ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2015


პაემანი პირველი

(ციკლიდან ეტიუდები)



დედის საძინებლიდან მოპარული ჩრდილები,
ტუში, პუდრა-კომპაქტი...
აღარ ვემორჩილები
გაფრთხილებას, არ ვახლო
ხელი მისას არაფერს.
მაკიაჟი მისვია, ვატრიალებ ხელში ფენს,
აპრეხილ წამწამებზე
ვინმე ნოხებს დამაფენს,
ასეთი მოუქნელი ქვეყნად მე რამ დამბადა,
არ მერგება არცერთი არჩეული კაბა და
რომ გაწვიმდეს, რაღა ვქნა,
თან წავიღო ლაბადა?
მაგრამ თუკი დაცხება?
მიცემს გული, არ ცხრება.
აღარც თმა მევარცხნება,
ეს არის დამარცხება!
რაზე ველაპარაკო?
რას მეტყვის საიმედოს?
რა ვუშველო ამ ალმურს, სახეზე რომ მომედოს?
მაკიაჟი მიშველის, მე, მორცხვსა და მომრიდეს?
და რომ დავაგვიანო,
ანდაც სულ არ მოვიდეს?
მიხტის მუხლი მიმავალს,
ახლა ვდარდობ ამაზე -
წუხელ მასტად ამოსულ ვალეტსა და დამაზე...
ღმერთო, ერთი საათით,
რაღაც, ერთი საათით,
რაა შენთვის, მომხედე,
ოღონდ გამალამაზე!

საუკუნე გავიდა ჩემი ნაამბობიდან.
შუა გზიდან დავბრუნდი, რაღაც  აღარ მომინდა,
არც კი ვიცი, თუ იყო ჩემი  ნახვის მდომი და
მართლა მელოდებოდა,
იქნებ არც ის მოვიდა?



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები