ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2015


ოქროს მხეცი (გაგრძელება) გველეშაპის ტახტი

ზღვიდან ამომავალ მხეცს ვუტრიალებთ ირგვლივ... ის უკვე მთლიანად ამოვიდა ზღვიდან, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. წმინდა წერილში სწერია: ,,...მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება~. რომელ ტახტზეა აქ ლაპარაკი?
მინდა შეგახსენოთ: ყველაზე უდიდესი მხატვარი დედამიწაზე მზის სხივი გახლავთ. მზის სხივი ქმნის შუქჩრდილებს, ხატავს და აღწერს ყოველივეს, რასაც კი ჩვენი თვალი მიწვდება. მთვარის შუქიც ხომ მზის სხივების ანარეკლია... ერთი სიტყვით, ჩვენი ხედვა მთლიანად მზის სხივის ყოფნა-არყოფნაზეა დამოკიდებული.
მაგრამ ახლა, როდესაც დრო-სივრცის უფართოეს რკალზე გადავინაცვლეთ (ანუ ვარსკვლავებამდე ავმაღლდით), უკვე აღარ ვართ დამოკიდებულნი მზის სხივზე, როგორც შუქის ერთადერთ წყაროზე. თითქოს ფარდა გადაიწიაო, სულ სხვა სინათლე შემოიჭრა რომელიღაცა იდუმალი სარკმლიდან. გამოუცნობი ბუნებაა ეს სინათლე, ვერ ვამჩნევთ თვითონ მას, მზის სხივებისგან განსხვავებით. ვერც ფერებს დაუთვლი, როგორც ცისარტყელას. ამდენს ვერ შებედავ, მაგრამ იმდენს კი ვამჩნევთ, თუ რა განსხვავებული შუქი მოეფინა ყველაფერს. ანუ, სულ სხვანაირად, ახლებურად წარმოჩინდა ყველაფერი, რასაც კი ეს იდუმალი სინათლე მიწვდა და მოეფინა.
ამ საოცარმა, იდუმალმა სინათლემ ყველაფერი ახლებურად წარმოაჩინა, ბევრი ისეთი რამ გაამჟღავნა, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით (ამ სიტყვების გაგონებისას მე ოქროს ნიღაბის საყვარლად ჩახვეულ რქებს მივესიყვარულე თვალებით), მის დანახვაში მზის სხივი ვერ გვეხმარებოდა, რამდენადაც შეუვალია მის მიმართ.
ჰოდა, რა არის ის, რაც მზის სხივისთვის შეუვალი ყოფილა?
უპირველეს ყოვლისა ოქროს ნიღბის სხივისებური რქები (კიდევ კარგი, მოიფიქრა ამის თქმა), თუმცა ეს როდია ყველაფერი. ეს გახლავთ მეტისმეტად ფართო დრო-სივრცის არეალზე განფენილი შტრიხები და კონტურები... სწორედ მათ ჩაუსაფრდნენ ნიღბები, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს...
მეც მოვახერხე რაღაც, თვალი მოვკარი ხსენებული კონტურების გარკვეულ ნაწილს და მოყვანილობას. მინდა ჩემეული ხედვა მოგახსენოთ ამის შესახებ.
ჩვენი ცთომილი თავისი განვითარების ხუთ ერას მოითვლის. მათი ჩამოთვლა, ვფიქრობ, აუცილებელი არაა, ისინი ყველასთვის ცნობილია. ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ ერათა მონაცვლეობას ვნახავთ, თუ რა თანმიმდევრულად მისდევენ ერთმანეთს, თითქოს ვიღაც უხილავი რეჟისორი წყვეტდეს, რომელმა რომელი უნდა ჩაანაცვლოს და როდის. ცვლილებათა ხანა მეტისმეტად მკაცრადაა განსაზღვრული. როდესაც მოაწევს ჟამი რომელიმე სახეობის აღზევებისა, ეს აღსრულდება კიდეც, წინ ვერაფერი დაუდგება. მანამდე არსებული ბიოლოგიური სახეობა თმობს თავის ადგილს მზის ქვეშ, მისი დრო ამოიწურა, ასეთია გარდაუვალი ნება ამ უწყვეტი ცვალებადობისა.
მინდა თქვენი ყურადღება იმ ერაზე შევაჩერო, რომელიც კაინოზურს (ადამიანის ზეობას) უძღოდა წინ. მას მეზოზოის უწოდებენ...
ასე რომ, მეზოზოური ერა... დინოზავრების ზეობის ხანა... ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ დედამიწას, ერთი კარგად მოვათვალიეროთ მთელი მისი ზედაპირი; ხმელეთი, წყალი თუ ჰაერი... აბა, სად არიან დინოზავრები?
,,ყველგან არიან!~ აი ამ სიტყვებით შევეხმიანებით, ,,ყველგან არიან~. აი ამ სიტყვებით, ასეთნაირად ვუპასუხებთ, თუ მსგავს შეკითხვას დაგვისვამს ვინმე. სადღა არ არიან... საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დინოზავრებია; ხმელეთზე, წყალში, ცაში... მათ დაიპყრეს მთელი დედამიწა, ჰაერში ფრთები გაუშლიათ ყოვლად უჩვეულო შესახედაობის მფრინავ ხვლიკებს... მათი გაშლილი ფრთების სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. წყალი და ხმელეთი, ჭაობი... ხომ, თქმა არ უნდა, მათ ეკუთვნით განუყოფლად. რა აღწერს მათ ნაირგვარობას და მრავალრიცხოვნობას. განუწყვეტლივ იქმნებიან სხვადასხვა სახეობათა განშტოებანი, ძალზე ძნელია მათ კვალზე მიყოლა.
ზოგიერთ განშტოებას განსაკუთრებულად დიდი ზომის სხეული აქვს, შესაბამისად დიდი ღონითაც გამოირჩევა... შეიძლება ითქვას, ნამდვილ გიგანტებად იქცნენ დინოზავრები, ამ განშტოებას რომ ეკუთვნიან. მიწა ზანზარებს, მათი მძიმე ნაბიჯების ქვეშ.
ერთერთი მათგანი გამოვიხმოთ ამ გიგანტებიდან. სახელად სტეგოზავრი ჰქვია. ზომებით ხომ ფრიად მოსული ვინმეა... დღევანდელი ადამიანი მის გვერდით სათამაშოსავით პატარა გამოჩნდებოდა... ცხადია, ღონეც სხეულის შესაფერისი უნდა ჰქონდეს. როგორც იტყვიან, კუნთები ასკდება ზედმეტი ღონისგან... ამას გარდა (მიაქციეთ ყურადღება), მთელი თავისი გიგანტური სხეული არაჩვეულებრივად მკვრივი გარსით (რქოვანით) აქვს შემოჯავშნული. თანაც ეს გარსი დაკბილულია... ასე რომ, ჩვენი ზორბა ჯეელის სხეული ერთიანად აღჭურვილია ფარებით და მახვილებით. რა კარგია, არა? ჩვენს გიგანტს არ სჭირდება; არც იარაღის საგანგებო საწყობები, არც საჭურველმტვირთველები... შეიარაღების მთელ არსენალს თან ატარებს... ჰოდა, წარმოიდგინეთ რა ძლევამოსილი უნდა იყოს, ამ ზომის და ღონის მქონე სხეული, თანაც კბილებამდე (ეს სიტყვა აქ სრულ ჭეშმარიტებას ასახავს) შეიარაღებული. მას შეუძლია თავისი დაკბილული კუდის ერთი მოქნევით შუაზე გაწყვიტოს ადამიანი, თუ სადმე გადაეყარა მას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბაღლინჯოსავით რომ შეუძლია მისი გასრესა... თუმცა ადამიანი რას მიქვია... ჩვენს მრისხანე ჯეელს ვერავინ უწევს მეტოქეობას იმ დროსა და სივრცეში, საიდანაც ის ჩვენ გამოვიხმეთ. როგორც იტყვიან, მას მტერი არ ჰყავს ბუნებაში. ანუ, მიეცა მეუფება დედამიწაზე...
ალბათ მიაქციეთ ყურადღება; ფარებიც ვახსენე, როდესაც სტეგოზავრის შეიარაღებაზე მოგითხრობდით. თითქოს გასაოცარია, ფარები რიღასთვის სჭირდება? მას ხომ, როგორც ვიცით, მტერი არ ჰყავს ბუნებაში... გიპასუხებთ: ერთმანეთისგან თავდასაცავად სჭირდებოდათ ფარები... ერთმანეთს ესხმოდნენ თავს, ,,გავლენის სფეროებს~ ინაწილებდნენ, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ.
დავტოვოთ მეზოზური ერა, კაინოზოურში გადავინაცვლოთ. ეს ჩვენთვის სულ ადვილათ დრო-სივრცის უფართოეს რკალს მივყვებით, ახლაც ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედოთ დედამიწას, მოვათვალიეროთ; აბა, სად არიან ადამიანები?
,,ყველგან არიან!~ აქაც ამ ორად ორი სიტყვით ვუპასუხებთ მსგავს შეკითხვას. სადღა არ არიან ადამიანები... ხმელეთზე, წყალში, ჰაერში... ამ ბოლო დროს კოსმოსშიც... მათ დაიპყრეს ყველა მიწიერი სტიქია, თავიანთ სამსახურში ჩააყენეს მათ წიაღში მთვლემარე ფარული ენერგიები... მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს მიეცა მეუფება დედამიწაზე.
მერედა როგორ, რა საშუალებით შეძლო ადამიანმა მთელი დედამიწის ზედაპირზე გაბატონება... ის ხომ ვერ დაიკვეხნის ისეთი წარმოსადეგობით, ჩვენს მიერ გამოხმობილი ზორბა ჯეელი (სტეგოზავრი) რომ იწონებდა თავს... არც ბუნებრივი შეიარაღება გაუმეტებია მისთვის განგებას... ადამიანი ამ მხრივ შეუდარებლად მოკრძალებულად გამოიყურება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ადამიანი უმწეო სათამაშოს ჰგავს გიგანტური ხვლიკის გვერდით, თითქოს არსებობის უფლებაც კი არ აქვს, ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ... (დიახ, აქ არის ,,მაგრამ~, რომელიც ყველაფერს გადაწონის). ადამიანს წარმოუდგენლად უფრო განვითარებული გონება მიანიჭა განგებამ, ვიდრე მის ზორბა წინამორბედს ჰქონდა. ამ მეტად ქმედითი, საოცარი გონებისმიერი ენერგიით ადამიანი ნამდვილ სასწაულებს ახდენს. ამის წყალობით იარაღი ნამდვილად არ აკლია ამ ჩვენს არც ისე წარმოსადეგ ჯეელს (ადამიანს), რაც ბუნებამ დააკლო, გონებამ აანაზღაურა... ოღონდ აქ ერთი უმთავრესი განსხვავებაა; სტეგოზურს იარაღი სხეულზე ჰქონდა ასხმული, თან დაატარებდა მუდამ, ადამიანმა კი საკუთარი სხეულის მიღმა გადაიტანა თავისი შეიარაღება... ასე ვთქვათ, სხვაგან მიუჩინა მას ადგილი, თუმცა არც ისე შორს, როგორც იტყვიან, ხელის გაწვდენაზე.
ასე რომ, ადამიანმა იპოვა გამოსავალი, არაჩვეულებრივად განვითარებული გონების წყალობით, რაც ბუნებამ დააკლო, გონებამ აანაზღაურა. მის განკარგულებაში საბრძოლო იარაღის მთელი არსენალია. თანაც ეს არსენალი განუწყვეტლივ მდიდრდება და იხვეწება. მის მრავალფეროვნებას ხომ, ვერც კი ჩამოთვლი.
ვთქვათ მოკლედ: ადამიანს მიეცა მეუფება დედამიწაზე, სხეულის ძლევამოსილება გონების ძლევამოსილებამ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს ნამდვილად არ ჰყავს მეტოქე ჩვენს ცთომილზე. სხვაგან, არ ვიცი...
,,მისცა მას გველეშაპმა ტახტი და მეუფება~, წმინდა წერილის სიტყვებია.
მერედა, განა მართლა გველეშაპს არ ჰგავს ის საოცარი არსება, მეცნიერებმა სტეგოზავრი რომ უწოდეს? ალბათ ყველას გსმენიათ ზღაპრული გველეშაპის შესახებ... ისიც ხომ გიგანტური ხვლიკის მსგავსი არსება იყო, ოღონდ... ფრთებით აღჭურვილი. ჰოდა, აქაც ყოველივე ცხადია: დინოზავრთა ზოგიერთი სახეობა ჰაერში დაფრინავდა, როგორც უკვე ვიცით... ასე რომ, არც ფრთები დაჰკლებია დინოზავრთა მოდგმას, ანუ გველეშაპს. აქ ერთ საზღვრებშია თავმოყრილი დინოზავრთა ყველა სახეობის თვისებები; ხმელეთზე სიარული, წყალში ცურვა და ჰაერში ფრენა... სწორედ ამას ნიშნავს წმინდა წერილში მოხსენიებული გველეშაპი, ადამიანმა (ზღვიდან ამომავალმა მხეცმა) მისგან გადაიბარა მიწიერი ტახტი და მეუფება.
,,გაკვირდა მთელი დედამიწის მოსახლეობა და უკან გაედევნა მხეცს~.
წმინდა წერილის ეს სიტყვები თვითონვე მეტყველებენ ყველაზე ცხადად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანი (ზღვიდან ამომავალი მხეცი) ბუნების გვირგვინია, მან საკუთარი სხეულის წიაღში გაითავისა ცოცხალი არსების ყველა სახეობა, რაც კი ოდესმე დედამიწის ზურგზე გაჭაჭანებულა. ჰოდა, ყველა ეს სახეობა აღიარებს ადამიანის უპირატესობას და ძლევამოსილებას. ეს აღიარება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ზოგი მას (ადამიანს) ემორჩილება... გნებავთ, ემონება. მოშინაურებული პირუტყვი მყავს მხედვალობაში. ზოგიც პირიქით, გაურბის და ემალება. ამით იგი საკუთარ მარცხს, ანუ უძლურებას აღიარებს ადამიანის წინაშე. გამარჯვებული არ გარბის, გარბის მხოლოდ დამარცხებული. გამარჯვებული თავის ნებას კარნახობს დედამიწის ყველა ბინადარს მისგან განსხვავებულს. ყველგან და ყოველთვის მისი ნებისაებრ მოქმედებს, და მას ზღვიდან ამომავალი მხეცი ეწოდა დღესდღეობით, ანუ ადამიანი მისი ყველაზე ზოგადი ნიშნით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები