ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2015


ანგელოზები - მარეკები

(ციკლიდან - ეტიუდები P.S.S)


საითაც ხელი გავიწვდინე -
წკეპლამ ამიწვა,
საითაც ბიჯი გადავადგი -
ამიცდა ფეხი,
რაც სიტყვა ვცადე -
ხმა ჩამიწყდა,
რაც კი ხე დავრგე -
ქარმა სახეში შემომატეხა.
თვალწინ მეწოდა ხიდები და
ყოველ ნაბიჯზე
ახალი ნაღმი ფეთქდებოდა,
ელავდა მეხი,
მე დავენარცხე
და არც მიცდია წამოწევა დაღლილს და დაცლილს,
ვიდრე უეცრად მოფარხალე ფრთა არ შემეხო.

მე რა ვიცოდი, რომ არსებობენ
ანგელოზთა შორის ასეთნი:
ანგელოზები- მარეკები!
შენ ღმერთს მოუხმობ,
გულხელდაკრეფილ მფარველ ანგელოზს ებუტბუტები,
ხოლო ისინი ჩაბერავენ ღვთიურ საყვირებს
და შეშინებულს
გულმოდგინედ გზას გიკრავენ ამ ცხოვრების უღრანებში ყოველი მხრიდან,
რომ იმ ერთადერთ,
იმ საშენო გზაზე შეგაგდონ...

იქ, სანადირო ტყე-ჭალებში,
დილაადრიან,
საყვირის ხმაზე ვიწროვდება ირგვლივ რკალი და
აღარსადაა აქვთ გასაქცევი დამფრთხალ ნადირებს.
და ერთადერთი მხარე რჩება,
იმ ერთადერთშიც
ჩასაფრებული ამალაა მეფისა, ხოლო
თვით მბრძანებელი სამიზნიდან
სუნთქვაშეკრული თვალმოჭუტვით არეს გაჰყურებს.
კიდევ ცოტაც და დაიჭექებს,
და ითქრიალებს ცხელი სისხლი ჩემი მკერდიდან ან ფერდიდან ...
მაგრამ მე უკვე გავიხლართე ეკალ-ბარდებში,
და განწირული ბოლო ხმაზე მშველელს ვუხმობდი,
თოფი გადადო ხელმწიფემ და ცოცხალი ვგდივარ,
მისი გრძნეული, მოალერსე თითებისთვის ყელ-ყური ნდობით მაქვს მიშვერილი
და თვალებს ვლულავ
და მინდა, ვიყო ამიერიდან ნადავლთა შორის უნადავლესი,
და დავილიო ჩემი მეფისთვის.

მომინადირა მეფემ ცოცხლად,
- აი ლეგენდა.
ამ ნეტარებას გული როგორ წარმოიდგენდა.
ანგელოზებო - მარეკებო,
მადლობა თქვენდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები