ნაწარმოებები



ავტორი: მომუსი
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2015


ფაიზაღ თოლმა (არტურთან კონფლიქტი)

ფაიზაღ თოლმაზე საუბარი რომ დაიწყოს ადამიანმა ენას გადაიტყავებს, ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა. ფაიზაღი 60 წელს მიღწეული მამაკაცი გახლდათ, რა თქმა უნდა სულ სამოცისა არ იყო, დაბადებიდან რაღაც დროის შემდეგ მიაღწია ზემოთაღნიშნულ ასაკს, თუმცა რომ შეხედავდით მიხვდებოდით რომ ამ პიროვნებას მიეღწია იმ ფორმისათვის, რომელიც ასე ვთქვათ ოპტიმალურია, ანუ როცა ფაიზაღი მოკვდებოდა, თუნდაც 80 წლის ასაკში მისი სული ასეთ სახეს მიიღებდა როგორიც ახლა იყო. რაც შეეხება ამ ერთობ საინტერესო პიროვნების გარეგნობას, იგი საშუალო სიმაღლისა გახლდათ, თეთრი თმა ლამაზ სახეს უმშვენებდა, თუმცა კინკრიხოზე თმა უკვე გაცვენოდა (რაზეც ზედმეტად ნერვიულობდა ჩვენი თოლმა). ფაიზაღი სულ ნაცრისფერ პიჯაითა და ამავე ფერის შარვალით დადიოდა, ძალიან პეწიანი ვინმე იყო, გერმანელივით პედანტი და ებრაელივით ხელმომჭირნე, თუმცა რაღა ებრაელივით თავადაც ებრაელი გახლდათ. დამეთანხმებით მისი სახელი და გვარი თურქისას უფრო ჰგავდა, მაგრამ ფაიზაღი სუფთა ებრაელი იყო. რომელ საათზე იღვიძებდა არ ვიცი მაგრამ მე როცა არ უნდა გამეღვიძა ბიძია ფაიზაღს სულ ეღვიძა, ღამე საერთოდ რომ არ დამეძინა თოლმა მაინც დამასწრებდა ადგომას. დილით დგებოდა და მტრედებს აჭმევდა, ერთ დილასაც აივანზე გავედი და მომღიმარ ფაიზაღს დავუწყე ცქერა, რომელიც ზუსტად ჩემი სახლის წინ მდებარე სახლში ცხოვრობდა, ჩვენი აივნები უყურებდა ერთმანეთს. 13 წლის ბავშვი ვიყავი და უშვილძირო თოლმასაც ისე ვუყვარდი როგორც შვილი ან შვილიშვილი. იმას ვამბობდი, რომ აივანზე გავედი და თოლმას გადავაწყდი, რომელიც მტრედებს აპურებდა, ძალიან კეთილ საქმედ მიაჩნდა მტრედისთვის პურის ნამცეცის დაყრა, წმინდა ფრინველიაო ამბობდა. ფაიზაღი მომესალმა, მეც სალმით ვუპასუხე და განვაგრძეთ საუბარი. უბანში კიდევ ერთი კაცი გვყავდა სახელად არტური, სომეხი იყო არტური და მაწონს ყიდდა ჩვენს ქუჩაზე, დიდი ინტრიგანი ვინმე გახლდათ ეს ჩვენი მემაწვნე, თოლმას და მას შუღლი ჰქონდათ ერთმანეთში, საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება ძნელად თუ იცის ვინმემ, მაგრამ მის პროგრესს მთელი ქუჩა კარგად ხედავდა. იმ დილასაც არტურმა ჩამოიარა, შესაშური მონდომებით გაიძახოდა მაწონიო და ჩვენს აივანთან გაჩერდა, ფაიზაღმა ყურადღება არ მიაქცია თუმცა მე მივესალმე და კალათი ჩავუშვი მაწვნის ამოსატანად. არტურმა ჭაღარაშერეულ ულვაშებში ჩაიცინა და ფაიზაღს გასძახა (საშინელი აქცენტი ჰქონდა)
–ფაიზაღ, შენი ჭირიმემ არ მოიშალე არა მტრედების ჭამა?
–მე მტრედებს კი არა ვჭამ, ვაჭმევ. ისე უპასუხა თოლმამ რომ არც კი შეუხედავს თანამოსაუბრისთვის, ამან არტური კიდევ უფრო გაახელა
–ხო აჭმევ მა რას უკეთებს, მაგრამა აი რომ სქელდებიან ამდენი ჭამითა?
–კი არ სქელდებიან, სუქდებიან.
–ხო ხო აი რო სქელდებიან მერე როგორ იფრენენ ჰა?
–როგორც ეხლა დაფრინავენ
–ფრთებით?
–არა დირიჟაბლით. აქამდე მშვიდად ვუსმენდი დაპირისპირებული მხარეების დიალოგს, თუმცა ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი წამსკდა. არტურმა ჯერ მე შემომხედა, მერე ისევ ფაიზაღს მიუბრუნდა
–ფაიზაღ ბეღურებს რატომ არ აჭამავ? მტრედები შენი ზიაწები ხო არ არიან რომ ასე ფერება ფერებაში გყამს?
–მტრედი მშვიდობის სიმბოლოა, ჩვეული სიმშვიდით უპასუხა თომამ და განაგრძო პურის დანაწევრება.
–ბეღურები რომელი დისიდენტები და მეფის მტრები არიან ერთი ჰა?
–ყველამ მის ოფოფებს მოუაროს.
–აბა მტრედებსო?
–თავი ოფოფებით გაქ გამოტანილი რათ გინდა შენ მტრედები. ფაიზაღსაც დაეტყო მოუთმენლობა.კიდევ რამდენიმე სიტყვა გაცვალეს ერთმანეთში და მერე არტურმა ისევ მაწონის ძახილი დაიწყო. მე სახლში შევბრუნდი სკოლაში რომ არ დამეგვიანებინა. ასე იყო ყოველ დილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები