ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთიკატა
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2015


ჩემი სოფელი

მე ვარ სულით და გულით ნამდვილი სოფლელი. მიყვარს სოფელი სადაც არ უნდა იყოს და ვისიც არ უნდა იყოს. მიყვარს დილით ცვრიანი ბალახი, დაუხვეტავი ეზო , ქათმების კრიახი. ჭიშკართან საქოლნის ნეხვის სუნიც კი მიყვარს. მიყვარს სეტკებზე ასული ლობიო, ალაგ ალაგ შემხმარი ფოთლები და დახუნძლული ლობიოს პარკებით. მიყვარს ჩემი სოფლის სასაფლაო. სადაც ისეთი სიმშვიდეა, ყოველთვის როცა მივდივარ იქ მშვიდდები და ვიცი რომ ოდესღაც აქ ჩემი სახლი იქნება. მიყვარს ზამთარში სიმინდის დაფშვნა, ფეჩის გვერდით მოკალათებულს. მიყვარს როდესაც ვენახში გავალ და უკვე დაკრეფილ ვაზებზე შემორჩენილ მტევნებს ვნახულობ, აი ყველაზე გემრიელი ისაა სწორედ. მამიდას გაკეთებული ფელამუში მიყვარს. ბებიას გაკეთებული ნიორწვენი შემწვარი წიწილით და საცივი. ბიცოლას მოდუღებული ძალიან ტკბილზე ტკბილი ყავა, თან მკითხავს ხოლმე შაქარი ხომ არ აკლიაო . მიყვარს ბიძაჩემების გესლიანი ხუმრობა, დარიგება, რჩევა. მიყვარს ჩემი ბავშვობა და მენატრება იმიტომ რომ ისიც სოფელთანაა დაკავშირებული. იქ გავატარე ყველაზე ლამაზი ბავშვობის წლები. როგორ მიყვარს ახალი ამოვლებული ჩურჩხელა ოდნავ რომაა შემხმარი. მიყვარს ყანაში დილით რომ გახვალ დაცვარული რომაა სიმინდის ღეროები და მიწაში ფეხი რომ გეფლობა. ალაგ ალაგ შემოთესილია სიმინდზე ლობიო . ზოგან გოგრაცაა. თათრულა კვახი როგორ მიყვარს. მიყვარს სარეცხის წყაროზე ჩატანა. მიყვარს ზამთრის პირას მისული კარალიოკი. არცერთი ფოთოლი რომ აღარ შერჩენია, ჩიტებითა და წითელი კარალიოკებით რომაა დახუნძლული. შობას ცალკე მამაჩემი კლავს ღორს ცალკე ბიძაჩემი გაღმა. ორივეს კამფეტივით ხორცი აქვს და მიყვარს შამფურზე ავარდნილი ხორცისა და კვამლის სუნი ერთმანეთში არეული. ჩემი სოფლის კაცები ყელამდე ვალინკები რომ აცვიათ და მაინც რომ აქვთ გასვრილი შარვლები ტალახით.მიყვარს საწნახელში ჩამდგარი წელმტკივანი მამაჩემი და საწნახლის ტუჩიდან გადმოსული ოქროს წვენი. წყალი, წყალს ნუღარ იკითხავთ, ვერ ვძღები ხოლმე წყლის სმით.მიყვარს დედაჩემის ნემსით დაჩხვეტილი თითები. დილიდან მეორე დილამდე რომ საკერავ მანქანას უზის და ჩემი გულისთვის ეშმაკსაც კი მისცემსულს ოღონდ მე კარგად ვიყო. მიყვარს გამთენიისას მაყვლის საკრეფად წასვლა. სულ ეკლებით რომ დამეჩხვიტება ხოლმე ხელები. სიგიჟემდე მიყვარს ჩვენი მინდვრის მარწყვი. წვრილი მაგრამ უგემრიელესი და მერე რა სუნი აქ ......აქ ინტერნეტში სურათებს რომ შევხედავ ხოლმე სადაც ჩანს სოფლის სიმწვანე და მისი სილამაზე გული რაღაცნაირად გამითბება ხოლმე. მიყვარს კოდალა რომელიც ჩემს ეზოში შემომჯდარა დენის სტოლბაზე და უკაკუნებს გამწარებული მთელი დღე. მიყვარს ის მსხლის ხე რომელზეს ჩამობმული მქონდა საქანელა და მთელი დღე ვქანაობდი, არ მახსოვდა არც ჭამა და არც სმა, მხოლოდ იმ მსხალს ვჭამდი , ავიდოდი კენწეროში და ვმღეროდი მთელი ხმით. არც მცხვენოდა იქნებს ესმის ვინმეს ჩემი ხმა მეთქი იმდენად ლაღი ვიყავი. ჩემი ჭალა და მდინარე ხომ თელ ქვეყანას მირჩევნია. სიბერეში მანდ უნდა ჩავდგა ერთი პატარა ქოხი. მექნება დიდი ეზო, ძალიან ძალიან ბევრი ხეხილი. მეყოლება ერთი ლამაზა. გავზრდი ბევრ წიწილებს . გოჭიც უნდა გავზარდო. აბა აშობას ჩემთან ჩამოსულ შვილიშვილებს ხომ უნდა ვაჭამო გემრიელი კუპატები. დილით რომ გაიღვიძებენ ბალიშის ქვეშ ჩურჩხელა დახვდებათ, მე რომ მახვედრებდა ხოლმე მამიდა ისე . ვიშრომებ ვიფუსფუსებ და ჩემს ნაგრამს არაფერს მოვაკლებ, ოღონდ ღმერთის დახმარებით. უფალმა ჯანმრთელობა და მშვიდობა უნდა მოგვცეს ყველას და ყველაფერი გაკეთდება, ყველა ოცნება აგვისრულდება, მე ამისი მჯერა. იმიტომ რომ გულით რაც მინატრია ხოლმე ყველაფერი ამხდენია და მადლობა ამისთვის უფალს. და აწი რასაც ვინატრებ ისიც ამისრულდება. მიყვარხარ ჩემო სოფელო , არ მიგატოვებ არასოდეს. შენ ჩემი სიბერე და სიხარული ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები