ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 აპრილი, 2015


მიტოვებულები...ერთი ნაბიჯით წინ

  დიდი ხნის წინ, როცა სტუდენტი ვიყავი, ერთი ხაზის რადიო მქონდა. დილით 6 საათზე იწყებდა მაუწყებლობას.
ჯერ ჰიმნი დაგუგუნდებოდა და  მერე დილის მუსიკა მატკბობდა.ამ დროს ჯერ ისევ საწოლში ვნებივრობდი და ადგომა მეზარებოდა.
მერე კი, რადგან არ  მქონდა მეტროს ფული,  (  ანდა მქონდა, მაგრამ არ მემეტებოდა)  აჩქარებული წამოვხტებოდი და  მაღლივამდე ფეხით ავდიოდი ხოლმე.
ბედნიერი ვიყავი: სტუდენტიც , წარმატებულიც, სასურველიც და საყვარელიც. ვფიქრობდი, რომ დედამიწის ღერძი ჩემს ბინაზე გადადიოდა  და მეც მისი ერთი შაიბა ვიყავი...
საღამოს კი, როცა ძილისპირულს სახლში მივუსწრებდი ხოლმე, ჩემი საყვარელი ზღაპარი მერამდენედ უნდა მომესმინა:
--მე გოგონა ვარ, თოვლით შეგუნდავებული, მზით გამთბარი და ლოყებაღაჟღაჟებული. დობილებმა კენკრის საკრეფად წამიყვანეს და...მიმატოვეს...
ისე გულსაკლავად კითხულობდა მეზღაპრე, რომ ცრემლები მომერეოდა  და  დობილების ბოროტებაზე ფიქრით გულგახეთქილს დამეძინებოდა .
    დღემდე არ ვიცი, ეს ზღაპარი მართლა ჩამესმოდა  ყურში, თუ ჩემი წარმოსახვა და სიზმარი იყო, ქვეცნობიერი და მიტოვებისთვის კოდირებული.

  მერე იყო უამრავი ლამაზი და ბედნიერი  წელი, ოჯახი, შვილები 
  მერე ის ავარია...
  და  ეტლიც
  მერე ყველაფერი ...
  მათ შორის    მიტოვებაც.
    თუმცა მარტო  დობილებს არ მივუტოვებივარ, ყველამ მიმატოვა, თვითონ ღმერთმაც.
ერთ დილას პირისპირ დავდექი რეალობის წინ და მივხდი, რომ იმ გოგონასავით ვიყავი მიტოვებული და მიუსაფარი,
რომელზეც მთელი ახალაზრდობა ვიცრემლებოდი.
ის თოვლის მაინც იყო, დადნებოდა და მომავალ ზამთრამდე არავინ იდარდებდა, მე კი ...მეც ხომ ვერ დავდნებოდი.


ხაზის რადიო კომპიუტერმა და მობილურებმა ჩამინაცვლა , თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩემამდეც მოაღწია და
საქმე გამოვიჩინე . ინტერნეტით საარსებო  ფულის შოვნა ვისწავლე.
დილით დამხმარე ქალი მომაკითხავდა, საწოლიდან წამომაყენებდა , მომაწესრიგებდა, საჭმელს დამიტოვებდა და
მიდიოდა. მე კი მარტო ვრჩებოდი ჩემს თავთან , ეტლში ,  კომპიუტერთან ახლოს.

    ძალღონე მოვიკრიბე და  საქმეს შევუდექი...

    მერე  ის გავიცანი, ვისაც თურმე გული  ისედაც ელოდა.
ჯერ მხოლოდ მოკითხვით ვიფარგლებოდით, მერე უფრო გატკბა ერთმანეთის მესიჯები და ბოლოს მხოლოდ მის წერილს და აქტივობას ველოდი და ვეძებდი.
ის სითბო, რომელიც ჩემს  გულში გაუხარჯავი მქონია, მთლიანად მას მივუძღვენი და გავათბე.
    თუმცა სიმართლე ვერ გავბედე და ჩემი ავადმყოფობა დავუმალე.ფოტოებს კი ვუგზავნიდი, თუმცა უფრო ადრეულს და ახალგაზრდულს.

რამდენს ხანს გაგრძელდებოდა, არ მაინტერესებდა. ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა და მე სხვანაირად არ შემეძლო.
უამისოდ ალბათ ცხოვრებას ბაწარზე დავამთავრებდი.

ამ გრძნობამ მე ცხოვრების სიმძიმე შემიმსუბუქა, ყველა ნოველა, ლექსი თუ მინიატურა მას მივუძღვენი,
სიყვარულს ვდებდი მასში და ისიც ათმაგად მიბრუნებდა.
რამდენჯერ გადაწყვიტე, რომ უნდა გამეწყვიტა ურთიერთობა და ერთმანეთს ვაწყენინეთ, მაგრამ მერე უფრო მეტი თავდავიწყებით და სიყვარულით ვბრუნდებოდით დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას...

  ერთმანეთს ერთი წელი ისე ვეკონტაქტებოდით, ერთმანეთი არ გვენახა. თუმცა ბოლოს მაინც დადგა ის დღე, როცა სკაიპი უნდა ჩამერთო და ერთმანეთისთვის თვალებში ჩაგვეხედა .თავიდანვე ვუთხარი ,წინასწარ გამაფრთხილე, რომ  მოვწესრიგდე მეთქი.ეტლი  კომპიუტერთან ისე მომარჯვებულად  დავდე, რომ არ შეემჩნია და მგონი  მოვახერხე.  არ გაუგია, რომ დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ.

ზოგს ეს ისტორია ბანალური ეგონება,  მაგრამ ეს ჩემი ისტორიაა.
ამ  წერილსაც იმიტომ ვწერ, რომ იქნებ ვინმემ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე...
  ის ახლა ჩემს სანახავად მოდის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს