ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2008


. . .

გაუძელ, დედა, ამ ზამთრისპირს
ჩალეწილ ღობეს, შესაკეთებელს
ისევ თავიდან.
გაუძელ, დედა, ამ ყრუ თოვას,
თოვას თუ ზესკნელს,
მთელი ზამთარი
რომ არ წავიდა.
კერის ღადართან
მამაჩემის სახსრების ჩივილს,
შენს წელის ტკივილს,
ყიამეთში ფიჩხისთვის რებას,
გაუძელ, დედა,
გამაძღარი მეზობლის ქირქილს,
შენ კარგად უწყი,
უარესიც ამქვეყნად ხდება.
გაუძელ, დედა, ამ გაჯაფულ
ცხოვრებას, გული,
ვიცი მე ახლა როგორ გტკივა,
წევხარ თუ დგახარ,
ყველაზე მეტად, ღმერთმა უწყის,
გაკლია ფული,
და მაინც რაღაც სასწაულად
შენ მდიდარს ჰგავხარ.
იწუხებ, ვიცი, შრომადღეზე
მიკლებულ თანხას,
თხუნელასავით ჩარჩი როგორ
შემძვრალა დახლში,
და როცა ვიღაც პენსიას თუ
შენს წარსულს გპარავს,
როცა დაღლილი, გულმოკლული
ბრუნდები სახლში,
ჰო, დიდი-დიდი, ეს ზამთარი,
ორ კვირას დარჩეს,
და ისევ ყანა, ისევ ეზო,
საფქვავი, წკნელი,
და ემსგავსება კერის პირას
ჩაუმქრალ სანთელს,
თოვლის ფიფქივით უწყინარი
ცხოვრება, შენი...
                                    1988წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები