ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2017


ათეისტი

”ღმერთი თუ არ არსებობს, ყველაფერი გამართლებულია”. თითქმის ერთი კვირაა კარამაზოვის სიტყვები ლურსმანივით ჩაეჭედა ტვინში დავითს. ეს ჩვეულებრივი აკვიატება კი არ იყო, ისეთი, როგორიც ყველას გამოუცდია - აგედევნება რაღაც ფრაზა და მთელი დღე მექანიკურად იმეორებ. დავითი სწორედაც რომ გააზრებას ცდილობდა ამ გამონათქვამის. ის ხომ მთელი ცხოვრება ათეისტი იყო. ოღონდ  იმიტომ კი არა, რომ ბავშვობიდან ურწმუნობით ჟღენთავდნენ და ალერნატივა არ ჰქონდა. არა ბატონო! მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ღმერთზე აქტიურად ალაპარაკდნენ, უამრავი ინცორმაცია მოიძია რელიგიურ თემებზე. წაიკითხა ბიბლია, ყურანი და ზოგიერთი ვედური ლიტერატურა. წაიკითხა თეისტი, ათეისტი და ამ საკითხში მკაფიო პოზიციის არმქონე მწერლები და მიხვდა, რომ არ შეეძლო ერწმუნა ფაქტების გარეშე, მდიდარი წარმოსახვის ადამიანთა წერილების საფუძველზე. თუმცა –ფიქრობდა - კარგი იქნებოდა, არსებულიყო ყოვლისშემძლე და მტყუან-მართლის გამრიგე.
ჩაჰყურებდა დავითი ბუხარში ცეცხლის მიერ გამართულ სანახაობას და ფიქრებში იხლართებოდა.
ჰოდა რახან ათეისთი იყო, თან ეკონომიკურ გაჭირბებას ვერ უმკლავდებოდა, აღნიშნულ სიტყვებს ისე ჩაეჭიდა, თითქოს წყალწაღებულისთვის საშველად თოკის მაგივრად შხამიანი გველი გადაეგდოთ, თანაც თავით მისკენ და ნაპირზე გასვლის ნაცვლად ნელ-ნელა იგესლებოდა.
ის კარგი მონადირეა, რომ იტყვიან ტყვიას ტყვიაში აჯენს. ძალ-ღონეც სამი კაცის სამყოფი მოსდგამს. კარგი სანადირო თოფიც ქე აქვს აგერ, კუთხეში აყუდებული. ჰოდა ჩამოიცვამს თავზე თვალებთან და ცხვირთან ამოჭრილ ნაქსოვ ქუდს და დაიწყებს ყაჩაღობას. ბექასაც საჭმელ-სასმელს არ მოაკლებს და ცხონებულ ელენესაც კარგ საფლავს გაუკეთებს. აგერ წლისთავი ახლოვდება და მარტო “სოკოლის” ჩასხმა მოახერხა. ამის ღირსი იყო მასზე თავგადაკლული ცოლი?!
მიდგება, მოდგება, ფულს იშოვის. ახლა უნდა ბიჭს ნორმალური კვება. უკვე თხუთმეტისაა და მაკარონივით წვრილია...
ბუხარში შეშა შეამატა და თავის თავს ხმამაღლა გამოელაპარაკა.
“ჩემო დავით, ჯობია მიწაზე დაეშვა, თუ უფსკრულიდან ამოეშვა და ხვალინდელ საქმეზე იფიქრო.”
ისევ ვერ შეძლო კონცენტრირება.
კაი, ბატონო, ღმერთი არ არსებობს და ადამიანი ფეხებსაც ვერ მოჭამს, მაგრამ იმ კაცის ცოლ-შვილი, ან მშობლები ხომ არსებობენ, დაყაჩაღებისას  თუ ვინმე შემოაკვდება. ან, იმათი შიმშილი ხომ არსებობს, ვისაც გაქურდავს.
არა ძმაო, ყველას თავისი ღმერთი ჰყავს. დავითის ღმერთი მისი სინდისია. ტყუილად აწვალებს ეს ბნელი აზრი, ხელისგულში შერჭობილი ხიჭვივით. ჯობია ისევ ძველ აკვიატებას, ან, უფრო სწორად ძველი აზრით აღფრთოვანებას დაუბრუდეს. ეგაა სიმართლე და ნამდვილი ვაჟკაციც ამ სიტყვების მთქმელია: “ცხვარად მამყობე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა”. ადრეც დაასკვნა და ამას წყალი არ გაუვა: ამის მთქმელთან შედარებით ყველა ლაჩარია, ნაპოლეონიც, მაკედონელიც და სხვა სახელგანთქმული ტირანებიც.
ადგა, ბუხრის ზემოთაროდან სათუთუნე ჯამი ჩამოიღო, ბექას ძველი რვეულიდან ფურცელი ამოხია, თავისი მოყვანილი თუთუნი შეახვია და ენის გასმით შეაწება ქაღალდი. მერე მუგუზალი აიღო და “სიგარეტს” მოუკიდა.
ისევ დაჯდა.
ოთხი წელია, რაც მისი სამსახური დაიხურა (ოთხმოცდაცამეტში) და საცხოვრებლად აქ გადმოვიდნენ. სოფლური ცხოვრების ყველა საქმიანობა მშვენივრად მოახერხა, მაგრამ წელში ვერა და ვერ გასწორდა. ყველაფერი თვითონ მოჰყავს, რისი მოყვანაც შესაძლებელია, ელენეს შემდეგ პურის ცხობაც კი ისწავლა, მაგრამ საშველი მაინც არაა. რას იზამ, მთელ ქვეყანას უჭირს.
ქალაქის ბინა ელენეს ოპერაციებმა შეიწირა, (ეჰ, ნეტავ შველოდა და…)
მაინც, როგორ იცის ხოლმე – ყველაფერი ერთდროულად გამოილევა. უნდა წავიდეს ხვალ ქალაქში და რამე გასაყიდად წაიღოს, თორემ ცოდოა ბიჭი ცარიელ ლობიოზე და ჭადზე.
ეს თოვლიანი ზამთრის ბოგინიც ყელში ამოვიდა. ძროხა სადაცაა მოიგებს და ნორმალურად ვერ უჭმევია. ჩალა და თივა კარგა ხანია გათავდა. ქატო უნდა უყიდოს. ზეთი, შაქარი, ნავთი, ყველაფერი საყიდელია.
ჭადის ფქვილი რომ გაყიდოს? არა, მეორე სეზონამდე ვეღარ გაქაჩავს მარაგი. რამდენიმე ქათამი გაიმეტოს? გაზაფხულზე და ზაფზულში ბოსტნეულის შემოსვლამდე რა ჭამონ, კვერცხი რომ აღარ ექნებათ?! კრუხისთვისაც უნდა შეაგროვოს. ისედაც ექვსიოდ ქათამი დაკაკანებს ეზოში. ერთადერთი გოჭი რომ გაყიდოს, მომავალ ზამთარს რაღა ქნას?!
თაროებზე შემომწკრივებულ, კარგი დროებიდან და ქალაქის სახლიდან შემორჩენილ წიგნებს გახედა. არა ამათ ვეღარ შეელევა, რაც "ისეთი" იყო უკვე გაყიდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ სამი ქათამი გაიმეტა.
ოცდაოთხი ლარი გადაუხადეს ვაჭრებმა.
მიდის დავითი. ათვალიერებს გზის პირას ჩამწკრივებულ, უსახურ ჯიხურებს და ანგარიშობს: ერთ ტომარა ქატოს იყიდის; ორ კილო შაქარს; ათ კილო პურის ფქვილს, (ბავშვი ჩაიზე პურს მაინც შეატანს), -ერთ ბოთლ ზეთს.)... სხვა წვრილმანებიც არ უნდა დაავიწყდეს: დროჟი, მარილი, საპონი, წინდები,... ნეტა რეზინის ბოტები რა ღირს? რამდენი ხანია დახეულით მუშაობს, ფეხები უსველდება... ერთ ბოთლ ლიმონათსაც იყიდდა. ბექასაც როგორ უყვარს?!
ხედავს: ერთი ჯიხურის უკან, ნაგვის ბუნკერში ჩამოძონძილი მოხუცი იქექება. გვერდით ბოთლებით სავსე ჭუჭყიანი ჩანთა უდევს.
გული დაეწვა დავითს. - " ფული ვაჩუქო, იქნებ არცაა მათხოვარი და იწყინოს."  -ფიქრობს და ნელნელა უახლოვდება. უცებ სწრაფი მოძრაობით დაიხარა, გასწორდა და მოხუცს ეკითხება:  - ბიძაჩემო, შენია ეს ათლარიანი? აგერ, შენს ფეხებთან ეგდო. აბა სხვა ვისი უნდა იყოს?! - გაოგნებულ მოხუცს ფული ხელში მიაჩეჩა და გაეცალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები