ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2015


მამას

ბოლო დროს ძლიერ ამეკვიატა და სევდით მავსებს
ერთი დღის ლანდი:
ეზოს ბოლოში ატმებს რომ რგავდი
და ბარისპირი ძველ ქვევრს მოედო.
შენ თვალები აგიწყლიანდა და ფიქრებში გაირინდე.
გვიან მივხვდი, ნანობდი, თურმე, რომ არ გახსოვდა
პაპის ნაქონი ქვევრის შესახებ.

მაშინ მეგონა მუდამ ასე გაგრძელდებოდა:
შენ, მიწის მსგავსად, ყოველ ზამთარს,
თოვლის სიმშვიდით დაისვენებდი.
მერე კი ჯადორეკვიზიტების - თოხის და ბარის
მძლავრი დაკვრით მიწის გულიდან გაზაფხულებს გამოიხმობდი.

წლები გავიდა და წახვედი შენს მუდმივ სახლში.
როგორც შეგპირდით, მთის იმ მხარეს დაგასაფლავეთ,
საიდანაც კარგად მოსჩანს ჩვენი სახლ-კარი.
ნეტავ თუ ხედავ შენს ნაოფლარს,
რომელსაც მხოლოდ ზაფხულობით ჩაუდგება
სიცოცხლის სხივი ჩამქრალ ფანჯრებში.
ძველ ქვევრში ისევ დავიწყების სევდა ჩაბუდდა,
ეკალ-ბარდი ზეიმობს ბაღში.
ჩვენ საცხოვრებლად "უკეთეს" ალაგს მივაშურეთ,
დიდი ხანია.

დიდი ხანია აქ, ქალაქში მე ვიქეცი ნივთების მონად,
გისოსებად მექცა კომფორტი.
(ნეტავ ვკმარობდეთ მცირე ნიჟარას,
ისევე, როგორც ლოკოკინები.)
ამასობაში მეც მუდმივ სახლს ვუახლოვდები,
ხოლო შვილებს, სხვის შვილთა მსგავსად,
"უკეთესი" ქვეყნებისკენ უჭირავთ თვალი.
და მრავლდებინ ადგილები ეშმაკების საკბილ-სათვალო.

შენ, ძველ ფუძეზე მობიბინე ცხოვრების ბურჯი,
ქვევრზე დარდობდი;
მე მამულეთი სააღდგომოდ სავიზიტო არედ ვაქციე;
ხოლო შვილები სხვაგან მიდიან.
მეტყოდი ახლა:ქვევრს ვინღა ჩივის, მედარდებაო საფლავების ქვეყნად არ ვიქცეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები