდებოდით. ფარაფრა თითქოს თავისით მოიწევდა ჩვენსკენ. ალ კაბირმა იარაღი იმარჯვა,  აღვირი მარცხენა ხელში გადაიტანა და ცხენი მიუშვა.  ჯადარი  შავი გრიგალივით გაენთო განათებული ჰორიზონტისკენ. 

რამდენიმე  ბორცვი ნახტომებით გადავიქროლეთ, როგორც კი შუა ადგილს მივაღწიეთ,  ქვიშა უცნაურად ამოძრავდა  და ჩვენს გარშემო ყველა ბორცვი ერთბაშად გაცოცხლდა. მიწამ ჯერ  ერთბაშად დაიგუგუნა, მერე  იძრა და უამრავი ბზარი  აბლაბუდასავით  მოიდო, ბზარები ნაპრალებად იქცნენ და პირი დააღეს. მიწისქვეშეთიდან  საზარელი ღმუილი  და კივილი მოისმა.  თითქოს მეორედ მოსვლის ღამე დადგა, ყველა საფლავი ერთდროულად გადაიხსნა.  უამრავი სამარიდან  საშინელი  ზათქით და გრიალით  ერთბაშად დაიძრნენ აქლემებზე ამხედრებული გვამები.  შემზარავი, ქვიშით თვალებამოვსებული  სახეები,  ცოცხლად ამოდიოდნენ  სამარხებიდან  და  ჩვენსკენ ისე მოიწევდნენ, თითქოს სამი ცოცხალი სულიერის  გაგლეჯვა და გადასანსვლა უნდოდათ.  შიშისგან ერთბაშად დამაზრიალა, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ენა  დამება... შმორის და ობს სუნისგან თავბრუდასხმულმა ძლივს მოვიბრუნე სული.  უკვე  ალყაში ვიყავით...

    ალ კაბირს ცხენი არ შეუჩერებია ზედ მიაგდო მეწინავეს და თამაჟეკზე დაიძახა: 

        -  ამენოკალია დაჭრილია! გზა  მომეცით!

        გვამები  ერთბაშად შეჩოჩქოლდნენ მაგრამ ფეხი არავის მოუცვლია.  ჯადარი ყალყზე შედგა და მძლავრად დაიჭიხვინა. მისმა ჭიხვინმა გონზე მომიყვანა და მოძალებული შიში გულზე დამდგარი ლუკასავით გადავყლაპე.

      - ეს ალ კაბირის ცხენია! პატრონი სად არის?!... - არაბულად გაეპასუხა  მეწინავე.

      - უკან ქარავანი მოდის, ზედ თქვენთვის ნადავლია,  შეხვდით და მიეპატრონეთ. ალ კაბირი  ქარავანს მოჰყვება, ცხენით გამომიშვა, დაჭრილი ამენოკალია მის სახლში ჩქარა უნდა მივიყვანო. - გაისმა პასუხი. 

      - მის სახლში?  ამენოკალია და ალ კაბირი შერიგდნენ? - აშკარა უსიამოვნება გამოხატა მეწინავემ. სხვებსაც ჩოჩქოლმა გადაუარა. არაბულმა ლაპარაკმა საბოლოოდ  გამომარკვია და ალყას დავაკვირდი. ალ კაბირი მართალი აღმოჩნდა, დაქირავებული ყაჩაღი უფრო მეტი იყო ვიდრე ტუარეგი.

      -  როგორც კი ქვიშის ქარიშხალი გადაივლის, ალ კაბირი ყველას  ნიკიაღზე* გეპატიჟებათ,  ამენოკალიაზე ქორწინდება,  ჩვენი ამენოკალი გახდება და სხვა ტომებთან ერთად აზავადისთვის*  დავიწყებთ ბრძოლას, რათა ჩვენი მიწა, წყალი და ურყევი თავისუფლება მოვიპოვოთ! ეს გუშინ გადაწყდა თეთრი სოკოს ქვეშ!

        მოულოდნელი ამბავი მეხივით გავარდა,  წამით სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გაირინდა და მე მომაჩერდა. - თავი ამაყად ავწიე და ცხენზე გავსწორდი...
      - ამენოკალია ვინ დაჭრა! - მკვახედ იკითხა მეწინავემ.
      - პოლონელმა ექიმმა,  ალ დარის მკვლელმა! არაბებთან ერთად  გათოკილი მოჰყავს ალ კაბირს, ქარავანს მოჰყვებიან!
       
ალყა არ ინძრეოდა, გაქვავებული იდგა ჩვენს გარშემო. ავად მომზირალი ნახშირივით შავი, ნაპერწკლიანი თვალები უძრავად შემოგვცქეროდნენ. რამდენიმემ იარაღი დაუშვა, მაგრამ მეწინავეები ისევ იარაღშემართული იდგნენ და დაძვრას არ აპირებდნენ.

      - რამდენ ხანს გელოდოთ! გზა!!!
      - ის უცხოელი ქალი სად არის?!
      - მკვდარია, აქლემზე დაბმული ოაზისში მოაქვთ.
      - აი რატომ შერიგებულან... - გადაიხარხარა მეწინავემ, -  ესე იგი დაიბრუნა ალ კაბირი თქვენმა ამენოკალიამ. ქალი კი არა კაციჭამიაა, ნამდვილი კაციჭამია!
      -  ამენოკალიაზე რაებს ამბობ შე აქლემის კურტანო!..  ცოტა გადაგიხადა აქ ყოფნისთვის? - მკვახედ გაეპასუხა ვიღაც  მეწინავე არაბს და მძლავრად უბიძგა.  ყველამ ერთბაშად შეაყენა  ჩახმახი და  მომხვდურები  წამში გაიყვნენ ორად. ერთ მხარეს  ტუარეგები დადგნენ, მოპირდაპირედ - ყაჩაღები.  ოცდაათამდე იარაღმომარჯვებული  მხედარი ერთმანეთს ავად შეჩერებოდა, მათ შორის კი ჩვენ ვიდექით.       

      - კარგი ამბის მომტანი ხარ ადრარ!  ალ კაბირი არ გვემეტებოდა, არც იმ გოგოს  სისხლში გვინდოდა ხელის გასვრა. ყველაფერი იმაზე უკეთესად დასრულდა ვიდრე ველოდით!  რჩეული ვაჟკაცი ჩვენი ამენოკალი იქნება,  გვეშველება,  ბავშვები ისწავლიან, აღარც ავადმყოფობა მოგვცელავს, აღარც შიმშილი და წყურვილი. მკვლელიც შეგიპყრიათ, ჩვენი საქმე გაგიკეთებიათ... მადლობის მეტი რა გვეთქმის... წადი და იარე. აღარ გვინდა ისევ შევრცხვეთ ალ კაბირთან. - თქვა ტუარეგების მეთაურმა და რაზმიანად უკან დაიწია.

        - ეს საქმე ასე ადვილად არ გამოვა...აქედან ხელცარიელები არ წავალთ, გასამრჯელო დაგვიმატე, თორემ ოაზისის დარბევაზე თქვენი ამენოკალიას ნებართვა არ გვჭირდება! - დაიყვირა ყაჩაღების მეთაურმა და მომხრეებს ხელი აუქნია. საბრძოლო ყიჟინას იარაღის ჟღარუნი მოჰყვა.

ალ კაბირმა  უბიდან რაღაც ტყავში გამოკრული სწრაფად ამოიღო და ხელი მაღლა ასწია. 

        - ეს ალმასებია! ალ კაბირმა გამომატანა თქვენთან! ყოველ თქვენგანს ხუთი ცალი შეხვდება, ორი ან სამი წელი ნამდვილად გეყოფათ ამისი ფული. ოაზისს თუ დაარბევთ, ბედუინებს გადაიკიდებთ და არ გაგახარებენ, ქალების და ბავშვების ამოწყვეტას არ შეგარჩენენ, არც იმის გარჩევას დაიწყებენ ვინ ტუარეგია და ვინ არა.  აღარც ნიკიაღი შედგება! მტრობა და სისხლი გამეფდება.  ჯობია საჩუქარს დასჯერდეთ. ალმასებს მაშინ მიიღებთ, როცა ოაზისში შევალ! ორი კაცი  გამომყვეს, ერთი თქვენგან,  მეორე თქვენგან,  დანარჩენები აქ დარჩით და ქარავანს დაელოდეთ!  - სათითაოდ გაიშვირა ხელი ორივე ჯგუფისკენ და ცხენი ზედ მიაგდო მეწინავეებს. 

        ყაჩაღებმა ძალაუნებურად დაიხიეს უკან და  ჯადარი ოაზისისკენ გაიჭრა.  ორი აქლემი ფეხდაფეხ  მოგვყვა.  ხალხის ჯგუფს კარგა მანძილზე  ვიყავით გამოცილებული, როცა ჩემს ზურგს უკან იარაღმა იჭექა და მიწაზე სხეულის დაცემის ყრუ ხმა მოიყოლა. მიუბრუნებლადაც მივხვდი რომ ყაჩაღმა ტუარეგი მოკლა. გასროლის ხმაზე ბედაური ყალყზე შედგა და ჰარეშივე მობრუნდა. ალ კაბირის ხელში იარაღმა იჭექა და პირდაპირ შუბლი შეუნგრია ყაჩაღს. გვამი უნაგირიდან გადმოეკიდა,  შეშინებულმა აქლემმა პირი იბრუნა და უდაბნოს მისცა თავი.  ჯადარმა ძველებურად შეისხა ფრთები. გაქცეულ აქლემს თვალი გავაყოლე, ზედ მოქანავე ყაჩაღის დაკრუნჩხული სხეული უგზოუკვლოდ მიქროდა მთვარით განათებულ უდაბნოში.

    - ღმერთო დაგვეხმარე, გვიშველე! - გავიფიქრე და თვალები მაგრად დავხუჭე.

    მალე უცნაურმა სურნელმა ხელახლა დამახვია თავბრუ. მივხვდი, უკვე ოაზისში ვიყავით.  გადაფეთქილი ყანები  სწრაფად ჩამოვიტოვეთ უკან და ხეხილის ბაღებისკენ შევბრუნდით.  ჯადარმა პირდაპირ  გუავას ბაღში ისკუპ.  ალ კაბირი სწრაფად ჩამოხტა,    ვაზნებიანი ფუთა ამოღო და შემსუბუქებული ჩანთა ხელში მომაწოდა. უსიტყვოდ მანიშნა ზურგზე მომეკიდებინა და გზა გამეგრძელებინა.  ჯადარს შუბლზე ხელი ჩამოუსვა და ერთი სიტყვა უთხრა „მაჰა“. ცხენმა დაიფრუტუნა, სწრაფად შებრუნდა და გზაზე ისარივით გაფრინდა. 

      უცბად გონებაში გამიელვა რომ  ალ კაბირს ვერასოდეს ვეღარ ვნახავდი და  წარმოუდგენელი წუხილი შემომენთო, ზურგსუკან გავიხედე, მინდოდა კიდევ ერთხელ მომეკრა თვალი მაგრამ მოქანავე ტოტების გარდა ვერაფერი დავინახე.  ჯადარის ჩუმმა ჭიხვინმა გზისკენ მიმაბრუნა.  ახლა მხოლოდ ალ კაბირის დავალება უნდა შემესრულებინა რაც შეიძლება სწრაფად. 
               
          შემსუბუქებული ცხენი ქარიშხლად იქცა. მივქროდი და ღამეს ვუსმენდი.  ჯერ სიჩუმე იდგა, იმედი მომეცა რომ შეტაკების და სროლის დაწყებამდე მამულში მივასწრებდი და ხალხის გაფრთხილებას შევძლებდი. მაგრამ სადღაც შორს ჯერ ერთი ყრუ გასროლა გავიგონე, რომელსაც მეორე და მესამე მოჰყვა, უფრო ახლოდან საპასუხო სროლა გაისმა.  გული ისე მომეწურა, თითქოს ვიღაცას მუშტში ეჭირა და მთელი ძალღონით  უპირებდა გასრესვას. 

          - გაფრინდი ჯადარ! ჩქარა მეგობარო, ჩქარა! - თითქმის ტირილით შევკივლე მთვარეს. 

ჯადარმა ამოიფრთქვინა და მთვარის სხივზე შეფრინდა.  წარმოუდგენელი სისწრაფით გავიქროლე ნათელდაფენილი ხორბლის, ქერის და ჭვავის ყანები, ბოსტნები და ბაღჩები. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ვაშლის,  ფორთოხლის, ლიმონის,  და სუდანის ვარდის საოცარი არომატები.  რაღაცამ გზა გადაგვიღობა.  ეს ჭიშკარი იყო, ვეება, მძიმე ხის ჭიშკარი. ჯადარი ყალყზე შედგა,  მძლავრად დაიჭიხვინა და  წინა ფეხებით ზედ მიაწყდა.  საკეტმა დაიღრჭიალა, ანჯამებმა დაიჟღრიალეს,  ჭიშკარმა ფრთებივით მოიქნია ორივე კარი  და გვიგანა. ცხენი გრიგალივით შევარდა თვალუწვდენელი გალავნით შემოსაზღვრეულ ეზოში, ქვით მოკირწყლული გზა აჩრდილივით გაიქროლა,  სახლის  ყალყზე შედგა და მთელი ძალით დაიჭიხვინა.   

        -  ყაჩაღების თავდასხმა!  ყაჩაღების თავდასხმა!!! - ვიკივლე რაც ძალი და ღონე მქონდა...

          მის ხმაზე თუ ჩემს კივილზე ბანზე ყველა ჩირაღდანი ერთბაშად აინთო, სახლი მთლად განათდა და ჩემს წინ მძიმე კარი გაიღო. ზღურბლზე მაღალი, ჯანმაგარი ჭარმაგი მამაკაცი გამოვიდა და ჩემს შეშლილ სახეზე თავზარი დაინახა თუ არა ხმამაღლა დაიძახა: 
      - ყველა გამოდით! იარაღი აისხით!!! -  მკაცრად გაიჟღერა ჩემსკენ მობრუნებული მასპინძლის ბარიტონმა და მიწაზე დაშვებულ ჯადარს ლაგამში ხელი სტაცა. ცხენს კისერზე მოვეხვიე და მისი ზურგიდან სწრაფად ჩამოვცურდი, ჩანთა თავისით მომძვრა მხრებიდან და მიწაზე დავარდა.

            - ჯადარი?! ალ კაბირი რა იქნა...  ცოცხალია?! 
პასუხად ავტომატის ჯერი გაისმა. 
        - ცოცხალია, ყაჩაღებს იგერიებს, მარტოა,  ცხენით გამომიშვა, მაშველს დაუძახეო!  მიეშველეთ, გემუდარებით... 

          კაცი  კარისკენ მიტრიალდა და ხმამაღლა დაიძახა. წინკარიდან რამდენიმე  ახალგაზრდა ვაჟი სხარტად გამოვარდა. ყურადღებით მოისმინეს მოკლე დავალება და ღამეს სწრაფად შეერივნენ.
 
        სახლის ფლიგელებიდან  ხალხი გამოცვივდა. მამაკაცები გზადაგზა ისხამდნენ იარაღს  ბაღებისკენ გარბოდნენ. 

        - ყაჩაღები! ყაჩაღების თავდასხმა!!! - გზადაგზა გასძახოდნენ მძინარე სახლებს. დასახლება სწრაფად იღვიძებდა, სინათლეები ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდნენ და ეზოები ხალხით ივსებოდა. ვიღაცამ ცხენს აღვირში ხელი ჩაავლო და მიაბრუნა. ჯადარის კისერი მკლავებიდან გამისხლტა. წაბარბაცებულმა დაცემისგან ძლივს შევიკავე თავი და  მასპინძელს შევაჩერდი. 

ძლიერი აღნაგობის ჭარმაგმა მამაკაცმა, ჯერ ქვიშის მტვერში თეთრად  ამოგანგლულ და გაოფლილ ჯადარს შეავლო თვალი და მერე მე დამაცქერდა. მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი თვალები გაიარა და  კეფაზე მომწვდა. მეგონა რამეს მკითხავდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, არც შევუთვალიერებივარ, მხოლოდ თვალებში მიცქერდა, რაღაცნაირად, ყურადღებით, დაკვირვებით, თითქოს ჩემს გონებაში ყველაფერს ისედაც  ნათლად კითხულობდა ყოველგვარი შეკითხვის გარეშე. 
                       
სახლის წინ მოწყვეტით გაჩერდა სამხედრო ავტომობილი და მასპინძელი მათკენ მიბრუნდა.
მიწაზე ისე ჩავიკეცე, თითქოს აქამდე  მისი  გამჭოლი მზერა მიჭერდა  ფეხზე და ახლა საყრდენი ერთბაშად გამომაცალეს. 
        -მიეშველეთ, გთხოვთ... მარტოა ... - ანგარიშმიუცემლად ვიმეორებდი ერთი და იგივეს.

მანქანიდან  სწრაფად გადმოვიდა ფორმიანი კაცი და ჩვენსკენ წამოვიდა.
          - ჰა'დრათიკ* ალიშერ, მადლობა ამბავი რომ შეგვატყობინე! სამხედრო ნაწილიდან ორი შენაერთი უკვე იქაა. ყაჩაღები ფარაფრას ყველა შემოსასვლელთან არიან, ორი კვირის წინ მოძრაობა შევნიშნეთ, მაგრამ ოაზისში არავინ შემოსულა შენი ოჯახის მეტი.  ცხენი დავინახეთ, ჭენებით მოდიოდა, თქვენს მამულში შემოვიდა და იმიტომ მოვედი.  ხომ მშვიდობაა? 
          - ალ კაბირმა ცხენით მაცნე გამოუშვა და თავდასხმა შეგვატყობინა.
          -  აქ არის?
          - თავდასხმას  იგერიებს გუავას ბაღებთან...მარტო. 
          - ესე იგი ჩვენი მხრიდან მისი საპასუხო სროლა ისმის. არ იღელვოთ...
          - ალ ბეკბააში*, შვილი, შვილი ცოცხალი მომიყვანე!!! 
          - რა თქმა უნდა ჰა'დრათიკ...ხალხი დაამშვიდე, ნუ შეშინდებიან, მაგრამ ბედუინები მაინც ფეხზე დააყენე, პერიმეტრი დაიცვან!  - უპასუხა სამხედრომ და მანქანისკენ მიბრუნდა.  მასპინძელმა შვებით ამოისუნთქა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია და ხელით ანიშნა მამაკაცებს გალავანზე განაწილებულიყვნენ. 

უცებ ჩემი თავი გამახსენდა და გონება გამესხნა...
            - ტელეფონი, პოლიცია... გთხოვთ, დამეხმარეთ! მიშველეთ, შემიფარეთ, მოსაკლავად მომდევენ... - მასპინძელი ისევ  ჩემსკენ მობრუნდა.
            -  გთხოვთ სამხედროსთან დალაპარაკების უფლება მომეცით...ძალიან გთხოვთ!- მასპინძელმა ხელით უხმოდ მანიშნა ნებართვა.

    სამხედრო პირი  ჩემსკენ მობრუნდა და ყურადღებით დამაცქერდა.

      -  ალ ბეკბააში, მე კაიროდან ვარ! საჰარაში დავიკარგე და პოლიცია ალბათ  თვეზე მეტია მეძებს, ელ კასრის პოლიციას დაუკავშირდით,  ჟეორჟიას საელჩოს შეატყობინონ რომ  ცოცხალი ვარ და აქედან  წამიყვანონ ან იქნებ, თქვენ დამეხმაროთ და ვერტმფრენით გამგზავნოთ კაიროში... დამეხმარეთ,  მიშველეთ, ტუარეგები მოსაკლავად მომდევენ... 

      - როგორ?!  ის დაკარგული გოგონა გორგისტანიდან, თქვენ ხართ?  წარმოუდგენელია...  ცოცხალი ხართ!!!  თქვენზე ძებნაა გამოცხადებული. რამდენი ხანია გეძებთ,  მთელი გზა კაიროდან ბაჰარიამდე რამდენჯერმე მოვიარეთ, კვალიც კი ვერ ვიპოვეთ... აქ თქვენს საძებნელად ვართ. თქვენი მოძებნა გვთხოვეს და საველე სწავლებაზე გამოგვიგვიშვეს.  მიხარია რომ გადარჩით, პოლიცია და ტელეფონი საჭირო არ არის, ახლავე რაციით შევატყობინებ კაიროს... დაჭრილი ხართ?! სამხედრო ნაწილიდან  ექიმს გამოვიძახებ. მოგხედავენ, ახლა აღარაფერი გიჭირთ...- გახარებული სამხედრო მასპინძელს მიუბრუნდა:

    -  ეს ქალი უცხოელი ელჩის ოჯახის წევრია. კარგა ხანია ვეძებთ როგორც უგზოუკვლოდ დაკარგულს, გთხოვთ,  მიიღეთ როგორც საპატიო სტუმარი და გაუფრთხილდით. სასწრაფოდ წავიყვანთ აქედან, ოღონდ ჯერ თავდასხმას მოვიგერიებთ! 
      - მეც  წამოვალ. ქალს ახლავე მიხედავენ როგორც საჭიროა...
       
ვიღაცამ წყალი მომაწოდა, ვიღაც მხარში შემიდგა და ფეხზე წამომაყენა, ვიღაცამ ხალათი მომახურა...

      - ქალი სახლში შეიყვანეთ, კარი და დარაბები  მაგრად ჩაკეტეთ! ფანჯრებთან ახლოს არ მიხვიდეთ!  - უთხრა მასპინძელმა კარში გამოცვენილ ქალებს  და სამხედრო  მანქანისკენ პოლკოვნკითან ერთად გაიქცა.     

ქალები აჩოჩქოლდნენ, წინ მაღალი ქალი გამოვიდა, მიწაზე დავარდნილი ჩანთა ფრთხილად აიღო, გულზე მიიხუტა  და დანარჩენებს მიუბრუნდა:

      -  სტუმარს მიხედეთ, აბანო გაახურეთ, სამოსი და საჭმელი მოუმზადეთ, ცხელი კარკადე დაალევინეთ, ოთახში ცეცხლი დაანთეთ და ლოგინი გაუშალეთ... 

სახლისკენ მიმავალს ზურგსუკან  მესმოდა როგორ გადასცემდა პოლკოვნიკი კაიროს  ჩემი პოვნის ამბავს, როგორ ატყობინებდა ყაჩაღების თავდასხმის შესახებ და მოგერიების ნებართვას ითხოვდა, როგორ  დაიღმუვლა  მანქანის ძრავმა და როგორ გაიჭრა მანქანა ეზოდან.   

          მთლად ძალაგამოცლილი,  წინკარში კედელს მივეყრდენი, კედელ-კედელ რამდენიმე ნაბიჯი გავიარე, იატაკზე დავეშვი და ავტირდი. თვალწინ ყველაფერმა ერთბაშად გამირბინა: ჩემს დაკარგვამ,  შიშიანმა დღეებმა  და ღამეებმა, საჰარას მცხუნვარე მზემ, ჰამადის გადახურებულმა  კლდეებმა,  მხურვალე და მწველმა ქვიშამ,  ცივმა,  სუსხიანმა ღამეებმა, წარმოუდგენელმა, მუდმივმა წყურვილმა, შიმშილმა და დაუსრულებელმა თავზარმა. ვტიროდი ჩემს უცნაურ და მოულოდნელ შეხვედრას წარმოუდგენელი თვისებების მქონე ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა და  ჩემი დაუჯერებელი  თავგადასავალი  თავისი სისხლის ფასად დააწერა მკერდზე უკიდეგანო საჰარას. ვუმადლოდი გადარჩენილ სიცოცხლეს, ჩემების სიხარულს, ჩემს მომავალს, რომელიც მის გარეშე არ იარსებებდა,  ვტიროდი  სულ სხვანაირად, ვიდრე ოდესმე  მიტირია, მთელი სულით ვტიროდი  ყველა აქამდე ნატირალს...
 
      ჩემს წინ ახალგაზრდა გოგონამ დაიჩოქა და ქვიშიან თმაზე ხელი გადამისვა.  თავი ავწიე და როგორც იქნა სადღაც ცრემლებს მიღმა მისი ნაზი  სახე დავინახე.  ნათელი,  წარმოუდგენლად ლამაზი, წყლით სავსე მწვანე თვალები მშვიდად შემომცქეროდნენ.
      - მე რიფა მქვია... შენ? -  ნიავით შერხეული ფოთლებივით ჩაიშრიალეს მისმა სიტყვებმა.
      - ნილნა... - ვუპასუხე ჩურჩულით და მაშინვე გამახსენდა  როგორ უყვებოდა პოლონელი  არაბებს ტიდიკელდიში  დედა-შვილთან შეხვედრის ამბავს, არწივისთავიან კლდესთან. ისიც გამახსენდა როგორ უთხრა წუთის წინ მასპინძელმა პოკოვნიკს
" შვილი ცოცხალი მომიყვანეო... " და ეჭვიც აღარ შემპარვია რომ ეს წერწეტა გოგონა, ულამაზესი, ნატიფი ხელებით, ალ კაბირის  უმცროსი და უნდა ყოფილიყო, ის მაღალი ქალი, ჩანთა რომ გულზე მიიხუტა მისი გამზრდელი დედა,  ხოლო მამაკაცი, რომელიც სახლის კართან მელაპარაკებოდა მისი მამობილი. 

უცბად გავიაზრე რომ მე,  მის სახლში ვიყავი, მის ჭერქვეშ, მის მშობლებთან და დასთან. თითქოს უნდა დავმშვიდებულიყავი, თავი უსაფრთხოდ უნდა მეგრძნო, მაგრამ პირიქით დამემართა, მთელი სხეულით ამაცახცახა, ნერვებმა მთლად აიწყვიტეს თავი, კბილს კბილზე ვაცემინებდი, ხელები ისე მიკანკალებდა, მოწოდებული ჭიქა ძლივს  გამოვართვი ჩემს წინ დაჩოქილ გოგონას, მაგრამ პირამდე ვერ მივიტანე  და წყალი ხელებზე ჩამომეღვარა.

            ქალიშვილს დედა მიეშველა და ფეხზე წამომაყენეს,  ოთახში შემიყვანეს და ვეებერთელა ღია მწვანე ხალიჩაზე გაშლილ ბალიშებზე დამსვეს თბილად მოღუღუნე ღუმელთან. დაბალ, სამფეხა მაგიდაზე წყლიანი ჭურჭელი, გუავას წვენი და ხილით სავსე ლანგარი დადგეს... კრიჭაშეკრული შევცქეროდი წყალს.  მისი დალევა არ შემეძლო. მთელი ეს დრო წყალი მენატრებოდა, ახლა კი წინ მედგა და ვერ ვეკარებოდი.  თითქოს ყველაფერს გამოვეთიშე. უცნაური გარინდებამ მომიცვა და ბურანში გამახვია. ჩემს მიღმა, თითქოს სხვა სამყაროდან ვხედავდი  როგორ გაიშალა არაბულ  ტახტზე ლოგინი,  აბრეშუმის ქათქათა თეთრეულმა თვალი ისე მომჭრა, მზერა ავარიდე. სიფრიფანა რიფამ საწოლზე ახალი სამოსი გაშალა, ფერმკრთალი ვარდისფერი ულამაზესი კაბა, იმავე ფერის მოქარგული  ხიჯაბი და უნაზესი ვუალი, რომელიც სუნთქვაზე შორიდანაც კი ირხეოდა. შრიალით ჩამიარა და ოთახის მეორე კარი შეაღო. კარიდან სითბო და  წყლის ხმაური შემოიჭრა. ჩუმად შეიტანა ვეებერთელა ბამბის პირსახოცი, სავარცხელი, სურნელოვანი  საპნები და ღრუბელი. ჩემსკენ შემობრუნდა, თავი დამიკრა, ოთახიდან გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა. 

ეზოში ჩოჩქოლი იზრდდებოდა.  ქალები ყაჩაღებს წყევლიდნენ და  ალლაჰს ევედრებოდნენ ქმარ-შვილის მშვიდობით მობრუნებას. შორიდან გამუდმებული სროლა ისმოდა და ხალხის ბრაზი მატულობდა. მე გაუნძრევლად ვიჯექი და მხოლოდ ალ კაბირის ხმის გაგონებას ველოდი. სროლის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა, როცა ეზოში რამდენიმე მანქანა გუგუნით შემოვარდა.  ქალების სიხარულიანმა შეძახილებმა მიმახვედრა რომ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა და  კაცები  უკან ბურნდებოდნენ.  სახლის კარი გაიღო და ეზოს ხმაური სახლში შემოიჭრა. წინკარიდან მასპინძლის ხმა გავიგონე, ქალებს ეძახდა. 

        - შვილო, როგორც იქნა გამოჩნდი, ცოცხალი და უვნებელი დაგვიბრუნდი, როგორ ვღელავდით, ტიდიკელტიში ვეღარ გავჩერდით და მამაშენმა ფარაფრაში ჩამოგვიყვანა.  -  გავიგონე დიასახლისის ხმა.
        - კარგად ვარ დედა, არ შეგეშინდეს, მიხარია დედა აქ რომ დამხვდით, არ გელოდით!  ნუ ტირი დედა, მამა რომ დავინახე, ჩემი მომრევი ვიღა იყო... რიფა, დაიკო, ჩემო ყვავილო... აქ  მადლობა ალლაჰს რომ ყველა ერთად შეგვყარა!..  -  მესმოდა ალ კაბირის სიხარულით სავსე სიტყვები და დაუნახავადაც ვხედავდი როგორ იხუტებდა გულში თავის ოჯახს. უცებ გავიფიქრე რა საშინელება იქნებოდა, პირიქით რომ მომხდარიყო...

      - აქ როგორ აღმოჩნდით მამა,  მე საბადოზე მეგულებოდი! - ისევ გავიგონე თბილი, დაბალი ხმა.
      - შვილო, მავრითანიიდან ამბავი მოვიდა, რომ საჰარას თვალზე გელოგიურ ექსპდიციაში არ ჩასულხარ. ჩვენ იქ გვეგულებოდი.  მივხვდით რაღაც სერიოზული მოხდა და ვეღარ მოვისვენეთ. ქალები ყოველ ღამეს ტირილში ათენებდნენ, არც ის ვიცოდით სად გვეძებნე. ვინ იპოვის ცაში არწივს თუ თვითონ არ მოისურვებს დასანახზე ფრენას. ეგვიპტეში ჩამოსვლა და აქ გაჩერება გადავწყვიტეთ. ფარაფრაში ხშირად შემოდიან ბედუინები, მოგზაურები და ქარავნები, იქნებ ვინმეს ცოდნოდა შენი ამბავი და რამე გაგვეგო. 

      - ალლაჰის წყალობით ისევ ერთად ვართ. სახლში შევიდეთ მამა, ახლა მთავარია სტუმარი კაიროში,  თავის ოჯახში დაბრუნდეს, მასაც ისევე ელიან როგორც მე  მელოდით! 
      - შევიდეთ შვილო, ქალები რამეს მოგვიმზადებენ, ნაწილის მეთაურიც მოვა, პოლიციის უფროსიც, მანამდე დაისვენე.
      - არა მამა, სასაფლაოზე სამარხი უნდა გავჭრათ, ერთი  მოხუცი ქალი გზაში გარდაიცვალა და უნდა დავკრძალოთ. ადრარს  აქლემით მოაქვს მისი გვამი. დავპირდი რომ ყველაფერს მზად დავახვედრებდი და ადათის მიხედვით დავკრძალავდი. -  სიტყვა შეაბრუნა ალ კაბირმა.
      - ახლავე მივხედავ მაგ საქმეს შვილო, ახლავე... 
      - სტუმარი  როგორ არის მამა?
      - რიფამ ოთახი მოუმზადა, ქალების ნახევარშია, ცოტა მოისვენოს სანამ  სამხედრო ნაწილიდან ექიმი მოვა.
      - არა მამა, არავინ მიაკარო, არავითარი ექიმი. დიდი საფრთხე ელის სანამ საჰარაშია... 
      - კარგი შვილო, კარგი!..

კარი მჭიდროდ მიიხურა. სროლა კანტი-კუნტადღა ისმოდა, გარეთ ჩოჩქოლი მინელდა.  წვალებით ავდექი ფეხზე და ფანჯარასთან მივედი. ეზოში ჩუმად და სწრაფად მოძრაობდნენ მამაკაცები,  დავინახე როგორ ავიდა გალავანზე რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი.   

        სააბაზანოში კედელ-კედელ შევედი. ცხელი წყლით სავსე აბაზანამ თვალი და გონება ერთად მომტაცა. მაგრამ გადავწყვიტე მხოლოდ შხაპით მესარგებლა.  დაუსრულებლად ვიხეხავდი სხეულს, თითქოს მინდოდა, მტვერთან და ოფლთან ერთად, ყველა მოგონება, ნატირალი თუ უტირალი ერთად ჩამომერეცხა. ვერ ველეოდი ცხელ წყალს. კარგა ხანს ვიდექი შხაპის ქვეშ. ნელა ვიმშრალებდი თმას და სხეულს, ოთახში მობრუნებულმა სამოსი გადავიცვი, თმა დავივარცხნე და ტახტზე ჩამოვჯექი. ცხელმა წყალმა მომთენთა, დამამშვიდა და რული მომერია.
                                  ...

კარის მიხურვის და ნაბიჯის ხმამ თვლემიდან გამომაფხიზლა. მასპინძლის ხმა გავიგონე, ვიღაც შინ შეიპატიჟა. შემდგ ისევ გაიღო და დაიხურა კარი. განუწყვეტილვ მიდი-მოდიოდა ხალხი, სახლი სამხედრო შტაბად გადაიქცა. ყველა  ნაბიჯი ზედა სართულზე, ზედ ჩემი ოთახის თავზე დაგროვდა.  ალ კაბირის ხმაც მომესმა. სამხედროებს ყველა ყაჩაღი აეყვანათ, მაგრამ ამბობდნენ ვერცერთი ტუარეგი ვერ შევიპყარითო... მესმოდა  როგორ უამბო მოკლედ  ალ კაბირმა, როგორ გადავეყარე უდაბნოში და რაც მას შემდეგ მოხდა. აუხსნა, სად დატოვა გათოკილი პოლონელი, ისიც  უთხრა რომ დილით ადრარს ამენოკალია უნდა მოეყვანა, ამბობდა, რომ ტუარეგებისგან თავის დასაღწევად სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა ეგვიპტე. იქნებ აქ დასრულდეს ყველაფერი და ტუარეგები გორგისტანში აღარ გაეკიდონო... 

რაციის ხმაურმა უცბად მიიპყრო ჩემი ყურადღება. 
 
      - კაიროდან ვერტმფერნი წამოსულა, პირდაპირი ხაზით მოფრინავს უდაბნოთი.  თქვენი კოორდინატები მივეცი, პირდაპირ თქვენს  მამულში დაჯდება. მანამდე ირიჟრაჟებს კიდეც.  ქალს გავგზავნით, მაგრამ მე ახლა უფრო ის პოლონელი და ამეონკალია მაფიქრებს. ტუარეგები ნამდვილი ქაჯები არიან, ჩრდილივით შეუმჩნევლად დადიან. ქალი გარეთ არ გაუშვათ, არც ფანჯარას მიაკაროთ, მასთან მუდმივად ვიღაც იყოს. ახლა მისი მშვიდობიანი დაბრუნება კაიროში ჩვენი მთავარი ამოცანაა. მერე მაგ პოლონელსაც მივხედავთ და მის დამქაშებსაც.  საწვავის მარაგიც დაგვჭირდება ვერტმფრენისთვის, გავალ, საქმეს მივხედავ!  - ხმაზე ის სამხედრო ვიცანი ვინც ჩემი პოვნა რაციით გადასცა.  ნაბიჯების და კარის დახურვის ხმა გავიგონე.  სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას არავინ იღებდა. ბოლოს მასპინძელმა უხერხულად ჩაახველა და დუმილი დაარღვია. 

        -  მადლიერი ვარ სტუმრის შვილო, ორჯერ გადაურჩენიხარ სიკვდილს, ალლაჰმა დალოცოს ისიც და მისი ოჯახიც...  ეს პოლონელი და ამენოკალია რა შაითნის წერად გვექცნენ...
არ მინდა რიფამ რამე შეიტყოს...    ვინ არის ჩვენი სტუმარი, რომელი ქვეყნიდანა, რა ზნისაა?! სიბნელეში ვერ გავარჩიე, თავიდან ამენოკალია მეგონა და არ მეამა. 

      -  ევროპელია. ადრე მისი ქვეყანა რუსეთის ნაწილი იყო,  ახლა ცალკე სახელმწიფოა. 
      -  ალჟირში ამბობენ რომ  რუსის ქალები, ტუარეგი ქალებივით ცხოვრობენ... 
      -  ვიცი რაც უნდა მკითხო მამა და პირდაპირ გეტყვი, არ შევხებივარ... ღირსეულად იქცეოდა და ჩემგანაც იგივე დაიმსახურა.  რუსი არ არის, კავკასიელია,  გორგისტანიდან. ორთოდოქსი ქრისტიანი, მისი ქვეყანა შავი ზღვის პირასაა და თურქეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. აღმოსავლეთ ევროპად ითვლება, მაგრამ ქორწინების გარეშე ქალის და მამაკაცის კავშირი მათთან მიუღებელია. ეგვიპტეში მისი ქვეყნის საელჩოა და ქალი  ელჩის  ოჯახის წევრია. კეთილია, განათლებული, გონიერი და შეუპოვარი, მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ  დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. უცნაურია, მაგრამ მისი მოქმედება ყოველთვის  ერთადერთი სწორი გამოსავლით იყო ნაკარნახევი. ბედის ჯილდოა ასეთი ადამიანი. არ გიმუხთლებს, არ გიღალატებს, ბრმად ენდობა კაცი. რომ გადავერჩინე, საჰარაში უკანასკნელი ყლუპი წყალი ჩემთვის ისე გაიმეტა, არ იცოდა მტერი ვიყავი თუ მოყვარე,  არც ის იცოდა რა ელოდა  ჩემს ხელში ჩავარდნილს... თავადაც იცი, საჰარა ყაჩაღებითაა სავსე.

      -  შენს თვალებში პირველად ვხედავ სევდას.  არც  ქალზე გამიგია შენგან  ასეთი სიტყვები.  ჭეშმარიტი ნათქვამია, თუ მამაკაცს გაიცნობ, ერთ ადამიანს გაიცნობ, თუ ქალს გაიცნობ, მთელ ერს შეიცნობ.*  მაგრამ... ის სხვა ცივილიზაციაში გაიზარდა, სხვა გარემოში.  უდაბნოში  სრულიად შემთხვევით  მოხვედრილა.  მოსაკლავადაც  მოსდევდნენ,  უგზო უკვლოდ დაკარგული,  დამფრთხალი და შეშინებული  შენ გადაგაწყდა. საჰარაში დატრიალებულმა ამბავმა, ხიფათიანმა გარემომ,  ტუარეგების მტრობამ,  სიკვდილის მუდმივმა საფრთხემ სხვანაირი სიმძაფრე შემატა თქვენს ურთიერთობას.  ეს კარგად მესმის შვილო. კარგი იქნება თუ გულს არ აჰყვები. ის ჯერ თავის თავის სამშობლოში, თავის ოჯახში უნდა დაბრუნდეს,  დამშვიდდეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და გონს მოვიდეს. თუ რამე მოსახდენია, მაინც მოხდება.
 
      - ამაზე ფიქრისთვის საჰარაში მთელი ორმოცი დღე მქონდა მამა. მართალი ხარ... გეთანხმები.
      -  ქალის გულისკენ მამაკაცმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ეს მხოლოდ ადათი როდია, ეს მამაკაცზე ალლაჰის მიერ დაკისრებული მოვალეობაა. ჩვენს ოჯახს შეუძლია სხვაგან დასახლდეს, ალჟირში,  კასაბლანკაში, ალექსანდრიაში  ან სულაც ევროპაში.  მაგრამ იცოდე, თუ ახალი გზის პოვნა და მასზე სიარული გინდა, ძველი გზიდან უნდა გადაუხვიო და დაივიწყო... ასეთია არაბული სიბრძნე.  რაიმე გადაწყვეტილება  უნდა მიიღო, ცეცხლმა თუ დასაწვავი ვერაფერი ნახა, თავის თავს ამოწვავსო* ნათქვამია.

      -  მას მხოლოდ აქედან გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება უნდა მამა.    მისთვის ეს ყველაფერზე მთავარია... ესაა მისი არჩევანი, სწორი არჩევანი. მე  მხოლოდ მისი წარსული ვარ,  ცუდი და დასავიწყებლად გამეტებული წარსული. ამიტომ ვიკავებდი თავს, სიახლოვეს გავურბოდი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ჩვენს შორის ისეთი ცეცხლიანი გრიგალი დატრიალდებოდა, საჰარას გადაბუგავდა... და ვეღარასდროს შეველეოდი მამა,  არსად აღარ გავუშვებდი და  გაიქცეოდა... ამას რა მოჰყვებოდა თავადაც იცი...

      - ყველაფერს ეშველება შვილო, ბნელი დრო ხომ აღარ არის. ჩვენ მხოლოდ შენი ბედნიერების ცქერა გვინდა, შენი ოჯახი, შენს გულს წინ არასოდეს გადაუდგება. 
      - როგორ ხართ მამა, რა ხდება საბადოებზე, სახლში, ალჟირში... - საუბარს მხარი უცვალა ალ კაბირმა.
      - საბადოებზე საქმე კარგად მიდის, მაგრამ გადასახადები გასამმაგდა. ერთ პატარა ქაღალდში დიდ თანხას ითხოვენ.  ტიდიკელტიში ხალხს მონებივით უყურებენ, ესენიც დუმან სანამ თავი გააქვთ, მაგრამ ეს ავი დუმილია.  ალჟირიდან ტიდიკელტიმდე მთელი უდაბნოა გამოსავლელი, ცენტრიდან კონტროლი ვერ ხერხდება და უფროსები რასაც უნდათ იმას ჩადიან. ხალხსაც აზარალებენ და ქვეყანასაც. ავი დრო დადგა.

      -  ყველგან შფოთი და არეულობაა. შუა ევროპაშიც კი ქვეყნები რამდენიმე სახელმწიფოდ იხლიჩებიან, ხალხი მცირდება, უფროსების რაოდენობა მატულობს. გადასახადებიც ყველგან იზრდება. მთელ მსოფლიოში ვეღარ ნახავს მშვიდ ადგილს კაცი.  ტუარეგები აჯანყებას და მალიში შეჭრას აპირებენ, მათი სახელმწიფო ჯერ არ შექმნილა და უკვე აზავადი ჰქვია. დიდი სისხლისღვრა ატყდება, ამ საქმეში დიდი ქვეყნები გაერევიან სამხედრო ძალებს და დიდ შეიარაღებას გამოგზავნიან, არ იქნება ადვილი მათთვის ეს ომი, მაგრამ ტუარეგები ცუდი  წინასწარ განწირული არიან დამარცხებისთვის... იქნებ ავსტრალიაში გადავიდეთ მამა  ან სხვაგან სადმე, უფრო  უსაფრთხო ადგილას. ვიფიქროთ, რამე შევარჩიოთ და გადაწყვეტილება  მთელმა ოჯახმა ერთად მივიღოთ... 
      -  ესე იგი ახალ გზას ეძებ...კარგი შვილო. ასე იყოს...მოვიფიქროთ... 
                                                                                     
მიკვირდა, რომ სრულიად უემოციოდ ვუსმენდი ამ საუბარს.  ჩემს ოჯახში და ჩემს სამშობლოში დაბრუნება ჩემთვის ნამდვილად  იყო მთავარი. დანარჩენი ყველაფერი სრულიად უმნიშვნელო და იმდენად პატარად მეჩვენა, ფიქრიც აღარ მინდოდა... მე ხომ აქედან მივდიოდი, მოუბრუნებულად მივდიოდი, ეს კი ყველაფრის დავიწყებაში და სიმშვიდის დაბრუნებაში დამეხმარებოდა. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ  სხვა არაფერი მინდოდა. ჩემს თავს შევატყე რომ მასთან შეხვედრაც აღარ მინდოდა,  უკვე ჩემთვის უცხო გამხდარიყო,  თუმცა ვერ ვხვდებოდი როდის და როგორ მოხდა ეს ან რატომ... უფრო მეტიც, ვგრძნობდი რომ მე უკვე წასული ვიყავი, აქ აღარ ვიყავი და რაც ახლა  ხდებოდა საერთოდ აღარ მეხებოდა...

ცოტა ხანში კარი გაიღო და რამდენიმე ადამიანის ხმა გავიგონე. ერთი მასპინძელს მიესალმა,  პოლიციის უფროსად გაეცნო  და როხროხა ხმით აუწყა, სამხედრო ნაწილიდან ექიმი გამომაყოლესო. მოქნილმა ნაბიჯებმა კიბე სწრაფად ჩამოიარეს და წინკარში გაჩერდნენ.
 
    - ექიმი საჭირო არ არის.  ჩვენი ხალხი ახლავე სამხედრო ნაწილში დააბრუნებს.  დედა, სტუმართან შედი და გვერდიდან არ მოშორდე. 
ჩემი ოთახის კარზე ფრთხილად  დააკაკუნეს და კარი შემოიღო.  ოთახში  თეთრი თავსაბურავით შემოსილი დიასახლისი შემოვიდა, ჩემი  ხიჯაბი ჰაიჰარად მოვიხვიე თავზე და  ფეხზე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ მანიშნა დასვენება გამეგრძელებინა, ხალიჩაზე მოიკეცა და გაირინდა.  მისმა ახლოს ყოფნამ დამამშვიდა, ბალიშზე თავი მივდე და ძილღვიძილმა გამიტყუა.

    ამ უცნაურ გარინდებაში რა დრო გავიდა არ გამიგია. შეძახილებმა აწმყოში დამაბრუნეს.  ჩუმად წამოვდექი ფეხზე და ფანჯრიდან გავიხედე. ეზოში აქლემების ქარავნი შემოსულიყო. ადრარი თავდახრილი უსმენდა სამხედროებს. ჰილალე არსად ჩანდა.  ქალებმა მოხუცი სილის გვამი აქლემიდან ჩამოიღეს და  გასაპატიოსნებლად წაასვენეს.

    - ესე იგი სოკოსთან აღარავინ დაგხვდათ, ჰილალეც გაიქცა, ჰაი შაითან იმრაა...სავსეა საჰარა ყაჩაღებით და  ბანდებით, ყველგან დანაშაული ხდება. ნათელი, სინათლე მოშორდა ადამიანს... რაც არის, არის ადრარ! არა უშავს, როგორმე მოვიხელთებთ ყველას. პოლონელი ახლა კი ნამდვილად გამოჩნდება აქ. ალ ბეკბააში, დამნაშავე თავისი ფეხით მოგვაკითხავს და ქალის მოკვლას შეეცდება,  იცის რომ მისი საქმე დამთავრებულია და შურისძიების სურვილი კლავს! ტუარეგები უკვე ოაზისში იქნებიან შემოსული.  ნეტავ მშვიდობიანად გათენდეს...-  ბრაზმა ამოხეთქა ალ კაბირის ხმაში.
 
        ცას გავხედე, მიწურული მთვარე  სხივნათელს სათითაოდ კრეფდა მიწიდან. მხარზე ხელი შემახეს. დიასახლისმა უსიტყვოდ მანიშნა ფანჯარას მოვშორებოდი. ჩუმად დავემორჩილე და ოთახში შემოვბრუნდი და  გარინდული დავჯექი ხალიჩაზე. ახლა აღარაფერს ვუსმენდი, მხოლოდ ვერტმფრენის ხმას და რიჟრაჟს ველოდი.
ჩემმა სმენამ ჯერ მოლაღურის ჩუმი სტვენა დაიჭირა, შემდეგ ტოროლას გალობა, რომელსაც თითქოს ჩუმი გუგუნი ახშობდა.  ტირილის ხმა მესმოდა, მოხუც სილის მიასვენებდნენ, გული შემეკუმშა, მისი სული ჩუმად შევავედრე ღმერთს. მესმოდა როგორ გაიკრიფა ეზოდან ხალხი. ალბათ სასაფლაოსკენ წავიდნენ.
წამები საუკუნედ იქცნენ და ერთმანეთს ისე ზანტად მისდევდნენ, ლამის მთელი დღე ჭირდებოდა კედლის საათის ისარს ადგილის მოსანაცვლებლად. თითქოს დედამიწა გაჩერდა და აღარ ბრუნავდა, დრო ფეხსაც არ იცვლიდა და მთლიანად გაქრა. ორნიღა ვიყავით,  მე და ათასნაირი ჩუქურთმით მოვარაყებული საათი, რომელსაც თვალმოუცილებლად შევცქეროდი.

        ეზოდან ხმები მომესმა, ხალხი სასაფლაოდან მობრუნდა. მამაკაცებმა თავი ერთად შეიყარეს. მესმოდა ადრარს როგორ უცხადებდნენ სამძიმარს. კარგა დრო გავიდა  სანამ  პანაშვიდი დასრულდა.  ერთბაშად გუგუნი მომესმა,  მოძლიერდა,  ჩემი გონება სმენა და სხეული ერთბაშად მოიცვა. ეს ვერტმფრენის ხმა იყო. ფეხზე წამოვვარდი და კარისკენ ბორძიკით გავიწიე,  ძლივს შევიკავე თავი  ქვის იატაკს რომ არ დავსკდომოდი. დიასახლისი წამოვარდა და მხარზე ხელი მომხვია, მაგრამ ვერ შემაკავა.  კარისკენ გავიწიე, ქალს ხელიდან გავუსხლტი და წინკარში გავვარდი. ვერტმფრენი უკვე სახლის თავზე ტრიალებდა და დასაშვებ ადგილს ეძებდა. მისი ფრთებით ატეხილმა ქარიშხალმა ეზოდან მტვერი ახვეტა და სადღაც გალავანს მიღმა შეაყარა ზეცას. წინკარიდან ეზოში გავვარდი და პალმას მოვეჭიდე. რიჟრაჟი ძალას იკრებდა, მაგრამ ჯერ სახეებს ვერ ვარჩევდი. თავიდან ხიჯაბი მოვიგლიჯე და ჰაერში ავიქნიე.

ვერტმფრენმა დაშვება დაიწყო და ყველაფერი ჩახჩახა  სინათლემ მოიცვა. დღესავით განათდა იქაურობა. ჩემს წინ ადამიანის ჩრდილმა გაიქროლა, თითქოს სახლის ბანზე ვიღაცამ გაირბინა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ ვერტმფრენს შევცქეროდი. სამხედროები ნიშანს აძლევდნენ მფრინავს სად უნდა დაშვებულიყო. დამჯდარიც არ იყო, ღია კარიდან  ვიღაც გადმოხტა და ჩემსკენ გამოიქცა, თვალს არ ვუჯერებდი, ისე როგორც ბავშვობაში, ჩემსკენ  ხელებგაშლილი მორბოდა ჩემი ძმა.  ფეხები საერთოდ დამავიწყდა და მისკენ ბორძიკით გავქანდი. ნაცნობმა მკლავებმა ჰაერში ამიტაცეს და  წრეზე დამატრიალეს.

    - როგორც იქნა, როგორც იქნა! ცოცხალი ხარ, არაფრის შეგეშინდეს, მალე სახლში ვიქნებით! -  მაცოცხლებელ ნაკადულად ჩამომეღვარა მშობლიური ქართული. მისმა მზერამ  შეკრებილი ხალხის სახეები უცბად მოირბინა, მაშინვე ალ კაბირი გამოარჩია და  უსიტყვოდ ანიშნა მადლობა,  ალ კაბირმა თავის დახრით უპასუხა და  ვერტმფრენისკენ ანიშნა.  ჩემმა ძმამ  მკერდზე ამიხუტა  და  ვერტმფრენისკენ გაიქცა.  ძრავის გუგუნის მიუხედავად  ქალის ყრუ შეკივლება გავიგონე. თვალი მოვკარი როგორ იმარჯვა ალ კაბირმა იარაღი და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.  პოლიციელები სახლისკენ გაიქცნენ.  სახლის ბანზე ექიმის ხალათში გადაცმულ,  ბურნუსით თავშეხვეულ კაცს,  მკერდზე რიფა აეხუტებინა და მისი იარაღის ლულა პირდაპირ თვალებში მიმზერდა.

    -  მიწაზე დაწექით! - იყვირა სამხედრომ.  მიწაზე გავწექით ,  ძმა ზემოდან გადამეფარა. ავტომატის ჯერმა ჰაერი გაგლიჯა და ვერტმფრენის წინ მიწა მოთხარა. რამდენიმე ტყვია ქვაფენილმა აისხლიტა გალავნის კედელს შეასკდა.  მფრინავმა  სიმაღლე აკრიფა  და ვერტმფრენი კაცის სიმაღლეზე აქანავდა. ჩემი ძმა ფეხზე წამოვარდა და ვერტმფრენიდან გადმოწოლილ კაცის ხელებზე დამაწვინა. ხელებმა ამიტაცეს თუ არა, ისევ  გაისმა სროლის ხმა და მორიელის მარწუხებმა ბეჭიდან წელამდე ჩამირბინეს.  საპასუხო სროლას ქალის ცივი კივილი მოჰყვა, დავინახე როგორ გაუგლიჯა  შუბლი  სახლის ბანზე ექიმს ალ კაბირის ტყვიამ,  როგორ გადავარდა უკან თეთრებში ჩაცმული კაცი და  როგორ მოაწყდა კივილით აივნის რიკულებს თავზარდაცემული რიფა.  ჩემი ძმის შეშლილი სახე თვალებზე ამეფარა, გულღვიძლი ისე ამეწვა, თითქოს ვერტმფრენის ფრთები ჩემს სხეულში ტრიალებდნენ და ნაწილ ნაწილ მგლეჯდნენ. ერთბაშად ჯოჯხეთური ცეცხლი შემომენთო და  ტკივილმა  სიბნელეში მომისროლა. 
                                                                                                            ...

            ცხვირში წამლების მძაფრი სუნი მეცა და თვალი ნელ-ნელა გავახილე. თვალწინ მედდის გამდნარი სახე ჩამომეფარა...

  - გონს მოვიდა, ავადმყოფი გონს მოვიდა! კრიზისი დასრულდა! - უცხოდ მესმოდა არაბული სიტყვები და ყურს საშინლად მჭირდა.  ექიმები დამეხვივნენ თავს, ზოგი აპარატს აკვირდებოდა, ზოგი, მაჯას და გულისცემას მისინჯავდა, ზოგი სიცხეს. 
     
          კარი ერთბაშად გაიღო და ჩემი ოჯახი თავზე წამომადგა. დედაჩემი, ჩემი ძმა, რძალი, პატარა ძმისშვილი, რომელიც საოცრად შეცვლილიყო. წარბშეკრული ბიძაჩემიც კი ვერ მალავდა სიხარულს. ვახოს თვალებში, როგორც ყოველთვის  მზე იცინოდა და  ბიძაჩემის ზურგს ამოფარებული რაღაცას ონავრულად მანიშნებდა. შევცქეროდი მონატრებულ სახეებს და უკვე ზუსტად ვიცოდი რა იყო ნამდვილი ბედნიერება. 

        - ნუ დაღლით, ვაცალოთ, მალე მომჯობინდება, ლაპარაკსაც შეძლებს, სიარულსაც და ყველაფერი რიგზე იქნება.  ხვალიდან თითო ადამიანს დავრთავ ნებას ნახევარი საათი გაატაროს ავადმყოფთან.- თქვა ვიღაცამ  და ჩემებს ოთახის დატოვება ანიშნა.
        ვენაში ჩხვლეტა ვიგრძენი  და ისევ ბურანში შევბრუნდი. 

მეორე დღეს დედა მადგა თავს უხმოდ ვეფერებოდი ხელზე, ისიც ჩუმად იწმენდდა ცრემლებს და  შუბლზე ხელს მისვამდა. ვუცქერდი მის  ახალგაზრდა, უნაოჭო სახეს, მთლად გათეთრებულ თმას, რომელიც თბილისიდან ჩემი წამოსვლისას წაბლისფრად ბრწყინავდა  და მხოლოდ საფეთქელთან ემჩნეოდა მამაჩემის დატოვებული თეთრი კვალი. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს, ისედაც კარგად გვესმოდა ერთმანეთის, ყველაფერი, სულ ყველაფერი გვესმოდა.

        მესამე დღეს ჩემი ძმა მოვიდა და სულ ეშმაკის ფეხი მეძახა, რა მოუსვენარიც ბავშვობაში იყავი ახლაც ისეთი დარჩიო. კარგი ქვეყანაა ეგვიპტე, ვარდები ისეთი იაფია, ფიროსმანივით მილიონი ვარდი შემიძლია მოგიტანო და სახლიც არ გავყიდოო.  - სიცილით მეუბნებოდა. მისი მოტანილი ვარდების ვეებერთელა თაიგული სისხლის გუბესავით ანათებდა გაქათქათებულ პალატას. მომღიმარი მედდა მუდმივად თავზე მადგა, ათასგვარ აპარატს შესცქეროდა და ჩემზე შეერთებულ უამრავ მილაკს მეთვალყურეობდა.
        შემდეგი და ყველაზე ხანგრძლვი ვიზიტის უფლება ჩემმა რძალმა  მოიპოვა. ათას რამეს მიყვებოდა, მთელი თბილისის ჭორები ჩამომირაკრაკა, ყველა მეგობრის ამბავი მომიყვა და ბოლოს მითხრა:

      - გოგო, როგორაა ნეტავ ახლა შენი პრინცი?! 
      - ვინ პრინცი? - ძლივს ამოვიჩურჩულე, გული მომეწურა და შუბლი შემეკრა,
      - შენმა ძმამ მითხრა ძალიან მაგარი კაციაო, სხვანაირიო, ნამდვილი ვაჟკაცი და პრინცივით  ღირსეულიო! ჰოდა მეც გავიმეორე. კარგი რა, რას მოიღუშე, რა ვთქვი ასეთი! 

რაღაც აპარატმა წივილი ატეხა და მედდამ ლაპარაკი ამიკრძალა, ისევ ვიგრძენი ჩხვლეტა და ისევ ბურანში შევბრუნდი.

        ერთ კვირის შემდეგ ექიმმა მამცნო რომ კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მეოცე დღე იყო რაც ვიწექი.  მარჯვენა თირკმელი აღარ მქონდა, ღვიძლზე, ფილტვზე, მარჯვენა მხარზე, ბეჭზე  და ორივე ფეხზე ოპერაცია მქონდა გაკეთებული, რამდენიმე ნეკნიც გატეხილი მქონდა... დამაიმედა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომ ჩემს გამოფიტულ სხეულში ბალანსის აღდგენა  სწრაფად მიმდინარეობდა და გაკვირვებულიც კი იყო რა სწრაფად გამოვდიოდი მდგომარეობიდან.

      თხუთმეტი დღის მერე წამოჯდომის უფლება მომცეს,  მომდევნო ათი დღის შემდეგ ყველა სახვევი და მილაკი  მომხსნეს და სარკესთან ბორბლებიანი სავარძლით მიმაგორეს. სარკიდან სრულიად უცხო ადამიანი მიყურებდა,  ძალიან გამხდარი, საოცრად ნაღვლიანი დიდი შავი თვალებით, უსაშველოდ  სევდიანი გამომეტყველებით, მთლიანად ჩამქრალი, უსიცოცხლო მზერით. არა, ეს მე არ ვიყავი... ვიღაც სხვა იყო... სრულიად სხვა... მაგრამ თმა,  ჩემი თმა ძველებურად,  წაბლისფერ ტალღებად მქონდა ჩაშლილი მკერდზე და  ძველებურად მძლავრად სუნთქავდა.
   
      კიდევ სამი დღის შემდეგ ჭამის და  ლაპარაკის უფლება მომცეს, დედას  წამლების და სპეციალური კვების რეჟიმის დიდი სია გადასცეს და უთხრეს, რომ ჩემი გამგზავრება ჯერ მიზანშეუწონელი იყო. ურჩიეს რომ ერთი თვე მაინც, კაიროში გამეტარებინა, ექიმი ყოველდღე მნახავდა და გამგზავრების ნებართვა მისგან უნდა მიგვეღო. საელჩოს დროშიანი მანქანით დავტოვეთ მთელმა ოჯახმა კაიროს სამხედრო ჰოსპიტალი. მანქანა მეგაპოლისს შეერია,  ნილოსის სანაპირო შხუილით გაიარა და რომელიღაც ვილაში შესრიალდა.

        - ჩემი სტუმრები იქნებით მთელი ოჯახი. ეს ჩემი სახლია. პატარაა, სულ სამი ოთახი, სამზარეულო და აბაზანაა,  მაგრამ ნილოსზე მშვენიერი ვერანდა გადის და ზაფუხლის სიცხე არ შეგაწუხებთ. რაც მთავარია ქვიშის ქარიშხალმა გადაიარა და ცხოვრებამ აზრი შეიძინა... აი იქ, გვერდით, დიდ ვილაში, ომარ შარიფი ცხოვრობს, ჩემი მეზობელია... აბა!.. როგორმე ვესტუმრებით და გაგაცნობ! მე ჩემს ძმაკაცთან გადავალ და იქ ვიქნები, მაგრამ ყოველდღე შემოგირბენთ, თქვენ საყიდლების სია დამახვედრეთ ხოლმე. - სიამაყით გამოგვიცხადა ვახომ, სახლში ბორბლებიანი სავარძლით შემაგორა, ტელევიზორი ჩართო, ევროპულ არხებზე გადართო და კარში გაუჩინარდა.
                                                                                       
                                                                                                                  (იხილე როგორ დასრულდა)
                                                                                                               
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
* "იპუ-ურის მოთქმა გოდება" -  ლეიდენის მუზუმში  344-ე ნომრით დაცული ლეიდენის პაპირუსი  მე-19 საუკუნის დასაწყისში მემფისში იპოვეს.  ტექსტი 80 წლის შემდეგ  ითარგმნა. ეს პაპირუსი აფრთხილებს ადამიანებს რომ სოციალური ორგანიზაციის ჩამოშორება მაატისგან (ჭეშმარიტებისგან) დამღუპველია.  ფრანგულიდან შემოკლებულად თარგმნა ბატონმა გიორგი მარჯანიშვილმა. 
*თამაჟეკი - ტუარეგების ენა.
* ნიკიაღ -მუსლიმური ქორწინების რიტუალი.
* აზავადი - ტუარეგების ჯერ არ არსებული სახელმწიფოს სახელი.
* გუავა- სურნელოვანი ხილი, შეუდარებელი გემოთი.
*ჰა'დრათიკ-  ეგვიპტეში გავრცელებული საპატიო მიმართვა მამაკაცისადმი არაბულად. ისეთივე როგორც ჩვენთან "ბატონო", ქალისადმი მიმართვაა- "ჰა'დრათეკ".
*ალ ბეკბააში- ვიცეპოლკოვნიკი ეგვიპტის სამხედრო არმიაში.

                          არაბული ანდაზები:
თუ მამაკაცს გაიცნობ, მხოლოდ ერთ ადამიანს გაიცნობ, მაგრამ  თუ ქალს გაიცნობ- მთელ ერს.
ახალი გზის პოვნა თუ  გინდა, ძველი გზიდან უნდა გადაუხვიო და დაივიწყო. 
ცეცხლმა თუ დასაწვავი ვერაფერი ნახა, თავის თავს ამოწვავს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------- 
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები