ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ივნისი, 2015


საათის მათხოვარი

  გამარჯობა. მე მათხოვარი ვარ. ქუჩა-ქუჩა დავდივარ და ერთ საათს ვმათხოვრობ. ტრადიციულ ოჯახში დავიბადე. მგონი ასე ეძახიან ყველა ოჯახს, სადაც დედა დიასახლისია და მამას არასოდეს სცალია. . ძილის წინ ვნახულობდი ხოლმე ხანდახან. ან დაღლილი იყო და ფეხბურთს უყურებდა, ან დაღლილი იყო და გაზეთს კითხულობდა. რამეს რომ ვთხოვდი ვერაო, ვმუშაობო, ადრე რომ გეთქვაო, ერთი საათით დავეთხოვებოდი სამსახურიდანო.. ათას მიზეზს იტევდა ერთი საათი. ჭიანჭველასავით, თავისზე დიდ ნამცეცს რომ წამოიკიდებს.. 
  ახლა მარტო ვცხოვრობ, დედა და მამა კუკიაზე გადავიდნენ და ჩემთვის სულ სცალიათ.
  ერთხელ ახალი წლის საღამოს გათიშული მთვრალი გამოვედი ქუჩაში. .  ადამიანს ვეძებდი, ვხედავ  ბორდიულზე ვიღაც დგას, დგას რა, ირწევა. ჩემიანია მეთქი გამიხარდა და რწევა -რწევით მივუდექი გვერდით. ჰოდა დავიწყე, როგორც ხდება ხოლმე. გამარჯობა. მე ვარ ეს ის, დავლიოთ, ერთი საათი დამითმე მეთქი. ასი დოლარიო. ასი დოლარი კი არა ერთი საათი მინდა. ჰოდა საათი ასი დოლარიო. მერე როგორც ხდება ისევ ისე.. საათში ფულს არ ვიხდი მეთქი და წამოვედი.
  ერთხელ კიდევ ქუჩაში მაჯის საათი გამომიწოდა ვიღაც უცნაურმა ტიპმა. რათ მინდოდა. მე ერთი საათი ვთხოვე სულ რაღაც..

  ვფიქრობ ხოლმე.. ჰო, განა მარტო ვმათხოვრობ, ფიქრიც შემიძლია.. ჰოდა, ღმერთს რომ ვთხოვო ერთი საათი რას მიპასუხებს ნეტავ?
უცნაური არსებები არიან ადამიანები. ვისთვის რა არის ერთი საათი რას გაიგებ.. მე უბრალოდ ადამიანებს ვეძებ.. სინამდვილეში საათის ცნობა არ ვიცი. ასე მარტივია ხოლმე ადრე ან გვიან გავუშვა ვინმე.. მაინც ვერ ვხვდები როდის არის ადრე ან გვიან. .

  ჰო, მე საათის მათხოვარი ვარ. თუ სადმე ქუჩაში შეგხვდი მაჩუქე ერთი საათი.
ეჰ, არადა ვიცი როცა მოვკვდები, უბედური შემთხვევის გამო. უბედური რა, ალბათ მეტრო გამსრეს ან მანქანა, ჰოდა მერე იტყიან მიგვეცა ერთი საათიო. უბედურიო. როგორ ადრე მოკვდაო. არადა საათივით აწყობილი ცხოვრება ჰქონდაო..
ჰო, უცნაურები არიან ადამიანები.. მათთვის რაღაც სულ ადრეა ან გვიან..
  საათის ცნობას მაინც არ ვისწავლი..
ჩემთვის ყველაფერი დროულია.. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები