ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2015


მოდი

მოდი შევაბათ ნაჭრები ზეცას,
ჩუმად ჩავუთქვათ ვინც რასაც ველით.
მოდი დღეიდან სიკეთე გვეცვას,
და არ ჩავიცვათ სხვა ტანსაცმელი.

მოდი აწი სულ ფეხით ვიაროთ -
ახლა ესაა კარნახი მოდის!
მოდი მშვიდობა "გავაპიაროთ"
და გავაშარჟოთ ომები, მოდი...

წარმატებული ის იყოს მოდი,
ვისაც ძალუძს, რომ იყოს მეორე,
მოდი შეენდოს, ვინც იხდის ბოდიშს
და მერე ცოდვას არ იმეორებს.

მოდი დუმილი შევრაცხოთ ნიჭად
და გავუფრთხილდეთ თითოეულ ლოგოსს,
მოდი შარვლები ატაროს ბიჭმა
და მოდი ეცვას კაბები გოგოს.

მოდი ლექსები შევაბათ ზეცას
და შევუცვალოთ სამყაროს კოდი.
ჯვარს აღარავინ მოდი არ ეცვას,
მოდი შევრიგდეთ, გვიყვარდეს მოდი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები