ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2015


პატარა თეონას პატარა ისტორიები. თავი 8. თეონა და ნინუცა

ოთხიწლინახევრის თეონა საბავშვო ბაღში მიიყვანეს და საშუალო ჯგუფში ჩარიცხეს, იმავე ბაღის უმცროს ჯგუფში კი - მისი ორი წლის დაიკო ნინუცა. ნინუცა შემოდგომაზე 3 წლისა უნდა გამხდარიყო და ამიტომაც ჩარიცხეს ბაღის უმცროს ჯგუფში.
თეონას ოჯახში ყოველთვის ერთი და იგივე ესმოდა:
- ნინუცა პატარაა, შენ უნდა დაუთმო!...
- ნინუცა პატარაა, შენ უნდა მოუარო...
- აბა შენ იცი, ნინუცა პატარაა, არავის დააჩაგვრინო...

და თეონაც ყოველთვის უთმობდა, უვლიდა ნინუცას, არავის აჩაგვრინებდა... ხანდახან ჭკუასაც არიგებდა-ხოლმე... და ნინუცაც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, თუ მისი უფროსი დაიკო მის გვერდით იყო!

ერთ დღეს დედამ შენიშნა, რომ ბავშვები ჩაჩაჩული გეტრებით მოვიდნენ სახლში.
და ასე გრძელდებოდა მთელი თვის განმავლობაში, რადგან საღამოს არცერთ გეტრს რეზინა აღარ იჭერდა წვივებზე.  მეორე დღეს ყოველთვის ახალ გეტრებს აცმევდათ დედა და გეტრები იმავე დღეს ეჩაჩებოდათ გოგონებს.
- რა საშინელი გეტრებია!... სულ არ უვარგათ რეზინები... - აღშფოთებას ვერ მალავდნენ დედა და ბებია.
- რაღა ამათ გეტრებს ემართებათ ასეთი უცნაურობები?! - უკვირდა მამას და ახალი გეტრების მთელი შეკვრა მოჰქონდა სახლში.

ერთ მშვენიერ დღეს მამიკომ მაგნიტოფონი მოიტანა, - გოგონების ხმა უნდა ჩავიწეროო.
და აი, დასვეს თეონა და ნინუცა მაგნიტოფონთან,  წინ მიკროფონი დაუდგეს და სთხოვეს, რამე მოგვიყევითო.
- მე წითელთუდას მოვყვები... - თქვა თეონამ.
- მე კიდე გეტრობანას...
- რას მოყვები, ნინუცა? - ჩაეკითხა დედა.
- გეტრობანას...
- გეტრობანა რა არის?
- ჯერ ჩემი ჯერია, ოოოჰ! - ტუჩები დაბერა თეონამ და თვალები აუწყლიანდა.
- კარგი, მოყევი...
- იყო და არა იყო რა, იყო ერთი დოდონა. ეს დოდონა დედიტოსთან და მამიტოსთან ერთად ცხოვრობდა სოფელში, მისი ბებიტო ტი ტყეში ცხოვრობდა... ბებიტომ წითელი თუდი მოუთსოვა და ამიტო წითელთუდა დაართვეს. ერთხელ წითელთუდამ თთვა, ბებო უნდა ვნახოო და თან მდლებისდანაც დავიცვაო... დათანხმდა მისი დედიტო და წადიო - უთხრა. წითელთუდამ აიღო ტალათი  და დედას მიუტანა. ტალათაში დედამ ჩაულადა ყვეეელი, პუუური, ხაჭა-პუუური, ხააალვა... დედა, ხალვა მეც მინდა, რა?!
- ჯერ მოყევი და მერე...
- მინდა, ვააა! ხალვას თუ არ მომცემთ, არაფერსაც აღარ მოვყვები...
- არ მოყვები და მაშინ ნინუცა მოყვება ... რას მოყვები ნინუცა?
- გეტრობანას...
- და რა არის ეს ”გეტრობანა”? - იკითხა მამამ.
- ”გეტრობანა” თეონას მოგონილი თამაშია!... თეონა არის-ხოლმე დედა... ჩვენ კი - შვილები ვართ. ხოდა დედა გვეუბნება-ხოლმე, ”მოდი გეტრებს რეზინები დავაძროთო”... ჩვენც ვაძროოობთ... ვაძროოოოოოობთ!... იცი, რა ძნელია-ხოლმე ზოგჯერ? მერე თეონაც მეხმარება-ხოლმე რეზინების გამოძრობაში...
- მარტო თქვენ აძრობთ-ხოლმე ამ რეზინებს? - მამამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დედას, "აი, თურმე, ჩემს მოტანილ გეტრებს არაფერი  სჭირთო!"
- არა, მთელი ჯგუფი...
- და რად გინდათ ეს რეზინები? - იკითხა გაკვირვებულმა დედამ.
- თეონა რაგატკებს უკეთებს-ხოლმე ბიჭებს... ისინი ჯოხებს პოულობენ, თეონა კი რეზინებს აბამს... იცი, რამდენი გააკეთა უკვე? ყველა ბიჭს აქვს უკვე თავ-თავისი რაგატკა.... ეხლა გოგოებსაც უკეთებს....

ეს ჩანაწერი ძალიან დიდხან ართობდა ოჯახის წევრებს.


* * *
სულ რამდენიმე დღის წინ ნინუცა სამი წლისა გახდა.

გვიანი შემოდგომა იყო. გარეთ საკმაოდ ციოდა.
გოგონები უკვე დიდი ხნის დაძინებულები იყვნენ...
ის იყო, უფროსებიც დასაძინებლად მოემზადნენ, რომ ნინუცამ ტირილი დაიწყო.
ნინუცა ვერც იღვიძებდა და ძილში რაღაცას ითხოვდა.
- რა გინდა ნინუცა? გაიღვიძე, დედიკო... აბა, კარგად მითხარი, რა გინდა?!
- ოჩივარადა მინდააა!!!
- რა გინდა, მამიკო?!
- ოჩივარადა მინდააა!!!
- რა არის ეს ოჩივარადა, ხალხო? თიკი, რა უნდა ბავშვს?
- აზრზე არა ვარ... არც გამიგია მისგან ეს სიტყვა.

ნინუცას ტირილზე თეონასაც გაეღვიძა.
- დე, რა უნდა ნინუცას, რატომ ტირის?
- არ ვიცი... რაღაც ოჩივარადას ითხოვს.... სად მიდიხარ, თეონა?!

თეონა საწოლიდან გადმოვიდა, თავის ჩუსტებში ჩაყო შიშველი ფეხები და შემოსასვლელი კარი გამოაღო.
- სად მიდიხარ, ბებო?!... თეონა გაცივდები!... შემოდი ახლავე!
- ნინუცას ოჩივარადა  უნდა მოვუტანო...

ამ სიტყვებით თეონა ეზოში გავიდა, მათი სახლის კართან დარგულ ტუიას ბუჩქს ერთი ტოტი წაატეხა,  სახლში შემობრუნდა და ნინუცას მუჭში ჩაუდო:
- აჰა, შენი ოჩივარადა... დაიძინე, ნინუცა... იავ-ნანა, ვარდო, ნანა, იავ, ნანინაოოო..

თეონას სიმღერა რომ გაიგო, ნინუცამ ტირილი შეწყვიტა, მძინარემ მაგრად მოუჭირა ხელი ტუიას ტოტს და მომღიმარი სახით გადაბრუნდა კედლისკენ.

- თეონა, რა არის ოჩივარადა? - ჩაეკითხა ნინო ბებია.
- არ ვიცი... მე ყვავილი მდონია და...  ყოჩივარდა ხო ყვავილია, ბე? ხოდა, ხო დავს ერთმანეთს ყოჩივარდა და ოჩივარადა?... დღეს მასწავლებელმა ზღაპარი წაუტითხა ამათ, ყოჩივარდაზე იყო... ხოდა, ალბათ ამასაც მოუნდა ყოჩივარდა...



* * *
დაზამთრდა.
თეონას ლამაზი ქურქი უყიდეს, მისი ”დაპატარავებული” ქურქი კი - ნინუცას მფლობელობაში  გადავიდა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა გოგონების სახლში წაყვანის დრო მოვიდა და თეონას კარადა გამოაღეს, ქურქი ადგილზე აღარ იყო. მის ნაცვლად თხელი, გაქუცული პალტო ეკიდა.
ატყდა ერთი ამბავი. მთელი ბაღი ეძებდა თეონას ქურქს, - უშედეგოდ!

პატარა ნინუცა მეორე სართულზე აბრუნდა, ბაღის გამგის კაბინეტში შევიდა და ომახიანად განაცხადა:
- ახლავე დაგვიბრუნეთ ჩემი დის ახალთახალი ქურქი!... ეს რომ ვერ ვიპოვოთ, აბა, მე მომავალ წელს რა უნდა ჩავიცვა?!
- მე უნდა დაგიბრუნო, ნინუცა? მე რომ არ ვიცი, ვინ წაიღო თეონას ქურქი?
- გამგე თუ ხარ, ესეც უნდა იცოდე! - რიხიანად თქვა ნინუცამ, მობრუნდა და კაბინეტიდან გავიდა.

დაიბნა ბაღის გამგე, ვერაფერი უთხრა 3 წლის გოგონას...

ის იყო, ნინუცა დაბლა ჩავიდა, რომ ბაღის ფოიეში ერთ-ერთი გოგონას, ქეთის დედა შემოვიდა და თეონას ქურქი შემოიტანა.
- თქვენი ჭირიმე, მაპატიეთ... ბაბუამ წაიყვანა ქეთი და მისი პალტოს ნაცვლად თეონას ქურქი ჩაუცმევია... აი, ქურქი მოვიტანე, ჩვენს პალტოს კი - წავიღებ...

მეორე დღეს, როცა თეონას ჯგუფი  სასეირნოდ გაიყვანეს ეზოში, ბავშვებმა დამალობანა წამოიწყეს. თეონამ დადხანს იფიქრა, სად დავიმალოო და... საკუთარ კარადაში შეძვრა.
კარადაში თბილოდა.
თეონა თავის ქურქში გაეხვია და გაიტრუნა....

დამალობანას თამაში დამთავრდა, ჯგუფი ოთახში დაბრუნდა.
შემდეგ ივახშმეს და მშობლების მოსვლამდე იქვე, ოთახში დაიწყეს თამაში.
ყველა ჯგუფი მეორე სართულზე იყო. დაბლა ფოიეში მორიგე იდგა.
თითოეული ჯგუფიდან თითო ბავშვი ეხმარებოდა-ხოლმე მორიგეობაში.
ამ მორიგე ბავშვების ფუნქცია იყო ფოიეს მორიგის მიერ დაძახებული ბავშვის ოთახიდან გამოყვანა.

თეონას და ნინუცას პაპამ მოაკითხა.
მორიგე ბავშვები კისრისტეხით გაცვივდნენ დერეფნის სხვადასხვა მხარეს დების მოსაყვანად.
ნინუცა მოვიდა, თეონა კი...
არ იყო ჯგუფში თეონა!
აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, - არ არის ბავშვი.
მასწავლებელმა, წარბი რომ არ შეტოკებია, ისე  თქვა:
- თეონას ბებიამ მოაკითხა და წაიყვანა...
- როგორ, თეონა წაიყვანა და ნინუცა დატოვა?
- დიახ... მხოლოდ თეონა წაიყვანა...

პაპამ ხელი დაავლო ნინუცას და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.
კარის შეღებისთანავე იყვირა:
- ნინო, თეონა რომ წამოიყვანე, ნინუცა ვის დაუტოვე, ა?
- რას ამბობ, შალიკო, როდის წამოვიყვანე თეონა?! ბავშვებს მე გამოვიყვანო, დილასვე არ მითხარი?...  მე არ ვყოფილვარ ბაღში...

შალიკო მობრუნდა და სირბილით დაბრუნდა ბაღში.
- თეონა სად არის, ქალბატონო იზო? - მკაცრი ხმით ჰკითხა ფოიეს მორიგეს.
- იცით რა, ვიღაცამ ნამდვილად წაიყვანა თეონა. მე მეგონა, ბებიამ გამოაგზავნა.
- რას ამბობთ, რას?! ერთ ბავშვს წაიყვანდნენ და მეორეს - არა? სად არის თეონა, მე თქვენ გეკითხებით!

და ისევ აწრიალდა მთელი ბაღი. არავინ იცოდა თეონას გაუჩინარების  მიზეზი...
სიმწრით თითებს იმტვრევდა ჯგუფის მასწავლებელი, მოთქმით ტიროდა ფოიეს მორიგე... ადგილს ვერ პოულობდა ბაღის გამგე...

უცებ...
- პაპა... - მოისმა კარადებიდან თეონას ხმა.
- ეს თეონაა!...  - იყვირა შალიკომ, - სად ხარ, თეონა, დამენახე!...
- ათა  ვარ, პაპა!!!

შალიკოზე წინ ფოიეს მორიგე გარბოდა. თეონას კარადასთან რომ მივიდნენ, დაინახეს, რომ ნამძინარევი თეონა კარადის წინ იდგა და ცალი ხელით თვალებს იფშვნეტდა, მეორე ხელით კი საკიდიდან თავისი ქურქის ჩამოღებას ლამობდა.

- ჩემი თურთი ტიდე რომ არ მოეპარათ, ათ ვყარაულობდი... - თქვა თეონამ და შალიკო პაპას შესცინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები