ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2015


თელავში ( ჩემი ბავშვობა)

ჩემი ბავშვობა იმ, ძველ ქალაქში,
"ბატონის წყალზე" წლებს შერჩა პეშვით......
"ზუზუმბოს" წიწვნარს გაჰყვა თამაშით
და "დაბახნებმა" გალუმპა თქეშში.

ფიჩხის კოცონზე თითებდამწვარი,
ტუჩებზე მურის კვალი რომ აჩნდა
და შეტუსული წამწამ -ნაწნავით
სოკოს ძებნაში შუამთას, ანდაც

კვლავ მოტანტალებს ალაზნის ველზე,
გადაყვლეფილი მუხლის თავებით...
მე კი სიზმრებში ტყუილად ვეძებ:
გოგონას, ცელქს და ისე ვმთავრდები

"ნადიაკვნარზე" დაგორებული,
რომ მთავრდებოდა მზე თაფლისკვერა
და რადგან ხსოვნას ჰყავს  ორეული,
მე ვბერდები და ბავშვობა ვეღარ...

ჩემი ბავშვობა იქ, ძველ ქალაქში,
"ბატონის წყალზე" წლებს შერჩა პეშვით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები