ქალაქის ცენტრალურ ქვაფენილზე, თქვენ ნახავთ უქუსლებო აქილევსს. ნახავთ ჯიბგირებს და აფერისტებს, შეხვდებით ექიმებს და ვექილებს. არტისტებს დიდრონი ჰაბიტუსით, საკუთარ მიმიკებს რომ ძერწავენ. პოეტებს არყით და პაპიროსით და ლოთებს, ნარკომანებს, მეძავებს. ომის უარმყოფელ ისრიანებს. ჩინელებს. გერმანელებს, იანკებს. ღმერთთან დაბრუნებულ ქრისტიანებს, ტაძრიდან გამოქცეულ დიაკვნებს. ღამეგათენებულ მიკიოტებს, პენსემიმაგრებულ დოცენტებს. ჯიბეგასქელებულ იდიოტებს, და ხელგამოწვდენილ მოცარტებს. ასე სიგიჟემდე გაფრენილებს, გვითრევს უიღბლობის ლატარეა. ქალაქის ცენტრალურ ქვაფენილზე ცოტას თუ შეხვდებით ადამიანს.