ნაწარმოებები



ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2015


სანდრო გოცაძეს

ყოველ წამს ვუსმენ გამოძახილს შენი სულიდან...
და იმედი მაქვს ღმერთიც ასე ისმენს ჩემს ლოცვას
უთქმელს, უფიქრალს, ნაგულისხმევს, უგულისხმველსაც...

რასაც ვგრძნობთ, ან/და რისი გრძნობის უნარიც არც გვაქვს
მე ყველა ვიცი შენს უთქმელად, უგულისხმველად...
***
შენ რომ ხე დარგე, მან ფესვები ჩემში გაიდგა,
როცა ფოთლები თითებივით გადაუთვალე...
არადა სხვისთვის? სხვისთვის ისე, ისე შორი ხარ,
როგორც ბინოკლით დანახული ახალი მთვარე...

მე შენთან ერთად იცი რამხელა სამეფო მინდა?...
შენი თვალების შავ გუგებში რომ მოთავსდება...
მანდაც ვეტევი,
მეტი არ მინდა,
მაინც არ ვხმარობთ...
შენი თვალების სამიზნეა ჩემი სამყარო....

ნეტავ ოცნება რეალობას ისე დაემთხვეს,
როგორც დღეს ჩვენი ღიმილების პერიმეტრები...
რაც ხვალის გვმართებს, შეგვახვედროს ღმერთმა ბარემ დღეს,
ხვალ თუ გვიმეტებს, ახლა რატომ არ ვემეტებით?...
***
რომ დამრჩენოდა შენი მხოლოდ ერთი შეხედვა
გავქვავდებოდი მობრუნებით ლოტის ცოლივით...
იმ იმედით, რომ ღმერთი მაინც მაპატიებდა
უგულისხმველი, უფიქრალი ჩუმი ლოცვისთვის...

ან დავრჩებოდი შენს დღიურში ჰერბარიუმად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები