ნაწარმოებები



ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ივლისი, 2015


∅შემდეგი გაჩერება _იუპიტერი∅

გააჩერეთ დედამიწა, მე ჩავდივარო, მესმის  ხოლმე  ხშირად.  ხოდა ერთ დღესაც მეც მოვინდომე "ჩავსულიყავი" და კი გეტყვით ახლა, რაც დამემართა:
---გავაჩერე, ჩავედი ,  მაგრამ  ცოტა ჩქარა მომივიდა ფეხის ჩამოდგმა და....ბრახ, ფეხი მოვიტეხე.
---გული თუ არ გაგიტყდა, ფეხს ვიღა ჩივისო--- მეტყვის ვიღაცა...კი ბატონო, გულის გატეხვას ყველაფრის გატეხვა
ჯობია(სახელის გატეხვას თავის გატეხვა) და  გაჟეჟილს კიდევ  თურმე გატეხილი  , მაგრამ ჩემი მოტეხილი ფეხით აწი
იუპიტერზე წამსვლელი ვარ მე?
არადა დიდი გეგმები მქონდა.  მარსი, ვენერა, სატურნი და....ბოლოს იუპიტერი მქონდა გეგმაში.

    თხუთმეტი  წლის ვიყავი, კოსმოსზე    რომ წავიკითხე, ირმის ნახტომი და დედამიწაო, გამაცოცინა წელში
  და მას მერე უცხოპლანეტელებს ველოდები.ველოდები მაგრამ ჯერ არ ჩანან...
  დრაგან ,დრაგან---მოყვებიან ხოლმე მატარებლები  ვირტუალურ ლიანდაგებს და მოყვებიან ჩემი უცნობი , უცხვირპირო
    და  უფილტვებო ჯერარნახული მეგობრები და მეზობლები.

  აქაური მეზობლებზე აბა რა გითხრათ?!

    ჯანმრთელი მეზობელი მყავს ერთი...ახლახანს ფანჯრიდან ვუყურებდი, მიწაზე მუშაობდა და  ბარავდა. სხლავდა თუ აფხვიერებდა...
    რად გინდა მერე, დათესავს ლობიოს, მოუვა მოსავალი იმდენი, რომ მოხარშავს ორ იჯრას,იმდენს მოიყვანს სიმინდს , აჭმევს სამიოდ ქათამს და მათი დადებული კვერცხით კი ორჯერ გააკეთებს ჩიჟიბიჟის,პამიდორი თუ ექნა,  კვერცხს  სამჯერ შეწვავს
უზეთო ტაფაზე  და ერთ კრუხს დასვამს წიწილების გამოსატეხად.  მერე შეუჭამენ წიწილებს კატები, ვირთხები და კვერნები(მის მეტი რაა სახურავებში), და ასე ლოგიკური  ჯაჭვით, იცოცხლებს მანამ, სანამ მისი  ინვალიდი შვილის პენსია, 150 ლარი, ერთადერთი შემოსავალი, კვლავ  იარსებებს ოჯახში. თუ ერთი რგოლი მაინც ამოვარდა ამ ჯაჭვიდან, ყველანი თევზივით უწყლოდ და უჰაეროდ პირს დააფჩენენ და გამოსავალს ვერ იპოვნიან.

  აბა, როცა პირველად გაუჭირდა, ჯერ საკუთარი წინაპრების  საფლავი გაძარცვა, ალუმინი ჩამოხსნა და ჯაჭვი ჩამოკიდა, მერე ეზოს შემოვლებული თუჯის ფორმები ჩააბარა ჯართში და სანაცვლოდ, დაფნის  ღობე შემოავლო,რომელსაც  ხანდახან  სხლავს  და გამხმარი დაფნის გაყიდვით ორჯერ გაითენებს შობას ან ახალ წელს, და ბოლოს ჩასაბარებელი რომ აღარაფერი ექნება , თვითონ მიებარება მამალ თურქს და  სამასი ლირით ცოლის ოპერაციას დააფინანსებს  ( ნაწილობრივ), საწყალი ქალი ექიმის დაუხმარებლად რომ ვეღარ შარდავს...


მოდი ახლა და ამნაირ დედამიწაზე თქვი, მიდის და მეც მივყვებიო... ისეთი ტემპით ბრუნავს, ბოლო დროს თავბრუსხვევები
მაქვს  და ვერავინ მეუბნება, გაზაფხულის ბუნიობას უბრალოდ დაემთხვა თუ  დედამიწის აჩქარების ბრალია....

  გააჩერეთ, მე უნდა ჩავიდე და თქვენ ყველაფერი ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ, მე იუპიტერისაკენ მიმავალ "ლაჟვარდოვანი" ავტობუსის  ნომერს თუ ვინმე მიმასწავლით, ბარემ ბილეთიც ამიღეთ, აბრატნის გარეშე,  თუ არა და გადავჯდები იმ ვირტუალურ ლიანდაგზე, წეღან რომ ვახსენე,  "ბაბა იაგასავით" და  როცა იქნება, ხომ ავაღწევ...

  ჩემი წილი ღმერთი და ხატი იქაც დამხვდება და ....

    რაო? იქ  ჟანგბადი არაა და სანთელს ცეცხლი არ წაეკიდებაო? 

    კაით ერთი, აქ თუ ყველაფერს ცეცხლი უკიდია, რა ხეირი მაგით?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები