ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 მარტი, 2015


დედის მონატრება

„ვიდრე დედა ჰყავს ადამიანს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება“.

კონსტანტინე გამსახურდია

ჩემი აზრით, დედა სიცოცხლის ელექსირია! სანამ გვერდით მყავდა, ზურგი ძლიერი მქონდა, ლელოს გატანის თავიც მქონდა. თუმცა ჯერ სულ რაღაც 27 წლის ვარ და მთელი ცხოვრება წინ მაქვს, ახლაც სიგიჟემდე მენატრება დედაჩემი, ჩემი მშობელი დედა, რომელმაც მე 9 თვე მუცლით მატარა, ძუძუ მაწოვა, ჩამაცვა, დამახურა, მასწავლა... ყველაფერზე დავყავდი დედაჩემს: საესტრადო სიმღერებზე, ნაციონალურ ცეკვებზე, გიტარაზე, პიანინოზე.
ბევრი რამ ვისწავლე მე დედისგან, ვისწავლე სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება.
დღესაც ყურთ ჩამესმის მისი თბილი სიტყვები: „დედა გენაცვალოს“, „დედა შემოგევლოს“, მახსოვს როგორ ვიყავი დედის მკერდს მიყრდნობილი პატარა ბავშვივით და როგორ ვეფერებოდი ხოლმე.
ძალიან ძნელია მშობელი დედის გარეშე ცხოვრება, მის გარეშე თავს ნაადრევად დაბერებულად ვგრძნობ, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვამი: „ვიდრე დედა ჰყავს ადამიანს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება“–ო.
ყველაფერზე დავყავდი: ნაციონალურ ცეკვებზე, საესტრადო სიმღერებზე, პიანინოზე, გიტარაზე... ერთადერთი სპორტზე არ მივლია.
ჩემი პირველი ლექსების კრებულის გამოცემა დედაჩემმა დააფინანსა 2010 წელს.
სამწუხაროდ სიმსივნე აღმოაჩნდა და 2012 წლის 24 მაისს–ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში.
ერთი რამ მიკვირს: როცა ადამიანები ტუბერკულოზით ანუ ჭლექით ავადდებოდნენ, პელიცილინი გამოიგონეს და ჭლექი დაამარცხეს და ეს კიბო რა გახდა ასეთი დაუმარცხებელი, თან ტექნიკა ისე შორსაა წასული, 21–ე საუკუნეს გაუსწრეს!
ვისაც დედა ცოცხალი გყავთ დააფასეთ და მოუფრთხილდით, ვისაც აღარა გყავთ ცოცხალი ნათელი დაადგეთ სასუფეველში.


დედაჩემი

ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში,
ჩემი ჯავრით თუ დარდით კვდებოდა,
მე დედა სწორედ დამაკლდა მაშინ,
ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა.
დღეს დედაჩემი ჩემს გულში ცოცხლობს,
ჩემი გული კი უფალს უგალობს,
მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო,
როგორც დედაჩემს სურდა უფალო.



მძიმეა დედის დაკარგვა...

მძიმეა დედის დაკარგვა -
თან ძნელად გადასატანი,
სანამ გვერდით გყავს - ხარ კარგად,
თავი გაქვს ლელოს გატანის.
მაგრამ როდესაც იმ ქვეყნად
დრო დგება მშობლის წასვლისა,
სიმწრის იღვრები ცრემლებად -
სიკვდილს მიიჩნევ \'\'ნარცისად\'\'.

ღვთისმშობელო მარიამ...

დედაჩემი მენატრება,
გული მტკივა ძალიან,
არ ჩამიქრო კელაპტრები
ღვთისმშობელო მარიამ.
მსურს ვუძლებდე ტანჯვას ამდენს,
მფარავდე და მწყალობდე,
რომ ამქვეყნად სიკვდილამდე
სიყვარულით ვგალობდე.
რომ ვხედავდე ქართველობას
ლაღს და არა დარდიანს,
მისთვის მინდა მარტვილობა,
ეგ ჩემს გულსაც სწადია.
მთელი ქვეყნის ბედზე მლოცველს -
გული მტკივა ძალიან,
ივერია დამილოცე,
ღვთისმშობელო მარიამ.








დედი!


დედი, სიზმრად ხშირად გხედავ,
ცხადად დღემდე მივტირი
შენს ნაადრევ წასვლას ღმერთთან,
ნატვრად მექცა სიკვდილი.
რა ვქნა... აღარ მიხარია
არც ამქვეყნად ბოგინი,
აქ უშენოდ ცივი არის
მამაჩემის ლოგინი.
დედი, მინდა თარაშივით
მეც შევტოპო ენგურში,
თუმც შვილს გვერდით აღარ მყავხარ,
დღემდე ცოცხლობ ჩემ გულში.



თავს ბედნიერად ჩავთვლი...

თუკი იმქვეყნად დედაჩემს ვნახავ,
თუ შვილი იქაც ჩავეხუტები,
თავს ბედნიერად ჩავთვლი... და ახლა
თვალწინ მიდგება მე ის წუთები,
როცა დედილო გულში მიკრავდა
და ვუკოცნიდი ნაზად ძუძუებს,
კვლავ ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა,
მწამს, ვერც სიბერე დამაუძლურებს.
თუმც ცოცხალი ვარ უფლის წყალობით,
სიკვდილს არასდროს შევუშინდები,
ჩემი სიმღერით, ჩემი გალობით,
გაიხარებენ ისევ შინდები.
თუკი იმქვეყნად დედაჩემს ვნახავ,
თუ გამზრდელს იქაც ჩავეხუტები,
თავს ბედნიერად ჩავთვლი... და ახლა
მეტს ვერ ამბობენ ჩემი ტუჩები.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები