ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 ივნისი, 2015


სიცივე

მე მოვდიოდი ფესვებიდან,
თან მომყვებოდა მტკივანი ბავშვობა,
ერთ სულზე - ნახევარი პურით,
და ნახევარკოვზშაქრიანი ჩაით.
რასაც მერე დაემატა დამწვარი სახლი, ჩაფერფლილი,
ყოველ დასიზმრებისას რომ ფენიქსივით აღდგება-ხოლმე.
მოვდიოდი მამაპაპისეულ ვენახში შთაგონებული პირველი ლექსით სამშობლოზე,
ჯერ კიდევ იმ დროინდელით, წერა-კითხვა რომ არ ვიცოდი.
მე მოვდიოდი ასაკისთვის შეუსაბამო პასუხებით კითხვებზე
და შესაბამისად გაჩენილი ტკივილებით სიღრმეში.
მოვდიოდი დღეებით, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ თავთან ვიხსენებ
და ღამეებით, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად,
მუდამ გათენების პერსპექტივით ვსახავდი.
მოვდიოდი უიღბლო პირველი სიყვარულით,
არანაკლებ უიღბლო - მეორეთი...
გაცრუებულ მეგობრობაზე რომ აღარაფერი ვთქვა.
მოვდიოდი ვერახდენისშიშიანი ოცნებებით სავსე,
მაგრამ მაინც მოვედი, რომ მეპოვა იმედის,
სულ ცოტა, არსებობისთვის საჭირო დოზა.
და აი, ახლა, როცა თითქმის არაფერს ვნანობ,
ვგრძნობ იმ ეგოიზმს, რომლითაც მსურდა
შენს არსებაში ორთქლად ქცევა და გაქარვება.
ჰო, მე თანახმა ვიყავი, რომ ამოგეშალე სამუდამოდ,
თუნდაც, საერთო არაფერი ჰქონოდა ამ ჩემს სურვილს თავგანწირვასთან,
ამპარტავნებად ჩამთვლოდა, თუნდაც.
ოღონდ გაგეშვი, მანამ, სანამ აღმოვაჩენდი,
რომ ჯიუტად და გაუაზრებლად,
შენ შეძელი და მოიკალი ჩემს გულში თავი.
ახლაღა ვხვდები, რომ არაა ეს განცდა უცხო,
გამოცდილი მაქვს აქამდეც, მაგრამ
ამჯერად არის ყველაზე ცივი.
და ეს სიცივე, რომელიც სიცარიელეზეც უარესია,
მგონი, დღითიდღე უფრო დიდი შემართებით მჭამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები