ნაწარმოებები



ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2015


(ჩემი შუათანა ძმა)

ჩემი შუათანა ძმა,
როგორც - უფროსი,
ჯარისკაცია...
მას ნანახი აქვს ის,
რასაც მხოლოდ ჯარისკაცები ხედავენ...
რა უნდა ვთქვა მის შესახებ
გარდა იმისა,
რომ დალევა უყვარს,
ხშირად მთვრალია
და
მისი მარჯვენა ყოველთვის
მზად არის ჩახმახის გამოსაკრავად...
და
მისი გული ალალი არის,
სუფთაა,
წმინდა
და მისი მარჯვენა კაცის კვლას არ ისწრაფვის,
არამედ გარეთ ქუჩაში,
მიუსაფარ გამვლელს ხვევს,
სახლში ამოჰყავს,
ლიტრა ღვინით,
მარილით
და
მცირედი მისაყოლებლით
უმასპინძლდება...
ვსხედვართ ჩვენ სამნი,
ის ყოველთვის აცნობს ჩემს თავს სტუმარს
და
ეუბნება:
„იცი?
ჩემი ძმა
ლექსებს წერს.“
და შემდეგ, როცა უზომოდ თვრება,
ოთახში იკეტება და ტირის...
მისი ოცნება არ არის კაცის კვლა,
არამედ შლეგური სიკვდილი
ფსოუს ნაპირზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები