ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

"ტკივილის კაცი"

მე გადამხვევენ ერთ დღესაც მთები,
ზეცის ზიდვისგან, თავის ნატკენ მკლავს.
ვარსკვლავებს- "უფლის მობნეულ მარცვლებს",
მოვა და მტრედის გუნდი გაკენკავს.
იქნება მერე შენს თვალში ცრემლი,
ცრემლი და შემდეგ ჩემი განკითხვა,
რომ ყველას ტკივილს მივყავი ხელი
და ჩემს სუსტ მხრებზე ვცადე აკიდვა.
იეჭვიანებ რომ მწვავდა ცეცხლი,
ყაყაჩოსი და მინდვრის ყვავილთა.
რომ დეკემბერში დავტოვე სახლი
და მათთან ერთად ვცადე გაყინვა.
იეჭვიანებ რომ ჩემი ფერი,
ოქტომბრის ტყესთან, ერთად გაყვითლდა.
რომ ერთ დღეს, ჩვენს სახლს ავხადე ჭერი,
და მთვარე მყავდა სტუმრად მაღლიდან.
იეჭვიანებ რომ ადრე ვდგები,
და ნისლს ვიტყუებ, სულში ჭალიდან,
რომ მივუჩინო სულში დილეგი,
და სული თეთრი ჩანდეს თვალიდან.
იეჭვიანებ და ეჭვით დაღლილს,
ფიქრთა მირაჟში მიგეძინდება,
მოვა შენთან ეს "ტკივილის კაცი"
და შენს ერთ ცრემლში ჩაიძირება.



ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები