ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 მაისი, 2015


აფხაზეთზე

აფხაზეთი... ჩემი თაობიდან ალბათ ცოტა ვინმეს თუ ექნება ნანახი იქაური ბუნება და სილამაზე.
1991 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაძაბული ვითარება იყო, სოხუმში ვიმყოფებოდი მშობლებთან ერთად... იქიდან მოყოლებული ყველაფერი მახსოვს რაც დასამახსოვრებელი იყო, მადლობა უფალს მეხსიერებას არ ვუჩივი.
მიუხედავად იმისა რომ უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, აფხაზეთის დაკარგვიდან, მაინც არ ვკარგავთ დაბრუნების იმედს!
ბევრი მეგობარი შევიძინე სოხუმიდან ძალით გამოძევებული, მათაც ისე სტკივათ აფხაზეთი, როგორც მე.
ერთმა თანამედროვე პოეტმა თქვა: ''აფხაზეთში ნამყოფი არ ვარ და საქართველოზე ლექსებს ვერ ვწერ“ - ო, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი აფხაზეთში იყოს ნამყოფი ადამიანი, საქართველოზე რომ წეროს.
მიუხედავად იმისა რომ 23 წელი გავიდა, ახლაც თვალწინ მიდგას ჯადოსნური სილამაზე, დაე ჩვენი ლოცვით დაბრუნებულიყოს ეს მართლაც თვალწარმტაცი ედემი.

სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!

რადგან გავჩნდით სიყვარულის მხარეში -
ეს ქვეყანა ღვთის წყალობით ჩვენია!
საქართველო აფხაზეთის გარეშე
სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!
თუმც გრძელდება არაკაცთა თარეში,
არ გამქრალა დაბრუნების იმედი,
სევდას ვხედავ ჩემი მოძმის თვალებში,
შეგვრჩენია სიყვარული მცირედი.
მჯერა: ღმერთი არ გაგვწირავს ქართველებს,
ილორს თავზე დაადგება ნათელი,
როცა დრო ჩვენს დაჭრილ გულს გაამრთელებს
გაიხარებს აფხაზიც და ქართველიც.
რადგან გავჩნდით სულის ჩამდგმელ მხარეში -
ეს ქვეყანა უფლის მადლით ჩვენია!
საქართველო აფხაზების გარეშე
სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!

პატივისცემით – ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები