ნაწარმოებები



ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2015


ეპიზოდი

რთულია,რომ მშობლებს ვაუწყოთ,
თუ რარიგ ძნელია ცხოვრება,
თვალები-ტკივილის საწყობი,
განწყობა-მე ისე მორცხვი ვარ,

რომ მიჭირს ულექსოდ ბაასი,
რომ მალე სიგიჟე შემიპყრობს,
და ლექსებს-სხეულის თაბაშირს,
მოვირგებ,ისეთი ბედი მაქვს.

ცრემლები-უბრალო სიმლაშე
თვალიდან ტუჩამდე დინება,
სიცოცხლეს თაროზე ვალაგებ,
სიკვდილი იმდენად მინდება.

ჭირივით შემზარდა უშენო
სიტყვები-არაფრის მთქმელები,
გარემო შავ-თეთრი,მოშავო
შტრიხები.ჩრდილები.მერე კი

რა მინდა,ქვეყანამ გაიგოს,
სიმშვიდე ქარს გაჰყვა ქალივით,
ღალატის მიზეზი რომ ჰქონდა
და მაინც ვერავინ გაუგო…

მოვგავარ უაფრო გემს და/ან
უბრალო მოკვდავს და მარგინალს,
ცხოვრება ეს უფრო დანაა
შიშველი ტერფებით დავდივარ.

ყოველთვის ვცდილობდი,ცრემლების
დამალვას,არ უნდა მეტირა,
ათასი ტირაჟით ვვრცელდები
ხანდახან იმდენად მეტი ვარ

საკუთარ ლექსებზე და თავზეც,
რომ შიში შემიპყრობს,მაშინებს
კარების დაკეტვა,დარაბებს
ვაღებ და უფალმა მანიშნა,

რომ წერაატანილ ქალივით
საშიში აზრების ბუდე ვარ,
რომ გზები-ძველი და განვლილი,
განწყობა-ბედი და გუნება

სულ ყველა ცვლილებას მოითხოვს,
ცხოვრების ეტაპი.დროდარო.
და მანამ,სანამდის ასე თოვს,
იქნება,როგორმე მოვასწრო.

სისხლძარღვებს მოლურჯო ფერი აქვთ,
ჩემს სხეულს სწავლობენ ზეპირად,
ცხოვრება წარსულის მტვერია,
სულ ოდნავ მოვგავარ სიზიფეს.

ეპიზოდს სხვაგვარად ვამთავრებ
მძივივით (უნიჭოდ)აწყობილს,
გონება-ლექსების დავთარი,
თვალები-ტკივილის საწყობი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები