ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2015


მე (გობრებს)

ერთი კუთხის დამკარგავი,
შემიფარა სხვა კუთხემ
და მოვარდა გულში ზვავი
სიყვარულით ნაკურთხი.
მთის ჩანჩქერმა განმიწმინდა
სული, ბოღმამ დაცალა,
ამიტომაც, როცა იქ ვარ,
მე ისა ვარ _ რაცა ვარ...
მაგრამ ჩემს ხმას, რომ ვუმღერი
მთას და მიწას მადლიანს,
მშობლიური, საყვარელი
ზღვა და სახლი აკლია.
რა ხეობა დაიტევდა
ცრემლად დაღვრილ ტკივილებს,
ერისწყალისხელა სევდას
ვმალავ ჩემი ღიმილით.
ათას ტკივილნანახ სხეულს
ლოცვით ცისკენ ვიწვდიდი,
ძლიერიც ვარ, ამოფრქვეულ
ვულკანს ვფარავ სიმშვიდით.
თუკი ზოგჯერ მეკვრის სუნთქვა
შორის მიბმულ სიტყვათა,
მაშინ მინდა ჩავეხუტო
ჩემს ძმას ნანატრ ჭიშკართან.
უნდა მნახო გრიმებისა
და ნიღბების გარეშე,
აფხაზეთისხელა შიში
მიდგას ხოლმე თვალებში.
ზოგჯერ გიწევს სულით ზიდო
ჩემი დარდის ათი ქვა,
ზოგჯერ ჩემი დროებითი
ამქვეყნიდან გათიშვა...
და თუ ახლაც ჩემთან რჩები
შენი სულის ნაწილით,
ესე იგი, შენ ხარ ჩემი
მეგობარი ნამდვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები