ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: დრამატურგია
10 აპრილი, 2015


თეთრი ანგელოზები

მოქმედი  პირნი:
მწერალი
მთხრობელი
თოლია
აინშტაინი
მხატვარი
მუნჯი
მეზღვაური
გიორგი 
ბექა
დათო
ეკა
ორი გამომცდელი. (პირობითა დპირველი და მეორე)                                                   


           

          სცენა  პირველი
მწერლის სამუშაო ოთახი. ძველი მაგიდა რამდენიმე წიგნით, ღამის სანათური.

მწერალი: - მაშ, თქვენ ბრძანებთ, რომ ამბავი, რომელიც გინდათ მომითხროთ, ძალზედ უცნაურია და რთული დასაჯერებლად...
მთხრობელი: - დიახ. რომ არა თქვენი დაჟინებული თხოვნა, არასდროს მოვისურვებდი ვინმესთვის მეამბო.
მწერალი: - მაინც რაში გამოიხატება მისი უცნაურობა?
მთხრობელი: - ჭიქა ჭყალს ხომ ვერ დამისხამთ?
მწერალი: - რა თქმა უნდა, ოღონდ თქვენ განაგრძეთ თუ ღმერთი გწამთ.
მთხრობელი: - რთულია კონკრეტულად მოგახსენოთ რაში გამოიხატება ამბის უცნაურობა, ვინაიდან მთელი ისტორია ძალზედ მისტიურია. თქვენ რატომ ხართ ამ ყველაფრით ასეთი დაინტერესებული?
მწერალი: - ამ რამდენიმე თვის წინ ყური მოვკარი ახალგაზრდასთან ერთად საუბრობდით ამ თემაზე. თქვენმა თხრობამ ჩამითრია, თუმცა რასაკვირველია სრულად ვერ გამოვიტანე აზრი. გული მიგრძნობს, ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, შესაძლოა კარგი შთაგონების წყარო გამოდგეს ეს ამბავი.                       
მთხრობელი: - არც კი ვიცი რა გითხრათ ჩემო მეგობარო. არც ის ვიცი საიდან დავიწყო.
მწერალი: - თავიდან, დამშვიდდით და თავიდან მომიყევით ყველაფერი.
მთხრობელი: - კეთილი, თუმცა სანამ მოგიყვებოდეთ მინდა რაღაც გკითხოთ თუ არ მიწყენთ. 
მწერალი: - ბრძანეთ.
მთხრობელი: - თქვენ მითხარით, რომ ეს ამბავი შთაგონებისათვის გჭირდებათ. რისთვის წერთ წიგნებს მატერიალური თუ მორალური კმაყოფილებისათვის?
მწერალი: (მცირე პაუზის შემდეგ) - სიმართლე გითხრათ არ ველოდი მსგავს კითხვას და ოდნავ დამაბნიეთ კიდეც, ვინაიდან არაფერ შუაშია ჩვენს საუბართან, თუმცა რაკი მკითხეთ გიპასუხებთ. რასაკვირველია, საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს და გამოგიტყდებით არც ცუდი შემოსავლი სწყაროა. მოკლედ იდეალურად მაქვს შერწყმული ეს ორი რამ ერთმანეთთან. თავად, როგორ რფიქრობთ, საკმარისია მხოლოდ მორალური ფასეულობა სიცოცხლისათვის?
მთხრობელი: - ერთისმხრივ, რთულია მხოლოდ მორალური ფასეულობით დაკმაყოფილება. მეორესმხრივ, წარმოიდგინეთ პატარა ნავები, რომლებიც ძირითადად ნაპირთან ძალიან ახლოს დაცურავენ და უზარმაზარი გემები, რომლებიც ოკეანეში გადიან სამოგზაუროდ. ხედავთ მათ შორის განსხვავებას?
მწერალი: რა საკვირველია. დიდ ხომალდებს შეუძლიათ ბევრად შორს წავიდნენ, ბევრად მეტი ხალხი გადაადგილონ და სხვა რომ არაფერი მეტად დიდებული შესახედაობის არიან.
მთხრობელი: - დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ დიდი გემების უპირატესობა, თუმცა ეს არ არის მთავარი რაც პატარა ნავებისგან განასხვავებს მათ. თუ დაუკვირდებით კატასტროფის და ამ კატასტროფის ლეტალურად დასრულების შანსი ბევრად მეტია ხომალდების შემთხვევაში, ვიდრე იმ ნავებისა, რომლებიც გამუდმებით ნაპირთან ცურავენ. წამში ქრება ის დიდებული შესახედაობაც და ძალაუფლებაც. ამიტომ ვერ გადავწყვიტე რა სჯობს, პატარა გემივით ნაპირზე ცურვა თუ დიდი ხომალდივით ოკეანეში დაღუპვა.
მწერალი: - თქვენ წინა ცხოვრებაში უთუოდ პოეტი იქნებოდით.
მთხრობელი: - ან გემთმშენებელი . კეთილი, მგონი უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ამბის თხრობა...
                                                                                         
                                                                     
                                                სცენა 2
          სცენა წარმოადგენს გაურკვეველ დაწესებულებას. ოთახში ერთი ფანჯარა და 5 სკამია.
    იატაკზე თეთრ ხალათში ჩაცმული კაცი  ზის. კედელსაა მიყრდნობილი, ფეხები მაღლა აუკეცავს და ისე ათვალიერებს იქაურობას, თითქოს პირველად ხედავდეს.. მასსავით თეთრ ხალათში კიდევ სამია. ერთი ფანჯარასთან  დგას და ხატავს. მეორე სკამებს ალაგებს წრეზე,  მერე რაღაც არ მოსწონს, შლის და ისევ ალაგებს. მესამე ოთახში დადის გაუჩერებლად.
                                                                 

მხატვარი:
-აინშტაინ, (იატაკზემჯდომს)  -როგორ ფიქრობ, დღეს ვის წაგვიყვანენ?
                                                                  აინშტაინი:
-მეც იმავეს კითხვას ვაპირებდი..ისე შენ, ჩემო მხატვარო, წასვლის მგონი სულაც არ გეშინია.
                                                                  მხატვარი:
-სიმართლე გითხრა დარჩენის უფრო მეშინია!
                                                                 
აინშტაინი:
-რას ხედავ აქ საშიშს?
                                                                  მხატვარი:
– ახლა არაფერს, თუმცა ვინ იცის მომავალში რა იქნება.
                                                                  აინშტაინი:
–სულაც არ მგონია, რომ მომავალში შეიძლება რამე საშიში მოხდეს.
                                                                  მეზღვაური:
–(თან სკამებს ალაგებს)  მე მასე არ ვფიქრობ...
                                                                  აინშტაინი:
–რატომ? იცი რამე მომავლის შესახებ?
მეზღვაური ხელით მიანიშნებს მუნჯის შესაძლო გაგიჟებაზე.
  მხატვარი გაიცინებს და მერე მუნჯს მიუბრუნდება, რომელიც გაუჩერებლად დადის ოთახში.
                                                                  მხატვარი:
–დაჯექი  მუნჯო თავბრუ დამეხვა!
    (მუნჯი სიარულს განაგრძობს.)
                                                                  მხატვარი:
-მუნჯო... დაჯექი მეთქი
                                                                  აინშტაინი:
-შეეშვი. რაც თავი მახსოვს ეგ სულ დადის . ახლა რა გააჩერებს?
      (მხატვარმა ხელი ჩაიქნია ძირს დაჯდა)
მხატვარი:
–რა ერთფეროვანია ყველაფერი.  მოდით,რამე შევცვალოთ....
აინშტაინი:
–ჩვენ?! ჩვენ რაუნდა შევცვალოთ?
მხატვარი:
- მაგალითად უფრო მეტი გავიგოთ ერთმანეთის შესახებ.  შენ, მეზღვაურო, რატომ უთმობ ამდენ დროს მაგ სკამებს?
დუმილი...

აინშტაინი:
- არასდროს საუბრობ ამ თემაზე.

        მეზღვაური:
- აინშტაინ, შენ შეგიძლია მითხრა რატომ დგას მხატვარი გამუდმებით ფანჯარასთან და რატომ ხატავს ან მუნჯი რატომ დადის უმეტესად?

აინშტაინი:
- ეგ საიდან უნდა ვიცოდე.

მეზღვაური:

- ამაშია საქმე. აქ არავინ არაფერი ვიცით.

მხატვარი მეზღვაურთან მიდის და სკამს პარავს.

მეზღვაური:
- დამიბრუნე სკამი!
მხატვარი:
- ჯერ მითხარი რად გინდა.
მეზღვაური:
- დამიბრუნე მეთქი!
მხატვარი:
- გამორიცხულია
მეზღვაური:
- დამიბრუნე დედას გაფიცებ...

ისმის მუსიკა... ყველა სულელურ გამომეტყველებას იღებს და რამდენიმე წამი დგანან ასე. მეზღვაური გამოფხიზლდება და სკამს აბრუნებს თავის ადგილას.

აინშტაინი:
- რა უცნაური გრძნობა იყო. ასეთი რამ არასდროს მომსვლია.
მხატვარი:
- თავი მისკდება.
                                                              მეზღვაური:
- დაისაჯეთ იმიტომ, რომ სხვის ნივთებს იღებთ დაუკითხავად!

                                                              მხატვარი:
- კარგი, მოვრჩეთ ამ სისულელეს. მოდით რამე ვითამაშოთ.
აინშტაინი:
- მე რომ თამაში არ ვიცი...
მხატვარი:
- მეზღვაურო გვათხოვე რა შენი სკამი
მეზღვაური:
–ეს საკმები სათამაშო არ არის!
მხატვარი:
– რა თქმა უნდა შენ მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ...
მეზღვაური:
–გითხარი არა მეთქი!
აინშტაინი:
–კარგით, რა გაჩხუბებთ, მხატვარო შენი ნახატებით, რომ გვეთამაშა?
მეზღვაური: (დაბნეული)
–იცით... გათამაშებდით, მაგრამ არ მინდა ისინი ვინმემ ნახოს.
აინშტაინი:
– აი, ხომ ხედავთ, სხვისაგან ითხოვთ თქვენ კი, არაფრის დათმობა არ გინდათ. ასე არ გამოვა.
( მოწყენილები სხედან.)

            მცირე პაუზის შემდეგ
მეზღვაური:
–ჰო, კარგი... გათხოვებთ ჩემს ერთ სკამს თუ არ გამიფუჭებთ.
აინშტაინი:
–ძალიან კარგი. მხატვარო შენ... გთხოვ.
მხატვარი:
–კარგი, კარგი მეც გათხოვებთ ჩემს ნახატს და თან ერთი იდეაც მაქვს.
(ფურცელს იღებს) აი ეს ჩემი დახატული მომავალია.
აინშტაინი: (იცინის)
–მანდ ხომ წითელი ფერის მეტი არაფერია?!
მეზღვაური:
–სხვათა შორის ეს წითელი კი არა ლურჯია!
მხატვარი:
–ნუ იკამათებთ. ვისაც როგორ უნდა ისე აღიქვამს. ეს ხომ მომავალია, ჰოდა მოდით სათითაოდ ავიდეთ მეზღვაურის სკამზე და ვთქვათ ვინ რას ვხედავთ მომავალში, უფრო სწორედ რა გვინდა დავინახოთ.
აინშტაინი:
–არ მინდა.
მეზღვაური:
–რატომ?
აინშტაინი:
–მომავალში ჩემი ადგილი არ არის! მე აქაურობაც ძალიან მომწონს.
მხატვარი:
–კარგი რა. ეს ხომ უბრალოდ თამაშია.
აინშტაინი:
– თამაში მომავალთან? ეს იგივეა თვალებახვეულმა ითამაშო ისე, რომ მოწინააღმდეგეს ვერ ხედავდე.
მხატვარი:
–ოხ აინშტაინ, აინშტაინ! გამომივიდა ესეც დიდი ფილოსოფისი რა. ამით ხომ არაფერი შავდება. უბრალოდ ვერთობით.
აინშტაინი:
–ჰო, კარგი, კარგი დამითანხმეთ. ოღონდ პირველი მე არ ვიქნები.
მხატვარი:
–პირველი მე ავალ. (სკამზე ადის და ფურცელს უყურებს) – იცით, ჩემს მომავალში ძალიან ბევრი ფერია. დიახ, ფერები ოღონდ არა ფიზიკური. ადამიანები არიან ფერადები. ზოგი შავია, შავია და მისი ზედაპირის მეტს ვერაფერს დაინახავ. ზოგი ყვითელი - ყვითლები უფრო სანდოები არიან, თუმცა მაინც არის მათში რაღაც საეჭვო.    ზოგიც (სიცილით) –ზოგიც ლურჯი,  ლურჯები ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან - ისინი თითქოს სხვა ხალხს წარმოადგენენ,  უცნაურად  აცვიათ, უცნაურად დადიან და თითქოს მოწყენილებიც არიან და კიდევ უფეროები, გამჭვირვალე ხალხი, რომელთა გულის ცემასაც კი ვხედავ. მათი ფიქრების წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა ასეთები ძალიან ცოტა არიან.
  მოკლედ სულ ეს არის... (სკამიდან ჩამოდის)
მეზღვაური:
–აინშტაინ, შენი ჯერია.
აინშტაინი: (სკამზე ადის. ცოტა ხანი დგას ფურცლით ხელში. მერე ისევ ჩამოდის)
-რა ვქნა ვერაფერს ვხედავ!
მეზღვაური:
–ან არ გინდა დაინახო.
აინშტაინი:
–(სევდიანი) –საერთოდ ძნელია სიმართლეს თვალი გაუსწორო.
მხატვარი:
–რა სიმართლეზე ლაპარაკობ?
მეზღვაური:
–კარგით რა რა დროს ეგ არის. ახლა ჩემი ჯერია.
მხატვარი:
– მიდი მეზღვაურო...
მეზღვაური:
–(სკამზე ადის) ჩემი მომავალი? აქ ყველაფერი  სხვანაირადაა... მეც ვხედავ მხატვარო შენს ფერად ადამიანებს. ისინი გაუთავებლად ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ,  ბჭობენ, თუმცა არავინ უსმენთ. უბრალოდ ჰგონიათ, რომ მათი ესმით.
  ის შენი შავები მხატვარო სულაც არ არიან იდუმალები... პირიქით, ზედმეტად ბავშვურებიც კი არიან და უფრო მეტად სუფთები ვიდრე უფეროები იმიტომ, რომ უფეროები დგანან უშველებელი სარკეების წინ, სადაც საკუთარის მაგივრად სხვის ანარეკლს ხედავენ. თავისი არაფერი გააჩნიათ. დადგები მათ წინ და დაინახავ მთელ სამყაროს და შეგძულდება, შეგძულდება ისინი, შეგძულდება მათი სისუფთავე, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი, იმიტომ რომ მათშია არეკლილი და ბრძოლობს ერთმანეთში ქვეყნიერების ავი და კარგი. აი, ამიტომ არიან ისინი ასეთი არაბუნებრივები. მათი შემხედვარე სხვებსაც ეჭვის თვალით დაუწყებ ყურებას და მიხვდები, რომ მომავალზე ბევრად სუფთა წარსულია. (სკამიდან ჩამოდის)
აინშტაინი:
–"მომავალზე ბევრად სუფთა წარსულია..." ცდები მეზღვაურო, ცდები! მომავალიც წარსულია. ისიც ოდესმე  წარსულად იქცევა და წარსულიც მომავალი იყო და მათი საერთო აწმყოა. აწმყოზეა დამოკიდებული წარსულის და მომავალის სისუფთავე.
მხატვარი:
–საკმაოდ კარგი ფანტაზია გქონია.
მეზღვაური:
–ეგ კარგი, მაგრამ მუნჯმა როგორ უნდა მოგვიყვეს თავისი მომავლის შესახებ.
მხატვარი:
–მე ვიცი... აიღე მუნჯო ფურცელი და კალამი (აწვდის) და დაგვიწერე რასაც დაინახავ...
    მუნჯი გამოართმევს და რამოდენიმე წამი წერს. შემდეგ მხატვარს აწვდის. მხატვარი სკამზე ადის, ჩაახველებს და კითხულობს:
მხატვარი: (შემართებით)
– ჩემი მომავალი ყრუა... შესაბამისად ძნელად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ მე მაქვს თვალები და იქ მაინც ვხედავ სამ იდიოტს, რომელიც რაღაც ფერებზე ლაპარაკობს... მგონი ვერ არიან, თუმცა ჯერ არი ციან... (სკამიდან ჩამოდის) მუნჯს უყურებს...
მახტვარი:
–რა არის ეს?!
მუნჯი ანიშნებს, რომ ლაპარაკი არ შეუძლია...
აინშტაინი:
–მე ვიცი მე... (ხელს იწევს. მუნჯი მხატვარი და მეზღვაური გაკვირვებულები გადახედავენ) –ვიცი! (ბავშვურად იცინის) –სამი დიოტზეა, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ ვერ არიან...
მეზღვაური:
(ისევ გაკვირვებული მზერით) –სამივე არ ვიცი მაგრამ ერთი ნამდვილად!
მხატვარი:
–აინშტაინ, მეცნიერობა გინდა კაცს და მაკვირვებ  ხანდახან, მუნჯმა ჩვენზე დაწერა... ჩვენ-ზე!
აინშტაინი:
–აი, ხომ გითხარით არ უნდა გვეთამაშა ეს თამაში... არ მომწონდა მე თავიდანვე...
    მუნჯი მიმიკებით მიანიშნებს აინშტაინის ნათქვამის სისწორეზე...
მეზღვაური:
–და საერთოდ, რამე მოგოწნს შენ?!
  მუნჯი  იმეორებს კითხვას მიმიკებით...

აინშტაინი:
–კი როგორ არა!
მეზღვაური:
–და რა?

აინშტაინი:
–თოლიები... ჰო, თოლიები მომწონს ძალიან.
  მეზღვაური იცინის...
აინშტაინი:
–რა მოხდა?
მეზღვაური:
–არ ვიცი. მაგ სიტყვაზე, რატომღაც, ყოველთვის მეცინება...
  განაგრძე, განაგრძე რას ამბობდი?
აინშტაინი:
–რას და თოლიები მომწონს მეთქი ძალიან...
  მეზღვაური ისევ ისტერიულად იცინის...
მხატვარი:
(გაბრაზებული)
–გაჩერდები თუ... 
  მეზღვაური ძლივს იკავებს სიცილის...
მხატვარი:
–გისმენთ აინშტაინ.
აინშტაინი:
–ხოდა იმას ვამბობდი, რომ თო...
  მეზღვაურს ლამისაა სიცილი წასკდეს....
აინშტაინი:
–მოკლედ ეს ფრინველები ძალიან მომწონს...
მეზღვაური:
–მაინც რას ხედავ მათში ასეთ განსაკუთრებულს?
აინშტაინი:
–არ ვიცი მაგაზე ნადმვილად ვერ გიპასუხებ...  სიზმრებში ვხედავ ხოლმე ძალიან ხშირად...
მეზღვაური :
–სიზმრებში?
აინშტაინი:
–ჰო... თითქოს სადღაც მივყვავარ მათ... სადღაც შორს...
მეზღვაური:
–და მაინც?
აინშტაინი:
–მაინც... თუმცა არა! რომ მოგიყვეთ ალბათ სულელად ჩამთვლით...
მხატვარი:
–ჩათვალე ეგ პრობლემა გადალახული გაქვს...
  მეზღვაურს დიდიხნის შეკავებული სიცილი წასკდება...
აინშტაინი:
–აი ხომ ვთქვი... არაფერსაც არ ვიტყვი...
მხატვარი:
–კარგი, კარგი ვაცადოთ. მოყევი აინშტაინ.
აინშტაინი:
–(მზეღვაურს) იცოდე არ გაიცინო!
მეზღვაური: (ირონიით)
–გავიცინოთ? არა რას ამბობ...
აინშტაინი:
–მოკლედ... სხვა სამყაროს ვხედავ...
მეზღვაურიდამხატვარი:
–რას ?! 
აინშტაინი:
–სხვა სამყაროს,  ჩვენისგან საერთოდ განსხვავებულს...
მხატვარი:
–(ირონიით) მაინც როგორია  შენი სხვა სამყარო?
აინშტაინი:
–როგორია და ფერადი. იქ ძალიან დიდი შენობებია , კიდევ უამრავი ფერი და რაც მთავარია  ადამიანებს ერთმანეთი უყვართ.
მხატვარი:
–უყვააართ?! (სიცილით)  ... რა სიყვარული... რის სიყვარული... შენ ეტყობა ძილის წინ ჯერ კიდევ კითხულობ ზღაპრებს. სიყვარულიო! სიყვარული არა ბედნიერება.
აინშტაინი:
–რატომაც არა. ჩემს სიზმრებში შეყვარებულები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ.
მხატვარი:
–ბედნიერება. რა საზარელი სიტყვაა!  მე თუ მკითხავ, სწორედ ბედნიერების დევნას მოაქვს ყველაზე დიდი უბედურება!
მეზღვაური:
„ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდის და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქვენ. რამეთუ რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“
აინშტაინი:
- მეზღვაურო რა უცნაურად საუბრობ?
მეზღვაური:
- ეს ჩემი სიტყვები არ არის. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა აქედან წასვლის წინ.
აინშტაინი:
- ააა ეგ ის უცნაური კაცი ხომ... რამდენიმე ხნის წინ ბზიკი გამომეკიდა, მიშველეთქო ვუთხარი. რა მიპასუხა თუ იცი?!
მეზღვაური:
-რაო?
აინშტაინი:
-გაიქნიე ხელი და გეშველებაო.
მეზღვაური:
- ეეე, აინშტაინ, შენ ყველაფერს პრაგმატულად უყურებ. დამიჯერე, ეგ თუ ცოცხალია და სადმე არსებობს, ბევრს მიაღწევს!

ისმის ქუხილის ხმას.  სცენის სიღრმეში ჩნდება მეორეხარისხოვანი სცენა, რომელზეც თამაშდება სცენა რეალურ დროში.

ეკა ჩაფიქრებული ზის.

ბექა: –მოხდა რამე?
ეკა: –რა? ... რა უნდა მომხდარიყო?
ბექა: –რა ვიცი... დილიდან ვერ ჩერდები...
ეკა: –ა, დილიდან ხო(იბნევა) –ამინდის ბრალია ალბათ. ძალიან აირია.
ბექა: –მგონია, რომ სხვა რამ უნდა იყოს.
ეკა: –სხვა? სხვა რა?
ბექა: –არ ვიცი იქნებ შენ მითხრა?
ეკა: –მე.. მე.. რა უნდა გითხრა თვითონ არ ვიცი... ხო მართლა დალევ რამეს ყავა... ჩაი...
ბექა: –ჩაი...
ეკა: –ნალექიანი თუ უნალექო?
ბექა: –ეკა ჩაი მეთქი...
ეკა: –ა, ჰო, ჩაი რა თქმა უნდა... ახლავე მოგიტან... გასვლას აპირებს.
ბექა: –მოდი აქ!
ეკა: – რა მოხდა...
ბექა: –დაჯექი. (სკამს უწევს)
  ეკა ბექასგან ზურგით ჯდება...
ბექა: – იქნებ მითხრა რა ხდება?
ეკა: –არაფერი მეთქი ხომ გითხარი ...( ადგომას დააპირებს, თუმცა ბექა ისევ დასვამს)
ბექა: –რამდენი წელია შენი ქმარი ვარ?
ეკა: –ვინ?
ბექა: – გყავს კიდევ ჩემს გარდა ქმარი?
ეკა: –არა ბექა... რა თქმა უნდა არა.  3 წელია ჩემი ქმარი ხარ...
ბექა: – მგონი საკმარისი დროა, რომ რაღაცები არ გამომეპაროს... იტყვი ახლა თუ კიდევ აპირებ ნალექიანი ჩაის მოტანას?
ეკა: –ხო კარგი! ვიტყვი... უბრალოდ შენი რეაქციის მეშნია.
ბექა: –გისმენ!
ეკა: –მოკლედ ბექა მე... მე... იქნებ სხვა დროისთვის იყოს?
ბექა: –არა... მინდა ახლავე მითხრა.
ეკა: – მე... ორსულად ვარ...
  ისმის მუსიკა.
ბექა: – ორსულად... (იღიმის ნაძალადევად) რა საზიზღარი სიტყვაა... ღმერთო ჩემო რა საზარელი... არა ბავშვები, როგორ არ მიყვარს... ერთადერთი ბავშვი, რომელიც მძულდა საკუთარი თავია... ჰო, მძულდა ჩემი ბავშვობა... არაფრის მთქმელი უაზრო დღეების მთელი რიგები... გაღიმება , როცა საერთოდ არ მეღიმებოდა... ადამიანები... ადამიანები... ადამიანები... გარს მივლიდნენ მაკვირდებოდნენ, აკვირდებოდნენ ჩემს სულს, როგორც ყინულის სასახლეში ჩასვენებულ მიცვალებულს, რომელიც უძრავი იყო მაშინაც კი, როცა მის არაბუნებრივ გამომეტყველებაზე ყველას ეცინებოდა... ბავშვები? ბავშვები, როგორ არ მიყვარსს და რომ მიყვარს ამიტომაც არ მინდა ის დავინახო მათ თვალებში რასაც ჩემს თვალებში ვერავინ ხედავდა გარდა სარკისა... გარდასარკისა!
ეკა ბექასკენ მიდის და ცდილობს მოეხვიოს  თუმცა ბექა საშუალებას არ აძლევს.
ბექა: –არ გაჩნდება! ეგ ბავშვი, არ გაჩნდება...
ეკა: –ბექა, ბავშვი რა შუაშია... მას შენს ბავშვობასთან რა კავშირი აქვს...
ბექა: –ეგეც ჩემნაირი იქნება... ყველა ბავშვი ერთნაირია... ერთნაირი, გესმის?!
ეკა: –არა, ცდები... მას... ( ხელს მუცელზე იდებს) – მას არაფერი დაუშავებია!  წარმოიდგინე რა ლამაზია იმის შეგრძნება, რომ ყოველ დღე საკუთარ ქმნილებას უყურებ. უყურებ და გრძნობ პირველივე ამოსუნთქვიდან.
ბექა: - ეგ ბავშვი არ გაჩნდება!

ძირითადი სცენა. (ირეალური სამყარო)

მხატვარი: -მეზღვაურო! რაო, რას გეუბნებიან შენი სკამები?
მეზღვაური: -სკამები არ ლაპარაკობენ.
მხატვარი:-რას მეუბნები. მალე მორჩები?
მეზღვაური:  -ცოტა დამრჩა. აუცილებლად დავალაგებ.
აინშტაინი: -ეს სიგიჟეს ჰგავს.  გაუთავებლად სკამების ლაგება ვის გაუგია?!
მეზღვაური:(დამცინავად)  -ჰო, რაღაცით მართლა გგავს... 
აინშტაინი: -იქნებ, მორჩე ირონიას.
მეზღვაური: -ხო, ვისთვის ირონია და...
    (აინშტაინმა ნერვიულობისგან ცერა თითი პირში ჩაიდო)
  მხატვარი: –აინშტაინ, რამდენჯერ უნდა გითხრა, გამოიღე პირიდან თითი.
  (აინშტაინმა მორცხვად გამოიღო პირიდან თითი და გაკვირვებული წამოხტაფეხზე)
აინშტაინი: –სად არის ჩემი სათამაშო? (ანერვიულებული)
  (მუნჯმა კუთხეში დადებული სათამაშო აიღო და აინშტაინს გადაუგდო)
აინშტაინი: –ცოტა ფრთხილად მოებყარი... ( ისევ იატაკზე დაჯდა და სათამაშოს მოფერება დაუწყო) –მირჩიეთ რა დავარქვა.
მხატვარი: –სახელი.
აინშტაინი: –რა?
მხატვარი: –შენი სახელი დაარქვი.
აინშტაინი: (დაფიქრებული) კარგი იდეაა, მაგრამ ჩემი სახელისთვის ცოტა სულელური გამომეტყველება აქვს.
  (მახტვარი ნახატს კუჭავს და კარისაკენ ისვრის ოთახის კარი იღება და ოთხში თეთრებში ჩაცმული გოგონა შედის.  გოგონა შეშინებული თვალებით უყურებს ოთხივეს. მის უკან კი კარი მაგრად იხურება. მერე ნახატს იღებს და მხატვარს აწვდის )
მხატვარი: - თქვენ?
გოგონა: –ფურცელი გამომართვით.
მახტვარი: –მე აღარ მჭირდება, თქვენი იყოს.
(გოგონა მეზღვაურის სკამს ოდნავ სწევს და ზედ ჯდება.)
მეზღვაური:(ანერვიულებული გამომეტყველებით) -რას შვრები?!
    (გოგონა შიშისასაგან წამოხტა)
აინშტაინი: -დაწყნარდი, დაწყნარდი. (აინშტაინი წამოდგა და გოგონას მხარზე დაადო ხელი) -რა მოგივიდა, მეზღვაურო. ახალია ჯერ, მიუჩვეველი.
მეზღვაური: -მაპატიეთ, ცოტა ავნერვიულდი. (სკამი აიღო, თავის ადგილას დააბრუნა და დალაგება განაგრძო)
მხატვარი: - ძირს ჩამოჯექი გოგონა.
გოგონა:  -არა. მირჩევნია ვიდგე.
მხატვარი: -რატომ? დაჯექი!
გოგონა: - არა, მადლობთ. იქ, ფანჯარასთან დავდგები. (ფანჯარასთან მივა და ყურებას დაიწყებს)
აინშტაინი: - აქ საიდან მოხვდი.
გოგონას ხმა არ ამოუღია.
მხატვარი: -  ლამაზია არა?
გოგონა: -მადლობა.
მხატვარი: -ზღვაზე გითხარი.
გოგონა: -დიახ, ნამდვილად ლამაზი ზღვაა.  თქვენ მოგწონთ თოლიები?
მხატვარი: -ლამაზი ფრინველია. დაფრინავს და ყველა ჰორიზონტს არღვევს. არის მასში რაღაც იდუმალი, რაღაც მისტიური.
  მეზღვაური ჩუმად იცინის.
გოგონა: -მეც შემიძლი აფრენა.
    მხატვარს გაეღიმა.
მეზღვაური: (დამცინავად) -ფრენა არა, მაგრამ გაფრენა კი ნამდვილად შეგძლებია.
გოგონა: - არ გჯერათ, ხომ? აი, ნახვათ, ერთხელაც მე ამ ფანჯარას გავაღებ და წავალ.
მეზღვაური: -ეს შენობა, შუა ზღვაში, პატარა კუნძულზეა აშენებული. თქვენ ადგილას არ ვიზამდი. და საერთოდ, ცურვა იცით?
გოგონა: (ნიშნის მოგებით) -მერე ვინ გითხრათ, რომ ცურვას ვაპირებ. გავფრინდები - მეთქი გავარღვევ ღრუბლებს, ლურჯ ტალღებს. აი, ნახავთ, მე მივაღწევ სამყაროს უკანასკნელ წერტილამდე. იქ, სადაც მხოლოდ ზღვის ანგელოზები არიან,  თეთრი ანგელოზები. მათ ადამიანი მხოლოდ სიკვდილის წინ ხედავს.

-ზღვის ანგელოზები? –იკითხეს ერთხმად მხატვარმა და მეზღვაურმა. მუნჯმაც კი შეწყვიტა სიარული.
აინშტაინი: -მაინც,როგორები არიან შენი ზღვის ანგელოზები?
გოგონა: - ლამაზები, ძალიან ლამაზები...
მეზღვაური: –ანგელოზი რა არის?
გოგონა: –ანგელოზი? იქნებ მოვიდეს დრო და თქვენც გაიგოთ მათ შესახებ.
მხატვარი: –და დრო რა არის?
გოგონა: –დრო ის მატერიაა, რომელიც სამყაროზე ადრე იყო და მაინც ყოველთვის გვიანაა.
  (აინშტაინმა პირში თითი ჩაიდო)
აინშტაინი: –ვერ გავიგე (გაკვირვებული) არა, არა, არ მესმის...
მხატვარი: –არ მესმის, როგორ შეიძლება სულ პირში გედოს თითი?!
მეზღვაური: –ანუ ჩვენ, დროის ნაწილი ვართ?
აინშტაინი: –დროის ნაწილი ხარ?!... თუ ასეა, მაგ თქვენს დროს არანაირი ფასი არ ჰქონია.
გოგონა: –მემგონი, თქვენ ყველაზე ჭკვიანი გიჟები ხართ. (დაფიქრდა) არა, ასეა ნამდვილად.
კარი გაიღო და გოგონამ ლაპარაკი შეწყვიტა.
  -მხატვარო, შენი ჯერია. – გაისმა იქიდან.
      (მხატვარს გამომეტყველება შეეცვალა.)
აინშტაინი:(ღიმილით) – რა მოხდა, მხატვარო, ხომ თქვი, სიკვდილის არ მეშინიაო?
მხატვარი: -ძნელი ყოფილა, თუმცა გარადაუვალი. უნდა წავიდე...
მეზღვაური:(ირონიულად) -გაგვაგებინე, რომ ჩახვალ...   
მხატვარი: -პირადად შენ, მოსაწვევს გამოგიგზავნი!
      (მახტვარი კართან მივიდა, ერთხელაც მოავლო თვალი, სევდიანი მზერით ოთახს და გავიდა...)
გოგონა:(გაკვირვებული) - რა მოხდა.სად წავიდა?
აინშტაინი:-იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
გოგონა:-მაინც?
მეზღვაური: -იმ ქვეყნად.
გოგონა:-თავისი ფეხით?
მეზღვაური:(ღიმილით) -ხო, რა მოხდა, შორს კი არაა.
გოგონა:(განერვიულებული) -ასე როგორ ლაპარაკობთ?! ადამიანი მოსაკლავად წაიყვანეს. იქნებ დავემხაროთ რამით.
აინშტაინი:(დამცინავად)  - საგზალის წაღებაში მიეხმარე.
  გოგონამ დაკუჭული ნახატი გაშალა და გაკვირვებულმა იკითხა:
გოგონა: –რას ხატავდა?
აინშტაინი: –იმას, რასაც ხედავდა.
გოგონა: –თეთრი ანგელოზები. აქ თეთრი ანგელოზები ხატია...
  (გოგონამ თავი ჩახარა და ფანჯარასთან მივიდა. ცოტა ხანი ჩუმად იდგა. სიჩუმე ისევ მან დაარღვია.)
გოგონა: -ღამდება უკვე. რა ლამაზია მზე ჩასვლისას, დრო და თოლიები.
აინშტაინი: -ლამაზია.
გოგონა: -რომელი?
აინშტაინი: -შენი ყელსახვევი. (ხელი ყელსახვევისკენ წაიღო)
გოგონა: -მადლობა. ამ ყელსახვევს ძალიან ვუფრთხილდები.(ანიშნა, არ შეხებოდა)
აინშტაინი: -შავი რატომაა?
გოგონა: -თეთრ კაბას უხდება.
მეზღვაური: –თეთრი, შავი, შავი, თეთრი... რაც აქ ვარ მაგ ფერების მეტს ვერაფერს ვხედავ...
გოგონა: –ზღვა? ის ხომლურჯია...
მეზღვაური: –ხო, მაგრამ იქიდანაც სიშავე მოდის...
აინშტაინი: –შავი. ასე დავარქმევ ჩემს სათამაშოს.
გოგონა: –შენს ადგილას არ დავარქმევდი...დედამ გაჩუქა?
აინშტაინი: (პირში თითი) დედა რა არის?
გოგონა: –დედა ვინ არის! დედა ისაა, ვისიც ყველაზე მეტად გწამს, ვინც სულ შენთანაა, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის შენი, ვისთვისაც არასდროს დაგიძახია სახელი და ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.
აინშტაინი: –დედა, აი რას დავარქმევ ჩემს დათუნიას. (პირში ხელი ჩაიდო და უთქმელადვე გამოიღო) –მხატვარი რომ აქ ყოფილიყო!..
  (ხმა არავის ამოუღია)
კარი იღება და ოთახში ორი კაცი შედის.
პირველი: -დასხედით!
      ყველა მეზღვაურის დალაგებულ სკამებზე სხდება. ხმას არავინ იღებს. ორ კაცს უყურებენ ხელში, რომ ფურცლები უჭირავთ და რაღაცას იწერენ.
მეორე: - დაფიქრდით და მიპასუხეთ: რა არის სამყაროს ცენტრი?
  ხმა არავის ამოუღია.
  პირვლი: -აინშტაინ, შენგან დავიწყებთ.
(აინშტაინი ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო)
აინშტაინი: -ჩემი აზრით, სამყაროს ცენტრი ეს ოთახია.
  ორივეს სახე გაუნათდა.
მეორე: -რატომ ფიქრობ ასე?
აინშტაინი: -უბრალოდ, მეტი იდეა არ მომდის თავში!
  პირველი: -სისულელეა. – მოიღუშა ისევ ორივე.
მეორე: -მეზღვაურო, ახლა შენ გისმენთ!
  მეზღვაურმა ფეხიფეხზე გადაიდო და მარჯვენა ხელი ნიკაბზე მიიდო.
მეზღვაური: -სამყაროს ცენტრი თითოეული ადამიანისათვის ინდივიდიალურია. აი, მაგალითად, ჩემთვის სამყაროს ცენტრი ეს სკამებია, რადგან ამით ვიწყებ და ვამთავრებ დღეს.
პირველი: -დაჯექი, მეზღვაურო, ვიფიქრებთ შენს მოსაზრებაზე.
მეორე: -აბა გოგონა, ახლა შენი ჯერია.
გოგონა: -თოლია!
მეორე: -ბატონო?!
გოგონა: -დღეიდან თოლია დამიძახეთ. ასე მქვია.
მეზღვაური: (ყვირის) -თოლია?! –
გოგონა: -დიახ, თოლია. მოხდარამე?
მეზღვაური: -იცით, მე შევცდი! სამყაროს ცენტრი... სამყაროს ცენტრი... დიახ, სამყაროს ცენტრი მე ვარ. მე ვარ    ყველაფერი ამ ქვეყნად. მეშემიძლია გადავატრიალო მსოფლიო.
პირველი: (მკაცრი ხმით) -დაჯექი, მეზღვაურო!
(მეზღვაურიც მშვიდად დაჯდა.)
მეორე: -თოლია, განაგრძეთ!
თოლია: - ჩემთვის სამყაროს ცენტრი ის ადგილია, სადაც ზღვის ანგელოზები არიან. თეთრი ანგელოზები... ისინი ასხივებენ შუქს. მათი სიმღერა ისეთი სულში ჩამწვდომია, ისეთი ტკბილი... გავიწყებს ყველანაირ დარდს და გინდა, რომ მხოლოდ მათ უსმინო... ცუდი ისაა, რომ ადამიანი მათ მხოლოდ სიკვდილის წინ ხედავს.
მეორე: -მერედა, შენ როგორ ნახე ისინი.
თოლია: - მე ადამიანი არ ვარ. მე თოლია ვარ, თეთრი თოლია!
პირველი: -მძიმე შემთხვევაა. დაჯექი!
მეორე: -ყველაზე ჭკვიანური იდეა თქვენს შორის,მუნჯს ჰქონდა. იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი უთქვამს...
პირველი: მართალია. მუნჯო, შენ მოემზადები! გამომცდელები გავიდნენ.
მუნჯი ნელა წამოდგა და ორივე ხელით კედელს მიეყრდნო.
აინშტაინი:(საყვედურით) -ეს რატომ გააკეთე, მეზღვაურო. შენ სწორი პასუხი გქონდა.
მეზღვაური: -გადავიფიქრე! ახლა ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი გაუჩნდა. თოლია მოფრინდა.
თოლია:-ვერაფერი გავიგე!  რა ხდება აქ... სად ვარ... რატომ ან სად მიდის ეს ხალხი.
აინშტაინი: -კარგი, ყველაფერს გეტყვით, თუმცა ეჭვი მეპარება, მოგეწონოს. ეს დაწესებულება შუა ზღვაშია აშენებული.
მეზღვაური: -აქ, ექსპერიმენტებს ატარებენ. ყველაზე ჭკვიანებს დროდადრო კლავენ ბოლოს, კი დატოვებენ ერთს, ყველაზე გიჟს მათ შორის,
აინშტაინი: -რომელსაც ჩაუტარებენ ექსპერიმენტს. სწორედ ამიტომ ყველანი გიჟების როლს ვთამაშობთ. გაგიკვირდება და,  არავის გვინდა სიკვდილი.
მუნჯი: -სიკვდილი ერთადერთი საშუალებაა ამოხსნა ყველაფერი გაუგებარი.
თოლია: -მუნჯო, შენ ლაპარაკი შეგიძლია?
მუნჯი: - მეგონა, სიჩუმით გადავრჩებოდი, მაგრამ არ გამიმართლა. მართლაც, ცხოვრებას ჰგავს აქაურობა. ყველა წარმომავლობის თუ პროფესიის ადამიანი შევკრებილვართ და გიჟებს ვთამაშობთ. და რისთვის? იმისთვის, რომ გადავრჩეთ.
თოლია: მერე და რად გინდათ ასეთისიცოცხლე, თუ კი რაღაც ექსპერიმენტი უნდა ჩაგიტარონ.
აინშტაინი: -სიკვდილს ხომ სჯობს.ან იქნებ, არც სჯობს... არვიცი ამყველაფერს რისთვის ვაკეთებთ.
თოლია: გამოდის, რომ მეცთქვენი ბედი მიწერია.
აინშტაინი: კი, ნამდვილად.
გოგონა: კი, მაგრამ მერე სამართალი? კანონი? ეს ხომ არაცივილურია!
მუნჯი: ცივილური? ჰა,ჰა,ჰა! სასაცილოა. რომელ ცივილიზაციაზე მელაპარაკები.  არსებობს კიდევ რამე სხვა, გარდა აქაურობისა. მე მთელი ჩემი ცხოვრება, ამ ოთხ კედელში გავატარე. ამ ფანჯრიდან რაც სჩანს, მხოლოდ ესაა ჩვენთვის ცივილიზაცია.
თოლია: კარგით, ვთქვათ მასეა. მაშინ მითხარით, რა იცით აინშტაინის შესახებ. 
მეზღვაური: -დააშავა რამე? (აინშტაინს შეხედა)
თოლია: ვინ?
მეზღვაური: ამან! (მიანიშნა აინშტაინზე)
თოლია: -ეს რა შუაშია? აინშტაინი ცნობილი მეცნიერი იყო.
აინშტაინი: -მეცნიერი? საინტერესოა.
მეზღვაური: -რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას. თოლია, გვითხარი, საიდან მოხვდი აქ?
თოლია: -არ ვიცი. თვითონ არვ იცი, დავიძინე და რომ გავიღვიძე, რაღაც ოთახში ვიყავი. იქ ძალიან დიდიხანი გავატარე. თუმცა დღემდე არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. მხოლოდ სიყვარული მაძლებინედბდა.
მუნჯი:(გაკვირვებული) - სიყვარული? რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ?
თოლია: -ყოველ ღამით, ჩემი ოთახის ფანჯარასთან მოფრინდებოდნენ ხოლმე თეთრი ანგელოზები. და მივყავდი ზღვის ფსკერზე, იქ კი მხვდებოდა წერილები. ძნელი მისახვედრი არ  არის ვისი. მერე მე პასუხს ვატანდი ხოლმე თეთრ ანგელოზებს. ბოლოს გადავწყვიტეთ, შევხვედროდით.
აინშტაინი: -ეგ ხომ შეუძლებელია.
თოლია: -რატომაა შეუძლებელი. მე გავფრინდები ის კი ზღვაში გამოცურავს და შევხვდებით. თუნდაც ეს სიკვდილის ფასად დაგვიჯდეს. სიკვდილის ფასად!
ქვავდება ყველა.

ალტერნატიული მინი სცენა ძირითადი სცენის სიღრმეში.

ბექა: -წერილებიო?  სასაცილოა... ზღვიდან წერილებს როგორ იღებ.
გიორგი: -თოლიებს მოაქვთ!
დათო: -სად მოასწარი ამ დილაადრიან.
გიორგი: -რა?
დათო: -დალევა.
გიორგი: -კარგით რა... არ ვხუმრობ.
ბექა: -კარგი, ვთქვათ მასეა. ვინ გიგზავნის?
გიორგი: -თოლია.
დათო:- (სიცილით) ანუ თოლიებს მოაქვთ თოლიას წერილები?
გიორგი: -თქვენ იცინეთ და აი, ნახეთ, ერთხელაც მე გავცურავ ზღვაში და შევხვდებ იმას.

ბექა:(დაცინვით) „გავცურავ ზღვაში და შევხვდებ იმას“ -კარგი რა გიორგი რაებს სულელობ.
გიორგი: -არ ვსულელობ. წერილებთან ერთად შავი ყელსახვევიც გავუგზავნე საჩუქრად. შემპირდა, რომ კარგად შეინახავს.
დათო: (სიცილით) ეჰ, ძმაო, შენ მართლა გაგიჟებულხარ... როგორ შეგიძლია მასეთ რაღაცებზე ფიქრი, როცა ამდენი ცუდი რამ ხდება ამქვეყნად.
გიორგი: - და მაინც?
დათო: - არ ვიცი, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ჩემი ცოლი ორსულადაა.  მე კიბავშვი არ მინდა. მოვაშორებინებ.
ბექა:- კარგს იზამ... ახალგაზრდა ხარ ჯერ. რა დროს შენი ბავშვია.
გიორგი: - უმადურები ვართ ადამიანები. ვერასდროს ვხედავთ უფლის სიკეთეს.
ბექა: - რა მოუცია უფალს ჩემთვის, რომ მისი მადლიერი ვიყო?!
გიორგი: -რომც მოეცა მაინც უმადური იქნებოდი. ამ რამდენიმე დღის უკან, ღამით, ქალაქში მომინდა გასეირნება. ლამაზია ღამის ქალაქი, მშვიდი და უწყინარი. მივსეირნობდი და ვფიქრობდი, თუ კი ოდესმე გავშლიდი ფრთებს და ამ საყაროდან გაფრენის სურვილი შემიპყორბდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემოქმედისთვის, იმ დალოცვილისთვის, მადლობა მეთქვა ამ შვენიერებისთვის. რამდენიმე წუთში არ ვიცი რა ძალამ ან წინათგრძნობამ მომახედა უკან, მოვიხედე და დავინახე, რომ ფრთხილი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მომყვებოდა შუახნის კაცი, დაკონკილი ტანისამოსით და ხშირი, მოუვლელი წვერით. მომიახლოვდა და ხმის ამოუღებლად გამომიწოდა ხელი... მივხვდი დახმარებას მთხოვდა. ცოტახანი ვიდექით ასე, ერთმანეთის პირისპირ, ვუყურებდი და მის მშიერ თვალებში მზის ჩასვლის მსგავს სევდას ვხედავდი, მიყურებდა ისიც და მინდოდა წამით გამეგო ის რას ხედავდა ჩემს თვალებში, მინდოდა იმდენად, რომ ლამის გავბედე და ვკითხე, მაგრამ უცერად რაღაცამ გამომაფხიზლა, იქნებ მოულოდნელობის შიშმა. სასწრაფოდ მოვიქექე ჯიბეები, მივეცი ხურდა და შინ გამოვრუნდი.
მეორე დილით მთავარ გამზირზე ჩავიარე. ბორდიურზე იჯდა ის უცნობი და მადლიერ თვალებს აყოლებდა ყველას ვინც ეხმარებოდა.
მესამე დღეს უკვე დაგეგმილად წავედი იმ ადგილას, რომ კიდევ ერთხელ მენახა და ვერც წარმოიდგენ, როგორი მომჯობინებული მეჩვენა. თავაზიანად უკრავდა თავს გამვლელებს, ესალმებოდა და ხალხიც ხალისით უყრიდა ფულს.
მეოთხე დღეს ყველამ იცოდა, რომ მთავარ გამზირზე იჯდა მათხოვარი და მისი დახმარება ერთგვარ ადამიანობის გამოხატულებად გადაიქცა. ხალხი უყვებოდა, ეტრაბახებოდა ერთმანეთს, როგორ იღებდნენ მომწყალებას. მიდოდნენ მასთან მსახიობები, ექიმები, ვაჭრები, ქალაქის ცნობილი თუ უცნობის სახეეები.
მეხუთე დღეს, იცი რა მოხდა მეხუთე დღეს?!. მე, კვლავ შევხვდი იმ კაცს და ადგილზე გავქვავდი. მის თვალებში თითქმის გამქრალიყო მადლიერების გრძნობა და გარდაუვალ აუცილებლობად გადაქცეულიყო დახმარება. მერე ვიღაცამ, საიდანღაც ახალი ტანსაცმელი მოუტანა და თეატრში დაპატიჟა. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს ქალაქის სულიერი ფასეულობების ამაღლებაში შეტანილი წვილისთვის და დღეს, როდესაც გვერდით ჩავუვლი, სალამის თქმაც მეუხერხულება,
ჩამივივლის თავაწეული, გადიდგულებული და ვინ იცის ხურდაც გამომიწოდოს.

დათო: - ეგეთები იმ თოლიამ გასწავლა?
გიორგი: თოლიამ ფრენა მასწავლა!


ძირითადი სცენა. გაურკვეველი დაწესებულება.
მუნჯი: - სისულელეა. სხვა სამყარო არ არსებობს. ჩვენ, აქ გავჩნდით და  აქ მოვკვდებით.
აინშტაინი: -ან იქნებ, არც გავჩენილვართ? უნდა მოვკვდეთ იმისთვის,რომ ვიცოცხლოთ? იქნებ წინაა ყველაფერი. აი, შენ, მეზღვაურო, გჯერა სიცოცხლის დაბადების შემდეგ?
მეზღვაური: -ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მხოლოდ ვიცი, რომ აუცილებლად გადავრჩებით!
აინშტაინი: -არა, აქედან ვერასოდეს გავაღწევთ. და იცი, რატომ? იმიტომ, რომ ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე, მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.
თოლია: - რა თქვი?
აინშტაინი: -რა მოხდა?
თოლია: -სწორედ ასეთქვა აინშტაინმა.
აინშტაინი: -ვინ, იმ მეცნიერმა?
თოლია: -კი, იმ მეცნიერმა. ვერაფერი გავიგე. სად ვართ. ან თქვენ ვინ ხართ?
მეზღვაური: -ჩვენ, ყველანი, რაღაც მიზნისთვის ვართ აქ, ამ ოთახში, რომ გადმომიყვანეს ,ძალიან პატარა ვიყავი. მანამდე ჩემს მშობლებთან ერთად ვცხოვობდი. მაშინ გარეთ გასვლის უფლებაც გვქონდა. მამაჩემი მეზღვაური იყო და გემებსაც აშენებდა. მინდოდა ყოველთვის, მისთვის მიმებაძა. მინდოდა, მასსავით მეც ამეშენებინა გემები. მამა ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, რომ ჩვენ ერთად ავაგებდით გემს, რომელსაც  „ცხოვრებას“ დავარქმევდით და ამ გემით გავცურავდით დიდ ოკეანეში. მაგრამ ვერ მოვასწარით. ის წაიყვანეს. მოკლეს. როცა ოთახიდან გადიოდა, მითხრა:
-შენ უნდა ააშენო გემი, დიდი გემი, დადაარქვა მას ცხოვრება, ჩასვამ ამ გემში ყველას, ვისაც აქ ნახავ და წაიყავნ ამ ადგლიდან და გადარჩებით იმ შემთხვევაში, თუ გემზე მოფრინდება თეთრი თოლია, ზღვის ანგელოზი,  აი, ამიტომ ვცდილობ ამ სკამებით გემის გაკეთებას.
აინშტაინი: -სკამებით გინდა გააკეთო დიდი გემი?
მეზღვაური: -ჰო, რა იყო.
აინშტაინი: -შეუძლებლად მეჩვენება.
მეზღვაური: (ყვირლით) -მაშინ მითხარი, რა არის შესაძლებელი?! გინდა, აქ დავრჩეთ?
აინშტაინი: (ყვირილით) -ყოველ შემთხვევეში, შენი სულელური იდეებით ვერ გადავრჩებით.
  თოლია: (სკამზე დგება) -ნოეს კიდობანი!
  ყველა ჩუმდება.
მუნჯი: -რა?
თოლია: -რა და ნოეს  კი დო ბა ნი! შენ წარღვნისგან უნდა გადაგვარჩინო, მეზღვაურო.  ჩვენ არ დავბადებულვართ. უფრო სწორედ თქვენ არ დაბადებულხართ, მე კი აქ რაღაც მიზნით მოვხვდი.
შენ მართალი იყავი, აინშტაინ, იმისთვის, რომ დაიბადოთ, უნდა მოკვდეთ.
  ამ დროს კარი გაიღო და ოთახში გამომცდელები შევიდნენ.
პირველი: -აბა ,მუნჯო მზად ხარ სიკვდილისთვის?
მუნჯი: -სიცოცხლისთვის!
მეორე: -შენ რა ლაპარაკი შეგიძლია?
მუნჯი:- ახლა რამე მნიშვნელობა აქვს ამას?
პირველი: -არანაირი, წამოდი. გვაგვიანდება!
მეზღვაური: -ნახვამდის... უფროსწორედ, დაბადებამდე...
თოლია: -დაბადებამდე, მუნჯო... შევხვდებით...
  მუნჯი ნელი ნაბიჯით გადის ოთახიდან.
მეზღვაური: -ახლა ჩვენ დავრჩით.  დაველოდოთ სიკვდილს.
თოლია: -მე ვერ დაველოდები... თქვენ რომ წაგიყვანენ, მე უნდა გავფრინდე...
მეზღვაური: -გაფრენა რაღაში გჭირდება...
თოლია: -შენ, ალბათ, არ იცი, რომ დაბადებისთვის საჭიროა სიყვარული.
მეზღვაური: -ეგ როგორ.
თოლია:(ხუმრობით) -რომ გაიზრდები, აგიხსნი... ჯერ შენ არცკი დაბადებულხარ.
აინშტაინი: -ანუ ჩვენი დაბადება შენი დამსახურება იქნება?
თოლია: -კი, ნამდივლად.
აინშტაინი:(მეამიტურად) -შეიძლება, დედა დაგიძახო?
თოლია: -არ შეიძლება. თქვენ სხვამშობლები გეყოლებათ.
მეზღვაური: -შენ არი ქნები დედაჩვენი?
თოლია: -არა, თქვენ სხვა დედა გეყოლებათ.
მეზღვაური: -(ბუზღუნით) ახლა ვიტირებ.
აინშტაინი: -ნუ ცანცარებ, ამხელა კაცი ხარ!
მეზღვაური: -შენ მოეშვი ჩემს კრიტიკას!
თოლია:(ხუმრობით) -კარგით რა, ბიჭებო, რა პატარა ბავშვებივით ჩხუბობთ?

ისმის ქუხილის ხმა. (განათებულია მთავარი და ალტერნატიული სცენაც)
ალტერნატიულ სცენაზე
ბექა: - ეს რა არის
ეკა: (ხელში ქილა უჭირავს)  -წამალი.
ბექა:- რისი წამალი?
ეკა: ეს უნდა გავაკეთო. უნდა მოვიშორო. ან ახლა, ან არასოდეს! ჩვენთვის უნდა გავაკეთო!
ბექა: -არ ვიცი... არ არის ადვილი.
ეკა: - ეს ბავში ზედმეტი ტვირთია.
ბექა: - ვინ იცის მეორე რუსთაველია, გალაკტიონი ან სულაც მეორე აინშტაინი.
ეკა: - მოეშვი სისულელეს. არ სჭირდება მსოფლიოს მეორე აინშტაინი! უბრალოდ მინდა პირველად და უკანასკნელად ვუმღეროთ იავნანა.
ეკა სიმღერას იწყებს და ბექაც ყვება.
 
მეზღვაური: -აინშტაინ, მოხდარამე? ფერი არ გადევს...
აინშტაინი: -გესმით?
თოლია: -რა?
აინშტაინი: -ეს ხმა...
მეზრვაური: -რა ხმა?
აინშტაინი: -გაჩუმდი! მომესმენინე... რა ლამაზი სიმღერაა... მგონი უკვე მომისმენია სადღაც...
მეზღვაური: -რა სიმღერა, გაგიჟდი?
აინშტაინი ხმას არ იღებს...
  გაკვირვებული უსმენს...

  ბექა და ეკა სიმღერას აგრძელებენ თან ეკა ქილიდან წამალს სვამს

თოლია: -რა მოხდა... ხომ კარგად ხარ?
აინშტაინი: -სუნთქვა არ მყოფნის. ცუდად ვარ,– (ძირს ეცემა)
თოლია: -აინშტაინ! რა ხდება!
მეზღვაური: -დაგვეხამრეთ ვინმემ. ცუდადაა. დაგვეხმარეთ!
აინშტაინი: -ცუდად ვარ... სუნთქვა არ მყოფნის. თითქოს შიგნიდან მფიტავენ... მიშველე, თოლია.
თოლია: -არ დანებდე აინშტაინ გთხოვ... იბრძოლე.
აინშტაინი: -აზრი არ აქვს, თოლია, ძალა აღარ მაქვს. რა ეშველება ამას უჩემოდ(სათამაშოზე მიანიშნა) დედა ჩემს გარეშე როგორ იცოცხლებს, ვინ მოუვლის... დედას სხვანაირი ყურადღება უნდა... არა, ნახე ისიც კვდება... ჩემი თოჯინა კვდება...
ოთახში გამომცდელები შედიან.
პირველი:- რა მოხდა, რა სჭირს.
მეზღვაური: -ცუდადაა. ვერ სუნთქავს.
თოლია: -დაეხმარეთ, გთხოვთ...
გთხოვთ...
გთხოოთ..
გამომცდელებს აინშტაინი გაჰყავთ.

სცენა წარმოადგენს მწერლის ოთახს.

მწერალი: - შემდეგ? რა მოხდა შემდეგ?
მთხრობელი: -წვიმიანი დღე იყო... კარგად მახოვს დილის 9 იყო, როცა მითხრეს, გიორგი აღარ არისო, დაიღუპა. იძახდნენ თავი მოიკლა ზღვაშიო. ნაპირზე უპოვნიათ გამორიყული, ხელში მაგრად ეჭირა რაღაც შავი ნაჭერი. მაშინვე ის ყელსახვევი გამახსენდა. ჯიბეში წერილი უპოვეს. სულ სველი იყო, ძლივს მოახერხეს წაიკთხვა. ის წერდა, რომ დაიბადებოდა 3 ბავშვი. ერთს ნოეს დაარქმევენ, მეორე მუნჯი იქნება, მესამე კი დიდი მხატვარიო. ამ ამბის არავის სჯეროდა, თუმცა იმავე ღამეს  საავადმყოფოში სამმა ქალმა იმშობიარა. ერთის ბავშვს ნოე დაარქვეს. მეორე ავადმყოფი დაიბადა, მუნჯი. ისე კი ძალიან მოუსვენარიბავშვი იყო.  მესამეს მხატვრობაში აღარავის შეჰპარვია ეჭვი. დიდიხანი გავიდა მას მერე და მთელი ამ ხნის განმავლობაში გიორგის საფლავზე ყოველ დღე მიფრინდებოდა ხოლმე თეთრი თოლია, ყელზე შავი ზოლით და  იჯდა ქვაზე... იჯდი საათობით!

          თეთრ პერანგში ჩაცმული გოგონა (თოლია), ფანჯრის წინ  ზურგით დგას (დარბაზისკენ) ხელში უჭირავს სათამაშო. ასე გრძელდება რამოდენიმე წამი. სცენის შუა ნაწილში, დევს, დიდი, ფერადი კუბი. გარკვეული დროის შემდეგ გამოდის ხუთი  კაცი(აინშტაინი, მხატვარი, მეზღვაური, მუნჯი, გიორგი)სკამებს ალაგებენ კუბის გარშემო,  გემის ფორმაზე და სხდებიან. აქედან ორი შეტრიალებული.( აინშტაინი და გიორგი)
        ისმის დიალოგი:                     
                      თოლია: -მზად ხართ?
                      მეზღვაური: -მზად ვარ. მე მჯერა სიცოცხლის დაბადების შემდეგ.
                      მხატვარი: -შეხედეთ, რამდენი ლამაზი ფერი ჩანს...
                      მუნჯი: –ჩვენ გვჯერა შენი თოლია...               
                      მეზღვაური: -გაფრინდი თოლია. გაფრინდი...
                          (თოლია ხელებს შლის და ისმის ბავშვის ტირილი სხმა...)


                  ფ ა რ დ ა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები